„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული
27.03.2026. პარასკევი
ღირსისა ბენედიქტე ნურსიელ იღუმენისა (543); წმ. ევსქიმონ აღმსარებელისა, ლამპსაკიელ ეპისკოპოსისა (IX); თეოგნოსტე კიეველ და მოსკოველ მიტროპოლიტისა (1353).
დღის ლოცვები
ღირსი ბენედიქტეს კონდაკი:
მადლითა ღმრთისათა განმსდიდრდი შენ, ხოლო საქმენი განამტკიცენ ჩინებისა და გამოსჩნდი, ბენედიქტე, სათნო ქრისტეს ღმრთისა ლოცვათა და მარხვათა შინა, და აღივსე საღმრთოთა ნიჭითა სულისათა, სნეულთა მკურნალო და განმდევნელო ეშმაკთა, ხოლო მსწრაფლშემწეო სულთა ჩუენთა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 45: 11-17
11. ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა და მისი გამჩენი: შემეკითხებით ჩემი შვილების მომავალზე და ჩემ ხელთა ქმნილებაზე მიბრძანებთ რასმე? 12. მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე. 13. მე აღვძარი ის სიმართლით და ყოველი მისი გზა გავასწორე; ის ააშენებს ჩემს ქალაქს და გაათავისუფლებს ჩემს ტყვეებს უსასყიდლოდ და ძღვენის გარეშე, ამბობს ცაბაოთ უფალი. 14. ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული და ნავაჭრი ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა. 15. ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი. 16. შერცხვებიან და შეცბუნდებიან ყველანი, ერთიანად ჩაცვივდებიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი. 17. უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე.
მწუხრზე: დაბ. 22: 1-18
1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ! 2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. 3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა. 4. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. 5. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. 6. აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად. 7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? 8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად. 9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ. 10. გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად. 11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ. 12. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ – მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. 13. გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად. 14. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა. 15. მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან 16. და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, 17. კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; 18. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
მწუხრზე: იგავ. 17: 17 – 18: 5
17. მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება. 18. უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება. 19. ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს. 20. გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება. 21. ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს. 22. მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს. 23. ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს. 24. გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება. 25. ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი. 26. არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის. 27. მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია. 28. მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული – ჭკვიანად.
1. თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება. 2. ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს. 3. ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი – სირცხვილი. 4. კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი – მოჩუხჩუხე ნაკადული. 5. არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
ღირსი ბენედიქტე (+543)
ღირსი ბენედიქტე ნურსიელი (+543), დასავლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ორდენის დამაარსებელი, დაიბადა იტალიის ქალაქ ნურსიაში 480 წელს. 14 წლის ყმაწვილი მშობლებმა რომში გაგზავნეს სასწავლებლად, მაგრამ, ირგვლივ არსებული უზნეობით შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ცხოვრების სხვა გზა აერჩია. თავიდან წმიდა ბენედიქტე მივიდა წმიდა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში, სოფელ ეფედიში, შემდეგ კი მთებში გაიხიზნა. აქ ის შეხვდა განდეგილ რომანოზს, რომელმაც ბერად აღკვეცა და აჩვენა გამოქვაბული, სადაც უნდა ეცხოვრა. დროდადრო განდეგილს საზრდელი მოჰქონდა ბერისთვის. წმიდა ბენედიქტემ სამი წელი ცდუნებებთან სასტიკ ბრძოლაში გაატარა და სძლია მათ. მალე მის ირგვლივ შეიკრიბა ხალხი, რომლებსაც უნდოდათ მისი ხელმძღვანელობით ეცხოვრათ უდაბნოში. მოწაფეთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ წმიდა ბენედიქტემ ისინი თორმეტ საძმოდ დაჰყო და იღუმენებიც დაუნიშნა. თითეულ საძმოში თორმეტი ბერი იყო.წმიდა ბენედიქტეს მიერ დადგენილი მკაცრი წესები ყველას არ მოსწონდა და ღირსი მამაც ხშირად ხდებოდა საგანი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმისა და დევნისა.
ბოლოს ის დასახლდა კამპანიაში და კასონის მთაზე დაარსა მონტე-კასონის მონასტერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დასავლეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო განათლების ცენტრი იყო. ამ სავანეში წმიდა ბენედიქტემ, აღმოსავლეთის მეუდაბნოეთა ცხოვრებებისა და იოანე-კასიანე რომაელის (ხს. 29 თებერვალს) კანონების მიხედვით, შეადგინა სამონასტრო ტიპიკონი, რომელიც შემდეგ მრავალმა დასავლურმა მონასტერმა მიიღო. კანონი მოითხოვდა მონაზვნებისაგან საკუთარი თავის აბსოლუტურ უარყოფას, უსიტყვო მორჩილებას და მუდმივ შრომას. უფროს ბერებს დამატებით ევალებოდათ ყრმათა აღზრდა და ძველ ხელნაწერთა გადაწერა, რამაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მრავალი ძვირფასი ძეგლი შემოგვინახა. თითოეული ახალმოსული მთელი წელი მორჩილებაში იყო, რათა ტიპიკონი ესწავლა და მონასტრულ ცხოვრებას შეჩვეოდა. ყოველი საქმე კურთხევით უნდა შეესრულებინა. მონასტრის თავი იყო იღუმენი რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. ის განსჯიდა, ასწავლიდა არიგებდა. იღუმენი ითვალისწინებდა უფროსი გამოცდილი ძმების რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ღებულობდა. ტიპიკონის დაცვა აუცილებელი იყო ყველასათვის. უფალს სათნო ეყო წმიდა ბენედიქტეს ღვაწლი და წინასწარხედვისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მან თავისი სიკვდილიც წინასწარ განჭვრიტა.
წმიდა აღმსარებელი ევსქიმონი (IX)
წმიდა აღმსარებელი ექვსიმონი – ლამპასკის ეპისკოპოსი ცხოვრობდა მცირე აზიაში დარდანელის სრუტესთან. ის ცნობილი იყო თავისი სიკეთითა და მკაცრი მოღვაწეობით. ხატთაყვანისცემისათვის იმპერატორ თეოფანეს (829-842) დროს გადაასახლეს და დევნილობაში გარდაიცვალა.