31.07.2025. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

31.07.2025. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ღირსმოწამისა კოზმან ზუცესმონაზონისა, მწიგნობართუხუცესისა (1630); მოწამისა ემელიანესი (363); მოწამისა იაკინთე ამასტრიდელისა (IV ); ღირსისა პამბო მეუდაბნოისა, ნიტრიელისა (IV); მოწამისა ათანასე კულიზმელისა (305-311); ბეთლემის გზასა რაქელის საფლავსა ზედა ხსენება მისი.

დღის ლოცვები

მოწამე ემილიანეს კონდაკი:
საღმრთოთა შურითა აღტყინებული ცეცხლის მსახურთა არა შეუშინდი, არამედ აღხედ უშიშითა გონებითა მას ზედა და იქმენ ყოვლადდასაწველად, და ვითარცა მსხვერპლი მეუფისა შეიწირე, მოწამეო დიდებულო ემილიანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ. 10: 28 – 11: 7 (დას. 147). მთ. 16: 24-28 (დას. 69).
ღირსმოწამე კოზმანის საკითხავები საზიაროთაგან.

ლიტ.: 1 კორ. 10: 28 – 11: 7 

28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით? 30. თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ? 31. ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. 32. ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას. 33. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ. 

1. მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს. 2. იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. 3. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი – კაცი, ხოლო ქრისტეს თავი – ღმერთი. 4. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს. 5. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. 6. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს. 7. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.

ლიტ.: მთ. 16: 24-28 

24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. 25. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 26. რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 27. რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს. 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 
                                                                                             (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV სს.) წმიდა მოწამეების, სერგისა და ბაქოსის (ხს. 7 ოქტომბერს) მეგობარი იყო. ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, მაქსიმიანეს (284-305; 307-310) დროს იგი ეპარქის თანამდებობაზე დანიშნეს და ეგვიპტეში გაამწესეს, სადაც მალე ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისათვის სამსჯავროს გადასცეს. იმ იმედით, რომ წმიდა ათანასე „გონს მოვიდოდა“, მმართველმა კლისმაში (წითელ ზღვაზე) გაგზავნა იგი და ქრისტიანული ტაძრების დახურვა უბრძანა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა უფლის რჩეულმა კი ტაძარში დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული. როცა მომხდარი მმართველმა გაიგო, ბრძანა თავი მოეკვეთათ წმინდანისათვის.

 

წმიდა მოწამე ემილიანე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება – ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი.
მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად.
წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. მალე წარმართებმა შეიტყვეს, რომ საკერპო დარბეული იყო და, გაავებულებმა, ამ დროს შორიახლოს შემთხვევით მიმავალ გლეხს დაუწყეს ცემა. წმიდა ემილიანეს შეებრალა უდანაშაულო გლეხი და საჯაროდ განაცხადა, კერპები მე დავამსხვრიეო. უღმრთოებმა იგი შეიპყრეს და მსაჯულ კაპიტოლინს მიჰგვარეს. კარისკაცის ბრძანებით ნეტარი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი დაწვა მიუსაჯეს. კოცონზე შეგდებული ემილიანე უვნებელი დარჩა. ირგვლივ სასეიროდ შეკრებილი ბევრი წარმართი კი ცეცხლის ალმა შემუსრა. ბოლოს, როდესაც შეშა ჩაიწვა, მარტვილიმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+363). მოგვიანებით კონსტანტინოპოლში წმიდა ემილიანეს სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც გადაასვენეს კიდეც მისი უხრწნელი ნაწილები.
ღირსი პამვა, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო – სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია: როცა ამსოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა – „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, – ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა.
წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმით იყო დაკავებული – ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება განუწყვეტლივ ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს.
ერთხელ პამვას მახლობელ ქალაქში მოუხდა ყოფნა. აქ ნეტარს ერთი მდიდრულად ჩაცმული ცოდვილი ქალი გადაეყარა. წმიდანი მის დანახვაზე ატირდა. „რა გატირებთ, მამაო?!“ – ჰკითხეს ბერებმა. მოსაგრემ მიუგო: „ორი რამ: ერთი – ამ ქალის წარწყმედა და მეორე – საკუთარი თავი. მე ისე არ ვზრუნავ საკუთარი სულის შემკობაზე, როგორც ეს ქალი თავისი სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე. მე ნაკლებს ვაკეთებ უფლისთვის სათნოსაყოფად, ვიდრე იგი – ადამიანთათვის თავის მოსაწონებლად“.
ღირს პამვას მის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე ესტუმრა ერთი მდიდარი და ღვთისმოყვარე რომაელი ქალი – მელანია, რომელმაც უხვი შესაწირი – სამასი ლიტრა ოქრო მიართვა. წმიდა მამა კალათს წნავდა. ფულისთვის არც შეუხედავს და მხოლოდ სტუმრის მხურვალე ვედრების შემდეგ უბრძანა იქვე მდგომ მოწაფეს, ლიბიაში და კუნძულებზე მოღვაწე მონაზვნებისთვის დაენაწილებინა ეს სიმდიდრე, რადგან მათი მიწები, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, უნაყოფო იყო. – „მამაო, – თქვა მელანიამ, – იცოდეთ, რომ აქ სამასი ლიტრა ოქროა!“ – „შვილო ჩემო, – მიუგო მოსაგრემ, – უფლისთვის ხომ არაფერია დაფარული… ეს ოქროები ჩემთვის რომ შეგეწირა, ჭეშმარიტად, მათი რაოდენობაც უნდა გეუწყებინა, მაგრამ შენ მას ხომ ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივის ორი ლეპტაც არ შეურაცხყო და ყველაზე ძვირფასი ძღვენივით შეიწირა“.
ღირსი პამვა ერისკაცებს მოუწოდებდა, პატივისცემით მოპყრობოდნენ ბერებს, რომლებიც უფრო ხშირად საუბრობენ უფალთან.
ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენი დიდის (ხს. 27 აგვისტოს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებული მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არც შევდგომოდე“.
წმიდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრიდაში მცხოვრებ კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჩვილი სამი წლისა იყო, როცა უფალმა მისი ლოცვით მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმიდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს ხეს წარმართები და, მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა, ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა იგი სასტიკად აწამეს: კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც შეჰვედრა კიდეც სული უფალს (+არა უგვიანეს IV ს).
ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი დაიბადა დაახ. 1590 წლებში. ღრმად განათლებული და წმიდანი მონაზვნად აღიკვეცა და მოღვაწეობდა დავით გარეჯის ცნობილ მონასტერში.
ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი.
საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის ანგარიშს უწევდა გარეჯელ მამათა აზრს.
გარეჯის უდაბნო უმნიშვნელოვანესი მწიგნობრულ-ლიტერატურული კერა იყო. აქ იქმნებოდა ორიგინალური სასულიერო ხასიათის თხზულებები, მრავლდებოდა ძველი ქართული ხელნაწერები, მზადდებოდა ახალი.
გარეჯელი მოღვაწეები ადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს.
აქ უმოღვაწია წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. ანტონ კათოლიკოსი გადმოგვცემს, რომ კოზმანი იყო კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, „სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსონ“, თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავს, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.
წმიდა კოზმანს დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს-მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (+1630).