„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
„… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
22.12.2025. ორშაბათი. ხსნილი თავზით
ღირსისა პატაპი თებელისა (VII); მოციქულთა 70-თაგანთა: სოსთენისა აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარისა და ონისიფორესი (I): მოწამეთა 62-თა ხუცესთა და 300-თა ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწამისა ანთისა რომაელისა (V).
დღის ლოცვები
მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ტროპარი: დღეს უშვილოებისა საკრველნი განიხსნებიან, რამეთუ იოაკიმ და ანას ვედრებაი შეისმინა ღმერთმან და გარეშე სასოებისა შობად აღუთქუა საღმრთო ქალწული მარიამ, რომლისაგან თვით იგი გარე შეუწერელი შობად არს, რომლისა მიმართ უბრძანებს ხმობად ნათესავსა კაცთასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლადღებასა, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ებრ. 3: 5-11, 17-19 (დას. 308). მკ. 8: 11-21 (დას. 33).
მართლისა: გალ. 4: 22-31 (დას. 210, შუა). ლკ. 8: 16-21 (დას. 36).
ლიტ.: ებრ. 3: 5-11, 17-19
5. მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო, 6. ქრისტე კი – როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს. 7. ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, 8. ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, 9. სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. 10. ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა. 11. ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“.
17. მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ? 18. ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ? 19. და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.
ლიტ.: მკ. 8: 11-21
11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით. 12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას. 13. და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა. 14. მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში. 15. უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს. 16. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო. 17. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული? 18. თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? 19. როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი. 20. ანდა შვიდი – ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი. 21. და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?
მართლისა: გალ. 4: 22-31
22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი – თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა – აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
მართლისა: ლკ. 8: 16-21
16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს, 17. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. 18. მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა. 19. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა. 20. და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ. 21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა ანა წინასწარმეტყველი – დედა სამოელ წინასწარმეტყველისა (1100 ქრისტეს შობამდე)
წმიდა ანა წინასწარმეტყველი – დედა სამოელ წინასწარმეტყველისა იყო მეუღლე ელკანასი, რომელიც, ეფრემის მთაზე ცხოვრობდა. უფლის რჩეულ დედაკაცს შვილი დიდხანს არ ეძლეოდა. ელკანამ მეორე ცოლიც შეირთო – ფენანა, რომელიც, ანასგან განსხვავებით, ნაყოფიერი გამოდგა. საშინლად წუხდა ნეტარი ანა და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა შვილის მონიჭებას.ელკანა მთელი სახლეულითურთ ყოველწლიურად ადიოდა „ტაძარსა უფლისასა“ და თაყვანს სცემდა და მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ერთხელ, ამგვარი მოგზაურობის დროს, დარდისგან ჩამომდნარი ანა დაემხო სკინიის წინ, „სალმობითა გულისათა ილოცვიდა უფლისა მიმართ, ტირილით ტიროდა და აღუთქუმიდა. ადონა უფალო, ილიო საბაოთ, უკუეთუ მოხედვით მომხედო სიმდაბლესა ზედა მჴევლისა შენისასა, მომიჴსენო და მომცე თესლი მამაკაცისაჲ, მიცემით მიგცე წინაშე შენსა ვიდრე სიკუდიდმდე მისა, ღჳნოჲ და სათრობელი არა სუას და რკინაჲ არა აღვიდეს თავსა მისსა“. ნეტარი დედა გულში ლოცულობდა – ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, ამიტომ ელი მღვდელმა ჩათვალა, რომ ის ნასვამი იყო, აყვედრა უღირსი საქციელი და უბრძანა, ტაძარს მოშორებოდა. ანამ სიმდაბლით მიუგო: „ნუ ჰგონებ მჴევალსა შენსა ასულთაგან უღირსთაჲსა, რამეთუ მრავლითა ურვითა და სულმოკლებითა ჭირისაჲთა დადნობილ ვარ აქამომდე“. დედაკაცის სატკივარი რომ გაიგო, ელიმ აკურთხა იგი, მისი თხოვნის აღსრულება გამოსთხოვა უფალს და მშვიდობით განუტევა. ანამ გაიხარა, ნუგეში მიეფინა მის სულს და სულ მალე მუცლად იღო კიდეც. ნანატრ ძეს უფლის მხევალმა სამოელი დაარქვა (იხ. 20 აგვისტოს საკითხავი), რაც „უფლისგან გამოთხოვილს“ ნიშნავს. როცა სამოელი დედის ძუძუს განეშორა, ანამ და ელკანამ უხვი ძღვენი შესწირეს უფალს და ძეც, აღთქმისამებრ, ტაძარში დატოვეს. ელი მღვდელმა დალოცა მართალი დედაკაცი, მან კი, გახარებულმა, სამადლობელი გალობა შესწირა უფალს, სადაც ქრისტეს შობამდე ათასი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მაცხოვრის განკაცება. ეს საგალობელი დღესაც სრულდება ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. ამის შემდეგ ანას კიდევ სამი ძე და სამი ასული შეეძინა, ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მართალი ანას შესახებ მეფეთა I წიგნშია მოთხრობილი (1, 1-28; 2, 1-11).
მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა – ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის – ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა – ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, „რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“.„დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლად ღებას, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა“, – ნათქვამია დღესასწაულის კონდაკში (იხ. 25 ივლისის და 9 სექტემბრის საკითხავებში).
წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI)
წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, კუნძულ კვიპროსზე. იგი მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, მაგრამ ყველაზე მაღლა წმიდა წერილს აყენებდა. უფლის რჩეული გამოირჩეოდა კეთილმსახურებით, გლახაკთმოყვარეობით და ასკეტური ცხოვრებით, რის გამოც უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კვიპროსის ეპისკოპოსის, წმიდა დამიანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი ხალხის სურვილით დაქვრივებულ კათედრაზე ღირსი სოფრონი აღასაყდრეს. ახალ ხარისხში იგი ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა თავის სამწყსოს. გარდაიცვალა VI საუკუნეში. ღირსი სტეფანე ახალგაბრწყინებული (+912)
ღირსი სტეფანე ახლადგაბრწყინებული კეთილმსახური კონსტანტინოპოლელი მღვდლის, ზაქარიას ძე იყო. იგი სიყრმიდანვე მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის დიდი ტაძრის ღვთისმსახურთა დასში. მამის გარდაცვალების შემდეგ ღირსმა სტეფანემ დაყუდებული ცხოვრება იტვირთა და სულ უფრო და უფრო ამკაცრებდა ღვაწლს. ნეტარმა სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს და წმიდა ანტიპას (იხ. 11 აპრილის საკითხავი) ხილვის ღირსი გახადა. წმიდა მამა სქიმაში აღესრულა 912 წელს (სხვა ცნობით, IX საუკუნეში). მას „ახლადგაბრწყინებულს“ უწოდებენ, რადგან ფიცხელი ღვაწლით ძველ მოსაგრეებს მიმსგავსებულმა, დიდი მადლი მოიგო და მათ ბრწყინვალე დასს შეერთო.