30.06.2026. მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

30.06.2026. მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირს. ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

30.06.2026. ხსნილი თევზით 

მოწამისა შალვა ახალციხელისა (1227); მოწამეთა: მანოელისა, საბელისა და ისმაილისა (362).

დღის ლოცვები 

წმინდა შალვა ახალციხელის

ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო შალვა ახალციხელმან ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო შალვა ახალციხელო, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მოწამეთა: მანუელისა, საბელისა და ისმაილის კონდაკი:

სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

რომ. 14: 9 -18 (დას. 114). მთ. 12: 14-16, 22-30 (დას. 46). 

რომ. 14: 9 -18 

9. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც. 10. შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე. 11. ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“. 12. ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. 13. მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური. 14. ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას. 15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. 16. ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე. 17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში. 18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.

მთ. 12: 14-16, 22-30 

14. ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. 15. მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა. 16. და უბრძანა მათ, არ გამთქვათო.

22. მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა. 23. უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო? 24. ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო. 25. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. 26. თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო? 27. და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. 28. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს. 29. ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას. 30. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი (+362)
წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი სპარსელ დიდგვაროვანთა წრეს მიეკუთვნებოდნენ. წარმართი მამისგან განსხვავებით, მათი დედა კეთილმსახური ქრისტიანი იყო. მან მონათლა და მაცხოვრის მხურვალე სასოებით აღზარდა შვილები. როცა დავაჟკაცდნენ, ძმები სამხედრო სამსახურში ჩადგნენ. სპარსეთის მეფემ, ალამუნდარმა იმპერატორ იულიანე განდგომილთან (361-363) საზავო ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა ისინი. იულიანემ შესაფერისი პატივით მიიღო ელჩები, მაგრამ როცა მათ წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, განრისხებულმა თვითმპყრობელმა დაარღვია კანონი და უცხო ქვეყნის დესპანები ავაზაკებივით საპყრობილეში ჩაყარა. დაკითხვაზე იულიანემ ძმებს უთხრა, თუ თქვენ წარმართული ღვთაებები გძულთ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანხმობის მიღწევა შეუძლებელიაო. წმიდანებმა უპასუხეს, რომ ისინი მეფემ სახელმწიფო დავალებით გამოგზავნა და არა ღმერთებზე სასაუბროდ. როცა ელჩების რწმენის სიმტკიცე იხილა, იმპერატორმა მათი სასტიკი წამების განკარგულება გასცა. ბოლოს, ქრისტეს ტარიგებს თავები მოჰკვეთეს. იულიანემ ბრძანა, დაეწვათ მათი ნეშტი, მაგრამ უეცრად ქვეყანა შეირყა, მიწა დასკდა და წმიდა ცხედრები თან ჩაიტანა. ორი დღის შემდეგ ქრისტიანთა გულმხურვალე ლოცვით დედამიწამ უკან გამოაბრუნა ნეტარი ძმების სხეულები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მანუელის, საბაილისა და ისმაილის უხრწნელი ნაწილები. ეს მოხდა 362 წელს. ამ დროიდან მოყოლებული მათ საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
როცა მეფე ალამუნდარმა შეიტყო, რომ იულიანემ მისი ელჩები დახოცა, ახლა კი სპარსეთთან საომრად მოეშურებოდა, აღდგა ქვეყნის დასაცავად – ცხარე ბრძოლა ბერძნების დამარცხებით დამთავრდა. სისხლისღვრას თავად უსჯულო იმპერატორიც შეეწირა – იგი დიდმოწამე მერკურის (ხს. 24 ნოემბერს) მახვილით განიგმირა.
30 წლის შემდეგ კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (+395) კონსტანტინეპოლში წმიდა მოწამეების მანუელის, საბაილისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო, კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა გერმანემ კი, მაშინ მღვდელ-მონაზონმა (ხს. 12 მაისს), მარტვილთა სადიდებელი კანონიც შექმნა. 
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი (+1227)

 

შავლეგ შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო,
ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო,
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო,
მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო,
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი წმიდა თამარ მეფის

(ხს. 1 მაისს) მხედრობაში გამორჩეული მეომარი იყო. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ
მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.

უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა.
მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას
მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.

წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში
დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს
მთავრად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაუდგინა.

სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ.
მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და
ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა
გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს,
თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება
შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი
შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, – წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები,
ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე
ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.

გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო
ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო „დიდ ნიჭსაც“
დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.

„ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაჲ შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი
ეგე არად საჴმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მჴედრად
ქრისტესა“, – მხნედ უპასუხა წმიდანმა.

დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი უსჯულებისკენ მიედრიკა ზნესრული რაინდი და, როცა
ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წამების ჟამს შალვა სიხარულით
ამბობდა: „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცათა ძუელსა კაცსა
აღიძარცჳ და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები… დავითმინოთ, შალვა,
სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც „ერთგზის წინა-უძს ყოველსა კაცსა“.

მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც
„აღასრულა ჰსრბაჲ მარტჳლებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან
მისმან, მისცუალა თჳსთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა, მჴედარი თჳსი,
გვირგვინოსანი გჳრგჳნითა სიმართლისათა“ (+1227).