გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
მე-8 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII
წინასწარმეტყველისა ეზეკიელისა (VI ს. ქრ. შ-მდე); ღირსთა სვიმეონისა, ქრისტესათვის სალოსისა და იოანესი, თანამმარხველისა მისისა (დაახლ. 590).
დღის ლოცვები
წინაისწარმეტყუელად ღმრთისა გამოსჩნდი შენ, ეზეკიელ საკვირველო, და უფლისა განხორციელებაი უმეტესად ყოველთასა მოგვითხრენ, ვითარმედ ესე კრავი და დამბადებელი ყოველთა საუკუნეთა ძე ღმრთისა გამოსჩნდეს.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: 1 კორ. 1: 10-18 (დას. 124). მთ.14: 14-22 (დას. 58).
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
ლიტ.: 1 კორ. 1: 10-18
10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. 11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის. 12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. 13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? 14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა. 15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. 16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. 17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი. 18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
ლიტ.: მთ.14: 14-22
14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი. 15. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად. 16. მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. 17. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა? 18. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ. 19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. 20. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი. 21. ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. 22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წინასწარმეტყველი ეზეკიელი (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე)

ეზეკიელმა ბაბილონელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისთვის სასჯელად დაატყდებოდა მათ თავს; უწინასწარმეტყველა უმჯობესი ჟამის დადგომაც – ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა… წინასწარმეტყველის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგს მის მიერ დაწერილი, ორმოცდარვა თავისაგან შემდგარი წიგნი წარმოადგენს, რომელსაც ნეტარი იერონიმე ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს უწოდებს.
წმიდა წინასწარმეტყველ ეზეკიელს სასწაულქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მისი ლოცვით მდინარე ქობარი გაიპო და ქალდეველთაგან დევნილი ებრაელები მეორე ნაპირზე მშვიდობით გავიდნენ; შიმშილობის დროს დამშეულებს საზრდელი გაუმრავლდათ…
ნეტარი ეზეკიელი მოწამეობრივად აღესრულა: ერთ-ერთი ებრაელი მთავრის მხილებისათვის იგი გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველის წმიდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.
ღირსი სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი და იოანე, თანამმარხველი მისი (+დაახლ. 590)

ღირსი იოანე დიდად აფასებდა სულიერ ძმას: თუ მასთან უდაბნოში ემესის მკვიდრთაგან ჩავიდოდა ვინმე რჩევა-დარიგების სათხოვნელად, მეუდაბნოე მას სალოს სვიმეონთან გზავნიდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე სვიმეონი ქალაქიდან გაუჩინარდა. ედესელმა მდაბიოებმა, რომლებიც მეგობრობდნენ წმიდანთან, ქოხში მიაკითხეს მას და იქვე ნახეს აღსრულებული. სწორედ მათ მიაგეს უკანასკნელი პატივი უფლის სათნომყოფელს: საეკლესიო გალობის გარეშე წაასვენეს იგი მწირთა და უსახლკაროთა სასაფლაოზე და მიაბარეს მიწას. როცა ნეტარის ცხედარს მიასვენებდნენ, ქალაქის ზოგ მკვიდრს საკვირველი, არაამქვეყნიურად ტკბილი გალობა ესმოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა იგი. მალე უდაბნოში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს ღირსმა იოანემაც.
