„მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა
26.04.2026. ხსნილი
წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213); წმიდისა დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887); მღვდელმოწამისა არტემონ ლაოდიკიელ ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი მირონ-ლუკიელისა (740); მოწამისა თომაიდა მეგვიპტელისა (476); მთავარეპისკოპოსისა მარტვირი იერუსალიმელისა (486).
დღის ლოცვები
მენელსაცხებლე დედათა კვირა
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: საქმ. 6: 1-7 (დას. 16). მკ. 15: 43-16: 8 (დას. 69).
ცისკ.: მკ. 16: 9-20
9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.
ლიტ.: საქმ. 6: 1-7
1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას. 2. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. 3. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. 4. ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. 5. მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი, 6. რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ. 7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
ლიტ.: მკ. 15: 43-16: 8
43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა? 45. და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი. 46. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს. 47. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმ. მენელსაცხებლე დედათა – მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა;
კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213)
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303)
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი (+303) დაიბადა სირიის ლაოდიკიაში ქრისტიანულ ოჯახში და სიყრმიდან ეკლესიაში მსახურობდა. თექვსმეტი წლის ყმაწვილი მედავითნედ აკურთხეს და თორმეტი წლის მანძილზე მოღვაწეობდა ამ სამსახურში. ღვთისმსახურებაში გამოჩენილი ერთგულებისა და გულმოდგინებისათვის ეპისკოპოსმა სისინმა მას დიაკვნად დაასხა ხელი, ოცდარვა წლის მსახურების შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს. ამ ხარისხში წმიდა არტემონი ოცდაცამეტი წლის მანძილზე ქადაგებდა ქრისტიანობას წარმართთა შორის. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა არტემონი უკვე მოხუცი იყო. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, ყველა ქრისტიანს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის.ეპისკოპოსმა სისინმა შეიტყო, რომ ლაოდიკიაში უნდა ჩამოსულიყო მხედართმთავარი პატრიკიოსი, იგი წმიდა არტემონთან ერთად შეიპარა არტემიდას სამსხვერპლოში და კერპები დაამსხვრია, შემდეგ ეკლესიაში შეკრიბა სამწყსო და დაარიგა, რომ განმტკიცებულიყვნენ და არ შეშინებოდათ წარმართთა მუქარისა.
ლაოდიკიაში ჩამოსულმა პატრიკიოსმა ხუთდღიანი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად, შემდეგ კი არტემიდასთვის მსხვერპლის შეწირვაც მოიწადინა. როცა მოახსენეს, რომ სამსხვერპლო დარბეული იყო, ეშმაკისგან გაბოროტებულმა ქრისტიანული ეკლესიის დარბევა გადაწყვიტა, მაგრამ ტაძარში მისვლამდე საშინელმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო და სულთმობრძავი პირველსავე სახლში შეიყვანეს. „ქრისტიანებმა დამწყევლეს, მათი ღმერთი მსჯის“, – უთხრა მან მხლებლებს. კერპების მიმართ შეწირულმა ლოცვებმა ვერ უშველა სარდალს, მაშინ მან მალემსრბოლელი გაგზავნა ეპისკოპოს სისინთან და დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მისი ოქროს ქანდაკების ჩამოსხმას დაჰპირდა. ეპისკოპოსმა უპასუხა: „ოქრო შენი შენ თანა იყვეს, უკუეთუ გინებს განკურნება, იწამე ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი“.
პატრიკიოსს სიკვდილის შეეშინდა და განაცხადა, რომ სწამდა ქრისტე. სისინ ეპისკოპოსის ლოცვით მხედართმთავარი განიკურნა, მაგრამ მისი სული მომხდარმა სასწაულმა ვერ შეცვალა – მას ეპისკოპოსისთვის ხელი არ უხლია, მაგრამ მიაშურა ქალაქ ესარიას, გზაში შემოხვდა მოხუცი, რომელსაც უკან წყვილ-წყვილად მოჰყვებოდა ექვსი გარეული ვირი და ორი ურემი. ეს იყო მღვდელი არტემონი. პატრიკიოსის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა ველური ცხოველების ასე დამორჩილებას, წმიდა არტემონმა უპასუხა, რომ ყოველივე ამქვეყნად ქრისტეს სახელს ემორჩილება და ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი.
პატრიკიოსმა შეიტყო, რომ მოხუცი ის არტემონი იყო, რომელმაც არტემიდეს ტაძარი დაარბია და მისი შეპყრობა ბრძანა. წმიდანი უშიშრად გაჰყვა ჯარისკაცებს, ცხოველებს კი უბრძანა, სისინთან წასულიყვნენ.
ერთმა ირემმა ღვთისაგან მეტყველების უნარი მიიღო და ეპისკოპოსს აუწყა, თუ რა შეემთხვა წმიდა მოძღვარს. სისინმა დიაკვნის ხელით სეფისკვერი გაუგზავნა წმიდა არტემონს.
კესარიაში პატრიკიოსი აიძულებდა წმიდა არტემონს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. სამსხვერპლოში უამრავი შხამიანი გველი ბუდობდა. ქურუმები მსხვერპლშეწირვის გარეშე არასოდეს აღებდნენ კარებს. წმიდა არტემონმა ილოცა, უშიშრად შევიდა სამსხვერპლოში და გველები გამოდევნა იქიდან. ზარდაცემული წარმართები გაიქცნენ, მაგრამ წმიდანმა ისინი შეაჩერა და სულის შებერვით შემუსრა ქვეწარმავლები. ქურუმმა ვიტალიმ ქრისტე ირწმუნა და წმიდა არტემონს მონათლვა სთხოვა.
მხედართმთავარს შეეშინდა, რომ წმიდა არტემონის სასწაულები მრავალი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. უზარმაზარი ქვაბი ადუღებული ფისით აავსეს წმიდა არტემონის მოსაკვდინებლად, მაგრამ ორმა არწივის სახიანმა ანგელოზმა დასჯის ადგილს მიახლოებული ამხედრებული პატრიკისოი აიტაცა და ღირსი მამის სანაცვლოდ ის ჩააგდო ქვაბში.
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ არტემონის ლოცვით მიწიდან ამოხეთქა წყარომ, სადაც წმიდანმა ქურუმი ვიტალი და სხვა მრავალი წარმართი მონათლა. მეორე დღეს ახალნათელღებულები მისი ხელიდან ეზიარნენ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს.
კესარიის ეპისკოპოსმა წმიდა არტემონის სასწაულების ადგილი მოინახულა და შემდეგ იქ ტაძარი ააგო. ნათელღებულთაგან მრავალს დაასხეს ხელი დიაკვნად და მღვდლად, ვიტალი კი პალესტინის ეპისკოპოსად დაადგინეს. თავად მღვდელმოწამე არტემონი ღვთის მოწოდებით ასიაში წავიდა საქადაგებლად, გზად უფლის ანგელოზმა აღიტაცა და სოფელ ვულში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მალე წარმართებმა შეიპყრეს წმიდანი და თავი მოჰკვეთეს (+303).
მოწამე თომაიდა ეგვიპტელი (+476)
წმიდა მოწამე თომაიდა მეგვიპტელი (+476) – ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში. წმიდანს ძალიან უყვარდა საღვთო წერილის კითხვა. თხუთმეტი წლის თომაიდა ქრისტიან მეთევზეზე გაათხოვეს. ყოველგვარი სათნოებით შემკული ქალი ყველას ძალიან უყვარდა.ეშმაკის ჩაგონებით წმიდა თომაიდას მამამთილი მისი სილამაზით მოხიბლა და, როდესაც შვილი სათევზაოდ იყო წასული, თავისი ყოვლადბილწი განზრახვის განხორციელება მოინდომა. წმიდანი საშინელ სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას მოაგონებდა ვნებისაგან გონდაკარგულ მოხუცს, მაგრამ ვერაფერს გაჭრა. რძლის სიმტკიცით გამძვინვარებულმა მახვილს დასტაცა ხელი და ქალს დაემუქრა. წმიდანმა უპასუხა: „ორადაც რომ გამაპო, ღვთის მცნებას არ დავარღვევ“. ვნებით დაბრმავებულმა მამამთილმა მახვილით განგმირა წმიდანი. წმიდა თომაიდა ღვთის მცნების დაცვისთვის მოწამეობრივად აღესრულა 476 წელს.
მკვლელს საშინელი სასჯელი დაატყდა თავს – დაბრმავდა და კარებს ვერ მიაგნო. დილით, როცა ქმრის მეგობრები მოვიდნენ, სახლში იპოვეს წმიდა მოწამის გაცივებული გვამი და გასისხლიანებული, დაბრმავებული მამამთილი.
ამ ხანებში ალექსანდრიაში უდაბნოდან ჩამოვიდა ღირსი დანიელი. მან ოქტოდეკადის მონასტრის ბერებს მოუწოდა, წმიდა თომაიდას გვამი მონასტრის საძვალეში დაემარხათ. ზოგიერთი ბერი გაოცებული იყო და კითხულობდა, როგორ შეიძლებაო ქალის დამარხვა ბერებთან. ღირსმა დანიელმა თქვა, რომ „თომაიდა სიწმიდისთვის დაღუპული დედაა“. წმიდანის დამარხვის შემდეგ დანიელი უდაბნოში დაბრუნდა. მალე მასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა ბერი და უთხრა, რომ ხორციელი ვნებები ტანჯავდა. ღირსმა დანიელმა მას ურჩია, წმიდა თომაიდას საფლავთან ელოცა. ბერმა მოძღვრის რჩევა აღასრულა. ლოცვისას უნებურად ჩაძინებულს გამოეცხადა წმიდა მოწამე, რომელმაც უთხრა: „მამაო, მიიღე კურთხევა და წარვედ მშვიდობით“.
გამოღვიძებულმა ბერმა სიმშვიდე და სიხარული იგრძნო. ამის შემდეგ ის ხორციელ ვნებებს არ შეუწუხებია.
მოგვიანებით წმიდა მოწამის ნაწილები კონსტანტინეპოლში, დედათა ერთ-ერთ მონასტერში გადაასვენეს.
მოწამე კრისკენტი
წმიდა მოწამე კრისკენტი მირონ-ლუკიელი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი იყო. ერთხელ, როცა ქალაქის მცხოვრებლები წარმართულ ტაძარში მიდიოდნენ, მან ქადაგება დაიწყო და წარმართებს მოუწოდა, მიეღოთ ქრისტიანობა. წმიდანი დაატუსაღეს და ქალაქის გამგებელს მიჰგვარეს. როდესაც კრისკენტის ვინაობა ჰკითხეს, მან მიუგო, რომ ქრისტიანია. გამგებელი იცნობდა წმიდანის მამას და ტყვექმნილს ურჩია, სხვის დასანახად შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის, გულით კი ქრისტიანად დარჩენილიყო. წმიდა მოწამემ განაცხადა: „შეუძლებელია სხეულმა გააკეთოს ის, რაც სულს არ უნდა, რადგანაც მას სული მართავს და ამოძრავებს“.წმიდა კრისკენტი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს.
წმიდა ანდრია კრიტელი (+740, ხს. 4 ივლისს) წმიდა კრისკენტის იხსენიებს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში.