…ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.
24.08.2026. ორშაბათი. მარხვა
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული. მარხვა
მოწამისა ევპლო დიაკონისა (304); მოწამისა სოსანა ქალწულისა და მის-თანათა: გაიუს რომის პაპისა, გაბიანე ხუცისა, კლავდისა, მაქსიმესი, პრეპედიგნასი, და ძეთა მისთა ალექსანდრესი და კუფესი (295-296).
დღის ლოცვები
სჯულსა ქრისტესსა ხელთა შინა შენთა მტვირთველი შეუდეგ მტერთა მიმართ მღაღადებელი ესრეთ, ვითარმედ ღუაწლთა შინა ჩინებულ ვარ მტკიცედ წამებად, ვინაიცა სიხარულით მოუდრიკე ქედი შენი და მისცემ მახვილსა წარკვეთად აღმასრულებელმან სრბისა შენისამან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
2 კორ. 8: 7-15 (დას. 186). მკ. 3: 6-12 (დას. 11).
2 კორ. 8: 7-15
7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც. 8. ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს. 9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. 10. მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან. 11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ. 12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს. 13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ – ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს. 14. ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა. 15. რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“.
მკ. 3: 6-12
6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. 7. მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, 8. იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. 9. და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. 10. ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. 11. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. 12. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი: სოსანა ქალწული და მის თანა: გაიოზ რომის პაპი, გაბიანე ხუცესი, კლავდიოსი, მაქსიმე, პრეპედიგნა, ალექსანდრე და კუფე (+295-296)
წმიდა მოწამე სოსანა ქალწული, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ნათესავის, რომაელი ხუცესის, გაბიანეს ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა ნეტარი კეთილმსახურებით აღზარდეს და სხვადასხვა საერო მეცნიერებებშიც ღრმად განსწავლეს. როცა მრავალი სათნოებით შემკული, ბრძენი და მშვენიერი ქალწულის ქებამ იმპერატორის ყურამდე მიაღწია, მან გადაწყვიტა, მაქსიმიანე გალერიუსისთვის (სხვა ცნობით – თავისი თანამმართველის, მაქსიმიანე ჰერკულესისთვის) მიეთხოვებინა წმიდანი, რაზეც ქალწულმა უარი განაცხადა, რადგან სიყმაწვილიდანვე უფლისთვის ჰქონდა თავი განკუთვნილი. დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ურჩია, ძალა ეხმარა ქალწულზე. ბილწი ვნებებით აღძრული მაქსიმიანე ღამით მივიდა ნეტართან, არ დაერიდა ლოცვად დამდგარს და შეეცადა, მიახლოებოდა, მაგრამ წმინდა სოსანას თავზე ბრწყინვალე უფლის ანგელოზის ხილვამ ისე დააფრთხო, რომ მყისვე გამოვარდა ოთახიდან, სასახლეში მიირბინა და დიოკლეტიანეს ამცნო ნანახი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გააფთრებულმა ხელისუფალმა სასტიკი ჯალათი, მაკედონიუსი გაგზავნა უფლის მხევალთან. უღმრთომ კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ჯერ არგნებით დაუნდობლად გვემა, შემდეგ კი, მახვილით განგმირა იგი. სოსანას მოწამეობრივი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ წმიდანის მამა გაბიანე და ბიძა, რომის პაპი გაიოზი (283-296).წმიდა კლავდიოსი და მისი ძმა, მაქსიმე დიოკლეტიანეს ახლო ნათესავები იყვნენ. ძმებმა გაბიანეს კეთილმსახურ ოჯახთან ურთიერთობით შეიცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კლავდიოსის მეუღლესთან, პრეპედიგნასთან და ძეებთან, ალექსანდრესა და კუფესთან ერთად ნათელიღეს. ღვთისმოძულე თვითმპყრობელმა შეიპყრო ისინი და რომის მახლობლად, ოსტიაში გადაასახლა. აქ მტარვალებმა ცეცხლში დაწვეს წმინდანები და ფერფლი ზღვას გაატანეს.
ნეტარი სოსანასა და მისი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, წმიდა ქალწულმოწამის სახელობის ტაძარშია დაცული; წმიდა პაპის, გაიოზის ნაწილებიც რომში, მისივე სახელობის საყდარში განისვენებს.
წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი (+304)
წმიდა მოწამე მთავარდიაკონი ევპლიოსი ეწამა 304 წელს, იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას. იგი სიცილიის ქალაქ კატანში მსახურობდა. ნეტარ ევპლიოსს მუდამ თან დაჰქონდა სახარება და კერპთმსახურთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას. ერთხელ, როცა წმიდანი ღარიბულ ქოხში შემოკრებილ ხალხს სახარებას უკითხავდა, იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს, კალვისიანეს მიჰგვარეს. ევპლიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უსჯულოება, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს, შემდეგ კი, სხეულდასერილი, საპყრობილეში ჩააგდეს. უფალმა თავის რჩეულს საკანში გრილი წყარო აღმოუცენა. მსაჯულის წინაშე ხელმეორედ წარმდგარმა, განმტკიცებულმა მთავარდიაკონმა კვლავ გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და მტარვალი უდანაშაულო ქრისტიანების სისხლის ღვრაში ამხილა. მსაჯულმა ბრძანა, ჯერ ყურები დაეჭრათ ქრისტეს ტარიგისათვის, შემდეგ კი – თავიც მოეკვეთათ. სიკვდილით დასასჯელად გაყვანის წინ ნეტარს ყელზე სახარება დაჰკიდეს. გამოითხოვა რა დრო ლოცვისათვის, მან სახარება გაშალა და კვლავ ქადაგება დაიწყო. იმ დღეს მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება. უეცრად ზეგარდმო გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ევპლიოს, ჩემო სახიერო და ერთგულო მონავ, შემოვედ სიხარულსა უფლისა შენისასა!“ სულით განმხიარულებულმა მარტვილმა მადლობა შესწირა ზეცათა მეუფეს და მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. ღირსი ბესარიონი (V)
ღირსი ბესარიონი V საუკუნის პირველ ნახევარში მოსაგრეობდა. მან მამათა მონასტერი დააარსა იერუსალიმში, იყო პალესტინის ქორეპისკოპოსი და ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) ახლო მეგობარი. წმიდა მარიამ სინკლიტიკია (+დაახლ. 578-582)
წმიდა მარიამ სინკლიტიკია სასწაულებრივ განკურნა იმპერატორ ტიბერიუს II-ის (578-582) დროს გამოჩინებულმა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა. მადლიერებით აღვსილმა ნეტარმა დედამ სიწმინდით გალია მთელი ცხოვრება და სასუფეველს შეერთო. წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+1460)
წმიდა ნიფონტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავრიონში აღიკვეცა ბერად. მოძღვრის, ანტონის გარდაცვალების შემდეგ ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მას ეპყრა: თესალონიკის მიტროპოლიტის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ვლახეთის მღვდელმთავრის საყდრები… უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმიდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა: ჯერ ვათოპედის მონასტერში იღვწოდა, შემდეგ კი – იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში). მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა, მაგრამ უფალმა ღვთაებრივი გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერთხელ, როცა შეშის შესაგროვებლად ტყეში წასული წმიდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები წინ გამოეგებნენ მას და ზეიმით შეხვდნენ, როგორც პატრიარქს. მიუხედავად ამისა, მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით განირჩეოდა სხვა ბერებისაგან: თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეს.წმიდა მამა 1460 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.