„მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-3 შვიდეული. ორშაბათი
27.04.2026. ხსნილი
მარტინე აღმსარებლისა, რომის პაპისა (655); მოწამეთა: ანტონი, იოანე და ევსტათი ლიტველთა (1347); მოწამისა არდალიონისა (305-311); მოწამეთა 1000-თა სპარსელთა და აზატ საჭურისისა (IV). მოწამეთა: ანტონი, იოანე და ევსტათი ლიტველთა (1347);
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 6: 8-15; 7: 5,47-60 (დას. 17). ინ. 4: 46-54 (დას. 13).
საქმ. 6: 8-15; 7: 5, 47-60
8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში. 9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს. 10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი. 11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო. 12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს. 13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს. 14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ. 15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.
5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას. 48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: 49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა – ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად? 50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“ 51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც. 52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით. 53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი. 54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე. 55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო. 56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს. 57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას. 58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე. 59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული. 60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.
ინ. 4: 46-54
46. ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში. 47. გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. 48. უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ. 49. კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე. 50. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა. 51. შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო. 52. გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ. 53. მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო. 54. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამე არდალიონი (+305-311)
წმიდა მოწამე არდალიონი (+დაახლ. 305-311) – აღესრულა ქრისტესთვის იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ის მსახიობი იყო.ერთხელ წმიდა არდალიონი ცირკში ქრისტიანის როლს თამაშობდა. ავტორის ჩანაფიქრით, მსახიობს ჯერ უარი უნდა განეცხადებინა მსხვერპლშეწირვაზე, შემდეგ კი დათანხმებულიყო ქრისტეს უარყოფაზე. მოქმედების მსვლელობისას წმიდა არდალიონი ხეზე ჩამოკიდეს და წამება დაუწყეს. ის ისე ბუნებრივად განასახიერებდა ტანჯულს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული განადიდებდა მის ხელოვნებას. მოულოდნელად წმიდანმა ხალხს გაჩუმება სთხოვა და განაცხადა, რომ ის ჭეშმარიტად ქრისტიანია და არ განუდგება ქრისტეს. ქალაქის მმართველს სურდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ წმიდა არდალიონი თამაშობდა და სანახაობის ბოლოს მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მაგრამ წმიდანი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მმართველმა მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება ბრძანა.
წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655)
წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი (+655), წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად.ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს.
ერეტიკული „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმიდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინეპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმიდა მარტინე. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა.
654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი – თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს.
ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვაზე პასუხი ფეხზე მდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ავადმყოფობისაგან ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმიდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმიდა მარტინეს თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: „უწყის უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს“.
სამსჯავროს შემდეგ წმიდა მღვდელმთავარი სამოსელშემოძარცული გამოიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: „ანათემა მარტინე პაპს“. ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმიდანს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრადშიშველ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად.
იმპერატორი მივიდა მომაკვდავ პატრიარქ პავლესთან და სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმიდა მარტინეს წამება. იმპერატორმა მღვდელმთავართან გაგზავნა ხალხი დამატებით დაკითხვის ჩასატარებლად. წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.
წმიდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (+16 სექტემბერი, 665). დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.
680 წ. VI მსოფლიო კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმიდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს.
მოწამენი: ანტონი, იოანე და ევსტათი (+1347)
წმიდა მოწამენი ანტონი, იოანე, ევსტათი (+1347) აღესრულნენ ლიტვის დიდი მთავრის, ოლგერდის (1345-1377) დროს. მთავარი დაქორწინებული იყო ვიტებსკელი მთავრის ასულ მარიამზე (+1346), აღიარებდა ქრისტეს და მეუღლის სიცოცხლეში ქრისტიანობის ქადაგების ნებასაც იძლეოდა. მისმა ორმა ძმამ, ნეჟილომ და კუმეცმა ნათელიღეს მარიამის მოძღვრისგან და მიიღეს სახელები: ანტონი და იოანე. მარიამ დედოფლის თხოვნით ვილნოში მართლმადიდებლური ეკლესიაც კი აშენდა.მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთავარმა ოლგერდმა დაიწყო მფარველობა ცეცხლთაყვანისმცემლებისა, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს. წმიდა იოანე და ანტონი ცდილობდნენ თავიანთი აღმსარებლობა არ გამოეჩინათ, მაგრამ არც წარმართულ წესებს ასრულებდნენ.
მალე მთავარმა შეამჩნია ძმების განდგომა და დაკითხა ისინი. წმიდანებმა აღიარეს ქრისტიანობა. ოლეგერდმა მათ უბრძანა, ხორცი ეჭამათ (მაშინ მარხვა იყო), მაგრამ ძმებმა უარი განაცხადეს. წმიდანები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მთელი წელიწადი იტანჯებოდნენ. იოანეს შეეშინდა და განაცხადა, რომ შეასრულებდა მთავრის ყველა ბრძანებას. გახარებულმა ოლეგერდმა ორივე ძმა გაანთავისუფლა. ანტონი ქრისტეს ერთგული დარჩა და როცა მარხვაში ხორცის ჭამაზე კვლავ უარი განაცხადა, ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტეს უარმყოფელი ძმა თავისუფალი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს არა მარტო ქრისტიანებმა, არამედ წარმართებმაც. მონანული იოანე ნესტორთან მივიდა და სთხოვა, ეშუამდგომლა ძმასთან, რომ ეპატიებინა მისთვის შეცოდება. ერთხელ წმიდა იოანემ ოლგერდს განუცხადა, რომ ეკლესიას დაუბრუნდა. მთავარმა მას აგრძნობინა, რომ ეს მისი პირადი საქმე იყო, შეეძლო ქრისტიანი ყოფილიყო, მაგრამ სხვის თვალში წარმართივით უნდა ეცხოვრა. საპასუხოდ წმიდა იოანემ მთელი სასახლის კარის წინაშე აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მოწამეები სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს.
ხალხი უწყვეტ ნაკადად მიდიოდა ციხეში. ძმებმა ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს რჯულზე. საპყრობილე ქრისტიანულ სასწავლებლად გადაიქცა. შეშინებული ქურუმები ძმების დასჯას მოითხოვდნენ. 1347 წლის 14 აპრილს წმიდა ანტონი ხეზე ჩამოახრჩვეს.
ქურუმების იმედი არ გამართლდა: ხალხი კვლავ იკრიბებოდა იმ ციხის კედლებთან, სადაც წმიდა იოანე იმყოფებოდა. 1347 წლის 24 აპრილს წმიდა იოანეც იმავე ხეზე ჩამოკიდეს. ორივე წმიდანის ნეშტი ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ეკლესიის ეზოში.
მალე ქრისტესთვის აღესრულა წმიდა ძმების ნათესავი კრუმლეცი, ნათლისღების შემდეგ – ევსტათი. ის მთავრის არმიაში მსახურობდა და გამოირჩეოდა სილამაზით, ვაჟკაცობით, მამაცობით, გონიერებითა და სიკეთით. ოლგერდს იგი გამორჩეულად უყვარდა. ერთხელ წმიდა ევსტათიმ საზეიმო სუფრაზე ხორცი არ მიიღო და განაცხადა, რომ ქრისტიანია და შობის მარხვაში ხორცს არ ჭამს. წმიდა აღმსარებელს რკინის ჯოხებით დაუწყეს ცემა, მაგრამ ჭაბუკს კრინტიც არ დაუძრავს. ოლგერდმა ბრძანა, ყინვაში გაეყვანათ წმიდა ევსტათი და ცივი წყალი გადაესხათ. ამ სასჯელმაც ვერ გატეხა ქრისტიანის სული. გამძვინვარებული მთავრის ბრძანებით ევსტათის წვივები დაუმსხვრიეს, თმები კანიანად ააგლიჯეს და ყურები და ცხვირი მოაჭრეს. ქრისტეს მოწამე მხნედ ითმენდა ტანჯვას. თვით ჯალათები გააოგნა იმ ღვთაებრივმა ძალამ, რომელიც მას აძლიერებდა. წამების შემდეგ წმიდა ევსტათი ჩამოახრჩვეს იმავე მუხაზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა იოანე და ანტონი.
ოლგერდის ბრძანებით სამი დღის მანძილზე ეკიდა წმიდანის გვამი ხეზე, მაგრამ ღრუბლის სვეტი იცავდა მას მხეცებისა და ფრინველებისაგან. მოგვიანებით ამ ადგილას აიგო ტაძარი. სამმა მოწამემ სიცოცხლის ფასად განადიდა წმიდა სამება, ამიტომ ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე აკურთხეს. წმიდა ტრაპეზი დადგინდა იმ მუხის ფესვებზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა მოწამეები. მალე მოხდა ანტონის, იოანეს და ევსტათის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1364 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ფილოთეოზმა ღირს სერგი რადონეჟელს (+1392; ხს. 25 სექტემბერს) გაუგზავნა ჯვარი წმიდა მოწამეთა ნაწილებით. ეკლესიამ სამივე წმიდანის ხსენების დღედ 14 აპრილი განაჩინა.
წმიდა დიმიტრი ყიფიანი (+1887)

ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას.
დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად.
დიმიტრი ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1832 წლის შეთქმულებაში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დიმიტრი ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს.
1837 წელს დიმიტრი საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ქვეყანაში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოეყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის განმტკიცებისათვის.
1845 წელს დიმიტრი ყიფიანი ნინო ჭილაშვილზე დაქორწინდა. ნინო, წმიდა სოლომონ მეფის მეუღლის, მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი გარდაეცვალათ. დიმიტრი ყიფიანს დარჩა სამი შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე.
წმიდა დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული: საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და მრავალი სხვა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, დიმიტრი ყიფიანი იყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი და ტფილისის ქალაქისთავი.
დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ცისკარი“. მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანს არ გამორჩენია მხედველობიდან სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ინტერესებიც. დიმიტრი ყიფიანის სამეცნიერო-ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკვანძო საკითხი: ქართველთა ეთნოგეზისი, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული საკითხები, ქართული დამწერლობის წარმოშობა-განვითარება და სხვა.
ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა-შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას აშკარა ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლო-საგანმანათლებლო პოლიტიკის მწვავე და შეურიგებელი კრიტიკა დაიწყო: „მერე რა ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი, უნდა გაჰქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტან გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი; რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორნი და ათცამეტნი სირიელნი მამანი; რომელზედაც ჰმწერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიწი, სჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე; რომელსაც აქვს ანბანი უმარტივესი და უბუნებითესი ყოველთა ანბანთაგან!..“ – წერდა დიმიტრი.
1886 წელს ტფილისის სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობისათვის, საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, ქართველი ერი ამბიონიდან დასწყევლა. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოსს ხაშურიდან დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოკრძალებით, მაგრამ შეუვალი პირდაპირობით წერდა: „…თუკი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან…“ პრაქტიკულად ყიფიანმა ეგზარქოსს საქართველოს დატოვება მოსთხოვა.
ამის გამო დიმიტრი თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრი ყიფიანს დიდხანს არ მოუწია. 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და მოჰკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“, – წერდა აკაკი წერეთელი.