29.03.2026. დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე. ხმა I.

29.03.2026. დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე. ხმა I.

     „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17). 

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე. ხმა I.

29.03.2026 

ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა (522); წმ. ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია, 1927); ღირსთა: პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა და ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა (XIII); მოწამისა საბინე ეგვიპტელისა (287); მოწამისა პაპასი, რომელი იყო ქალაქ ლარანდოით, რომელ არს ლუკაონიისა სამთავროსა (305-311); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, რომის პაპისა (119); მოწამისა იულიანე ანაზარბელისა (305-311); მღვდელმოწამეთა: ტროფიმე და თალასი ლაოდიკიელთა ხუცესთა (დაახ. 300).

დღის ლოცვები
ამბროსი აღმსარებელის (ხელაია) ტროპარი:
მოუდრეკელითა კუერთხითა სასოებისათა ქუეყანად აღთქუმისად წარუძეღუ ახალსა ისრაილსა და ვითარცა მოსე კლდისაგან მყარისა, წყურიელთა წყალი ღმრთისმეცნიერებისა გარდამოუდინე, რომელსა შინა დაანთქ ეტლები უხილავისა ფარაოისნი, წმიდაო აღმსარებელო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა  ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა – ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.
კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

 

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: ებრ. 9: 11-14 (დას. 321 შუა). მკ. 10: 32-45 (დას. 47).
ღირ.: გალ. 3: 23-29 (დას. 208). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

ცისკ.: ინ. 20: 19 -31 

19. ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! 20. ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით. 21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ. 22. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. 23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ. 24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. 25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ. 26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა! 27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. 28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. 30. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში. 31. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. 

ლიტ.: ებრ. 9: 11-14 

11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით. 12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. 13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი, 14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

ლიტ.: მკ. 10: 32-45 

32. როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას: 33. აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, მიუსჯიან მას სიკვდილს და მისცემენ წარმართთ. 34. შეურაცხყოფენ, სცემენ აფურთხებენ და მოკლავენ; მესამე დღეს კი აღდგება იგი. 35. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი – იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ. 36. იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ? 37. მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ. 38. მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ? 39. მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით. 40. მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ – მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს. 41. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ. 42. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. 43. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური. 44. და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა. 45. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად. 

ღირ.: გალ. 3: 23-29 

23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.

ღირ.: ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 4. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული არისტობულე (I), ბრიტანეთის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი თავის ძმასთან, წმიდა მოციქულ ბარნაბასთან ერთად წმიდა პავლე მოციქულს მოხსენიებული ჰყავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,10). მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და უფლისთვის სათნო ღვაწლში მშვიდობით მიიცვალა. 
 
მღვდელმოწამე ალექსანდრე – რომის პაპი ათი წელი განაგებდა, რომის ეკლესიას. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით, ცოცხლად დაწვეს 119 წლის 3 მაისს.
 
წმიდა მოწამე საბიანე (+287) ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას საბიანე, თანამოსაგრეებთან ერთად, მივარდნილ სოფელში დაიმალა. მისი ადგილსამყოფელი ორი ოქროს მონეტის ფასად გასცა ერთმა უმადურმა ღატაკმა, რომელსაც წმიდანი ყოველთვის ეხმარებოდა. სხვა ექვს ქრისტიანთან ერთად საბიანე შეიპყრეს და წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს. 
 
წმიდა მოწამენი ტროფიმე და თალია (+300) პრესვიტერები, ძმები იყვნენ. ისინი ლაოდიკიაში მსახურობდნენ. დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (283-305) დროს, ქრისტიანთა დევნისას, ძმები შეიპყრეს და მიჰგვარეს გამგებელ ასკლიპიოდოტს. მან წმიდანთა ქვებით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ ნასროლი ქვები მსროლელებს უბრუნდებოდა. განმეორებითი დაკითხვის შემდეგ, ძმებს ჯვარცმა მიუსაჯეს. სასიკვდილოდ მიმავალნი უფალს განადიდებდნენ და მადლობდნენ, რამეთუ სათნო იჩინა და წმიდანებს ჯვარზე გაკრულნიც ქადაგებდნენ. დედა ამხნევებდა ჯვარცმულებს. ერთმა იუდეველმა ქალმა თაყვანი სცა წმიდანებს და წამოიძახა: „ნეტარ არიან დედანი, მშობელნი ამგვარი შვილებისა“. წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ საპყრობილის დარაჯმა იხილა სამი ანგელოზის თანხლებით ზეცას აღმავალი ძმების სულები. ხალხი მთელი ღამე არ მოშორებია წმიდა მოწამეთა გვამებს. დილით სასჯელის ადგილზე მივიდა ასკილიპიოდოტის ცოლი ნელსაცხებლებით და ძვირფასი სახვევებით. მან ხალხს მოუთხრო, თუ როგორ იხილა ძილში წმიდანები და ასკლიპიოდოტის დასასჯელად გამოგზავნილი ანგელოზები.
მოწამეთა დედამ და ორმა ქრისტიანმა – ზოსიმემ და არტემმა, წმიდა ძმები დაასაფლავეს მათ მშობლიურ ქალაქ სტრატონიკეში. ასკლიპიოდოტი მალე დაავადმყოფდა და საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა.
 
წმიდა მოწამე პაპი (+305-311) ქალაქ ლარანდაში (მცირე აზია) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (305- 311) დროს. ქრისტეს აღიარებისათვის სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ლურსმნებგაჩრილი ჩექმებით წაიყვანეს ჯერ ნეოკესარიაში, შემდეგ კი- ისავრის სელევკიაში. წმიდა პაპი უნაყოფო ხეზე მიაბეს, ხემ ნაყოფი გამოიღო. 
 
მღვდელმოწამე იულიანე ანაზავრელი (+305-311) სირიის ანტიოქიაში ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) ზეობისას. წმიდა იოანე ოქროპირის დროს იულიანეს ნაწილები ავადმყოფებს კურნავდა. წმიდა მღვდელმთავარი მასზე ლაპარაკობს 47-საუბარში. 
 

წმიდა პიმენ სალოსი დაიბადა XIII სს. 60-იან წლებში. წმიდანი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო – „კეთილშობილთაგანი“. წმიდა პიმენი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით აღიზარდა. სასულირო და საერო მეცნიერების „ხედვითი და ღვთისმეტყველებითი სიბრძნის“ უბადლო მცოდნე პიმენი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა ღვთისსათნო ცხოვრებით.
წმიდა პიმენი მის „ხედვით და ღვთისმეტყველებით სიბრძნეს“ მოგონილი სისულელით მალავდა „და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს“. წმიდანი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამა სოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლოებასა და უწესოებას. ღრმად განათლებული წმიდა მამა იყო „მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა“.
წმიდა ანტონი მესხი, ღრმად განათლებული „მოღვაწე და მმართველობითა სრული“ წმიდა მამა დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა, ბიოგრაფიული ცნობები წმიდა ანტონის შესახებ არ შემონახულა, მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ „მას „სახელ-სდვეს ქართველთა მზედ“ ბევრ რამეზე მეტყველებს.

წმიდა მამები ერთად მოღვაწეობდნენ ღვთის სადიდებლად და ქვეყნის სასარგებლოდ, ქვეყანა კი ამ დროს საოცრად დაცემული და განადგურებული იყო: მონღოლთა შემოსევებით გამწარებულ მოსახლეობაში იმძლავრა ურწმუნოებამ, თვით წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულიც (ხს. 12 მარტს) აღერია უწესობაში, მაგრამ იყვნენ ღვთისა და ერის წინაშე თავდადებულნი, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ხალხის ქრისტესკენ მობრუნებას. კათოლიკოსმა ნიკოლოზმა მეფე დემეტრე ამხილა უსჯულოებაში. მეფის ურჩობამ კათოლიკოსი აიძულა, თავისი ნებით დაეთმო საპატრიარქო ტახტი და უბრალო განდეგილი ბერის ცხოვრებით ეცხოვრა. წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა მონაზონი ბასილი (ხს. 18 აპრილს), მანაც უშიშრად ამხილა მეფე.
საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა პიმენმა და ანტონმა კარგად იცოდნენ, თუ მეფე და მთავრები შეინანებდნენ, შეინანებდა ხალხიც, და ამიტომ მათ ერზე ზრუნვა მეფის დამოძღვრითა და მხილებით დაიწყეს. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ წმიდა ბერები ამხელდნენ „მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარაჲ ისმინეს“.
ბერებმა სალოსობის, მეფისა და ერის მხილების საოცრად დიდ და გაბედულ ღვაწლს წარმართებს შორის ქადაგებაც დაუმატეს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, რომ წმიდა პიმენმა „ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა“.
ღვთის ნებითა და წმიდანთა ლოცვით აღსრულდა წმიდა პიმენ სალოსისა და ანტონი მესხის დიდი სურვილი – მეფე დემეტრემ არა მარტო თავისი უსჯულოება შეინანა, არამედ მოწამოებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხე. ერი ფეხზე წამოდგა, მისთვის თავდადებული ბერები წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა.

 

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ პერიოდში დაოჯახდა, 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსისგან მღვდლად იკურთხა. მსახურობდა სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ. 1896 წელს დაქვრივდა.
მისი მეუღლე კესარია მერჩულე, მშობიარობას გადაყვა, მამა ამბროსის დარჩა სამი შვილი, რომლებიც გვერდიდან არ მოუშორებია; თან ჰყავდა ყაზანში სწავლისას და გადასახლების დროსაც კი. ასეთი მზრუნველი მამა იყო და შემდგომ… ასეთივე პატრიარქი.
1897 წელს, 36 წლის ასაკში, მამა ამბროსი ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. სწავლის დროს ბერად აღიკვეცა. დაწერა დისერტაცია თემაზე: „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და ჭელიშის მონასტრის წინამღვრად დაინიშნა.
არქიმანდრიტმა ამბროსიმ დიდად იღვაწა ჭელიშის მონასტრის აღორძინებისთვის. აქ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ე.წ. ჭელიშური ხელნაწერი, აგრეთვე წმიდა სახარება, შემდგომში „ჭელიშის ოთხთავის“ სახელით ცნობილი. აი, ერთი იმდროინდელი ჩანაწერი: „მამა ამბროსი – სულ წელიწადი არ არის, რაც აქ წინამძღვრად გამოამწესეს, მაგრამ ღვთისა და კაცის მოყვარე ადამიანისთვის ეს დროც საკმაო ყოფილა, რომ წრფელი გულით შეეყვარებინა ხალხს. „ღვთის ენა-პირი ასხიაო“, – ამბობდნენ იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“.
1904 წელს არქმიანდრიტი ამბროსი თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამღვრად დაინიშნა. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამისთვის 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს – ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს.
გადის წლები და ყოველი მისი თხოვნა დაბრუნებაზე უპასუხოდ რჩება. ამასობაში საქართველოში ვრცელდება ხმები, რომ ამბროსი ხელაია მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და უბრალოდ არ უნდა დაბრუნება. ამაზე გულისტკივილით წერს თავის წერილში: „ჩემი ექსორიანი“: „ზოგიერთნი მთვლიან მე ბედნიერად, რომ მოვშორდი საქართველოს და ვითომ მატერიალურად კარგად მოვეწყვე. ამ წერილის დამწერთ ალბათ ჯერ არ გამოუცდიათ მარტოობა სულისა, – არ გამოუცდიათ ის სიმწვავე, რასაც განიცდის სამშობლოდან გადახვეწილი, თუ კი გადაგვარების გზაზე არ არის დამდგარი და გული შესტკივა სამშობლოს მდგომარეობაზე“.
1917 წელს წმიდანი საქართველოში ბრუნდება. მას ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხებენ. 1921 წლის 14 ოქტომბერს მიტროპოლიტი ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე თვეა გასული. ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის გამო იგი აგზავნის დოკუმენტებს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციაში – უშედეგოდ. 1922 წელს აგზავნის მოწოდებას გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. „ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას“, – ამბობს კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვს.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიური აღდგენის საშუალებით გამოიძებნა. სინამდვილეში ის მიზნად ისახავდა, დაებრუნებინა ნედლეულით მდიდარი რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საბჭოთა რუსეთის მთავრობისთვის მოეთხოვა მეფის რუსეთის ვალები. ამიტომ საქართველოს გამო ისინი რუსეთს არ დაუპირისპირდნენ. პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. გაძლიერდა მისი დევნა.
კათოლიკოს-პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრს აპატიმრებენ. ბრალდება ოთხია: კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის (რომელიც დღევანდელი მთავრობის სასახლის ტერიტორიაზე იყო) კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.
გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს სასამართლო სხდომების ოქმებიდან:
თავმჯდომარე: მემორანდუმში ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს და ურიგებენ სხვა ერებს. დამისახელეთ, რა წაართვეს ხალხს და ვის რა გადასცეს!
ამბროსი: არამც თუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როცა მოიტანთ საქართველოს რუქას. თუ ასეთი გზით დამტკიცება და სასამართლოს შეხედულებით საჭირო არ არის – მაშინ გავჩუმდები.
პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?
ამბროსი: ინტერვენციით.
პროკურორი მაჭავარიანი: რელიგიურია, თუ როგორი თქვენ მიერ გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი?
ამბროსი: რელიგიური. და თუ პოლიტიკური მიმართულება მიიღო, ეს გამოწვეულია არსებული მდგომარეობით.
პროკურორი მაჭავარიანი: ტერიტორიის საკითხის შესახებ პოლიტიკურია თუ რელიგიური?
ამბროსი: პოლიტიკურიც და რელიგიურიც, რადგან ტერიტორიის დაკარგვა დაკარგვაა ეკლესიისათვის.
პარალელურად გაზეთებში თითქმის ყოველდღე შუქდება სასამართლო პროცესი სათაურით „კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ (ბრჭყალებში) გასამართლება“. სადაც არაერთხელაა აღნიშნული: „ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის ხმები: „ძირს ამბროსი“, „ძირს კონტრრევოლუცია“, „ზიზღი ამბროსის“.
სხდომები წყდება, რადგან მუშა-მოსამსახურეები იყრიან თავს გარეთ და გაიძახიან: მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მოღალატეებსო. იწერება კადნიერი ლექსები, სტატიები. მაგ. „ბრალდებულნი თავს დამნაშავედ არ სცაქცობას, ტყუილს, ინსინუაციებს, ისინი ხომ მოვაჭრენი არიან სიმართლით, და სინდისით“. როდესაც პატრიარქი ტოვებს სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირელები მას კვერცხებს ესვრიან.
და ყოველივე ამის შემდეგ კათალიკოსი ამბობს საბოლოო სიტყვას სასამართლოზე, სადაც ნიშანწყალიც არ ჩანს ნანახი უმადურობისა. პირიქით, ესაა სიტყვები ერის პატრიარქისა, რომელიც სიკვდილის საშიშროების წინაშეც იბრძვის, ზრუნავს და უყვარს:
„ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ…“ და კვლავ: „გლეხობა, რომლის წინაპრების სისხლით მორწყული და ძვლებით გაპოხიერებულია სამშობლოს ველ-მინდვრები, ეს გლეხობა, მწამს, მუდამ იქნება თავისი სამშობლოს მოსიყვარულე და მისი თავისუფლების იდეის დამცველს არასოდეს არ შეიძულებს და არც გადაეკიდება“.
აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი მისი საბოლოო სიტყვიდან ძირითად ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც ეკლესიური აზროვნების ერთგვარ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს: „ჩვენ, ღვთისმსახურნი, ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრების მიხედვით, ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ „ხელმწიფებასა მას უმთვრესსა“ (ლაპარაკია მთავრობაზე), რადგან ხელმწიფებასა შინა მყოფნი „მსახურნი ღმრთისანი არიან“, მათთვის უნდა ვილოცოთ და მათთვის არ ვსთქვათ ბოროტი, მაგრამ ბოროტისა არა თქმა იმას არ ნიშნავს, რომ მათ მოქმედებას კრიტიკის თვალით არ შევხედოთ, მათი შეცდომები არ აღვნიშნოთ… თუ ვხედავდი ეროვნული მოსპობის საშიშროებას, მოვალე ვიყავი ხმა ამომეღო“.
საეკლესიო განძის დამალვის ბრალდებაზე წერს: „მე ვმსახურებდი სოხუმში და ნივთების დამალვა მოხდა უჩემოდ… მაგრამ მართლაც რომ ვყოფილიყავი დამალვის მონაწილე, მაშინაც ვერ ჩავთვლიდი ჩემს თავს დამნაშავედ, ვინაიდან სამღვდელოება მოვალე იყო, ეზრუნა ეკლესიის ქონების დაცვისათვის და უხსოვარი დროიდან არეულობის და მტრების შემოსევის დროს მიმართავდნენ ამ საშუალებას“.
„თქვენი წინადადება (ლაპარაკია ეკლესიის კომკავშირისთვის გადაცემაზე) ჩვენთვის მიუღებელი იყო, ვინაითგან ამის მიღებით ჩვენ გავხდებოდით ღვთის დადგენილებისა და სარწმუნოების მოღალატენი. ეს არის და ეს“.
დაბოლოს: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.
ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“ (ლუკ. 23, 28).
არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის განაჩენი ითვალიწინებს სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო უსჯიან თავისუფლების აღკვეთას 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.
ციხეში ყოფნისას მის შვილებს რამდენჯერმე მიეცათ მამის მონახულების საშუალება. ისინი იგონებდნენ, რომ კათოლიკოსი ხვდებოდა მათ ყოველთვის მხნედ და მშვიდად, თითქოს არაფერი აწუხებდა. თუ რამდენად მძიმე იყო პატიმრობის პერიოდი, იქიდანაც ჩანს, რომ მას მოსთხოვეს, თავისი ნებით გადამდგარიყო პატრიარქობიდან, რაზედ უარი თქვა. ამის შემდეგ მის ფიზიკურ უძლურებაზე ლაპარაკი, ალბათ, არ ღირს.
1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელს უხსნიან.
როგორც მისი შვილიშვილი, ქალბატონი ანა კლდიაშვილი მოგვითხრობს, ერთ დღეს ბებიამისს (კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის ქალიშვილს) მეზობელმა ბიჭმა ამბავი მოუტანა, კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო, ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო ქალაქს, რომ როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო. მაშინ აღმოხდა თურმე სიხარულით „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებს“.
შემორჩენილია ქადაგებები, რომლებიც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ წარმოთქვა. თავის პირველ ქადაგებაში ორი წლის განშორების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა მრევლს იმ თანაგრძნობისათვის, რასაც გრძნობდა მათგან ამ მძიმე პერიოდში და თქვა: „ეს იყო შედეგი არა ჩემი ღირსებისა, არამედ იმისა, რომ თქვენ გიყვართ დედა ეკლესია და აფასებთ იმ ხარისხს, რომლის სატარებლად აირჩიეთ ჩემი უღირსება… რწმენის საქმეებში არ ემსგავსეთ ლერწამს, რომელიც მუდამ ქანაობს და გადაიხრება იქითკენ, საითკენაც ქრის ქარი, არამედ ხართ მტკიცენი და ურყევნი. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო“. მისი მამობრივი ზრუნვა მრევლზე განსაკუთრებული ძალით ჩანს ამავე ქადაგებაში. ის ამბობს, რომ სანამ თავის მოვალეობას შეუდგება, სურს გაეცნოს, რა მდგომარეობაა ჩვენს ეკლესიაში. ალბათ გაგიკვირდებათ, ხომ ისედაც ცნობილია, რომ ეკლესია-მონასტრები დაქცეულია და გაპარტახებულიო. მაგრამ, ეკლესიაში გულისხმობდა თვითონ მათ და მათ გულებს. როგორც შემდეგ ამბობს, ეს ეკლესია მას ახლა უფრო მშვენიერი ეჩვენა, ვიდრე მანამდე.
კათოლიკოსი ამბროსი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.
სულ რამდენიმე ნივთი გადარჩა წმიდა პატრიარქის ცხოვრებიდან (მისი სოხუმის სახლი ამ რამდენიმე წლის წინ დაიბომბა და დაინგრა); ესენია: ჭიქები, ციხეში ნაჩუქარი წიგნის საჭრელი დანა, რამდენიმე ფოტოსურათი.
არის კიდევ სასამართლოზე წაკითხული საბოლოო სიტყვის ხელნაწერი, არაჩვეულებრივი ქადაგებები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია.
მაგრამ არსებობს ყოველივე ამაზე ბევრად უფრო ძვირფასი. ეს არის სული ადამიანისა, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი მასთან, ვისთანაც იყო ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც. ერთხელ უთქვამს: „მორწმუნე გული ყოლველთვის გრძნობს ქრისტეს სიახლოვეს და მას ატარებს თავის არსებაში“. ერთი სიტყვით, არსებობს სული ღვთისმოყვარე პატრიარქისა – ახალი წმიდანისა წმიდანთა დასში.