26.10.2025. მე-20 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III

26.10.2025. მე-20 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III

     “…ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-20 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III

26.10.2025. ხსნილი

წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VII მსოფლიო კრებაზე (787); დღესასწაული ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა (ფოთში); ანტონი ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა; მოწამეთა: კარპე თიატირელ ეპისკოპოსისა, პაპილე დიაკონისა და დისა მისისა აღათონიკესი და მონისა მისისა, აგათოდორესი (251); მოწამისა ფლორენტისა (I-II); მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424); ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (838).

დღის ლოცვები

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: გალ. 1: 11-19 (დას. 200). ლკ. 8: 5-15 (დას. 35).
წმ. მამათა: ებრ. 13: 7-I6 (დას. 334). ინ. 17: 1-13 (დას. 56).

ცისკ.: ინ. 20: 19 -31 

19და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 20და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი. 21რქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. 22და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 23უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. 24ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ. 25უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. 26და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 27მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ. 28მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. 30მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. 31ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.

ლიტ.: გალ. 1: 11-19 

11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, 12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. 14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს. 15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, – 16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. 17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. 18. სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. 19. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.

ლიტ.: ლკ. 8: 5-15 

5. გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად; თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი. 6. ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა. 7. ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა. 8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! 9. მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი? 10. ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა. 11. აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა; 12. გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ; 13. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არა აქვთ და ამიტომაც დროებით სწამთ, ხოლო განსაცდელის ჟამს განდგებიან; 14. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და ზრუნვით, სიმდიდრისა და ამქვეყნიური განცხრომის სურვილით მომშთვარნი, უნაყოფონი რჩებიან. 15. პოხიერ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილსა და სუფთა გულში იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით.

წმ. მამათა: ებრ. 13: 7-I6 

7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.

წმ. მამათა: ინ. 17: 1-13 

1. ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ. 2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს. 4. მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად. 5. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე. 6. გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა. 7. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8. რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. 9. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან. 10. ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი; და მე ვიდიდე მათში. 11. მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი. 12. როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. 13. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე ფლორენტი თესალონიკში ცხოვრობდა. იგი უშიშრად ამხელდა კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოებას და ქრისტეს სჯულს ქადაგებდა. ამისათვის უფლის რჩეული წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს, შემდეგ კი კოცონში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც. ერთი ცნობით, ეს მოხდა I-II საუკუნეებში, სხვა ცნობით კი – III საუკუნის დასაწყისში.
წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონმა მრავალი სპარსი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. სახარების ქადაგებისთვის მას წამებით ამოხადეს სული V საუკუნეში. ნეტარი მარტვილი 31 მარტსაც იხსენიება მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსთან ერთად.
წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი, დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთში. იმ დროს მისი სამშობლო თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. სიყმაწვილიდანვე ზლატა საოცრად მტკიცე ხასიათით, ქრისტესადმი ურყევი სასოებით, კეთილგონიერებითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა. მათ სოფელში დამკვიდრებული ერთი თურქი დიდხანს ეცადა, მოეხიბლა ქალწული და ისლამზე მოექცია, მაგრამ ვერც შეგონებებით, ვერც მუქარითა და ვერც საშინელი წამებით, რომელიც მრავალი თვის მანძილზე გრძელდებოდა, ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი.
ქრისტეს ტარიგმა 1795 წელს შეჰვედრა სული უფალს.
ღირსი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა – გულქანი – რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული – მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.
მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს. განათლების შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან შეიტყო, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: „თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს?“ ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: „როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოსო“, – და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.
სწავლის სურვილი არ ასვენებდა ანტონს. „ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდ“, – წერს თავად. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი.
სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.
1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.
ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება. საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს შემდგომ ყველა ჭყონდიდელი იცავდა.
XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა. სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.
1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმიდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან. წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.
ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.