3.05.2026. აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირიაკე. ხმა III

3.05.2026. აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირიაკე. ხმა III

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. ღირსი ისააკ ასური.     

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირიაკე. ხმა III
3.05.2026. ხსნილი

მართლისა ტაბითასი (I); ღირსისა თეოდორე ტრიქინასი (IX); მოციქულისა 70-თაგანისა ზაქე მეზვერისა (I); გრიგოლისა (593) და ანასტასი სინელისა (599), ანტიოქიელ პატრიარქთა; ღირსისა ანასტასისა, სინას მთის იღუმენისა (685).

დღის ლოცვები
ღირსი თეოდორე ტრიქინას კონდაკი:
გამოსჩნდი ყოვლადსაკვირველად ცხორებითა, თეოდორე ბრძენო მამაო, და ძაძისა იგი კუართი უფროის ქუეყანისა მეფეთა საუნჯეთა შერაცხე შენ; ამისთვისცა მოიხვენ უხრწნელნი იგი ზეცისა სამოსელნი და მარადის ევედრები ღმერთსა, ღირსო, ჩუენ ყოველთათვის.
განრღვეულის კვირა
 
ტროპარი: იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავთა თვისითა უფალმან, დასრთგუნა სიკუდილითა სიკუდილი და პირმშო ექმნა შესვენებულთა, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიხსნა ჩუენ, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
 
კონდაკი: სული ჩემი, მეუფეო, ყოველთა ცოდვათა მიერ და უჯეროტა ვნებათაგან განრღვეული აღადგინე საღმრთოთა შუამდგომელობითა შენითა, ვითარცა ოდემე განრღვეული იგი, რაითა მეც ღაღად-ვყო ცხოვნებულმან: ქრისტე მრავალწმოყალე, დიდებაი სიმტკიცესა შენსა.
 
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 
დღის საკითხავები
 

ცისკ.: სახ. მე-4, ლკ. 24: 1-12. (დას. 112).
ლიტ.: საქმ. 9: 32-42 (დას. 23). ინ. 5: 1-15 (დას. 14).

ცისკ.: ლკ. 24: 1-12 

1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან. 2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ. 3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. 4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი. 5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? 6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: 7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს. 8. და გაახსენდათ მისი სიტყვები. 9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც. 10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს. 11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ. 12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.

ლიტ.: საქმ. 9: 32-42 

32.  მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში. 33. და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე. 34. უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა. 35. მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა. 36. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა. 37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს. 38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან. 39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო. 40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. 41. ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი. 42. ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.

ლიტ.: ინ. 5: 1-15 

1. შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს. 2. ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა. 3. იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას. 4. ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა. 5. იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით. 6. როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო? 7. ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას. 8. და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი. 9. მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. 10. ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი. 11. მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი. 12. ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო? 13. მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა. 14. ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს. 15. მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                                   (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
წმიდა ანასტასი I სინაელი, ანტიოქიის პატრიარქი სინას მთაზე მოღვაწეობდა და ამის გამო იწოდება სინაელად. იგი პატრიარქის ტახტზე ავიდა 562 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს.
იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა მონოფიზიტთა ერესი. წმიდა ანასტასიმ გაილაშქრა მწვალებელთა წინააღმდეგ; ეპისტოლეები გაუგზავნა ეკლესიებს, თვითონაც ყოველდღიურად უმარტავდა ხალხს სწავლებას იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. ერესით დაბნეული მრევლი სასოებით უგდებდა ყურს პატრიარქის სიტყვებს.
იუსტინიანეს უნდოდა წმიდა ანასტასი პატრიარქის ტახტიდან ჩამოეგდო, მაგრამ მოულოდნელად მძიმედ დაავადდა. სიკვდილის წინ მან შეინანა თავისი ცთომილება და შექმნა საოცარი ლოცვა: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება“, რომელიც საღვთო ლიტურღიაზე იგალობება. მასში გამოხატულია მართლმადიდებლური სწავლება იესო ქრისტეს ორ ბუნებაზე.
იუსტინიანეს შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი იუსტინე უმცროსი (565-578), რომელმაც დევნა დაუწყო წმიდა ანასტასის და 572 წელს გადაასახლა კიდეც. 593 წელს პატრიარქი დაბრუნდა გადასახლებიდან და კვლავ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა. იგი 6 წელი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მეშვიდე წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+21 აპრილი, 599 წ.).
გადასახლებაში ანატასიმ დაწერა რამდენიმე დოგმატური და სამოძღვრო თხზულება და ბერძნულად თარგმნა წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის (+604; ხს. 12 მარტს) „სამოძღვრო მსახურებისათვის“.
წმიდა ანასტასი II ანტიოქიის პატრიარქის ტახტზე ავიდა წმიდა ანასტასი I სინაელის შემდეგ. ის 10 წლის განმავლობაში მეთაურობდა ანტიოქიის ეკლესიის ცხოვრებას. როცა იმპერატორმა ფოკამ წმიდა ანასტასის გავლენით (602-610) გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს წმიდა ნათლისღება მიეღო, ქრისტეს მოძულე იუდეველები გულისწყრომით აღივსნენ და წმიდა პატრიარქი სიცოცხლეს გამოასალმეს (609 წელს).
წმიდა გრიგოლი (+593)
წმიდა გრიგოლი, ანტიოქიის პატრიარქი (+593) სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტრის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა.
ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს.
ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე (+593) ღირსეულად ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.
ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695)
ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695) დაიბადა VI საუკუნის ბოლოს, მიიღო ბრწყინვალე საერო განათლება, რომელიც ღვთისმეტყველების შესწავლით დაასრულა.
ღირსი ანასტასი სიყრმეში აღიკვეცა ბერად, შემდგომ იერუსალიმს გაემგზავრა და სინას მთაზე დაეყუდა. ამ დროს სინას მთის იღუმენი იყო ღირსი იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს), რომელსაც შეენაცვლა მისი ძმა, გიორგი. გიორგის შემდეგ საძმოზე ზრუნვა ღირს ანასტასის დაევალა.
ნეტარმა მამამ დიდი ღვაწლი გასწია აკათელიტების ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც IV მსოფლიო კრების (451) მიერ დადგენილ ქრისტეს ორ ბუნებრიობას უარყოფდა. მართლმადიდებლობის ქადაგებით ღირსმა ანასტასიმ მოიარა ეგვიპტე, არაბეთი, სირია. მონოფიზიტებთან საბრძოლველად მან თავის მოწაფეებს დაუტოვა კითხვა-მიგების ფორმის, 24 თავისაგან შემდგარი სახელმძღვანელო სახელწოდებით – „გზამკვლევი“. ღირსი ანასტასი პაექრობდა ებრაელებთანაც. ჩვენამდე მოაღწია წმიდა მამის თხზულებამ „თარგმანებანი ექვსთა დღეთა“ (12 წიგნი), სიტყვებმა, სწავლებებმა, წმიდანთა ცხოვრებებმა და საღვთო წერილის ადგილთა განმარტებებმა.
ღირსი ანასტასი სინაელი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (+დაახლ. 695).
წმიდა თეოდორე ტრიხინი
ღირსი თეოდორე ტრიხინი დაიბადა კონსტანტინეპოლში, მდიდარ ოჯახში. სიყრმეშივე წავიდა თრაკიის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა. ღირსი მამა მკაცრი მმარხველი იყო, ზამთარ-ზაფხულ უხეში ძაძით დადიოდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს. სიკვდილის შემდეგ მისი წმიდა ნაწილებიდან გადმოდინდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.
ღირსი თეოდორეს ცხოვრების წლები ცნობილი არ არის.