…სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).
…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ
მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, 10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს (2 კორ. 6: 1-10).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
23.09.2026. მარხვა
ღმრთისმშობლის შობის შემდგომი დღესასწაული.
მოწამეთა დათა: მინადორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი (305-311); მოციქულთა 70-თაგანთა: აპელისა, ლუკისა (ლუკასი) და კლიმენტისა (I); მოწამისა ვარივსავასი (II); კეთილმორწმუნისა პულ ქერიასი, ბერძენთა დედოფლისა (453); პეტრე და პავლე ნიკეელ ეპისკოპოსთა (IX).
დღის ლოცვები
მოწამეთა: მინადორასი, მიტრადორასი და ნიმფადორასი
კონდაკი: სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალ მანქანა მტერი იოტეთ, ძმებრ თანა შეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთა თანა ზეცისა სასძლოსა, ღუაწლით-შემოსილნო, და ანგელოზთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ. (რიგ.) – (ეფ. 3: 8-21)
8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი, 9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით, 10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, 11. თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, 12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით. 13. ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება. 14. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამის წინაშე, 15. ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, – 16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში, 17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, 18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, 19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, – შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით. 20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, – 21. დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლიტ. (მოწ.) – (2 ტიმ. 2: 1-10)
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
ლიტ. (რიგ.) – (მკ. 11: 22-26)
22. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის. 24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. 25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. 26. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
ლიტ. (მოწ.) – (ინ. 15: 17-16:2)
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქულნი: აპოლო, ლუკა და კლიმენტი – სამოცდაათთაგანნი (I)
წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი, ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).
წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.
წმიდა მოწამე ვარიფსავე (II)
წმიდა ვარიფსავე მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს. წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა
წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა – ღვიძლი დები იყვნენ,წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს,
გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ
დღეებს ლოცვითა და მარხვით. მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან
უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა
ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და
ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ
მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.
გააფრთებულმა მმართველმა თავისი რისხვა უფროს დას – მინოდორას დაატეხა თავს.
წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს, ბოლოს კი აღმოხდა: „უფალო, იესუ ქრისტე,
სიხარულო ჩემო და სასურველო ჩემო, შენდამი მოვილტვი სასოჲსა ჩემისა, შეივედრე სული
ჩემი მშვიდობით“ და გავიდა ამსოფლიდან. ოთხი დღის შემდეგ უმცროსი დები – მიტროდორა
და ნიმფოდორა წარადგინეს სამსჯავროზე. მათ მინოდორას ჭრილობებით დასერილი და
გასისხლიანებული გვამი დაუგდეს წინ დასაშინებლად. ასულები ცხარე ცრემლით
დასტიროდნენ ძვირფას ცხედარს, მაგრამ მაცხოვრის უარყოფაზე არც უფიქრიათ; მმართველს
განუცხადეს: „ვერვინ ჰპოვო ჩუენ შორის მოშიში, არცა უღირსი და შეუმსგავსი
ესევითარისა მის დისა, არცა აღმოცენებულისა მის ჩუენისა ძირისა, რომელმაც სამნი ესე
რტონი აღმოგუაცენნა“. მაშინ წმიდა მიტროდორა გაიყვანეს საწამებლად: ხეზე დაკიდეს,
„ლამპართა მიერ ცეცხლისათა“ დაუწვეს სხეული; შემდეგ გარდამოხსნეს და რკინის ჯოხების
ცემით დაუმტვრიეს სხეული; ასეთ ტანჯვაში შეჰვედრა ნეტარმა სული უფალს. ბოლოს
მესამე, ნიმფოდორა მოიყვანეს. მის წინ უფროსი დების ნაწამები ცხედრები ესვენა.
ფრონტონი იმედოვნებდა, რომ ეს სახილველი დააფრთხობდა ყმაწვილ ქალს. თავი ისე
მოაჩვენა, თითქოს ენანებოდა მისი სინორჩე და მშვენიერება, და ალერსით, უხვი
ჯილდოებისა და პატივის აღთქმით შეეცადა მის გადმობირებას. წმიდა ნიმფოდორამ ყური არ
ათხოვა მის მაცდურ სიტყვებს და დების ხვედრი გაიზიარა.
საშინელნი მეყსა შინა იხილვნეს საჴუმილსა მას ზედა ცეცხლისასა“ და მთავარი და მისი
მსახურები „დაწუნა და განანქრინნა“; შემდეგ მძაფრი წვიმა გარდამოხდა ზეცით და
ცეცხლი დაშრიტა. წმიდანთა უვნებლად დარჩენილი ნეშტი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს
მიწას. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის
ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა
მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.
წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა – საქართველოს ახალი მეოხნი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში მარიამობის მარხვის დამდეგს (14(1)
აგვისტოს 2003 წ.) სამთა დათა-მოწამეთა გამოცხადებით შექმნილმა ხატმა, ღვთის ნებითა
და განგებულებით, ივერიის მიწაზე ინება შემოსვლა.
რომლის შემადგენლობაში ჩვენი სასულიერო პირებიც იყვნენ. იუბილის დასასრულს ქართველი
სამღვდელონი მორწმუნე მრევლთან ერთად აეროპორტიდან დივეევოს სერაფიმ საროვისეულ
სავანეში უნდა გაფრენილიყვნენ ამ წმინდანის დღესასწაულზე დასასწრებად, და აი,
თვითმფრინავში ასულებს, ზედ ტრაპთან უცნობი მანქანა მოადგა, საიდანაც ერთი რუსი
ცოლ-ქმარი გადმოვიდა. თურმე რა ყოფილა:1999 წ. ვინმე მორწმუნე გიორგის (სწორედ ამ გიორგიმ გადასცა ქართველებს თავისი
დაწერილი ხატი) გამოეცხადა უფლის ანგელოსი და ამცნო, რომ სამთა დათა-მოწამეთა –
მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორას – აქვთ სახარებისეული ხუთი ბრძენი ქალწულის
დარი მადლი. თუ გინდათ, რომ ქვეყანაში ომები და რელიგიური ქიშპი ჩაცხრეს, ოჯახებშიც
მშვიდობამ დაისადგუროს, ხალხმა ერთმანეთი შეიყვაროს, დაწერე მათი ხატი და ილოცეთო. გიორგის მორწმუნე დედა ჰყოლია, ნადეჟდა (ქართულად, სხვათა შორის, იმედს ნიშნავს).
მას 2000 წ. ჩვენი წმინდა მამა გიორგი ათონელი და ვინმე ივერიელი მეფე
გამოსცხადებიან (თავად გიორგი ათონელის ხსენების დღეს დაბადებულა). დედამ არ
უწყოდა, რომელი მეფე იყო, მაგრამ ეს დავით აღმაშენებელი იქნებოდა, რადგან გიორგი
ათონელს უთქვამს, – როგორც ამ მეფის დროს იყო, საქართველო კვლავაც ისევე
აღორძინდება და გაბრწყინდებაო და ესეც დაუმატებია, – ხატი ქართველებს გადაეცი, რომ
საქართველოში წაბრძანდესო.ნადეჟდას სიცოცხლეში ორჯერ გამოცხადებია სერაფიმე საროველი და თავადაც ამ წმინდანის
ხსენების დღეს, 15 იანვარს (2003 წ.) აღსრულებულა. ხატთან ერთად ჩვენს
სამღვდელოებას 3000 ევროც გადასცეს, რომელიც წმინდანთა გამოცხადების შემდეგ
ლოცვა-კურთხევით შეუგროვებია ნადეჟდას. გვთხოვეს, ამ წმინდანების სახელზე
დედამიწაზე ტრაპეზი არ არის და თუ ტაძარს ვერ ააშენებთ, თავად გადაწყვიტეთ როგორ
დახარჯავთო. ამგვარად ამ სამთა დათა-მოწამეთა ხატი საქართველოში ჩამობრძანდა დეკანოზ ილია ნასიძის ხელით, რაზედაც მან მის უწმინდესობას ილია II-ს მოახსენა.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს წმ. ხატი დროებით სვეტიცხოვლის წმინდა
ტაძარშია დასვენებული და მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით ხატმა სრულიად
საქართველო უნდა მოიაროს, რათა მშვიდობა მიჰფინოს მას.
კურთხეულ-არს მომავალი ჩვენი ქვეყნისა და ერისა სახელითა უფლისათა. ამინ.
კეთილმორწმუნე დედოფალი პულქერია (+453)
კეთილმსახური დედოფალი პულქერია ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.
თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.
წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები (დიოსკორესა და ევტიქის ერესები დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ქრისტოლოგიურ დავასთან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მონოფიზიტობას (ერთბუნებოვნებას). დიოსკორეცა და ევტიქიც მოღვაწეობდა V საუკუნეში და მათი სწავლებები დაგმო ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებამ 451 წელს.
- სწავლების არსი: ევტიქი ამტკიცებდა, რომ განკაცებამდე ქრისტეს ჰქონდა ორი ბუნება (ღვთაებრივი და ადამიანური), ხოლო განკაცების შემდეგ — მხოლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნება.
- ანალოგია: მისი აზრით, ქრისტეს ადამიანური ბუნება ისე შეითქვიფა და შთაინთქა ღვთაებრივში, როგორც ოკეანეში ჩავარდნილი თაფლის ან ძმრის წვეთი.
- რატომ მიიჩნია ეკლესიამ ერესად: თუ ქრისტეს ადამიანური ბუნება სრულად გაქრა ღვთაებრივში, მაშინ ის აღარ არის ჩვენი თანაარსი (ჩვენი მსგავსი ადამიანურობით). ეს აზრს უკარგავს ადამიანის გამოხსნასა და განღმრთობას, რადგან ჯვარზე რეალურად ადამიანს კი არა, მხოლოდ ღმერთს ეწამა, რაც თეოლოგიურად მიუღებელია.
- სწავლების არსი და პოზიცია: დიოსკორე იცავდა ფორმულას: „ღმერთი სიტყვის ერთი განხორციელებული ბუნება“. ის მიიჩნევდა, რომ ქრისტეში ორი ბუნების აღიარება განკაცების შემდეგ ნესტორიანობის (ქრისტეს ორად გაყოფის) ტოლფასი იყო.
- ავაზაკთა კრება (449 წ.): დიოსკორეს ინიციატივითა და იმპერატორის მხარდაჭერით ეფესოში ჩატარდა კრება, სადაც მან ძალადობით, მუქარითა და საერო ჯარის გამოყენებით გაამართლა ევტიქი, ხოლო მისი მოწინააღმდეგეები (მათ შორის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფლაბიანე) თანამდებობიდან გადააყენა. ამ კრებას ისტორიაში „ეფესოს ავაზაკთა კრება“ ეწოდა.
- შეურევნელად (არ გამხდარან ერთი მესამე ბუნება, როგორც ევტიქი ამბობდა).
- უცვალებელად (არცერთი ბუნება არ შეცვლილა შეერთებით).
- განუყოფელად (არ არიან დაცილებულნი ორ პიროვნებად).
- უთვისტომოდ / განუშორებლად (ეს შეერთება მარადიულია).
წმიდა პეტრე და პავლე – ნიკეელი ეპისკოპოსნი (IX)
წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.