27.12.2025. 29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

27.12.2025. 29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

29-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა

27.12.2025. შაბათი. მარხვა

მოწამეთა: თვირსოსი, ლევკისა და კალინიკესი (III); მოწამეთა: ფილიმონისა, აპოლონისა, არიანესი და თეოტიქესი, იპატისა და მათ-თანათა (286-287); ხსენება კონსტანტინეპოლს მომხდარისა დიდისა და საშინელისა მიწისძვრისა (557).

დღის ლოცვები
მოწამეთა თვირსოსი, ლევკიოსისა და კალინიკეს კონდაკი:

ღრთივმსახურებისა სარწმუნოებისა მბრძოლთა ბოროტმადიდებელსა მას მძლავრსა შენერწყვეს და ამხილეს მსგავსად მხეცთა სისხლის მღვრელობანი იგი მისნი, და სძლიეს მისსა მტერობისა გულისწყრომასა შეწევნითა ქრისტესითა განმტკიცებულთა, თვირსო და ლევკიოსი თანავნებითურთ თქუენით, იოხენით ჩუენთვის ქრისტეს მიმართ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ეფ. 2: 11-13 (დას. 220, შუა). ლკ. 14: 1-11 (დას. 74).

ეფ. 2: 11-13 

11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, – 12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი. 13. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.

ლკ. 14: 1-11 

1. მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას. 2. და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი. 3. მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს? 4. ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა. 5. და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს? 6. ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას. 7. როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ: 8. ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს: 9. შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა. 10. ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში. 11. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისაც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქალაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს.
ამ დროს თვირსე, რომელიც კათაკმევლად იყო დადგენილი, მაგრამ ნათლისღება ჯერ არ მიეღო, კუმბრიკიუსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეგვემათ თვირსე, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ მისთვის, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ ზედ. ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველას თვალწინ სრულიად განკურნა მოწამე. ამ სასწაულმა კუმბრიკიუსი გონს ვერ მოიყვანა. მან განკარგულება გასცა, თვირსე შეებოჭათ და დილამდე საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ღამით ღვთაებრივმა ძალამ უფლის რჩეული სატუსაღოდან გაათავისუფლა. წმიდანმა დაუყოვნებლივ ქალაქის ეპისკოპოსს მიაშურა და მოინათლა, შემდეგ კი ისევ საკანში დაბრუნდა.
ამასობაში კესარიაში წარჩინებული კარისკაცი სილუანე ჩავიდა იმ განზრახვით, რომ კუმბრიკიუსს ქრისტიანობის ამოძირკვაში დახმარებოდა. მან თვირსე აპოლონის საკერპოში შეიყვანა. წმიდა მოწამემ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს მოუხმო შემწედ. მაშინვე საშინლად იჭექა და კერპი ფერფლად იქცა.
ამის შემდეგ უსჯულო სილუანე და კუმბრიკიუსი კიდევ დიდხანს ტანჯავდნენ თვირსეს, მაგრამ ბოლოს მოულოდნელად დასნეულდნენ და მოკვდნენ. მათ ნაცვლად წინამორბედთა მსგავსად ქრისტესმოძულე ბაბდა დანიშნეს. ბაბდამ ბრძანა, მხეცები ეშიმშილებინა, შემდეგ კი თვირსე მიეგდოთ მათთვის საჭმელად, მაგრამ ცხოველებმა დაგლეჯის ნაცვლად ალერსი დაუწყეს წმიდანს.
წარმართმა ქურუმმა კალინიკემ თვირსეს მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, შეიცნო კერპთა უძლურება. იგი მმართველთან გამოცხადდა, დაგმო წარმართული ცრურწმენა და ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. ამის შემდეგ საკერპოში მიყვანილმა ქურუმყოფილმა გულში ილოცა: „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, ჩემგან მრავალგზის განრისხებულო და მაინც არა უკუქცეულო, აწ აღსდეგ შეწევნად ჩემდა და გამომიჩინე ძალი შენი“.
მაშინ კალინიკეს ჩაესმა ხმა უფლისა, რომელიც წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, მის წინ მდგარი კერპი კი ნამსხვრევებად იქცა. ამის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოკვეთეს.
წმიდა თვირსე, მმართველის ბრძანებით, ჯალათებს უნდა გაეხერხათ. ისინიც ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. წმიდანს სახე ისე საოცრად გაუბრწყინდა, რომ ვერავინ ვერ გაბედა მასთან მიახლოება. მაშინ თვირსემ ილოცა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან – წამებით დაეხოცათ.
ამ დროს შეიპყრეს აპოლონიც, რომელიც ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. მან ვერ გაუძლო წამებას და გადაწყვიტა, ხერხისთვის მიემართა: წარმართ ფილიმონს თავისი ტანსაცმელი მისცა და სთხოვა, მასში ჩაცმულს შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ფილიმონი დათანხმდა, მაგრამ, როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდა, უეცრად ღვთის მადლმა გაუცისკროვნა გონება, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, კერპებს ზურგი აქცია, მმართველ არიანესაკენ მიიქცა, პირჯვარი გადაისახა და უშიშრად აღიარა ქრისტიანობა.
მაშინ არიანემ ფილიმონი იცნო და იფიქრა, რომ ის ხუმრობდა, რადგან ფილიმონი მისი მუსიკოსი და გამრთობი იყო. მაგრამ, როცა მმართველის ერთგულმა კარისკაცმა მტკიცედ აღიარა ქრისტე, არიანე გააფთრდა. მან ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ფილიმონი, მაგრამ ხალხმა მსჯავრდებულის შეწყალება ითხოვა.
ამ დროისათვის აპოლონი უკვე სინანულში იყო ჩავარდნილი თავისი სულმოკლეობის გამო და მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ ფილიმონსა და აპოლონს წვივები დაუხვრიტეს, ბაწრებით შეკრეს და ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ მორწმუნეთა დასაშინებლად. შემდეგ ფილიმონი ზეთისხილის ხეზე დაკიდეს და ისრები დაუშინეს, მაგრამ ისრები სასწაულებრივ ცდებოდნენ სამიზნეს, ერთ-ერთი მათგანი კი ასხლტა და მმართველს მოხვდა თვალში. არიანე შეძრწუნდა და ფილიმონს ევედრა, ელოცა მისი განკურნებისათვის. წმიდანმა კი მიუგო: „ჯერ მზად არა ხარ. როცა მე დამკრძალავენ, შენ ჩემს საფლავზე მოხვალ, ქრისტეს სახელს მოუწოდებ და განიკურნები“. ამის შემდეგ მმართველის ბრძანებით წმიდა მოწამეებს, ფილიმონსა და აპოლონს თავები მოჰკვეთეს (+16 მარტი, 286 წ.).
არიანე, რომელსაც თვალი კვლავ აუტანლად სტკიოდა, მიეახლა წმიდათა საფლავს, მისგან მიწა აიღო, ჭრილობაზე მიიდო და იესო ქრისტეს მიმართა ვედრებით. მას დაშავებული თვალი იმავ წამს მოურჩა, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და შესძახა: „მე – ქრისტიანი ვარ!“ მთელი სახლეულითურთ მოინათლა, პყრობილი მართლმორწმუნეები კი გაათავისუფლა. ხმამ არიანეს მოქცევის შესახებ თვით იმპერატორამდე მიაღწია. მაშინ მან მხედრები გაგზავნა მმართველის შესაპყრობად და რომში ჩასაყვანად. საწამებლად წაყვანის წინ არიანემ მოწამეთა საფლავზე ილოცა და უეცრად ფილიმონის ხმა მოესმა: „გამხნევდი, არიანე, და ნუ გეშინია, რამეთუ უფალი თავისთან მოგიწოდებს და მოწამის გვირგვინს გიმზადებს. შენს წასაყვანად მოსული მხედრებიც ირწმუნებენ და ევნებიან ქრისტესთვის“.
ღვთის მადლით განმტკიცებულმა არიანემ რომში, თვით იმპერატორის წინაშეც გაბედულად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. განრისხებულმა დიოკლეტიანემ ბრძანა, რკინის ჯაჭვებით შეეკრათ უფლის რჩეული და ცოცხლად დაემარხათ, თან ამბობდა: „ვნახოთ, თუ მოვა ქრისტე მის დასახსნელად“. როცა ამის შემდეგ უღმრთო თვითმპყრობელი თავის საწოლ ოთახში შევიდა, იხილა, რომ არიანე მის სარეცელზე იწვა, ჯაჭვები კი წინ ეკიდა. მოწამემ დიოკლეტიანეს მიუგო: „შენ არ გჯეროდა, რომ ქრისტე დამიხსნიდა, მაგრამ აი, მოვიდა, გამათავისუფლა და შენს სარეცელზე მოსვენება მიბრძანა“. მეფე შეძრწუნდა, მაგრამ მაინც არ ისურვა თავი დამარცხებულად ეცნო და, გაკერპებულმა, არიანეს მოკვლა ბრძანა. ნეტარი მოწამის ლოცვით მხედრები, რომლებმაც ის რომში ჩაიყვანეს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცნენ და იმპერატორის წინაშე გაბედულად აღიარეს თავი ქრისტიანებად. ამისთვის ისინი არიანესთან ერთად ზღვაში დაახრჩვეს. (+4 მარტი, 287 წ.).