27.10.2025. 21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

27.10.2025. 21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

     “… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

27.10.2025. ხსნილი

მოწამეთა: ნაზარისა, გერვასისა, პროტასისა და კელსისა (I); ღირსისა პარასკევა სერბელისა (XI); მოწამისა სილოვანესი, ღაზელი ხუცისა (IV).

 

დღის ლოცვები

 

მოწამეთა ნაზარის, გერვასის, პორტასის და კელსის კონდაკი:

ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დახსნიან, და ქრისტესა ღმერთსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

 

ფლპ. 4: 10-23 (დას. 248). ლკ. 9: 18-22 (დას. 43).

ფლპ. 4: 10-23

10. დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ. 11. იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს. 12. გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც. 13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში. 14. მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი. 15. თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან. 16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა. 17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად. 18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის. 19. ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში. 20. ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 21. მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები. 22. მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი. 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.

ლკ. 9: 18-22 

18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ: 19. რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო. 20. და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა. 21. მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო. 22. და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი იმპერატორ ნერონის (54-68) ზეობისას ეწამნენ ქალაქ მედიოლანში. წმიდა ნაზარი, ქრისტიანი პერპეტუასა და იუდეველი აფრიკანის ძე, რომში დაიბადა და ეპისკოპოს ლინოსის ხელით ნათელიღო. უფლის რჩეულმა სიყმაწვილიდანვე გადაწყვიტა, ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისა და დევნილ ქრისტიანთა დახმარებისთვის გადაედო თავი. ამ მიზნით მან დატოვა რომი და მილანში ჩავიდა. საპყრობილეში ქრისტიანთა მონახულების დროს ნაზარი გაეცნო ტყუპ ძმებს – პროტასისა და გერვასის.
ტყუპი ძმები მედიოლანში (მილანში) დაიბადნენ, მდიდარი რომაელების – ვიტალისა და ვალერიას ოჯახში. მშობლების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ძმებმა მთელი ქონება გლახაკებს განუყვეს, მონები გაათავისუფლეს და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს შეუდგნენ. წარმართებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებლები და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. წმიდა ნაზარის ძალიან შეუყვარდა ისინი და შეძლებისდაგვარად უმსუბუქებდა ტანჯვას. ამის გამო უსჯულოებმა ნეტარი სასტიკად გვემეს და ქალაქიდან გააძევეს.
წმიდა ნაზარი დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას და მრავალი კერპთმსახური მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქალაქ კიმელაში მან მონათლა ერთი ქრისტიანი ქალის ძე, სახელად კელსი და მისი სახით ერთგული მოწაფე და თანამოსაგრე შეიძინა. წარმართთა შორის ქრისტეს ქადაგებისთვის ისინი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მარტვილებს პირი არ დააკარეს. შემდეგ უსჯულოებმა სცადეს, ზღვაში დაეხრჩოთ წმიდანები, მაგრამ ისინი ისე მიმოდიოდნენ ტალღებზე, როგორც ხმელზე. მეომრები, რომელთაც უფლის რჩეულთა სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დავალებული, ისე განცვიფრდნენ, რომ თავადაც ირწმუნეს ქრისტე და წმიდა მოწამეები გაათავისუფლეს.
სასწაულებრივად გადარჩენილი ნაზარი და კელსი მედიოლანში ჩავიდნენ და გერვასი და პროტასი მოინახულეს. როცა ამის შესახებ იმპერატორ ნერონს მოახსენეს, მან ბრძანა, ნაზარისა და კელსისთვის თავები მოეკვეთათ. მალე გერვასი და პროტასიც სიკვდილით დასაჯეს.
მრავალი წლის შემდეგ, წმიდა მეფის, თეოდოსის (408-450) ზეობისას ამბროსი მედიოლანელმა საღვთო გამოცხადებით მიაკვლია მარტვილთა სამარხებს, აღმოიყვანა მათი უხრწნელი ნაწილები და საზეიმოდ გადააბრძანა მედიოლანის ტაძარში (სხვა ცნობით, წმიდათა ნაწილების აღმოყვანება მოხდა 395 ან 396 წელს).
ღირსი სილუანე, ღაზელი ხუცესი ქრისტეს ქადაგებისთვის შეიპყრეს და პალესტინის ქალაქ ფენის სპილენძის საბადოებში განამწესეს უმძიმეს სამუშაოებზე. აქ უსჯულოებმა ნეტარს მის მიერ მოქცეულ ორმოც ქრისტიანთან ერთად თავი მოჰკვეთეს (+311-312). წმიდა მამას ეკლესია 4 მაისსაც იხსენიებს (იხილეთ ამ დღის საკითხავი).
ღირსი პარასკევა სერბი, კონსტანტინოპოლის მახლობელ სოფელში დაიბადა კეთილმსახურ ბულგარელთა ოჯახში. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ასულს გული სახარების სიტყვებმა შეუძრა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24). ამის შემდეგ მან თავისი ქონების გლახაკებისთვის დარიგება დაიწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ნეტარი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა მოხუცებულობამდე იორდანეს უდაბნოში მოსაგრეობდა. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდა დედა ანგელოზის მინიშნებით სამშობლოში დაბრუნდა და წმიდა მოციქულთა ტაძართან დამკვიდრდა, სადაც აღესრულა კიდეც მშვიდობით XI საუკუნის I ნახევარში (1238 ან 1221 წელს).