26.10.2026. სულთმოფენობიდან მე-22 შვიდეული. ორშაბათი

26.10.2026. სულთმოფენობიდან მე-22 შვიდეული. ორშაბათი

     …იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-22 შვიდეული

26.10.2026. ორშაბათი. ხსნილი 

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა

ღირსისა ანტონისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონოზონისა; მოწამეთა: კარპესი, თიატირელი ეპისკოპოსისა, პაპილე დიაკონისა, აღათოდორესი და დისა მისისა აღათონიკასი (დაახ. 251); მოწამისა ფლორენტისა (I-II); მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424); ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (დაახ. 838); მოწამისა ქრისასი (1795) (ბულგ.). 

დღის ლოცვები

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ცისკ.(ღმრთისმ.) – ლკ. 1: 39-49, 1: 56 

39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი. 

56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.

ლიტ. (რიგ.) – კოლ. 2: 13-20 

13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. 15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. 16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. 17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. 18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული, 19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით. 20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:

ლიტ. (ღმრთისმ.) – ფილ. 2: 5-11 

5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ლიტ. (რიგ.) – ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!

ლიტ. (ღმრთისმ.) – ლკ. 10: 38-42, 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოაბრძანეს საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან დასაწყისი) 
26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოაბრძანეს საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან დასაწყისი) - 26 სექტემბერი (9 ოქტომბერი)
1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.
მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული. ხატი ასვენია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
დედნის, ათონზე დავანებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ისტორია კი ასეთია:
999 წელს, დიდმარხვაში, მიმწუხრისას, ათონელმა ბერებმა ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი იხილეს, რომელიც ღამის წყვდიადში ბრწყინავდა და დღის შუქზეც არ ქრებოდა. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმინდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღმრთისმშობლის ხატს ადგა.
გადმოცემის მიხედვით, IX საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილ იმპერატორ თეოფილეს დროს პატიოსან ხატებს სასტიკად დევნიდნენ. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმინდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად, გაენადგურებინათ.
იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც დააბრძანა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა ხატს მახვილი ჰკრა. წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგარებიანი მსახურები დათანხმდნენ.
მათი განშორებისთანავე ქვრივი, თავის ძესთან ერთად, ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, ბოლოს, დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმინდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: “დედოფალო, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს, ძალგიძს გვიხსნა უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!” ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმინდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გაცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: “აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღვთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ, მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, გაიქეცი”. შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა, დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე (დაახლ. 830 წ.) და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა და მრავალწლიანი ბერული ღვაწლის შემდეგ 890 წელს გარდაიცვალა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმინდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმინდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღვთის დედის საკვირველმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა…
ერთხელ ივერთა მონასტრის ბერებმა ნახეს, რომ ზღვის ტალღებზე მოლივლივე ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა საოცარი ნათელი. მამები შეეცადნენ, ნავით მიახლოებოდნენ ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითქოსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკლებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს – მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახალმოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.
ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმინდა ხატის გამოყვანებისა. იმავდროულად, ზეციური ნათლით შემოსილი ღვთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღვთისმოშიშ გაბრიელ ბერს და უთხრა: “აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ამის ნიშნად შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი”.
მეორე დღეს, განთიადზე, ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გავიდნენ ნაპირზე. წმ. გაბრიელმა ილოცა, ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ, გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი და ცეცხლმოსილი ხატიც მიუახლოვდა მას. ბერმა მოწიწებით ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ნაპირზე, ტალღებზე ფეხით გაიარა და ნაპირზე გამოაბრძანა, ხოლო იმ ადგილას, სადაც წმინდა ხატი დაასვენა, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია. ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას.
სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში და საკურთხეველში შეაბრძანეს. მეორე დღეს ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად შესულ ბერს ღმრთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილზე დააბრუნეს. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ყოვლადწმინდა ქალწული კვლავ გამოეცხადა ძილში გაბრიელ ბერს და უთხრა: “გამოუცხადე ძმებს, რომ აღარ გამომცადონ, რადგან არა მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქუენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ხატი ჩემი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა”. ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმინდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველმოქმედი ხატიც შიგ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება “პორტაიტისად” ანუ “კარიბჭისად” და რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება “ივერიის ღმრთისმშობელი”. მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს “მწყალობელი”. იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დამკვიდრდა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა.
სტატიის ავტორი: “კარიბჭე” admin

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე ფლორენტი (I-II)
წმიდა მოწამე ფლორენტი თესალონიკში ცხოვრობდა. იგი უშიშრად ამხელდა კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოებას და ქრისტეს სჯულს ქადაგებდა. ამისათვის უფლის რჩეული წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს, შემდეგ კი კოცონში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც. ერთი ცნობით, ეს მოხდა I-II საუკუნეებში, სხვა ცნობით კი – III საუკუნის დასაწყისში.

 

წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონი (+421 -424)
წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკონმა მრავალი სპარსი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. სახარების ქადაგებისთვის მას წამებით ამოხადეს სული V საუკუნეში. ნეტარი მარტვილი 31 მარტსაც იხსენიება მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსთან ერთად. 
ღირსი ნიკიტა აღმსარებელი (+838) 
ღირსი ნიკიტა აღმსარებელი (+838) - 13 (26) ოქტომბერი
წმინდა ნიკიტა 763 წელს პაფლაგონიაში დაიბადა. მისი მშობლები წმინდა დედოფალ თეოდორას ენათესავებოდნენ. მათ შვილს კარგი განათლება მისცეს. 17 წლის ნიკიტა კონსტანტინოპოლში გააგზავნეს, რათა სამეფო კარზე კარიერა გაეკეთებინა. მისი ნიჭიერება მალევე შეამჩნია იმპერატორმა-რეგენტმა დედოფალმა ირინემ, რომელმაც ნიკიტა პატრიკის ხარისხში აიყვანა და სიცილიაში სარდლად დანიშნა.
თუმცა ნიკიტას სიყრმიდანვე მხოლოდ მოსაგრეობა ჰგვრიდა ჭეშმარიტ სიხარულს. მას მთელი გულით სურდა მონაზონი გამხდარიყო. მან არაერთხელ ითხოვა მოვალეობიდან გაეთავისუფლებინათ, მაგრამ იმპერატორები – ნიკიფორე და სტავრაკი დიდად აფასებდნენ მას და სოფლის დატოვების ნებას არ აძლევდნენ. მხოლოდ იმპერატორ მიქაელ I-ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დართეს ნება მონაზვნად აღკვეცილიყო, ოღონდ იმ პირობით, რომ არასოდეს დატოვებდა საიმპერატორო ქალაქს. წმინდა ნიკიტა 50 წლისა მონაზვნად აღიკვეცა და უბრძანა ოქროს კარიბჭესთან მდებარე მონასტრისთვის ეხელმძღვანელა.
ლეონ V სომხის მეფობისას განახლდა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. როგორც მონაზვნების უმეტესობა, ნიკიტაც მოშურნე დამცველი იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, მაგრამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რამდენიმე მონაზონთან ერთად, ქალაქგარეთ თავის აშენებულ მონასტერში გადავიდა (815 წ.).
როცა იმპერატორმა შეიტყო, რომ მის სავანეში ხატებს ეთაყვანებოდნენ, მეომრები გააგზავა, რომელთაც მოძებნეს წმინდა ხატები და ფეხით შედგნენ, გაანადგურეს. მონასტრიდან გასვლისას წმინდა ნიკიტას სავანიდან გასვლა აუკრძალეს. 829 წელს, როცა ქვეყნის სათავეში იმპერატორი თეოფილე მოვიდა, მან გააორმაგა მართლმადიდებლების დევნა. მან ერთი დიდებული გააგზავნა წმინდა ნიკიტასთან და მისგან ხატთაყვანისცემის უარყოფა და ერეტიკოსი პატრიარქის ანტონის აღიარება მოსთხოვა. წმინდა ნიკიტამ უპასუხა:
– არასოდეს შევწყვეტ ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ხატის თაყვანისცემას და ანტონს არ დავუძახებ პატრიარქს, არამედ ვიტყვი, რომ ის მრუშია და დამნაშავე… შენ კი როგორც გინდა ისე მოიქეცი.
წმინდა ნიკიტა თავისი აშენებული სავანიდან გააძევეს. მან სამ მონაზონს მოჰკიდა ხელი და სხვა მონასტერში გადავიდა, სადაც დაჰყო დიდი მარხვა. შემდეგ ეს სავანეც დატოვა, რადგანაც ყველას აკრძალული ჰქონდა მისთვის თავშესაფრის მიცემა ის ბევრს მიმომწირობდა ბითინიაში. ბოლოს, ბევრი ხეტიალის და შეჭირვების შემდეგ სამშობლოში, პაფლაგონიაში დაბრუნდა და კატისიელ გლეხებს შეაფარა თავი. იქ მან მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერი დააარსა, სადაც მშვიდად განაგრძეს ცხოვრება. წმინდა ნიკიტამ წინასწარ შეიტყო თავისი სიკვდილის ჟამი, მოუხმო ძმებს, უკანასკნელად დამოძღვრა ისინი, მოუწოდა არ ეღალატათ მართლმადიდებელი რწმენისთვის და ღვთის სათნოდ ეცხოვრათ. წმინდა ნიკიტა 838 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავიდან შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა.
წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი (+1795)
წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი, დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთში. იმ დროს მისი სამშობლო თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. სიყმაწვილიდანვე ზლატა საოცრად მტკიცე ხასიათით, ქრისტესადმი ურყევი სასოებით, კეთილგონიერებითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა. მათ სოფელში დამკვიდრებული ერთი თურქი დიდხანს ეცადა, მოეხიბლა ქალწული და ისლამზე მოექცია, მაგრამ ვერც შეგონებებით, ვერც მუქარითა და ვერც საშინელი წამებით, რომელიც მრავალი თვის მანძილზე გრძელდებოდა, ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი.
ქრისტეს ტარიგმა 1795 წელს შეჰვედრა სული უფალს. 
ღირსი ანტონი – ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი
ღირსი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა – გულქანი – რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული – მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.
მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს. განათლების შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან შეიტყო, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: „თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს?“ ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: „როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოსო“, – და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.
სწავლის სურვილი არ ასვენებდა ანტონს. „ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდ“, – წერს თავად. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი.
სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.
1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.
ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება. საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს შემდგომ ყველა ჭყონდიდელი იცავდა.
XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა. სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.
1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმიდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან. წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.
ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.