28.04.2028. აღდგომიდან მე-3 შვიდეული. სამშაბათი

28.04.2028. აღდგომიდან მე-3 შვიდეული. სამშაბათი

     „მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-3 შვიდეული. სამშაბათი
28.04.2026. ხსნილი

მოციქულთა 70-თაგანთა: არისტარქესი, პუდესი და ტროფიმესი (67); მესუკაველთა მოწამეთა, სუქიასი და 18-თა მოყვასთა მისთა: ლუკიანესი, პოლიევკტოსი, კოდრატესი, იქდიოქისა, სვიქირიონისა, მენასი, ფოკასი, სვირჯისა, დომენტისა, ანდრიანესი, ზოსიმესი, ბიკტორისა, თალელესი, იორდანესი, ანასტასიასი, თევდოტისა, იაკობისა და თევდოსისა (100-130); მოწამეთა ბასილისასი და ანასტასიასი (68); მოწამისა საბა გუთელისა (372).

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

საქმ. 8: 5-17 (დას. 18). ინ. 6: 27-33 (დას. 20).

საქმ. 8: 5-17

5. ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს. 6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. 7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა. 8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში. 9. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი. 10. ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო.  11. სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით. 12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც. 13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა.  14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, 15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა. 16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით. 17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.

ინ. 6: 27-33 

27. ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი. 28. მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი? 29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული. 30. კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ? 31. ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური. 32. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს. 33. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას. 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 
წმიდა მოციქულები არისტარქოს, პუდი და ტროფიმე (I) – იყვნენ სამოცდაათ მოციქულთაგანნი, რომელნიც თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ წარგზავნა საქადაგებლად (ლკ. 10,24).
წმიდა მოციქული არისტარქოსი წმიდა პავლე მოციქულის თანამოღვაწე იყო. შემდგომ ის გახდა სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსი. მისი სახელი ხშირად იხსენიება მოციქულთა საქმეებში (19, 29, 20, 4, 27, 2) და წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (კოლ. 4,10 ფილ. 1,24).
წმიდა მოციქული პუდი მოხსენიებულია წმიდა პავლე მოციქულის მე-2 ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ (2, 21). მას რომის სენატში მაღალი თანამდებობა ეჭირა. წმიდა პუდის სახლში თავს იყრიდნენ მოციქულები, შემდგომ ეს სახლი გადაკეთდა ეკლესიად, სადაც, გადმოცემით, თვით წმიდა მოციქული მღვდელმსახურებდა.
წმიდა ტროფიმე მოციქული წარმოშობით ედესელი იყო. იგი მოხსენიებულია საქმე მოციქულთაში (20,4) და ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში (4,20). ის იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი, იზიარებდა მის გასაჭირს და დევნულებას.
სამივე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომში იმპერატორ ნერონის დროს.
წმიდა ვასილისა და ანასტასია (I) რომში ცხოვრობდნენ. ისინი ქრისტიანული რწმენის ნათელს წმიდა პეტრე და პავლე მოციქულებისგან ეზიარნენ. მათ ღვთის მსახურებისთვის გადადეს თავი. როდესაც ნერონის (54-68) ბრძანებით დაიწყეს ქრისტიანთა დევნა და ტანჯვა-წამება, წმიდა ვასილისა და ანასტასია უშიშრად პატრონობდნენ წამებულთა გვამებს. როცა ამის შესახებ ნერონმა გაიგო, წმიდა ვასილისა და ანასტასია შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდანები უშიშრად აღიარებდნენ მაცხოვრის სარწმუნოებას. ნერონის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 68). 
წმიდა მოწამენი – სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე – ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.
სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა. ნათლისღებისას მათ იხილეს ბორცვზე მდგარი ქრისტე. ახალნათელღებული ქრისტიანები აღარ განეშორებოდნენ ადგილს, სადაც ნათელიღეს, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას ჯვარი აღმართეს და მას ჯვარი ხარებისა უწოდეს.
ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიდეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმიდანი ნათესავად ეკუთვნოდა.
სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნებულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამხოლოსა მათსა ანგელოსებრივითა ცხოვრებითა“.
ხრისოსის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმიდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი – ცივი წყაროს წყალი. გამუდმებით ღია ცის ქვეშ ცხოვრებამ მოღვაწეთა კანი გამომწვარ თიხას დაამსგავსა, სხეულს კი თმა მოედო, რომელიც მათ ყოველგვარ სნეულებისაგან იცავდა.
წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაც ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები.
ბარლაპამ სუკაკეთის ტყეში მოიძია მამაკაცები, რომლებიც უტყვ ველურებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე დიდებულებს. მან მეფის ბრძანება გადასცა სუქიას, პასუხად კი წმიდანმა მიუგო: „ჩვენ სახელისათვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა, რომელ არს შემოქმედი და უფალი ყოველთა მყოფთა, ნებსით მკუდარ ვიქმნენით და დავიწყებულ ხორციელად და რად სადამე სახმარ მკვდართა პატივი მთავრობითი, რომელნიცა ქრისტეს ჩვენისაგან მისთანა უკვდავსა და უბერებელსა, წარუდგინებელსა და სამარადისოსა მოველით დიდებასა ანგელოსთან თანა წმიდათა“.
წმიდანთა სიმტკიცით განრისხებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და ცეცხლი შემოენთოთ. წმიდანები 21-ე ფსალმუნს გალობდნენ: „შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ. იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილება ჩემი, უთხრა სახელი შენი ძმათა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ“.
ცეცხლმოკიდებული წმიდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს.
ეს მოხდა 123 წელს (სხვა გადმოცემით – 130 წელს, ათონის ივერთა მონასტრის XI ს-ის პერგამენტის მიხედვით – 100 წელს). უღმრთო მთავარმა წმიდანთა ნაწილების დაფლვა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში დაუმარხავი წმიდა ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV საუკუნეში ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს (წმიდანთა სახელები კლდეზე აღმოჩნდა ამოკაწრული).
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხთა განმანათლებელმა (+335; ხს. 30 სექტემბერს), წმიდა სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.
წმიდა მოწამე საბა (+372) წარმოშობით გუთი იყო. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა შორის.
ნათელღების შემდეგ წმიდა საბა თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას.
გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ, ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდა. წმიდა საბამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამგვარ ტყუილთან შეგუება და განაცხადა, რომ ქრისტიანმა თავისი სარწმუნოება აშკარად უნდა აღიაროს. წმიდანის სიმტკიცით გაბრაზებულმა თანასოფლელებმა სოფლიდან გააძევეს იგი, მაგრამ შემდეგ შეინანეს და დაბრუნება სთხოვეს. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ განეცხადებინათ, რომ მათ შორის არ იყო არც ერთი ქრისტიანი. წმიდა საბამ ხმამაღლა წარმოთქვა: „ჩემს მაგივრად ფიცს ნუ დადებთ, რადგან მე ქრისტიანი ვარ“. სოფლელები წავიდნენ და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ქრისტიანი იყო. მსაჯულმა მოითხოვა, მასთან მოეყვანათ წმიდანი, მაგრამ როცა მისი სიგლახაკე იხილა, საშიშ მტრად ვერ მიიჩნია იგი და გაუშვა.
დევნა გრძელდებოდა. წმიდა აღდგომის დღესასწაულზე საბას სოფელს ერთ-ერთი გუთი მხედართმთავარი – ათარიდი დაესხა თავს. წმიდა საბა ეპისკოპოს გუთიკთან უნდა შეხვედროდა დღესასწაულს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გზიდან მოაბრუნა და სოფელში დარჩენა უბრძანა. ამ დროს საბერძნეთიდან დაბრუნდა პრესვიტერი სპასალიც. მეომრებმა სპასალი და საბა შეიპყრეს, პრესვიტერი ურემზე შესვეს, წმიდა საბას კი ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ და ეკალ-ბარდებში ათრევდნენ. უფალმა დაიცვა წმიდანი: დილით, როცა ქალაქამდე მიაღწიეს, მან მეომრებს უთხრა: „შეხედეთ ჩემს სხეულს, ხედავთ მასზე ეკლებისა და ჯოხის კვალს?“ დარაჯები გაოგნებულნი შესცქეროდნენ უვნებელ მოწამეს. ამ სასწაულით გაბოროტებულებმა წმიდა საბა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად ცემეს. მეორე დღეს საბას და სპასალარს ათარიდის ბრძანებით ნაკერპავის ჭამა უბრძანეს. სპასალმა უპასუხა: „უმალ ჯვარცმას დავთანხმდებით, ვიდრე ეშმაკებისგან შერყვნილი ხორცის ჭამას“. წმიდა საბამ იკითხა: „ვინ გამოგზავნა ხორცი?“ – „მეუფე ათარიდმა“, – უპასუხა მსახურმა, „არა არს მეუფე თვინიერ ღვთისა, მამის ზეცათასა“, – წარმოთქვა მოწამემ. ერთმა განრისხებულმა მსახურმა წმიდანს შუბი ჩასცა მკერდში. ყველას ეგონა, რომ წმიდა საბა მოკვდა, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია.
ათარიდმა ბრძანა, წმიდა საბა სიკვდილით დაესაჯათ. იგი მდინარისკენ წაიყვანეს. სასიკვდილოდ გამზადებული წმიდანი გზაში ხმამაღლა მადლობდა უფალს, რამეთუ მან სათნოიჩინა მოწამეობრივი გვირგვინი მიემადლებინა მისთვის.
მსახურებმა საბას განთავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ მოწამემ იუარა: „ქმენით ნაბრძანები. მე ვხედავ ანგელოზებს, რომლებმაც უნდა შეივედრონ ჩემი სული“. წმიდანი მდინარეში დაახრჩვეს.
წმიდა საბა აღესრულა 372 წლის 12 აპრილს, 38 წლისა. ჯალათებმა მისი გვამი წყლიდან ამოიღეს და ნაპირზე დააგდეს. ქრისტიანებმა პატივით დამარხეს წმიდა ნეშტი. მოგვიანებით გუთმა მთავარმა იური სარანმა წმიდა საბას ნაწილები კაბადოკიაში გადაასვენა.