„… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ” (ეფ. 6: 12).
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

27.02.2026. დიდმარხვის I შვიდეული
პარასკევი. მძიმე მარხვა
ღირსისა მღვდელმონაზონისა ილარიონ ახლისა, მთაწმიდელისა (ყანჩაველი, 1864); ღირსისა ავქსენტი ბითვინიელი იღუმენისა (470); ღირსისა მარონ სირიელ მეუდაბნოისა (IV); აბრაამ კარიელ ეპისკოპოსისა (V); მოციქულთა სწორისა კირილესი, სლოვენთა მოძღვრისა (869); სოლომონისა, იერუსალიმის პატრიარქისა (IX).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 3: 1-14
1. რადგან, აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს; 2. ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს, 3. ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს. 4. სარდლებად ბიჭ-ბუჭებს დავუდგენ და ქარაფშუტები იბატონებენ მათზე. 5. დაითრგუნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი – პატივდებულს. 6. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავის მამის სახლში: სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო. 7. დაიფიცებს იმ დღეს და იტჟვის: ვერ ვიქნები განმგებელი, არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად. 8. რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში. 9. მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს! 10. უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს. 11. ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს! 12. ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს! 13. წარდგა სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად. 14. უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები.
მწუხრ.: დაბ. 2: 20 – 3: 20. იგავ. 3: 19-34
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი. 21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. 22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. 23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. 24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. 25. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.
1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? 2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, 3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. 4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. 5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. 6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. 7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. 8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. 9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? 10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე. 11. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? 12. უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. 13. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. 14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. 15. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე! 16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. 17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. 18. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. 19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი. 20. უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
19. უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა ცამყარი. 20. მისი გამჭრიახობით გაიხსნა უფსკრულები და ღრუბლები ცვარად იცრებიან. 21. შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი. 22. ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.23. მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ; 24. დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება. 25. არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა; 26. რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს. 27. ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება: 28. ნუ იტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანა გაქვს. 29. ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად ცხოვრობს შენთან. 30. ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია შენთვის. 31. ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას, 32. რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი. 33. უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი კი კურთხეულია. 34. გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი ავქსენტი (+დაახლ. 470)
ღირსი ავქსენტი, წარმოშობით სირიელი, იმპერატორი თეოდოსი უმცროსის (418-450) კარზე მსახურობდა. ის ცნობილი იყო, როგორც კეთილმსახური, განსწავლული და ბრძენი ადამიანი და თავის თანამედროვე ბევრ მაღალსულიერ მოსაგრესთან მეგობრობდა.ამსოფლიურ ამაოებათაგან სულდამძიმებული ავქსენტი განერიდა სასახლის კარის ცხოვრებას, ჯერ მღვდლად ეკურთხა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ამის შემდგომ ის ბითვინიაში წავიდა, ქალკედონის მახლობლად, ოქსის მთაზე ერთი განკრძალული ადგილი ჰპოვა და იქ დაეყუდა (შემდგომში ამ მთას ავქსენტისა ეწოდა). ნეტარ მამას შემთხვევით გადააწყდნენ მწყემსები, რომლებიც გზააბნეულ ცხვრებს ეძებდნენ და ამის შემდეგ წმიდანთან შემწეობის სათხოვნებლად სიარულს მოუხშირეს სნეულებმა თუ სულიერად შეჭირვებულებმა. ღვთის მადლით საკვირველთმოქმედი მამა მრავალ კურნებას აღარსულებდა.
451 წელს წმიდა აქვსენტის IV მსოფლიო კრებაზე მოუწოდეს ქალკედონში, სადაც მან გაბედულად და დამაჯერებლად ამხილა ევტიქისა და ნესტორის ერესები. წმიდა წერილში ღრმად ჩახედულმა მამამ ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგეები. კრების დამთავრების შემდეგ ავქსენტი დაუბრუნდა თავის განკრძალულ კელიას. სულიერი მზერით მან განჭვრიტა წმიდა სვიმეონ მესვეტის (+459) ნეტარი აღსასრული.
ღირსი ავქსენტი გარდაიცვალა დაახლოებით 470 წელს. წმიდანმა ბითვინიის ოლქში დააარსა ბევრი მონასტერი, სადაც მისი მრავალი მოწაფე მოღვაწეობდა.
ღირსი აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი (V)
წმიდა აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ კვიროსში დაიბადა და სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა. შემდგომში წმიდანმა მოღვაწეობის ადგილად ლიბანის მთები აირჩია და აქ განდეგილი ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. ღირს აბრაამს ხშირად უხდებოდა დაეთმინა წარმართთა გამოხდომები. უღმრთოები ნეტარი ბერის განდევნას ცდილობდნენ თავიანთი მიწებიდან; მის მყუდროებას ხშირად არღვევდნენ მახლობელი სოფლის გლახაკი მცხოვრებლებიც, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ამოდიოდნენ მასთან, მაგრამ უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მათ სტუმრობებს და უშურველად გასცემდა ყველაფერს, რასაც სწირავდნენ. როცა ამ სოფლის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა ტაძარი ააშენეს, მხურვალედ სთხოვეს წმიდა აბრაამს, სამღვდელო ხელდასხმა მიეღო და მათი მოძღვარი გამხდარიყო. ღირსი მამა დაჰყვა მვედრებელთა ნებას, სულიერად განამტკიცა მრევლი, ხოლო შემდეგ თავის ნაცვლად მათ სხვა მოძღვარი დაუდგინა, თვითონ კი მონასტერს დაუბრუნდა. კეთილმსახურებით გამორჩეული მოსაგრე კარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდანი სამწყსოს გულმოდგინედ ასწავლიდა ღვთივსავნო ცხოვრებას და თავადვე აძლევდა თავშეკავების მაგალითს. იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ეპისკოპოსთან შეხვედრა მოიწადინა და მას თან კარზე მოუხმო. კონსტანტინოპოლში ჩასული წმიდა აბრაამი მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი პატივით გადასვენდა ქალაქ კარში და იქვე დაიკრძალა. ღირსი ისააკი (+1090)
ღირსი ისააკი ბერად აღკვეცამდე მდიდარი ვაჭარი იყო. შემდგომში მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, კიევში ჩავიდა და ღირსი ანტონის ხელით აღიკვეცა ბერად. წმიდანი დაყუდებულად ცხოვრობდა და მეტად მკაცრად მარხულობდა: მხოლოდ სეფისკვერს ღებულობდა დღეგამოშვებით. დაყუდების მერვე წელს, ღირსი მამა, ეშმაკის მანქანებით, მძიმე ცოდვაში ჩავარდა: თაყვანი სცა ბოროტ სულს, რომელიც მაცხოვრად მიიჩნია. ამის შემდეგ მეტად დაუძლურდა. დასნეულებულ ბერს ღირსი ანტონი და თეოდოსი უვლიდნენ. მხოლოდ სამი წლის შემდეგ შესძლო მან ფეხზე წამოდგომა, საუბარი და ღვთისმსახურებაზე დასწრება. გამოჯანმრთელების შემდეგ წმიდანმა სალოსობის ღვაწლი იტვირთა და უდრტვინველად ითმენდა ყოველგვარ შეურაცხოფას, სიკვდილის წინ ნეტარი ისააკი კვლავ დაყუდების ღვაწლს მიეცა. განკურნების შემდეგ წმიდა მამამ 20 წელი იცხოვრა და გარდაიცვალა 1090 წელს.წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) – ახალი
წმიდა ილარიონ ქართველი (ერობაში – იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში.მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლების გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა-კურთხევისთვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა, ურჩია: „შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როცა ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნები“. შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფის კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით საიმედო მოძღვარი და მრჩეველი ჰყოლოდა.
იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე, წმიდანი მღვდლად აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიაში დაადგინეს.
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწყო მიმოწერა მისი სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე.
ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადსხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მეფე სოლომონის წინაშე ორი არჩევანი იდგა, ან რუსეთში „საპატიო“ მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. პროტოპერსვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე – მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II-ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა. სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს.
მამა იესემ შესძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის მეფისაგან წყალობა გამოეთხოვა: ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას. მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო, სადაც იგი სოლომონის თურქეთში გადასვლის შემდეგ ჩაეყვანათ. მან მოსკოვში ჩაიტანა მეფე სოლომონის მიერ თურქეთში წაღებული უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა. იმპერატორის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღვთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის წმიდა მთას მიაშურა.
ათონელ ბერებს წმიდანი მოსალოცად ჩასულ ღარიბ ქართველად გაეცნო. მან ჯერ ივერონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.
1821 წელს წმიდანი ბერად აღიკვეცა ილარიონის სახელით.
მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონში წასულიყო. მამა ილარიონი იცნო ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო. მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებოდა. ამიერიდან მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა.
ამ ხანებში მთელს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ აჯანყებულ ბერძენ ქრისტიანებს. 1822 წელს აბდულ რობუტ-ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით ათონის საზღვართან დაბანაკდა და ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცლვად ურჯულოს წინაშე მოწამეობის სურვილით ანთებული მამა ილარიონი წარდგა სხვა ორ ბერთან ერთად. როცა ფაშამ შეიტყო, რომ მამა ილარიონი ქართველი იყო, გაიხარა, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქართველი ყოფილა. ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაემაჰმადიანებინათ. მან წმიდანს მოუწოდა, დაეტოვებინა ათონი, სანაცვლოდ კი საკუთარ სასახლეს სთავაზობდა თესალონიკში. მამა ილარიონმა მტკიცე უარით უპასუხა და ამხილა ქრისტეს უარმყოფელი.
ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი წუხდა, რომ ვერ მიემთხვია მისთვის სანატრელ მოწამეობრივ აღსასრულს. მან წინამძღვრისაგან კურთხევა გამოითხოვა და ხელახლა ეახლა ფაშას.
წმიდანი სამი დღე ზედიზედ მიდიოდა ფაშასთან, ამხელდა მის უსჯულოებას. მეოთხე დღეს მამა ილარიონმა ფაშას მუსულმანობისა და თვით მისი დამაარსებლის, მუჰამედის სიცრუეზე დაიწყო საუბარი. ფაშამ სიცილით იკითხა: „როგორ ფიქრობ, სად წავალთ ჩვენ?“ მამა ილარიონმა ირგვლივ შემოკრებილი სხვადსხვა აღმსარებლობის მქონე უამრავი ადამიანის წინაშე გაბედულად განაცხადა, მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო. მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: „სიკვდილი მაგას!“ და აბდულ-რობუტ-ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა აღტკინებულ ბრბოს დასჯის ადგილისკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა ჯარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისუფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე შეგვხვდა და ისიც მოვკალითო.
წმიდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მან მოყვასის სიყვარულით გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღვთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა.
წმიდა მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვებულებში. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკევობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რომდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა – ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმიდანს.
მლოცველები ხშირად არღვევდნენ მამა ილარიონის მყუდროებას, ერთ დღეს ბერმა, დატოვა გამოქვაბული და ტყეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმიდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს ზედამხედველობით წმიდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივერონში, დიონისეს მონასტერში რუსიკში…
ივერონში მან წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა სათაურით „ყვავილნარი“. წიგნებში, ძირითადად, წმიდანთა ცხოვრება იყო აღწერილი, ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულად ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად.
სიცოცხლის მიწურულს წმიდა ილარიონი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. „დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით გადაიტან“.
სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა. გარდაიცვალა 1864 წლის 12 თებერვალს.
მამა საბა იძულებული გახდა მამა ილარიონის საფლავის ადგილსამყოფელი გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლების წინა ღამისთევის ლოცვისას, ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) წმიდანთა დასში აღირიცხა და ეწოდა ილარიონ ქართველი ახალი.