…მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში (მთ. 13: 43).
…მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).
…რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი? (1.კორ. 4: 7).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
25.07.2026. შაბათი. ხსნილი
ღირსთა მამათა ჩვენთა იოანესი (1005) – ღირსისა ეფთვიმეს მამისა, და გაბრიელისა, ათონელთა (X); წმიდისა ფილიმონ მგალობელისა, ერისათვის თავდადებულისა (ქორიძე 1911); მოწამეთას პროკლესი და ილარისა (II); ღირსისა მიქაელ მალეელისა (962); მოწამისა ღოლინდუზხტი (მარიამ) აღმსარებელისა (591); ღირსისა პაისი მთაწმინდელისა (1994).
დღის ლოცვები
ღირსთა ათონელთა მამათა: იოანესი, ექვთიმეს მამისა და გაბრიელის კონდაკი:
უაღრეს არსებისა კაცთასა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი და ქუეყანაი აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკვირდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძვად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკვირვო აჩვენეთ საქმენი, მამანო ათონელნო, მნათობნო ყოვლისა სოფლისანო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
რიგ.: რომ. 13: 1-10 (დას. 111). მთ. 12: 30-37 (დას. 47).
ცისკ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლიტ.: ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ლიტ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
რიგ.: რომ. 13: 1-10
1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. 5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც. 6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. 7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, საშიშარს – შიში, პატივსაცემს – პატივისცემა. 8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. 9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.
რიგ.: მთ. 12: 30-37
30. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს. 31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. 32. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. 33. ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე. 34. იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. 35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. 36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. 37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
მართალი ვერონიკა (I)
მართალი ვერონიკა, გადმოცემით, ის ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა (მთ. 9,20-22). ვერონიკამ მიაწოდა გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს ხელსახოცი, რომლითაც ჯვარცმად მიმავალმა მაცხოვარმა სახე მოიწმინდა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა.
წმიდა მოწამენი: პროკლე და ილარიო (II)
წმიდა მოწამენი პროკლე და ილარიო ანკვირიის მახლობლად მდებარე სოფელ კალიპტიდან იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ მოწამეობრივად.უსჯულოებმა თავდაპირველად პროკლე შეიპყრეს. ნეტარმა მმართველ მაქსიმეს წინაშე გაბედულად აღიარა ქრისტე. უღმრთო ხელისუფალი მალე მიხვდა, რომ პროკლე ნებით არ უარყოფდა ქრისტეს, ამიტომ შეეცადა, წმიდანი ძალმომრეობით დაეყოლიებინა წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. წამების დროს მარტვილმა მაქსიმეს უწინასწარმეტყველა, რომ მალე ისიც აღიარებდა ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. მტარვალებმა აიძულეს მოწამე, რომ კალიპტისკენ მიმავალი მმართველის ეტლის კვალდაკვალ ერბინა. არაქათგამოცლილი და დაუძლურებული პროკლე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, შეეჩერებინა ეტლი. მანაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება – ოთხთვალა გაჩერდა და ვერავინ შეძლო მისი ადგილიდან დაძვრა. მასში მყოფი კარისკაციც გაქვავებულივით იჯდა მანამ, სანამ მოწამის მოთხოვნით საკუთარი ხელით არ დაწერა მართლმადიდებლური მრწამსი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მმართველმა გზის გაგრძელება.
დამარცხებულმა წარმართმა პროკლეზე საშინლად იძია შური: ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ იგი, ბოძზე მიეკრათ და ისრებით განეგმირათ.
სიკვდილით დასჯის ადგილისკენ გაგზავნილი პროკლეს გზად თავის ძმისწული, ილარიო შეხვდა. აცრემლებული ჭაბუკი სიყვარულით მოეხვია ბიძას და თვითონაც თავი ქრისტიანად გამოაცხადა. მეომრებმა დაატუსაღეს ნეტარი.
მმართველის ბრძანებისამებრ წმინდა პროკლე ბოძზე გაკრული აღესრულა, ისრებით დაწყლულებული და სხეულდაფარული, სიცოცხლის ბოლომდე წმინდანი ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა შეენდო მისი მკვლელებისთვის.
წმიდა პროკლეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ილარიოც სასტიკად აწამეს, ხელებშეკრული, დაწყლულებული და გასისხლიანებული ათრიეს ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
ნეტარი პროკლე 12 ივლისს მიიცვალა, ილარიო კი – სამი დღის შემდეგ. ქრისტიანებმა ერთ საფლავში დაფლეს უფლის სათნომყოფელნი.
წმიდა გოლინდუხა, წმიდა ნათლისღებით – მარიამი (+591)
წმიდა გოლინდუხა, ნათლისღებით – მარიამი, სპარსეთში ცხოვრობდა ხოსრო I უფროსის მეფობისას. იგი სამეფოს მთავარი ქურუმის მეუღლე იყო. ნათელი ჭკუა-გონებით შემკული გოლინდუხა გრძნობდა წარმართული ცრუსიბრძნის ამაოებას და ბევრს ფიქრობდა იმაზე, თუ რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. როცა ქრისტიანული მოძღვრების არსებობა შეიტყო, მას მთელი არსებით მოუნდა გაეგო, რას ასწავლიდა იგი. მალე, ღვთის ნებით, შეუსრულდა კიდეც გულწრფელი სურვილი: ძილში ანგელოზმა ჯოჯოხეთის სატანჯველებიც მოახილვინა და სამოთხეც აჩვენა. ყოვლადსახიერმა უფალმა კვლავ ანგელოზის მეშვეობით მიუთითა მართლმორწმუნე ხუცესზე, რომელმაც მომავალ წმიდანს ნათელსცა და მარიამი უწოდა.ნათლობის შემდეგ მარიამმა დატოვა ქურუმი ქმარი, ამ უკანასკნელმა კი მეფესთან დაასმინა გაქრისტიანებული მეუღლე. გოლინდუხას თავად ხოსრო, მისი დიდებული კარისკაცები და დიდგვაროვანი ქალბატონები დიდხანს შეაგონებდნენ, დაბრუნებოდა ოჯახს, მაგრამ წმიდანის გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. მაშინ მეფემ ნეტარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მარიამმაც თვრამეტი წელი დაჰყო სატუსაღოში.
ხოსროს მემკვიდრის, ორმისდასის ზეობისას სპარსეთში ჩავიდა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ელჩი – არისტობულე. როცა მან შეიტყო, რომ საპყრობილეში მრავალი წლის მანძილზე იტანჯებოდა ქრისტიანი ქალი – მარიამი, მეფის ნებართვით რამდენჯერმე მოინახულა ნეტარი და ფსალმუნთა გალობა ასწავლა. როცა არისტობულე სამშობლოში გაემგზავრა, ორმისდასმა წმიდანი დილეგიდან ამოაყვანინა და სასტიკად აწამა. შემდეგ მარიამი გარყვნილებს მიუგდეს შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ღმერთმა ბილწთა და უსჯულოთა თვალთაგან დაფარა იგი. ბოლოს მეფემ ბრძანება გასცა, თავი მოეკვეთათ ნეტარი დედისთვის, მაგრამ უფლის განგებულებით წმიდანი ჯალათთათვისაც უჩინარი შეიქნა და ქრისტიანთა თავშესაფარში აღმოჩნდა.
როცა ბიზანტიის იმპერატორის, მავრიკიუსის დახმარებით ხოსრო II ავიდა ტახტზე და სპარსეთში ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა მარიამ-გოლინდუხამ დაუფარავად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. სიცოცხლის მიწურულს მან მოილოცა იერუსალიმი, თაყვანი სცა მაცხოვრის საფლავს და სხვა წმიდა ადგილებს, უკან გამობრუნებულმა კი ნიზიბიაში, წმიდა მოწამე სერგის სახელობის ტაძარში შეჰვედრა სული უფალს (+591).
ღირსი მიქაელ მალეინი (+962)
ღირსი მიქაელ მალეინი (ერობაში – მანუელი) მალეინების ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო და იმპერატორ ლეონ VI ბრძენს (886-912) ენათესავებოდა. იგი დაახლოებით 894 წელს დაიბადა კაბადოკიაში. სიჭაბუკეში მანუელი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სამეფო კარის ზნე-ჩვეულებათა შესათვისებლად, საღვთო შურით აღძრულმა ყმაწვილმა კი ფარულად მიაშურა ბითვინიას, კიმინის მთაზე მდებარე სავანეს, სადაც მოღვაწების გაოკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა – იოანე ელადელმა მიქაელის სახელით აღკვეცა ბერად. მშობლები მეტად შეურაცხყო შვილის ამ საქციელმა, ძალით წაიყვანეს იგი შინ, მაგრამ ბერობის დატევებაზე ვერ დაითანხმეს. ჭაბუკი მოსაგრე კვლავ დაუბრუნდა მონასტერს, სადაც მეტრაპეზედ დანიშნეს. ღირსი მამა თავად ამზადებდა საჭმელს, რეცხავდა ჭურჭელს, დაუზარლად აღასრულებდა სხვა ამგვარ საქმეებს… მთელ დღეებს კვართის ამარა, ფეხშიშველი ატარებდა, ღამღამობით, ზამთარშიც კი, ფიცრებზე ეძინა… როცა ორი წლის შემდეგ მამამ მიქაელი იხილა, მეტად გაიხარა და ასე მიმართა: „გაფრთხილდი, შვილო, ნურასოდეს განუდგები უფალს, რომელიც მშობლებზე და ამსოფელზე მეტად შეიყვარე!“ მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა, დედა მონაზვნად აღიკვეცა და კეთილმსახურებაში შეჰვედრა სული უფალს. მემკვიდრეობით მიღებული ქონების ნაწილი ნეტარმა გლახაკებსა და განთავისუფლებულ მონა-მხევლებს დაურიგა, ნაწილი კი – მონასტერს შესწირა.მიქაელმა მოძღვარს სავანის მახლობლად, კლდის ერთ გამოქვაბულში დაყუდებით ცხოვრებაზე გამოსთხოვა კურთხევა: კვირაში ხუთ დღეს იქ ატარებდა განმარტოებით, შაბათ-კვირას კი ღვთისმსახურებაზე დასასწრებად და საზიარებლად მონასტერს უბრუნდებოდა. ოთხი წლის შემდეგ ღირსი მამა თავის კეთილმსახურ ნათესავთან, აღაპისთან ერთად შიდა უდაბნოში დამკვიდრდა. შემდგომ მოსაგრეებმა გადაწყვიტეს, განმარტოებით ეღვაწათ, მდუმარებაში. მიქაელმა მშრალ ტბად წოდებულ უდაბურ ადგილას პატარა ქოხი მოიწყო და იქ დაეყუდა. მალე წმიდანთან მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველებმა დაიწყეს მისვლა. თავდაპირველად ნეტარი ყველას უარით ისტუმრებდა, მაგრამ შემდეგ მომსვლელთა გულმოდგინება რომ იხილა, თითო-თითოდ დაიწყო მათი მიღება და სულიერ ცხოვრებაში დამოძღვრა. როცა ძმების რიცხვმა ორმოცდაათს გადააჭარბა, მიქაელმა მათთვის ლავრა დააარსა მკაცრი წესდებით, ღირს აღაპის მოუხმო, სავანეზე ზრუნვა მას მიანდო, თვითონ კი რამდენიმე ბერთან ერთად, უფრო შორეულ ადგილებს მიმართა და ახალი მონასტერი დააფუძნა. მალე ნეტარი მამის ღვაწლით მთელი კიმინის მთა დაიფარა ბერმონაზონთა საცხოვრისებით, სადაც დაუდუმებლად აღევლინებოდა ლოცვა-ვედრება.
წმიდანის ბაგეებიდან არასოდეს თქმულა სხვისი შეურაცხმყოფელი, ბოროტი სიტყვა. ანგელოზის თანამოსახელე, ანგელოზივით ცხოვრობდა, მკაცრი თავშეკავების მაგალითს იძლეოდა- მკაცრად მარხულობდა, ხორცს მხოლოდ მძიმე სნეულებისას, საღვთო დღესასწაულებზე, ან დიდებული სტუმრების მასპინძლობის დროს აძლევდა განსვენების ნებას. ბერობის პირველ წლებში იგი დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, შემდეგ – ხუთ დღეში ერთხელ, ბოლოს კი, თორმეტ დღეში ერთხელ; იკვებებოდა მხოლოდ მცენარეულით; როცა ჯანს არ უჩიოდა, სკამზე მჯდომს ეძინა, სნეულებისას კი – მაგარ საწოლზე. ნეტარს ძლიერ უყვარდა დღესასწაულები, განსაკუთრებით – საუფლო და ღვთისმშობლისა, ამ დღეებში ღამისთევის ლოცვებზე სიხარულით ატაცებული გალობდა ხოლმე. წმიდა მიქაელი ღირსი ათანასეს (ხს. 5 ივლისს) მოძღვარი იყო.
წმინდანმა 962 წელს შეჰვედრა სული უფალს. მის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე – ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X)
საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთად იხსენებს წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს – ღირს იოანესა და გაბრიელს.წმიდა იოანე მამის მაგივრად საერო სამსახურში ჩადგა. ყველა ამქვეყნიური პატივი და ბედნიერება უხვად მომადლა ღმერთმა ნეტარს: ჰყავდა ცოლ-შვილი, ჰქონდა სიმდიდრე და გარშემორტყმული იყო მოსიყვარულე და ერთგული მეგობრებითა და მეფის სიყვარულით, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.
მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.
ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე – ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერატორს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!“
მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა (დაახ. 965 წელს); აქ წმიდა ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.
ამ დროს წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმიდა ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.
ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.
ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როცა საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.
დავით კურაპალატმა გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისაგან გადგომილ ბერს შეეშინდა ურჩობით უფალი არ გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით სათავეში ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.
ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ლაშქარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამოღებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. „მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.
ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი – ღვთისმშობლისა, მეორე კი – იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.
ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა იოანე-თორნიკყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.
თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მამა იოანეს წმიდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.
მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და „მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის (სხ. 18 ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც „აკურთხა… ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა“.
ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმიდა მთავარანგელოზთა ეკელსია ააშენა.
როგორც ვარაუდობდნენ წმიდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანე და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმიდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.
ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთიᐠუთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.
მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.
ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
დღეს ათონის ივერთა მონასტერში ბრძანდება ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის – გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.