4.08.2025. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

4.08.2025. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

მენელსაცხებლისა და მოციქულთა სწორისა მარიამ მაგდალელისა (I); მღვდელმოწამისა ფოკასი (აღმოყ. წმ. ნაწ.) (403-404).

დღის ლოცვები

მოციქულთა სწორის, მენელსაცხებლის მარიამ მაგდალელის

ტროპარი: ქრისტესა ჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, სანატრელო მარიამ მაგდალელო, რომლისა სჯული და მცნებაი დაიმარხენ; ამისთვისცა წმიდასა ხსენებასა შენსა სიხარულით ვდღესასწაულობთ მორწმუნენი და წადიერად გაქებთ და გიგალობთ.

კონდაკი: ჰსდეგ რა წინაშე ყოვლადდიდებულისა მაცხოვრისა ჯუარისა სხუათა მათ მრავალთა თანა და დედისა თანა უფლისა, შენცა მწუხარებით მტკივნეული სცრემლეოდი და ქებასა ამას შესწირავდი, მეტყუელი: რა არს უცხო ესე და საკვირველი, ვითარ მპყრობელმან ყოვლისა დაბადებულისამან, ვნება თავს-იდევ, დიდებაი ძლიერებასა შენსა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ. 11: 31 – 12: 6 (დას. 150). მთ. 18: 1-11 (დას. 74).
მოც.სწ.: 1 კორ. 9: 2-12 (დას. 141). ლკ. 8: 1-3 (დას. 34). 

ლიტ.: 1 კორ. 11: 31 – 12: 6 

31. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი. 32. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ. 33. ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ. 34. ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ. 

1. რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ. 2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თითქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით. 3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით. 4. ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. 5. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. 6. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.

ლიტ.: მთ. 18: 1-11 

1. იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში? 2. იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა 3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. 4. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში. 5. და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს. 6. ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. 7. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური. 8. თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. 9. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში. 10. ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. 11. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.

მოც.სწ.: 1 კორ. 9: 2-12 

2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. 3. აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე. 4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? 5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? 6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა? 7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? 8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც? 9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? 10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. 11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან? 12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.

მოც.სწ.: ლკ. 8: 1-3 

1. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმრთის სასუფეველს, და იყვნენ მასთან თორმეტნი. 2. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც გამოსულიყო შვიდი ეშმაკი, 3. იოანა, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას. 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                                              (1 ინ. 3: 14) 
წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა (ლკ. 8.2; მკ. 16.9). მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს, „ეტყებდეს და სტიროდეს მას“ (ლკ. 23; 27). მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას – ჯვარცმულსა და დამცირებულს – ყველა მოწაფე შემოეფანტა. მახარებლები ჯვართან მდგომარეთა შორის ასახელებენ აგრეთვე მარიამს – მოციქულ იაკობ მცირის დედას, სალომეას და სხვა ქალებს, რომლებიც გალილეაში დაემოწაფნენ ქრისტეს, მაგრამ ყველანი პირველად მარიამ მაგდალინელს იხსენიებენ (მთ. 27;55-56; მკ. 15;40-41; ლკ. 23; 49; ინ. 19; 25). ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი მაცხოვრის თანმხლებ დედებს შორის. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი სხვა დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. მარიამმა აქაც გაუსწრო ყველას. ჯერ კიდევ „ვიდრე ბნელღა იყო“, მიეახლა აკლდამას და ჰპოვა „ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან“; გაოცებულმა და შეშინებულმა, სირბილით მიმართა იესოს ორ უახლოეს მოწაფეს – სიმონ-პეტრესა და იოანეს და მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარება ამცნო. მოციქულებმა ისწრაფეს საფლავისკენ, იხილეს „ტილონი იგი მდებარენი და სუდარი იგი… თჳსაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა“, შეძრწუნდნენ და განერიდნენ იქაურობას, მარიამი კი „დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“. აცრემლებულმა კიდევ ერთხელ შეიხედა გამოქვაბულში – სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად ცარიელი იყო და აი, მაშინ უფალმა სულიერი თვალები აუხილა ნეტარს – მან „იხილა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი“. მათ კითხვაზე: „დედაკაცო, რასა სტირ?“ მარიამმა იმავე სიტყვებით უპასუხა, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ პეტრეს და იოანეს მიმართა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. შემდეგ შებრუნდა და, „იხილა იესუ მდგომარე“, მაგრამ ვერ იცნო – მებაღე ეგონა და თხოვნით მიმართა: „უფალო, უკუეთუ შენ აღიღე იგი, მითხარ მე, სადა დასდევ, და მე წარმოვიღო იგი“. მაცხოვარმა დამწუხრებულ ქალს დაუძახა: „მარიამ!“ იცნო მარიამმა მოძღვრის უტკბესი ხმა, აღტაცებით შესძახა: „რაბბუნი!“ (მოძღვარო!) „და მირბიოდა შემთხუევად მისა“; მაგრამ ქრისტემ უთხრა: „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“.
სიხარულით გაოგნებული და აღფრთოვანებული მარიამი გონს მოეგო, კვლავ გაიქცა მოციქულებისკენ, „რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს“ და ახარა, „რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა“ უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად: მოციქულებს მთელი სამყაროსთვის უნდა ეხარებინათ, მან კი თავად მოციქულებს ახარა…
წმიდა წერილი არაფერს მოგვითხრობს მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზე ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მაგრამ უეჭველია, რომ ის, ვინც ჯვარცმის უმძიმეს ჟამს მაცხოვრის ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა, აღდგომიდან ამაღლებამდეც მის გვერდით იქნებოდა.
წმიდა გადმოცემა მოგვითხრობს, რომ, როცა სულიწმიდის მადლით აღვსილმა მოციქულებმა დატოვეს იერუსალიმი და ქვეყნის სხვადასხვა კიდეს მიაშურეს საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან მთელი იტალია მოიარა სახარების ქადაგებით, ტიბერიუს კეისრის (14-37) კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა. სწორედ მარიამ მაგდალინელისგან მომდინარეობს აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხების მირთმევის ტრადიცია. წმიდა მენელსაცხებლე დედა განაგრძობდა თავის მოციქულებრივ ღვაწლს იტალიასა და ქალაქ რომში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ მას გულისხმობს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერს: „კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელ-იგი ფრიად დაშურა ჩუენდა მომართ“ (16;6).
წმიდა მარიამმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში გადაასვენეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს ეს სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული. 
მღვდელმოწამე ფოკა შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში დაიბადა. იგი ჯერ მენავე იყო, შემდეგ კი – ქალაქ სინოპის ეპისკოპოსი. იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ქალაქის თავმა შეიპყრო წმიდა მღვდელმთავარი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. ქრისტეს მხნე აღმსარებელი მრავალგვარი წამების შემდეგ გახურებულ აბანოში შეაგდეს, სადაც ტანჯვით აღმოხდა სული (+117).
403-404 წლებში მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები სინოპიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ამ მოვლენას ზეიმობს ეკლესია 22 ივლისს (წმიდანის ხსენება აღინიშნება 22 სექტემბერსაც).