გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
მოწამეთა: ტროფიმესი, თეოფილესი და მათ თანა 13-თა მოწამეთა (284-305); მღვდელმოწამისა აპოლინარისა, რავენელი ეპისკოპოსისა (75).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 კორ. 12: 12-26 (დას. 152). მთ. 18: 18-22; 19: 12, 13-15 (დას: 76).
1 კორ. 12: 12-26
12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. 13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი. 14. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ – მრავალი. 15. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? 18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.19. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული? 20. ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი – ერთი. 21. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო. 22. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან. 23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ. 24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო, 25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს. 26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.
მთ. 18: 18-22; 19: 12, 13-15
18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. 19. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. 20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის. 21. მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? 22. იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.
13. მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ. 14. ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი. 15. დაადო ხელი და წავიდა იქიდან.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)

თავის ეპარქიაში ნეტარი უბრალო მწირის სახით ჩავიდა და ადგილობრივ მკვიდრს, მხედარ ირინეოსს თავშესაფარი სთხოვა. მასპინძელთან საუბარში წმინდანმა გააცხადა მისი უმაღლესი სასულიერო წოდება და შემდეგ უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა ირინეოსის ბრმა ვაჟს. გახარებულმა ირინეოსმა და მისმა სახლეულებმა, პირველებმა რავენელებს შორის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება. მღვდელმთავარი მათ სახლში დარჩა საცხოვრებლად. წმიდანის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან. როცა მისი ლოცვით ტრიბუნის დავრდომილი მეუღლე, თეკლა განიკურნა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა ტრიბუნის მთელი ოჯახი. მათ სასახლეში აპოლინარმა მოაწყო მცირე ეკლესია. ახალმოქცეულ რავენელთათვის წმიდა ეპისკოპოსმა ორი ხუცესი – ადერეტი და კალორიკე – და ორი დიაკონი დაადგინა. ქალაქში აპოლინარის მოღვაწეობის თორმეტი წლის მანძილზე მართლმორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობდა. შეშფოთებულმა წარმართმა ქურუმებმა მმართველ სატურნინესთან დაასმინეს და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს მწყემსმთავარი და სასტიკად აწამეს. როცა ჩათვალეს, რომ წმიდანს სული აღმოხდა, მტარვალებმა ქალაქგარეთ გაიტანეს მისი ცხედარი და ზღვის ნაპირას დააგდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნეტარი ცოცხალი იყო. იგი ერთმა კეთილმსახურმა ქვრივმა შეიფარა, მოასულიერა და უწამლა. მის სახლში წმიდა მღვდელმთავარი ექვსი თვის მანძილზე იმყოფებოდა და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. აპოლინარის ადგილსამყოფელი მაშინ გაცხადდა, როცა მან ქალაქის დიდგვაროვანს ბონიფანტეს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, წმიდანი კი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს და წამება დაუწყეს – აიძულებდნენ, ფეხშიშველა მდგარიყო გავარვარებულ ნაღვერდალში. მღვდელმთავარს ქადაგება არ შეუწყვეტია მანამ, სანამ უღმრთოებმა იგი ქალაქიდან არ განდევნეს. გარკვეული ხნის განმავლობაში წმიდანი იტალიაში იმყოფებოდა და კვლავინდებურად განაგრძობდა სახარების სწავლებას. ამ დროს რავენის ეკლესიას ხუცესი კალორიკე განაგებდა. სამწყსოსთან დაბრუნებული აპოლინარი კვლავ დაატუსაღეს, ქალაქიდან გაძევება მიუსაჯეს და მძიმე ბორკილებით შებოჭილი აიყვანეს გემზე, რომელიც დუნაის გზით ილირიისკენ მიემართებოდა.
გადასახლების ადგილამდე მისი ჩაყვანა ორ მეომარს მიანდეს. დევნილ ეპისკოპოსს სამი ღვთისმსახური ნებით გაჰყვა ქალაქიდან. გზაში ხომალდი დაიღუპა და ყველა მგზავრი დაიხრჩო, გადარჩა მხოლოდ აპოლინარი, მისი თანმხლები ღვთისმსახურები და ორი მცველი. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგების გავლენით მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. მგზავრები მიზიაში ჩავიდნენ. აქ აპოლინარმა კეთრისგან განკურნა ერთი დიდებული მოქალაქე, რომელმაც, მადლიერებით აღვსილმა, შეიფარა თავისი მხსნელიც და მისი თანმხლებნიც. წმიდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა მაცხოვრის სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც უსჯულოებმა დევნა დაუწყეს. მათ უმოწყალოდ გვემეს ნეტარი, შემდეგ კი იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე აიყვანეს და უკანვე გაგზავნეს. სამი წლის იძულებითი განშორების შემდეგ მართლმადიდებლობის ერთგული მსახური ისევ დაუბრუნდა თავის სამწყსოს, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი, მაგრამ წარმართები კვლავ შფოთავდნენ: ისინი თავს დაესხნენ ტაძარს, მლოცველები დაფანტეს, თავად აპოლინარი კი ქურუმებთან, აპოლონის საკერპოში წაიყვანეს. როგორც კი ნეტარმა ბომონში ფეხი შედგა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. გაავებულმა წარმართებმა აპოლინარი ოლქის ახალ მმართველ ტაბრუსთან მიიყვანეს. აქ მან კიდევ ერთი სასწაული აღასრულა – მმართველის ბრმადშობილი ვაჟი განკურნა. ტაბრუსი შეეცადა, გამხეცებული ბრბოსგან დაეფარა უფლის რჩეული და იგი ქალაქგარეთ გაგზავნა, თავის მამულში. აქ მმართველის ცოლ-შვილი მოინათლა. თავად ტაბრუსმა იმპერატორის შიშით ვერ გაბედა ნათლისღება, მაგრამ კეთილისმყოფელს კი სიყვარულითა და მადლიერებით ეპყრობოდა. ოთხი წელი ცხოვრობდა აპოლინარი მმართველის მამულში. წარმართმა ქურუმებმა იმპერატორ ვესპასიანეს მიმართეს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა ქრისტიანთა „ქურუმი“. მაგრამ ვესპასიანემ არ მიიღო საჩივარი და მომჩივრებს შეუთვალა რომ: „ღმერთებს საკმაო ძალა გააჩნიათ იმისთვის, რომ შური იძიონ, თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ!“
კერპთმსახურების მრისხანება მაინც დაატყდა თავს წმიდა მამას: ისინი თავს დაესხნენ ქალაქიდან მახლობელი დაბისკენ მიმავალს, და სასტიკად გვემეს. ქრისტიანებმა ნეტარი მამა უკვე სულთმობრძავი იპოვეს და ჩაიყვანეს დაბაში, სადაც შვიდი დღე იწვა სასიკვდილო სარეცელზე. ბოლოს მოწამემ მღვდელმთავრული კურთხევით დალოცა ირგვლივ მყოფნი და სული უფალს შეჰვედრა. წმიდა აპოლინარი ოცდარვა წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და მიიცვალა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 75 წელს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)

