25.12.2025. 29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

25.12.2025. 29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა

25.12.2025. ხუთშაბათი. მარხვა

სპირიდონ ტრიმითუნტელ ეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა (348) ; ღირსმოწამისა იოანესი, ზედაზნის წინამძღვრისა, სარკინოზთაგან წამებულისა (IX); მღვდელმოწამისას ალექსანდრე იერუსალიმელ ეპისკოპოსისა (251); მოწამისა სინეზისა (270-275).

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე (1977 წ.).

დღის ლოცვები

სპირიდონის, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსის, საკვირველმოქმედის

ტროპარი: პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩუენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გუელი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღვდელოო: დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი: სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღვდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ებრ. 7: 1-6 (დას. 315). მკ. 9: 10-16 (დას. 39).
მღ.მთ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).

ლიტ.: ებრ. 7: 1-6 

1. რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი. 2. ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა მას, ვისი სახელიც, უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც „სიმართლის მეფე“, შემდეგ კი – „მეფე სალემისა“, ანუ „მშვიდობის მეფე“. 3. უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე. 4. მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა. 5. ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. 6. იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე.

ლიტ.: მკ. 9: 10-16 

10. მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? 11. და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 12. ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის. 13. მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის. 14. როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. 15. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ. 16. ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ?

მღ.მთ.: ებრ. 13: 17-21 

17. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ. 18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ. 19. უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ. 20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, 21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მღ.მთ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა“.
მღვდელმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.
წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისათანა“. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალენ“. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.
წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი – ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი – მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტ. 1,15).
სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი – სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.
სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები – გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, – კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის (+დაახლ. 217) მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც 212 წელს პატრიარქ ნარკისის თანამოსაყდრედ აირჩიეს. ეს ძველი ეკლესიის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევა იყო. ჯერ პატრიარქის თანამოსაყდრე, შემდეგ კი პატრიარქად ხელდასხმული წმიდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა ეკლესიას და ფრიად დაშვრა სამწყსოს ქრისტიანული განათლებისათვის. უფლის რჩეულმა იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა. იგი იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს გარდაიცვალა საპყრობილეში.
წმიდა მოწამე სინეზი რომაელი იყო. იგი რომის ეკლესიაში წიგნისმკითხველად მსახურობდა პაპ სიქსტეს (257-258) დროს. იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის უფლის რჩეული საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა (ხს. 7 მაისს), ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.
თანდათან ზედაზენი საქართველოს სულიერებისა და კულტურის ჩაუქრობელ ლამპრად იქცა. ზედაზნელი მამები ზრუნავდნენ მონასტრის კეთილდღეობაზე, ეწეოდნენ აღმშენებლობით საქმიანობას.
სიწმიდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმიდა იოანე ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოვანე.
არსენ II-ის (XIII ს. I ნახევარი) მიერ შედგენილ ზედაზნელ წინამძღვართა სიაში („სახელები წმიდათა მამათა, ქრისტეს მიერ აღსრულებულთა ზედაძენს შინა შემდგომად იოანესსა“) მოხსენიებულია იოანე, „რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს შინა მახჳლითა“. ეს მოხდა IX საუკუნეში.
საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა მოძალადე ურწმუნოთა ხელით აღსრულებული ბერი.