29.09.2025. მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

29.09.2025. მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

 თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

„სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია“ ღირსი დოროთე მეუდაბნოე.

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

29.09.2025. ხსნილი

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული.

დიდმოწამისა ევფემია ყოვლადქებულისა, ქალკედონელისა (304); მოწამეთა ძმათა, ისააკ და იოსებ, კარნუ-ქალაქში წამებულთა (808); მოწამისა სევასტიანესი (86-96); მოწამისა მელიტინისა (138-161); მოწამეთა ვიქტორისა და სოსთენისა (304); ღირსისა დოროთე მეგვიპტელ მეუდაბნოისა (IV); მოწამისა ლუდმილა ჩეხთა დედოფლისა (927).

დღის ლოცვები

მოწამეთა ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა კონდაკი:

ანგელოზთა მწყობრსა თანა შეერთებულ გყვნა, მოწამენო, უარის ყოფამან ხორცთამან და გონებისა სამთავროსა უბიწოდ დაუმონებელ დაცვამან, რომლისთვის, ყოვლადმხნეო ისააკ, იოსების თანა უძლეველისა, ნუ დასცხრებით ოხად შემსხმელთა თქუენთა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ეფ. 1: 22 – 2: 3 (დას. 219). ლკ. 3: 19-22 (დას. 10).
დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

ლიტ.: ეფ. 1: 22 – 2: 3 

22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.

1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, 2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის – იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; 3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;

ლიტ.: ლკ. 3: 19-22 

19. ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა, 20. ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე. 21. როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა. 22. გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 

1. ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან. 2. რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? 3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. 5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. 6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. 7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. 8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. 9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში. 10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.

დიდმოწ.: ლკ. 7: 36-50 

36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. 37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; 38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. 39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. 40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! 41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი; 42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი? 43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. 44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. 45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. 46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი. 47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული. 48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. 49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? 50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი დაუნდობლად გვემეს და კოცონზე შეაგდეს, მაგრამ მისი ლოცვით ცეცხლი ჩაქრა. შემდეგ სებასტიანა ქალაქ ჰერაკლიაში გაგზავნეს, ხელმეორედ გაასამართლეს და მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, უფალმა კი კვლავ დაიცვა თავისი რჩეული – მას ნადირები არც გაჰკარებიან. ბოლოს, მმართველის ბრძანებით, სებასტიანას თავი მოჰკვეთეს.
წმიდანის ზღვაში ჩაგდებული სხეული ანგელოზებმა კუნძულ როდოსზე გადააბრძანეს (თრაკიაში, მარმარილოს ზღვაში).
წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო და დაუცხრომელი მოშურნეობისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის – ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა. მაკედონიელმა აკაკიმ, რომელიც სამშობლოში მიემგზავრებოდა, კრძალვით წაასვენა მარტვილის ცხედარი – სურდა, მაკედონიაში დაეკრძალა იგი, მაგრამ გზაში დასნეულდა და გარდაიცვალა. ხომალდი კუნძულ ლემნოსთან გაჩერდა. წმიდა მელიტინა აქ მიაბარეს მიწას. მის გვერდით დაფლეს აკაკიც.
წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების – სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.
ქალკედონის მმართველმა, პისკოსმა ბრძანება გასცა, მთელი ქალაქისა და მისი შემოგარენის მკვიდრნი არესის კერპის თაყვანსაცემად გამოცხადებულიყვნენ, ურჩებს ტანჯვითა და სიკვდილით დაემუქრა. კერპთაყვანისცემას განრიდებული ორმოცდაცხრა ქრისტიანი ერთ სახლში შეიკრიბა და უსისხლო მსხვერპლს სწირავდა უფალს. „ჴორცთა სიკეთითა და სათნოებათა შუენიერებითა, ჰასაკისა ყუავილითა და ტომთა საჩინოებითა შორის მათსა ბრწყინვალეთა ვარსკულავთაებრ ბრწყინვიდა“ ქალწული ეფემია. მალე მართლმორწმუნეთა ადგილსამყოფელი გაცხადდა. ისინი შეიპყრეს და პრისკოსს მიჰგვარეს. ქალაქის თავი ჯერ პირფერობით ეცადა აღმსარებელთა გადაბირებას, შემდეგ, ცხრამეტი დღის მანძილზე, საშინელი სატანჯველებით აწამა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, უღონოქმნილმა, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) სამსჯავროზე გაგზავნა მარტვილები, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ეფემია კი თავისთან დატოვა: იმედოვნებდა, რომ, მარტო დარჩენილს, ადვილად დაიმორჩილებდა.
კრებულს მოწყვეტილი ქალწული მხურვალედ ევედრებოდა უფალს წინამდებარე ღვაწლში განმტკიცებას.
ჯალათებმა მახვილებჩამაგრებულ ბორბალზე დააკრეს ქრისტეს ტარიგი. მისი ტრიალის დროს მოწამის სხეული იკვეთებოდა და ხორცის ნაგლეჯები ცვიოდა ირგვლივ. ნეტარი ხმამაღლა ლოცულობდა. და აი, უეცრად ბორბალი თავისით გაჩერდა და უღმრთოებმა ვერაფრით მოახერხეს მისი ამოძრავება. ზეცით გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა გაათავისუფლა ეფემია და წყლულებათაგან განკურნა. გახარებულმა წმიდანმა მადლი შესწირა უფალს.
მმართველს მომხდარი სასწაული არ ეყო გონს მოსაყვანად და მხედრებს, ვიქტორსა და სოსთენს მარტვილის გახურებულ ღუმელში ჩაგდება უბრძანა; მაგრამ მათ „სასტიკებითა და კსინვით“ მხედველი ანგელოზები იხილეს, უარი განაცხადეს განკარგულების შესრულებაზე და ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ეფემიას ღმერთი. აღმსარებლები მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. სიკვდილის პირისპირ მდგომი ვიქტორი და სოსთენი მხურვალედ ევედრებოდნენ მრავალმოწყალე უფალს ცათა სასუფევლის მომადლებას. გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა და მონანულთა სულები მშვიდობით შეერთვნენ მარადისობას (+დაახლ. 304). მხეცები მათ სხეულებს არც გაკარებიან.
წმიდა ეფემია სხვა მეომრებმა ქურაში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ღვთის შემწეობით მან კიდევ მრავალ სატანჯველს დააღწია თავი უვნებლად, რასაც მმართველი მარტვილის ჯადოსნობით ხსნიდა. ბოლოს გადაწყვიტეს, უფლის რჩეული ცირკში მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. განაჩენის აღსრულების წინ წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, გაეყვანა ამსოფლიდან. ოთხი ლომი და სამი დათვი მიუშვეს მასზე, მაგრამ ნადირები თვინიერად, კრძალვით მიეახლნენ ნეტარს და „კაცობრივ კუალთა მისთა ამბორს-უყოფდეს“. მხოლოდ ერთმა დათვმა უკბინა მას ფეხზე, მცირე წყლული დააჩნია და ეფემიამ სული განუტევა. ზეგარდმო გაისმა: „აღმორბიოდე, გჳრგჳნთმომცემელისა მიმართ, კეთილისა ღუაწლისა მოღუაწე, და აწღა სრბისა აღმასრულებელმან მიიღო ღუაწლთა შენთა მისაგებელი“. უეცრად საშინლად შეირყა მიწა. დამფრთხალი მცველები და მოსეირეები დაიფანტნენ, მშობლებმა აღიღეს ძლევაშემოსილი მარტვილის წმიდა ცხედარი და ქალკედონის მახლობლად პატივით დაფლეს.
შემდგომში დიდმოწამე ეფემიას საფლავზე დიდებული ტაძარი ააგეს. ამ ტაძარში 451 წელს მიმდინარეობდა IV მსოფლიო კრების სხდომები, რომლის დროსაც უფლის წმიდა სათნომყოფელმა საკვირველად დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება და ბოლო მოუღო მონოფიზიტთა მძვინვარებას (ამ სასწაულის შესახებ დაწვრილებით 11 ივლისის საკითხავშია მოთხრობილი).
სპარსელების მიერ ქალკედონის აღების შემდეგ, 620 წელს წმიდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის ბატონობის დროს ლუსკუმა ამ სიწმიდითურთ ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა მეზღვაურებმა იგი ნავზე ამოაბრძანეს. მოგვიანებით წმიდა ნაწილები კუნძულ ლემნოსზე მოხვდა, 796 წელს კი კვლავ კონსტანტინოპოლს დაუბრუნდა.
ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოსაგრეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. სიჭაბუკეში ღირსი მამის მოწაფე იყო ცნობილი „ლავსაიკონის“ ავტორი, ჰელენოპოლელი ეპისკოპოსი პალადიუსი, რომელმაც შემოგვინახა მოგონებები წმიდანის შესახებ. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ღირსი დოროთეს საზრდელი იყო პური და უდაბნოს მწირი მცენარეულობა. იგი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა. დასაძინებლად წმიდანი არასოდეს წვებოდა: ზოგჯერ თუ ჩათვლემდა საზრდელის მიღების ან მუშაობის დროს. ერთხელ ღირსმა მამამ მოწაფე წყლის მოსატანად გაგზავნა, ეს უკანასკნელი კი ცარიელი ჭურჭლით დაბრუნდა და თქვა, ჭაში გველი ვნახე – წყალი მოწამლულიაო. მაშინ დოროთე თვითონ წავიდა ჯურღმულთან, ჯვარი გადასახა, დალია და თქვა: „სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია“. ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).
წმიდა მოწამენი ისააკ და იოსებ ქართველნი, კარნუ-ქალაქში წამებულნი (+808)
წმინდა მოწამენი ქართველნი ისააკ და იოსებ, კარნუ-ქალაქში წამებულნი-ხსენება 16 (29) სექტემბერს
ჩეხეთის მთავარი, წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს). გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ჭეშმარიტების ნათლით ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი ადრე, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე – ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927). წმიდა მოწამის, ლუდმილას საფლავთან მრავალი კურნება აღესრულებოდა. მოგვიანებით მთავარმა ვიაჩესლავმა დიდედის ნეშტი პრაღაში გადაასვენა და წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დააბრძანა.
ღირსი პროკოპი ბოჰემიაში, სოფელ ხოტუნში დაიბადა. მღვდელმთავრის ხარისხში მყოფმა წმიდანმა ბევრი იღვაწა ჩეხეთში ქრისტიანობის გასავრცელებლად. მდინარე საზავზე ნეტარმა წმიდა იოანე წინასწარმეტყველის სახელობის სავანე დააარსა, სადაც 1053 წელს გარდაიცვალა.