„მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-3 შვიდეული. ოთხშაბათი
29.04.2026. ხსნილი თევზით
ქალწულმოწამეთა: აღაპიასი, ირინესი და ქიონიასი (304); მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა: ქარიესისა, ნიკეასი, გალინასი, კალისასი, ნუნექიასი, ბასილისასი და თეოდორასი კორინთეს წამებულთა (III); მოწამისა ირინესი (III-IV).
დღის ლოცვები
ქალწულმოწამეთა: აღაპიას, ირინესი და ქიონიას კონდაკი:
იქმენ შენ მტკიცე სულითა, ირინე, და სარწმუნოებით განეწყვე, და ცხადად არცხვინე ბოროტსა, და ქრისტეს მიმართ მოუწოდე ბევრეულთა ერთა სიმრავლესა, ნეტარო, და პორფირი განცხადებული გმოსიეს, და აწ ანგელოზთა თანა იხარებ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
საქმ. 8: 18-25 (დას. 19). ინ. 6: 35-39 (დას. 21).
საქმ. 8: 18-25
18. როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ 19. და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა. 20. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი. 21. არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე. 22. მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა. 23. რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს. 24. მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე. 25. ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
ინ. 6: 35-39
35. და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს. 36. მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ. 37. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. 38. ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა. 39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ირინე (+205-304)
წმიდა მოწამე ირინე სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრობდა მკაცრი ასკეტური ღვაწლით. წარმართთა დასმენით იგი შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს, ქრისტეს უშიშრად აღიარებისთვის სასტიკად აწამეს: ამოგლიჯეს ენა, ჩაულეწეს კბილები, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 205-304 წლებში.მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)
წმიდა მოწამე ლეონიდე და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი – აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. ისინი ქრისტეს აღიარებისთვის წყალში ჩაჰყარეს დასახრჩობად, მაგრამ უფალმა სასწაულებრივად დაიცვა და განადიდა მათი სარწმუნოება: მოწამეები წყალზე სვლითა და გალობით მხნედ აკურთხებდნენ და აქებდნენ ღვთის ყოვლისშემძლეობას. ეშმაკებისაგან გონებადაბნეული ჯალათები ნავებით დაეწივნენ წმიდანებს, ყელზე ქვები გამოაბეს და ისე დაახრჩვეს.ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)
წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. ასეთი გამოცხადება ჰქონდა აკვილაში დიდმოწამე ანასტასიას (+304, ხს. 22 დეკემბერს), მან მოინახულა დები და განამტკიცა რწმენაში. მალე წინასწარმეტყველება ახდა: მღვდელი ზენონი გარდაიცვალა, დები კი შეიპყრეს და იმპერატორ დიოკლეტიანეს მიჰგვარეს.დების სილამაზით მოხიბლულმა დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ – ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზე გასცვლიან მას.
დიოკლეტიანე მაკედონიაში წავიდა და წმიდა დები თან წაიყვანა. აქ ისინი სამსჯავროზე გადასცეს ქალაქის მმართველ დულკიციუსს.
წმიდა მოწამეთა სილამაზით აღფრთოვანებული დულკიციუსი უკეთური ვნებით აღივსო. ის დებს თავისუფლების მინიჭებას დაჰპირდა იმ პირობით, თუ მის ველურ ვნებას დაემორჩილებოდნენ. დებმა უპასუხეს, რომ ისინი მზად არიან მოკვდნენ იესო ქრისტესთვის. დულკიციუსმა გადაწყვიტა, სურვილი ძალადობით აღესრულებინა. როცა დები ლოცვად დადგნენ, დულკიციუსი მიიპარა საპყრობილის კართან, მაგრამ უხილავმა ძალამ გონება აურია, გარეთ გაიჭრა და დიდხანს დარბოდა უაზროდ. დულკიციუსმა იფიქრა, დებმა მომაჯადოვესო და გადაწყვიტა, მათთვის სამაგიერო გადაეხადა.
სამსჯავროზე მმართველმა ბრძანა, წმიდა მოწამეები გაეშიშვლებინათ, მაგრამ ტანსაცმელი თითქოს სხეულზე მიეზარდათ, ჯალათებმა ვერაფრით მოაშორეს. დულკიციუსმა კი გონება დაკარგა და აზრზე მხოლოდ სახლში მოვიდა.
ყოველივე ეს შეიტყო დიოკლეტიანემ. ის გაბრაზდა დულკიციუსზე და წმიდა დები განსასჯელად გადასცა სისინს. მან დაკითხვა უმცროსი ირინედან დაიწყო. მაგრამ ვერაფერს გახდა და წმიდა მოწამე ციხეში ჩააგდო. შემდეგ წმიდა ქიონიას და აღათიას გადადრეკას შეეცადა. როცა აქაც ხელი მოეცარა, გამძვინვარებულმა წმიდანების დაწვა ბრძანა. დებმა მოწამეობრივი აღსასრულის მონიჭებისთვის უფალს მადლობა შესწირეს და ლოცვით ავიდნენ კოცონზე.
როცა ცეცხლი ჩაქრა, გამოჩნდა წმიდანთა სრულიად უვნებელი გვამები: ტანსაცმელიც კი არ დამწვარა. მოწამეებს მშვიდი და ბრწყინვალე სახეები ჰქონდათ. მეორე დღეს სისინმა წმიდა ირინეს მოყვანა ბრძანა. ის წმიდანს დების ბედის გაზიარებით აშინებდა, შემდეგ კი დაემუქრა – თუ ქრისტეს არ უარყოფ, საროსკიპოში ჩაგაგდებო. წმიდა მოწამემ უპასუხა: „დაე, ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით“.
როცა სისინის ჯარისკაცებს წმიდა ირინე საროსკიპოში მიჰყავდათ, მათ ორი ბრწყინვალე მხედარი წამოეწია და უთხრა: „სისინმა გიბრძანათ, მაღალ მთაზე აიყვანოთ ქალწული და იქ დატოვოთ, თქვენ კი მასთან დაბრუნდეთ და აუწყოთ ბრძანების შესრულება“. ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს, მაგრამ როცა ამის შესახებ სისინს აუწყეს, ის სასტიკად განრისხდა, რადგან არავითარი განკარგულება არ ჰქონდა გაცემული. ბრწყინვალე მხედრები იყვნენ უფლის ანგელოზები, რომლებმაც წმიდა ქალწული შეურაცხყოფას გადაარჩინეს. მმართველი ჯარისკაცების რაზმით წავიდა მთისკენ და ნახა მის მწვერვალზე მდგარი ქალწული. მათ დიდხანს ეძებეს მთის წვერისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ისარი ესროლა ქალწულმოწამეს. წმიდა ირინემ სისინს დაუძახა: „სასაცილოა შენი უძლური ბოროტება, მე კი უმწიკვლო მივიცვლები უფლისა ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ“, და მშვიდობით მიაბარა სული უფალს (+304).