28.06.2026. მე-4 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

28.06.2026. მე-4 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-4 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

27.06.2026. ხსნილი თევზით 

წინასწარმეტყველისა ამოსისა (VIII ს. ქრ. შ-მდე); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტია მზრდელისა (303); მოწამისა დულა კილიკიელისა (305-313); ღირსისა დულე ვნებადამთმენისა, ეგვიპტელისა; ღირსისა იერონიმე სტრიდონელისა (420); ნეტარისა ავგუსტინესი, ჰიპონიელ ეპისკოპოსისა (430); ღირსისა თეოდორე სიკეოტისა, ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა (აღმოყ. წმ. ნაწ.) (IX); კეთილმორწმუნისა ლაზარესი, სერბეთის მთავრისა (1389); ეფრემისა, სერბეთის პატრიარქისა (1395). 

დღის ლოცვები 

წინასწარმეტყველი ამოსის კონდაკი:
განწმედილ იქმენ სულითა, წინაისწარმეტყუელო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინაისწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-4, ლკ. 24: 1-12. (დას. 112).
ლიტ.: რომ. 6: 18-23 (დას. 93). მთ. 8: 5-13 (დას. 25). 

ცისკ.: ლკ. 24: 1-12 

1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან. 2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ. 3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. 4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი. 5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? 6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: 7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს. 8. და გაახსენდათ მისი სიტყვები. 9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც. 10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს. 11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ. 12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.

ლიტ.: რომ. 6: 18-23 

18. ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ. 19. თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს. 20. ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. 21. კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული. 22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი – საუკუნო სიცოცხლე. 23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

ლიტ.: მთ. 8: 5-13 

5. ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა: 6. უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება. 7. იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას. 8. ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური. 9. ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს. 10. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას. 11. ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში; 12. ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 13. და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა ათ ტომს კი კერპთაყვანისმცემელი იერობოამ II განაგებდა. მან ბეთილში ოქროს ხბოს კერპი აღმართა და უსჯულოებაში ჩავარდნილ მთელ თავის სამეფოსთან ერთად მას ეთაყვანებოდა.
წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. ლიტონსა და უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზა შეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად. ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმრთოებისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს. 
წმიდა მოციქული სტეფანე (I)
წმიდა მოციქულ სტეფანეს პავლე მოციქული ახსენებს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში (1 კორ. 16,15-18). იგი წერს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი, რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა მათ და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა, ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფორტუნატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს, რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი“. 
წმიდა მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია მზრდელი (+დაახლ. 303)
 წმიდა მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია მზრდელი (+დაახლ. 303)
წმიდა მოწამე დულა კილიკიელი (+დაახლ. 305-313)
წმიდა მოწამე დულა კილიკიელი ქალაქ პრეტორიადაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და კილიკიის ოლქის მმართველ მაქსიმესთან წარადგინეს სამსჯავროზე. სასამართლოს დაწყებამდე წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, კერპთაყვანისმცემლობის მხილების ძალა მიენიჭებინა მისთვის.
დაკითხვებში ნეტარი მარტვილი ახოვნად აღიარებდა ქრისტეს და გაბედულად განაქიქებდა წარმართთა ცრუ სჯულს. მმართველი გულმოდგინედ ცდილობდა, უარეყო ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ ვერ პოულობდა ძალას დულას მადლმოსილი სიტყვების წინააღმდგომად. ამით გააფთრებულმა უსჯულომ დაუნდობლად აწამა წმიდანი, ბოლოს კი საპყრობილეში გამოამწყვდია. ყოველ ახალ დაკითხვაზე მარტვილი სულითა და ხორცით გამხნევებული და განცხოველებული ცხადდებოდა. მსაჯულის წინაშე უკანასკნელად წარმდგარს ქვედა ყბა მოგლიჯეს, წვივები გადაუმტვრიეს, მმართველის ეტლს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს. ასე აღმოხდა სული უფლის სათნომყოფელს.
დულას დაფლეთილი სხეული მდინარეში გადააგდეს. ტალღებმა იგი წმიდანის მშობლიური ქალაქის ნაპირებთან გამორიყა. წმიდანის ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას. 
ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი (+380)
ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი (+380) პახუმი დიდის (+348; ხს. 15 მაისს) მოწაფე იყო. მან ახალგაზრდობაშივე ისეთი დიდი სულიერი გამოცდილების დაგროვება მოასწრო, რომ მოძღვარმა ხენოვოსის კინოვიის იღუმენობა მიანდო. ერთხელ პახუმიმ ბერებს ღირსი ორტისის შესახებ უთხრა, იგი ოქროს სასანთლესავით ბრწყინავსო უფლის სახლში. პახუმი დიდის სიკვდილის შემდეგ წმიდა ორტისი საკუთარი ნების წინააღმდეგ ტაბენისიოტელი ძმების წინამძღვრად დაადგინეს. რადგან სავანის ბერების რიცხვი თანდათან მატულობდა, ღირსმა მამამ თავის თანაშემწედ თეოდორე დანიშნა, შემდეგ მონასტრის მამასახლისობა მთლიანად მას გადააბარა, თვითონ კი ხენოვოსის კინოვიას დაუბრუნდა. 365 წელს, ღირსი თეოდორეს სიკვდილის შემდეგ, მღვდელმთავარი ათანასე დიდი ღირს ორტისის და საძმოს წერდა: „ნუ სტირით, საყვარელო ძმებო, თეოდორეს გამო: იგი კი არ მომკვდარა, სძინავს. ნურავინ იცრემლება. ყველამ მიჰბაძოს მას. არ ეგების ტირილი მის გამო, ვინც იქ დაემკვიდრა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება. შენ კი, საყვარელო და ძვირფასო ორტისი, გწერ: „რადგან მან მიიძინა, სავანეზე ზრუნვა შენ იტვირთე, მისი მაგივრობა გაუწიე ძმებს. სანამ თეოდორე ცოცხალი იყო, თქვენ ხომ ერთსულ და ერთხორც იყავით“. ღირსმა ორტისიმ მღვდელმთავარ ათანასეს თხოვნა შეასრულა.
წმიდა მამა საღვთო წერილში ღრმად იყო ჩახედული და მჭევრმეტყველების საოცარი ნიჭი ჰქონდა. „მის სიტყვას, – წერდა ნეტარი მოსაგრის თანამედროვე, – თითქოს თანდათან ემატებოდა ძალა ძმათა ნუგეშინისსაცემად“. აბბა ორტისიმ სიკვდილის წინ ანდერძივით დატოვა წიგნი, სადაც თითქმის მთელი ძველი და ახალი აღთქმა იყო განმარტებული მონაზვნური საჭიროებებისათვის დართული მოკლე შენიშვნებით. 
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (+420)
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი ქალაქ სტრიდონში (დალმაცია და პანონია) მცხოვრებ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. განათლების მისაღებად მშობლებმა ჭაბუკი რომში გაგზავნეს, სადაც იგი საერო მეცნიერებებს სწავლობდა. დედაქალაქში ჩასული იერონიმე თავდაპირველად ქალაქური ფუფუნებითა და ახალგაზრდული თავაშვებულობით ცხოვრობდა, მაგრამ მალე მასში ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლის სურვილი მომწიფდა. მომავალი წმიდანი 20 წლის იყო, როცა მოინათლა. ამის შემდეგ იგი გალიაში ჩავიდა, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა, ღვთისთვის მიეძღვნა თავი და ბერად აღკვეცილიყო.
დაახლოებით 372 წელს იერონიმე მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; დედ-მამა გარდაცვლილი დაუხვდა და უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად. საღვთო შურით ანთებულს ბერად აღკვეცის გადადება მოუხდა. ამ ხანებში იგი გულმოდგინედ სწავლობდა საღვთო წერილს.
საოჯახო საქმეების მოწყობის შემდეგ ნეტარი მამა აღმოსავლეთში გაემგზავრა. იგი ხუთი წელი ცხოვრობდა სირიის ერთ-ერთ მონასტერში. აქ იერონიმე ძირითადად წმიდა წერილზე მუშაობდა და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. იერონიმემ საფუძვლიანად შეისწავლა ებრაული და ქალდეური ენები. ამ დროს დაიწყო მისი მიმოწერა მრავალ პირთან სხვადასხვა საკითხზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 120-მა წერილმა. მალე ანტიოქიაში ეპისკოპოსების: მელეტის, პავლინისა და ვიტალის მომხრეებს შორის წარმოქმნილმა შფოთმა და უთანხმოებამ იმ სავანეშიც იჩინა თავი, სადაც ნეტარი იერონიმე იღვწოდა, ამის გამო მას მონასტრის დატოვება და ანტიოქიაში წასვლა მოუხდა. აქ ეპისკოპოსმა პავლინმა წმიდანი მღვდლად აკურთხა. შემდეგ იერონიმე კონსტანტინეპოლში ჩავიდა, სადაც ესაუბრა წმიდა მღვდელმთავრებს: გრიგოლ ღვთისმეტყველსა და გრიგოლ ნოსელს, 381 წელს კი რომში გაემგზავრა. აქ მან სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო. წმიდა პაპმა დამას I-მა (366-384), რომელიც ასევე წმიდა წერილის შესწავლით იყო დაკავებული, დაიახლოვა ნეტარი მამა, მაგრამ იერონიმეს მამხილებელი სიტყვით გაგულისებულმა რომაელმა ქრისტიანებმა მოიძულეს იგი და სამი წლის შემდეგ იძულებული გახადეს, დაეტოვებინა ქალაქი. წმიდანმა ძმასთან, პავლინიანესთან და მეგობრებთან ერთად მოილოცა წმიდა მიწა, მოინახულა ნიტრიის უდაბნოს ბერები, 386 წელს კი ბეთლემში, იმ გამოქვაბულის მახლობლად დამკვიდრდა, სადაც ქრისტე იშვა, და მკაცრ ღვაწლს შეუდგა.
ეს იყო ნეტარი მამის შემოქმედებითი მოღვაწეობის აყვავების ხანა. თავისი დროის გამოჩენილმა მეცნიერმა ეკლესიას მდიდარი წერილობითი მემკვიდრეობა დაუტოვა: დოგმატურ-პოლემიკური და ზნეობრივ-ასკეტური ნაწერები, წმიდა წერილის განმარტებები, ისტორიული თხზულებები. მისი უმთავრესი ნაშრომია ძველი და ახალი აღთქმის საღვთო წიგნების ხელახალი თარგმანი ლათინურ ენაზე. ეს თარგმანი, რომელსაც ვულგატა უწოდეს, დასავლეთის ეკლესიაში საყოველთაო ხმარებაშია.
წმიდა იერონიმე ბეთლემის გამოქვაბულში თავის კელიაში აღესრულა დაახლოებით 420 წელს. მისი წმიდა ნაწილები რომში გადაასვენეს.
ნეტარი აგვუსტინე (+430)
ნეტარი ავგუსტინე, დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი, დაიბადა 354 წლის ნოემბერში, ჰიპონიის მახლობლად, სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ ტოგასტაში. მამამისი – პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე აღესრულა. იგი ცდილობდა, ავგუსტინესთვის კარგი განათლება მიეცა, მაგრამ მისი ზნისა და ხასიათისათვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. დედას, მონიკას, ჭეშმარიტად ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისაგან მიღებული და გამოირჩეოდა კეთილი ბუნებითა და სათნო, მშვიდობისმოყვარე ცხოვრებით. მონიკა 23 წლის იყო, როდესაც ავგუსტინე შეეძინა, საკუთარ შვილს ყრმობიდანვე ასწავლა და შეაყვარა იესოს სახელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავგუსტინე მაინც უზნეობასა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ეს განაპირობა მისი დროის მანკიერ ზნე-ჩვეულებათა გარემოცვამ, ცუდი მეგობრების წრემ და თავისუფალმა ცხოვრებამ. ჭაბუკი ავგუსტინე აფრიკელისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით ჩაეფლო გარყვნილებაში, ბიბლია მკვდარ წიგნად მიაჩნდა და მას ისე კითხულობდა, როგორც პოლემისტი. მისთვის დაიხშო სულიერი კარიბჭე, რადგან გულწრფელობისა და მორჩილების გარეშე მიეახლა საღმრთო წერილს.
17 წლის ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მისაღებად. აქ იგი იოლად აღმოჩნდა მანიქეველთა ბადეში, რომელნიც თუმცა ხშირად ახსენებდნენ მაცხოვრის სახელს, მაგრამ თავისი სწავლებითა და ცხოვრების წესით მტრები იყვნენ ქრისტეს ეკლესიისა. მათმა სწავლებამ ავგუსტინე საკუთარი ცოდვებისთვის გამართლების ძიების სენით დაავადა. ცოდვები უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა და მათ თავისი ნების გამოხატულების შედეგად კი არ მიიჩნევდა, არამედ როგორც გარეშე ბოროტი ძალის ტირანიას. ჭაბუკი ავგუსტინე ისე ღრმად ჩაეფლო ამ მწვალებლურ ჭაობში, რომ მეგობრები და ნაცნობებიც კი ჩაითრია. ცხრა წლის განმავლობაში იყო იგი მანიქეველი. შემდგომ ავგუსტინეში თანდათან ეჭვმა დაისადგურა მანიქეველთა მოძღვრების მიმართ. მან დაინახა, რომ ისინი ნგრევაში უფრო წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე შენებაში. ავგუსტინემ განიზრახა კართაგენის დატოვება.
ნეტარი ავგუსტინეს დედა, მონიკა, უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან არ მოისურვა გზასაცდენილთან ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან. მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და მოუკლებლად ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მოექცია. ხედავდა რა დედის ამგვარ მეცადინეობას, ერთმა ეპისკოპოსმა ის ასე დაამშვიდა: „იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობ და შეუძლებელია, რომ დაიღუპოს შვილი ამ ცრემლებისა“.
სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ გრამატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის, იგი შეხვდა მართლმორწმუნეთაგან სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ „ეპისკოპოს“ ფავსტს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაში და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე რომში გაემგზავრა. ამ დროს იგი წერდა: „ისწრაფე იქით, საიდანაც ანათებს ჭეშმარიტება“. რომში ავგუსტინე დიდხანს არ გაჩერებულა, იგი თავის მეგობარ ალიპიუსთან ერთად მილანს გაემგზავრა, რათა წმიდა ამბროსი მედიოლანელის ქადაგება მოესმინა. „მე მასთან ღმერთმა მიმიყვანა, რათა მის მიერ ღმერთთან მივსულიყავი“, – წერდა იგი შემდგომ. წმიდა ამბროსიმ ის მამობრივი სიყვარულით მიიღო. მისი ქადაგების მოსმენა ავგუსტინეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. მალე დიდი მღვდელმთავრის მეთვალყურეობით საღმრთო წერილის შესწავლა დაიწყო. ღმრთის სიტყვამ მასზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა. ავგუსტინე და ალიპიუსი კატეხიზატორთა ბეჯითი და მორჩილი მოწაფენი შეიქმნენ, თუმცაღა ნიჭითა და ცოდნით ბევრად აღემატებოდნენ თავიანთ მასწავლებლებს. 387 წელს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ავგუსტინე ალიპიუსთან ერთად მოინათლა, მთელი თავისი ქონება ქვრივ-ობოლთ დაურიგა და ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. საოცარია მისი უკანასკნელი საუბარი დედასთან. „.ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამქვეყნად დიდხანს მეცოცხლა, ის იყო, რომ სიკვდილამდე მეხილე მართლმადიდებელ ქრისტიანად. ღმერთმა კი უფრო მეტიც მომმადლა – დღეს ვხედავ, რომ ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულხარ და თავი უფლისათვის მიგიძღვნია. მაშ, რაღა დამრჩენია მე ამქვეყნად“. ხუთი დღის შემდეგ მონიკამ უფალს მიაბარა სული.
391 წელს ჰიპონიის ეპისკოპოსმა ვალერიმ ავგუსტინეს პრესვიტერის წოდება მიანიჭა. მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ნეტარი მამის მოღვაწეობა ამ ხარისხში. მან დააარსა პირველი ქალთა მონასტერი აფრიკაში. მავრიტანიაში მისი მეცადინეობით აღიკვეთა საშინელი ადათი, რომლის დროსაც ქალაქის მცხოვრებნი ორ შეიარაღებულ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ.
თავისი ცხოვრების ორმოცდამეხუთე წელს ავგუსტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. მალე მან ჰიპონიის კათედრა დაიკავა. მღვდელმთავრობის ოცდათხუთმეტი წელი ნეტარმა მამამ მანიქევლობის, დონატეველობისა და პელაგეველობის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ამ პოლემიკაში იგი მხოლოდ კალამს როდი სჯერდებოდა, არამედ პირად დისპუტებში ამარცხებდა მწვალებელთ, მისი საუბრები კი შემდგომ მორწმუნეებში ვრცელდებოდა. ნეტარი ავგუსტინეს სახლი მუდამ ღია იყო ყველასათვის. მის მაგიდაზე ასეთი სიტყვები ეწერა: „ვისაც უყვარს ზურგს უკან ყვედრება სხვათა ცხოვრებისა, იცოდეს, რომ ეს მაგიდა ამხილებს მას“. მისი ქადაგებები განკუთვნილი იყო უბრალო მეთევზეებისა და ხელოსნებისათვის და არა ანტიოქიელი თუ კონსტანტინეპოლელი არისტოკრატიისათვის. ამ ქადაგებათა უბრალოება მეტად ახლოს იყო სახარების სულთან.
ნეტარი ავგუსტინე მრავალი საკვირველი ჩვენების ღირსი გახადა უფალმა. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო ყრმა იესოს ხილვა, რომელსაც სურდა, მთელი ოკეანე ერთ პატარა ქვიშის ორმოში მოექცია. სწორედ ამ დროს ავგუსტინე ცდილობდა, საკუთარი გონებით ჩასწვდომოდა წმიდა სამების საიდუმლოს. ამ ხილვით კი ღმერთმა ნეტარ მამას კიდევ ერთხელ დაანახა სასრულობა და უმწეობა ადამიანის გონებისა. წმიდანი თავადაც ბევრ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით არაერთი სნეული განკურნებულა.
430 წელს ჰიპონია ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი, რაც ღვთის ნებით ცეცხლს გადაურჩა, ნეტარი ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. კართაგენიც მალე დაეცა. ჩრდილო აფრიკის ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავგუსტინე იყო ჰიპონიის უკანასკნელი ეპისკოპოსი. მან საკუთარი თვალით იხილა საყვარელი ქალაქის სიკვდილი, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.
ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება (მისი ბიოგრაფის თქმით, მათი რაოდენობა ათას ოცდაათს აღემატება). აღსანიშნავია მისი „აღსარებანი“, „ღვთის ქალაქის შესახებ“, ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ, კომენტარები დაბადების წიგნისა და სხვა. იგი ცდილობდა, მისი ნაწერები ყველასათვის მისაწვდომი და სარგებლის მომტანი ყოფილიყო. „უმჯობესია გრამატიკოსებმა განგვაქიქონ, ვიდრე ჩვენი აზრები ხალხისათვის გაუგებარი იყოს“. – ამბობდა იგი.
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე (+1389)
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ეს ის დრო იყო, როცა თურქებმა დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები და სერბეთის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ.
წმიდა მეფის, დუშანის კარზე აღზრდილი ლაზარე ჯერ სერბეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნეს, შემდეგ კი, 1372 წელს, მეფედ აკურთხეს. წმიდანი დაუცხრომლად იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს, შეეწეოდა მონასტრებსა და საქველმოქმედო დაწესებულებებს. 1380 წელს კეთილმსახურმა მთავარმა როვანცის სავანე ააშენა. მისი შუამდგომლობით კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვარმა თანხმობა განაცხადა სერბეთის მთავარეპისკოპოსის პატრიარქად ცნობაზე. ლაზარეს მმართველობის 10 წლის მანძილზე მთელს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა. შემდეგ დაიწყო ომი თურქებთან და 1389 წლის 15 ივნისს, სულთან ბაიაზეთის ბრძანებით, წმიდა ლაზარეს თავი მოჰკვეთეს. 1391 წელს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები როვანიცას მონასტერში დაასვენეს, თურქების მიერ ამ სავანის დანგრევის შემდეგ კი, 1683 წელს, ისინი ფრუგის მთაზე, ნოვაია როვანიცას მონასტერში გადააბრძანეს.
ღირსმოწამენი: გრიგოლ და კასიანე ავენგელები (+1392)
ღირსმოწამენი გრიგოლ და კასიანე ავენგელები ვოლოგდის მიწაზე, მდინარე სუხონთან მოსაგრეობდნენ. ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ავენგის სავანეში 1392 წლის 1 ივნისს, თათართა შემოსევის დროს. 
წმიდა ეფრემი, სერბეთის პატრიარქი (+1400)
წმიდა ეფრემი, სერბელი პატრიარქი. წმიდა ეფრემმა თავისი ბერული მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო, შემდეგ კი სერბეთის იბროვოს მონასტრის იღუმენად აირჩიეს. 1376 წელს კი წმიდა ეფრემი სერბეთის გარდაცვლილი პატრიარქის, საბა III-ის მემკვიდრედ იქნა დადგენილი. ახალარჩეულ პატრიარქს უმძიმდა მწყემსმთავრული პატივი, მისი გული ისევ ჩუმი მოღვაწეობისაკენ მიილტვოდა. მან თავისი ნებით დატოვა საპატრიარქო კათედრა და სამოღვაწეოდ დუშანოვოს მონასტერში გადავიდა. 10 წლის შემდეგ წმიდა ეფრემი კვლავ სათავეში ჩაუდგა სერბეთის ეკლესიას და 1400 წლამდე, სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა მას. წმიდა ეფრემი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.