31.12.2025. 30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

31.12.2025. 30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

31.12.2025. მარხვა

მოწამეთა: სებასტიანე სვინკლიტიკოსისა და მეგობართა მისთა: ნიკოსტრატესი, ცოლისა მისისა ზოესი, კასტორისა, ტრანკვილინე ხუცისა და ცოლისა მისისა მარკიასი და ძეთა მისთა, მარკელინ და მარკოზ დიაკონთა, კლავდისა – საპყრობილის განმგებელისა, ძისა მისისა სიმფორიანესი, ძმისა ვიქტორინესი, ტიბურტისა და კასტულისა (287); მოდესტოს იერუსალიმელ პატრიარქისა (633-634); ღირსისა ფლოროსი, ამასელ ეპისკოპოსისა (VII); ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა (845).

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას 

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ებრ. 10: 1-18 (დას. 323). მკ. 10: 11-16 (დას. 44).

ებრ. 10: 1-18 

1. რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი. 2. ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა. 3. მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას. 4. რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით. 5. ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. 6. სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე. 7. მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო“. 8. ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო, 9. შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. 10. სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. 11. რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. 12. მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. 13. მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ. 14. რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი. 15. ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია: 16. „ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, – ამბობს უფალი, – ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ. 17. აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“. 18. ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.

მკ. 10: 11-16 

11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს. 12. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს. 13. მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. 14. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. 15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. 16. მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

წმიდა მოწამე სებასტიანე გალიის ქალაქ ნარბონში დაიბადა, განათლება კი მედიოლანში მიიღო. თანამმართველი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. ახოვანი და ბრძენი სებასტიანე ყველას ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. იგი ფარულად აღიარებდა მაცხოვარს და ბევრს იღვწოდა ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად. საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიან ძმებს – მარკელინესა და მარკოზს, რომლებიც თავდაპირველად მხნედ აღიარებდნენ ქრისტეს, წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეების და შვილების ცრემლიანმა მუდარამ ქრისტესთვის წამების სურვილი გაუნელა. მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინადარის – ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული ქრისტიანი ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამეობრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში. მისმა სიტყვებმა იქ მყოფებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი შვიდი ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოია ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოიამ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე თავის ქადაგებას კითხულობდა.
ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმიდა სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მონათლულიყო. მაშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზავნა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმევლები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმიდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.
ამასობაში კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს მის სახლში ტუსაღები. ნიკოსტრატემ კლავდის თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სებასტიანეს სნეულებით გვემული თავისი ძე – სიმფორიანე მიჰგვარა. საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და, გარდა ამისა, თექვსმეტი მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა: „გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?“ ტრანკვილინემ მიუგო: „მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან – შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ“. ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა.
ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია სებასტიანემ ისინი ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან წმიდა სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა. ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ – ტიბურტიმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი ათას ოთხასამდე გაიზარდა. ქრისტიანთა რჩევით აგრესტიუსი ეპარქის თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს რომის ეპისკოპოსი იყო წმიდა გაიოზი (შემდგომ, 283-296 წლებში – რომის პაპი; ხს. 11 აგვისტოს); მან აგრესტიუსი აკურთხა, რომ პოლიკარპესთან ერთად თავის მამულებში გამგზავრებულიყო იმ ქრისტიანებთან ერთად, რომელთაც მოწამეობის ძალა არ შესწევდათ. აგრესტიუსის ძეს, ტიბურტის სურდა, სისხლი დაეთხია ქრისტესთვის და რომში დარჩა, წმიდა სებასტიანესთან. მათთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოია და ძმა კასტორი, კლავდი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქტორინე. წმიდანები იმპერატორის სასახლეში შეიკრიბნენ ერთ-ერთ მდიდარ და ფარულ ქრისტიან კასტულთან და მოწამეობრივი აღსასრულისათვის დაიწყეს მზადება.
წარმართებმა პირველად ზოია შეიპყრეს. საპყრობილეში ჩააგდეს, ექვსი თვის განმავლობაში ტანჯავდნენ, შემდეგ კი თმებით დაკიდეს, მყრალი ბოლით გაგუდეს და მდინარე ტიბრში გადააგდეს. ქრისტეს ტარიგი საღვთო ხილვაში ეჩვენა წმიდა სებასტიანეს და თავისი აღსასრული ამცნო. ნეტარი ზოიას შემდეგ ხუცესი ტრანკვილინე აწამეს: წარმართებმა იგი ქვებით ჩაქოლეს პეტრე მოციქულის საფლავთან, შემდეგ კი მისი წმიდა ცხედარიც ტიბრში მოისროლეს. წმიდა ნიკოსტრატე, კასტორი, კლავდიოსი, ვიქტორინე და სიმფორიანე მდინარის ნაპირას შეიპყრეს, როცა ისინი მოწამეთა ცხედრებს ეძებდნენ. უფლის რჩეულები ეპარქს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა და, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, ყველანი, ყელზე ლოდგამობმულნი, ზღვაში დააღრჩო. წმიდა ტიბურტი ერთმა ცრუქრისტიანმა, ტორკვატმა გასცა. მსაჯულმა ვერ მოახერხა, ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა პირმშვენიერი ჭაბუკი, რის შემდეგაც მისი გავარვარებულ მუგუზლებზე დაყენება ბრძანა. უფალმა დაიცვა თავისი რჩეული: ტიბურტი ნაკვერცხლებზე ისე დადიოდა, რომ ვერანაირ მხურვალებას ვერ გრძნობდა. ბოლოს ჯალათებმა მას თავი მოჰკვეთეს.
წმიდა დიაკვნები: მარკელინე და მარკოზი და დიდებული კარისკაცი კასტულიც ტორკვატმა გასცა. წამების შემდეგ კასტული ორმოში ჩააგდეს და ცოცხლად დამარხეს, მარკელინე და მარკოზი კი სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს.
ბოლოს წმიდა სებასტიანეც გაიყვანეს საწამებლად. იგი პირადად იმპერატორმა დიოკლეტიანემ დაკითხა და, როცა დარწმუნდა მის სიმტკიცეში, ქალაქგარეთ გააყვანინა სიკვდილით დასასჯელად. აქ წმიდა მარტვილი ხეზე მიაბეს და ისრები დააყარეს. დიდებული კასტულის მეუღლე, ირინე, ღამით სებასტიანეს დასაკრძალად გავიდა, მაგრამ იგი ცოცხალი დაუხვდა და სახლში გადაიყვანა. წმიდანი მალე სრულიად გამოჯამრთელდა. ქრისტიანებმა სებასტიანეს თხოვეს, რომი დაეტოვებინა, ის კი კვლავ მოშურნედ ეძიებდა ქრისტესთვის სიკვდილს. მოწამეობის სურვილით ანთებულმა ხუცესმა წარმართულ ტაძრისკენ მიმავალი იმპერატორი შენიშნა და საჯაროდ ამხილა მისი უსჯულოება. დიოკლეტიანემ ბრძანა, იპოდრომზე გაეყვანათ ნეტარი და სიკვდილით დაესაჯათ. ჯალათებმა სულის ამოხდომამდე გვემეს იგი, შემდეგ კი ნაგავსაყარში გადააგდეს. წმიდა მოწამე სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა ქრისტიან ქალს, ლუკიანას და უბრძანა, აეღო მისი ცხედარი და კატაკომბებში დაეკრძალა. კეთილმსახურმა დედამ კრძალვით აღასრულა წმიდანის კურთხევა.
წმიდა ფლოროსი, ამიელი ეპისკოპოსი მართლმორწმუნე მშობლების, ფლოროსისა და ეფემიას ძე იყო. წმიდანმა კარგი განათლება მიიღო, რის შემდეგაც ბიზანტიის იმპერატორის კარზე დაიწყო სამსახური და პატრიციუსის ხარისხს მიაღწია. ფლოროსი დაქორწინდა და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ მთელი მისი ოჯახი ყვავილმა იმსხვერპლა. ნეტარი განერიდა ამსოფელს და კონსტანტინოპოლის გარეუბანს მიაშურა, სადაც კეთილმსახურებით ცხოვრობდა, მარტოობაში. მოგვიანებით წმიდა ფლოროსი ამიის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აირჩიეს. უფლის რჩეული ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და VII საუკუნის დასაწყისში მშვიდობით მიიცვალა.
წმიდა მოდესტოსი – იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი კაბადოკიის სებასტიაში (მცირე აზია) დაიბადა, ქრისტიანთა ოჯახში. მან სიყმაწვილიდანვე იგრძნო მისწრაფება მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისკენ და, როცა ჟამმა უწია, ბერად აღიკვეცა. შემდგომში ნეტარი მოდესტოსი წმიდა თეოდოსი დიდის სავანის იღუმენი იყო პალესტინაში. ამ დროს სირიასა და პალესტინას თავს დაესხნენ სპარსელები, ოთხმოცდაათი ათასი ქრისტიანი ამოხოცეს და მართლმადიდებლური ტაძრები დაანგრიეს. მტერმა უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ და მრავალ სხვა ქრისტიანთან ერთად იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც დაატყვევა. ამის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის განმგებლობა დროებით წმიდა მოდესტოსს დაევალა.
ნეტარმა მოდესტოსმა ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის (ხს. 12 ნოემბერს) დახმარებით აღადგინა დარბეული ქრისტიანული საყდრები. მან პატივით დაკრძალა დახოცილი ბერები საბა განწმენდილის ლავრიდან. თოთხმეტი წლის შემდეგ პატრიარქი ზაქარია ტყვეობიდან დაბრუნდა და თან ცხოველმყოფელი ძელიც ჩამოასვენა. მისი მიცვალების შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრად წმიდა მოდესტოსი დაადგინეს. უფლის რჩეული 634 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში.
ღირსი მიქაელ აღმსარებელი იერუსალიმში დაიბადა, ქრისტიანულ ოჯახში და სიჭაბუკეშივე ბერული ღვაწლისთვის გადადო თავი. მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანის დედამ და დებმა მონასტერს მიაშურეს. ღირსი მიქაელი მღვდლად აკურთხეს. ნეტარმა მამამ სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მქადაგებელმა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა თომამ იგი დაიახლოვა და სვინგელოზად (საეკლესიო მმართველობის საქმეთა გამგედ) დაადგინა. მაშინ ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820) მეფობდა. პატრიარქმა მასთან ღირსი მიქაელი გააგზავნა წმიდა ძმებთან: თეოდორესთან (ხს. 27 დეკემბერს) და თეოფანესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად, რათა უსჯულო ხელისუფალს შეეწყვიტა მართლმადიდებელთა დევნა. იმპერატორმა წმიდა მიქაელი აწამა და გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული ღირსი მამა იმპერატორმა თეოფილემ (829-842) ხატთა თაყვანისცემისათვის კვლავ საწამებლად გადასცა. წმიდა მიქაელის თანამოსაგრეებმა – წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს „გამომეტყველნი“ ეწოდათ. ხელმეორედ გასამართლებული წმიდა მიქაელი თავის მოწაფესთან, იობთან ერთად პავეიადის მონასტერში გაგზავნეს. თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა თეოდორამ (842-855) ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბრუნა და წმიდა მიქაელს შესთავაზა, პატრიარქის ტახტი დაეკავებინა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მაშინ ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს.
ნეტარი მიქაელ აღმსარებელი სიკვდილის დღემდე სვინგელოზად მსახურობდა. 845 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.