3.06.2026. I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

3.06.2026. I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

I შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი.

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული. მოციქულთა სწორთა: კონსტანტინე მეფისა (337) და დედისა მისისა ელენე დედოფლისა (327); კრება ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა.

დღის ლოცვები

მოქიცულთა სწორთა: კონსტანტინე მეფის და დედისა მისისა ელენე დედოფლის

ტროპარი: ჯუარისა შენისა სახე ცათა შინა იხილა და ვითარცა პავლე, წოდებაი არა კაცთაგან მიიღო, რომელი იგი მეფეთა შორის მოციქულად შენდა გამოჩნდა, უფალო, და სამეუფო ქალაქი ხელთა შენთა შეგვედრა, რომელი აცხოვნებ მარადის მშვიდობით, მეოხებითა ღმრთისმშობელისაითა შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: კონსტანტინე დღეს დედისა თვისისა თანა ელენესა პატიოსანი ძელი გამოაჩინეს ყოველთა იუდიანთა მარცხვენელად, ხოლო საჭურველად მტერთა ზედა მორწმუნეთა და ჩუენდა გამოსჩნდა სასწაული დიდი, და ბრძოლათა შინა სიქადული.

მცხეთის ჯვრის დღესასწაული

ტროპარი: ღმრთისმსახურისა მეფესა, მირულებულსა თუალთა წინაშე მარტოდ იჩუენა სახე ჯუარისა, ხოლო აქა, წმიდასა ქალაქსა, განცხადებულად ყოველსა სიმრავლესა ერისასა გამოუბრწყინდა ნათლითა შემკული პატიოსანი ჯუარი, რომელთა იხილეს და რწმენა, თაყუანისცეს და დიდებასა მისცემდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: საკვირველთმოქმედო ღმერთო, დიდებაი შენდა.

ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:

ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა იჴსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იჴსნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

მწუხრად: მოციქულთა სწორთა: 1) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30. 2) ეს. 61: 10-11; 62: 1-5. 3) ეს. 60: 1-16.
ცისკ.: 
ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.:
 რომ. 1: 18-27 (დას. 80). მთ. 5: 20-26 (დას. 12).

მოციქულთა სწორთა – საქმ. 26: 1-5, 12-20 (დას. 49). ინ. 19: 1-9 (დას. 35, შუა).

მწუხრად: მოციქულთა სწორთა: 1) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30. 2) ეს. 61: 10-11; 62: 1-5. 3) ეს. 60: 1-16.

1) 3 მეფ. 8: 22-23, 27-30 

22. დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით, და ცისკენ აღაპყრო ხელები. 23. თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე! შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. 

27. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? 28. მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი. 29. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი. 30. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.

2) ეს. 61: 10-11; 62: 1-5 

10. ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით. 11. რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე. 

1. სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა. 2. დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს – და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ. 3. იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში. 4. აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას – დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება. 5. როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.

3) ეს. 60: 1-16 

1. აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე. 2. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი – ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. 3. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე. 4. ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ. 5. მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა. 6. უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ. 7. კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ. 8. ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ? 9. რადგან მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ. 10. ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ. 11. მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ. 12. რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან. 13. ლიბანის დიდება შენთან მოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა – ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო. 14. ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა. 15. ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში. 16. ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.

ცისკ.: ინ. 10: 9-16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

ლიტ.: რომ. 1: 18-27 

18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. 19. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. 20. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. 21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; 22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; 23. და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, 24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; 25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. 26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. 27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.

ლიტ.: მთ. 5: 20-26 

20. რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. 21. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა კაც ჰკლა; ხოლო ვინც მოჰკლავს სამართალში უნდა მიეცეს. 22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს. 23. ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, 24. დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი. 25. დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა – მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში. 26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ კოდრანტს.

მოციქულთა სწორთა – საქმ. 26: 1-5, 12-20 

1. აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: 2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი. 3. მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო. 4. სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა. 5. იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი. 

12. სწორედ ამ მიზნით დამასკოს მიმავალმა მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და ბრძანებით, 13. შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც. 14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 15. მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. 16. მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, 17. რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ, 18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან – სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის. 19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას, 20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.

მოციქულთა სწორთა – ინ. 19: 1-9 

1. მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა. 2. ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი. 3. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო: და სახეში ურტყამდნენ მას. 4. კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 5. მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი; 6. ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 7. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი. 8. ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა. 9. ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327)
წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327). კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი კონსტანტინე დიდი ეწოდა. იმ დროს რომის იმპერია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა – წმიდა ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე სხვა ხელისუფალნი: დიოკლეტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევრებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.
წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.
ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.
ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.
ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.