25.10.2025. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

25.10.2025. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     “…ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

25.10.2025. ხსნილი

მოწამეთა: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკესი (304); ღირსისა კოზმასი წმიდაქალაქელისა, მაიუმელ ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (787) მოწამისა დომნიკასი (286); მარტინე მოწყალისა, ტვირელ ეპისკოპოსისა (400); დღესასწაული იერუსალიმის ღმრთისმშობლის ხატისა (48).

დღის ლოცვები

მოწამეთა: პრობოსის, ტრაქოსის და ანდრონიკეს

ტროპარი: წმიდათა მოწამეთა წარმართებანი ძალთა ზეცისათა უფროსად დაუკვირდა, რამეთუ მოკუდავითა ხორცითა უხორცოსა მტერსა ძალითა ჯუარისათა კეთილად წინა განეწყვნეს და მძლე ექმნეს უხილავად, და ევედრებიან უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: სამებისა დიდებაი გამოგვიცხადეს ჩუენ მხნეთა ქრისტეს ჭურვილთა ტრაქოს თანა პროვოს და ანდრონიკე, ამხილეს მძლავრთა ყოველი უღმრთოება, სარწმუნოებით მხნედ მოღუაწეთა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტ.: 2 კორ.1: 8-11 (დას. 168). ლკ. 6: 1-10 (დას. 22).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).

ლიტ.: 2 კორ. 1: 8-11 

8. ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა. 9. მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს; 10. სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის; 11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.

ლიტ.: ლკ. 6: 1-10 

1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. 2. ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? 3. ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? 4. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მისცა მასთან მყოფთაც? 5. და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. 6. ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. 7. უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის. 8. მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა. 9. და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? 10. გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე.

მოწ.: ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

მოწ.: ლკ. 21: 12-19 

12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე დომნიკა კილიკიის ქალაქ ანაზარვში ეწამა ქრისტესთვის 286 წელს. მმართველ ლისიუსის ბრძანებით ჯალათებმა იგი სასტიკად აწამეს. ბოლოს ქრისტეს მხევალი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც 64 წლის ასაკში.
წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდა აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა საწამებლად გადასცა ისინი. გაბოროტებულმა ჯალათებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდანთა ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს.
წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი პანონიის ქალაქ საბერიაში დაიბადა. ბერად აღკვეცამდე იგი მხედართუფროსად მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ლაშქარში. როცა იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს, იგი თავისი რაზმით ქალაქიდან გავიდა მათთან საბრძოლველად; გზად გლახაკს გადაეყარა, შეებრალა და საკუთარი სამოსელი უბოძა. ღამით მარტინეს უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და მტერზე გამარჯვება აღუთქვა.
იმპერატორი ზეიმით შეხვდა გამარჯვებულს და შესთავაზა, სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. მარტინემ კი მიუგო: მე მსურს მსხვერპლი შევწირო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც გავიმარჯვე, და ბერად შევდგეო.
წმიდა მამა მძიმე მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ პუატიედან რვა ვერსის დაშორებით დააარსა ლიგუჟეს სავანე, რომელიც მალე საფრანგეთის ბერმონაზვნობის კერა შეიქნა. წმიდა ცხოვრებისათვის მარტინე საკუთარი ნების წინააღმდეგ ტურის (საფრანგეთში) ეპისკოპოსად აკურთხეს. ნეტარი მღვდელმთავარი სიმდაბლის, მოთმინების და სიმშვიდის მაგალითს აძლევდა ყველას. მან ერთი მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ, სადაც დააარსა სავანე (შემდგომში სახელგანთქმული მამურტიეს მონასტერი). იგი მიმოდიოდა მეზობელ ქვეყნებში, ქადაგებდა მართლმადიდებლობას და თავის სწავლებას სასწაულებით განამტკიცებდა. ყოველივე ამასთან ერთად ნეტარი მამა საოცრად გულმოწყალეც იყო. სიყვარულისა და ქველმოქმედებისთვის უწოდეს მას „მოწყალე“. საკვირველთქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭმომადლებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 400 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში. საკუთარი მიცვალების დღე მან წინასწარ განჭვრიტა. ღირსი მამის ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.
ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.