„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
5.11.2025. ხსნილი
მოციქულისა იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისა (63); წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ეგნატე I-ისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (877-878); მოწამეთა სოკრატი მღვდელისა და თეოდოტი პონტოელისა (222-235).
დღის ლოცვები
მოციქული იაკობის, ხორციელად ძმისა უფლისა
ტროპარი: ვითარცა უფლისა მოწაფემან, მიიღე, მართალო, სახარებაი და ვითარცა მოწამესა გაქუს აღსარებაი და კადნიერებაი, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, მეოხებაი, ვითარცა მღდელსა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მამისა მხოლოდშობილმან ღმერთმან სიტყუამან, უკანასკნელთა დღეთა ჩუენდა მომართ მოსრულმან, იაკობ ღმრთისმეტყუელო, პირველად მწყემსად და მოძღურად იერუსალიმელთა განგაჩინა შენ და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა, ვინა ყოველნი პატივს გცემთ შენ, იაკობ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 3: 17 – 4: 1 (დას. 259). ლკ. 11: 9-13 (დას. 56).
მოც.: გალ. 1: 11-19 (დას. 200). მთ. 13: 54-58 (დას. 56).
ლიტ.: კოლ. 3: 17 – 4: 1
17. ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას. 18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში. 19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ. 20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს. 21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ. 22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით. 23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. 24. იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით. 25. უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.
1. ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.
ლიტ.: ლკ. 11: 9-13
9. ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, 10. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. 11. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? 12. ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? 13. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?
მოც.: გალ. 1: 11-19
11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, 12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. 14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს. 15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, – 16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. 17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. 18. სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. 19. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
მოც.: მთ. 13: 54-58
54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? 55. განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა? 56. და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს? 57. და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში. 58. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (+დაახლ. 63)
23 (05.11) ოქტომბერი
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების (ხს. 26 დეკემბერს) ძე იყო. გადმოცემით, წმიდანი თან ახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში – წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა (1 კორ. 15,7). გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად (გალ. 2,9) მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა (საქმე, 15).
წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი უკვე ნანობდნენ თავიანთ საქციელს: „შევცდით, რომ ყველასგან პატივდებულ მოსაგრეს ასე დავამოწმებინეთ ქრისტე“. ისინი გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.
წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.
წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა, უნდა განვასხვაოთ იაკობ ზებედესა (ხს. 30 აპრილს) და იაკობ ალფესისგან (ხს. 9 ოქტომბერს).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ეგნატეს მფარველობდა იმპერატორ თეოფილე II-ის (842 წ.) ქვრივი დედოფალი თეოდორა, რომელიც შვილის, მიქაელ III-ის მცირეწლოვნობის გამო, თვითონ განაგებდა ბიზანტიის იმპერიას კოალიციის დახმარებით. ამ კოალიციას შეადგენდნენ: დედოფალი თეოდორა, ლოგო¬თეტი-თეოქტისტე, კეისარი ბარდა და მაგისტრი მანოელი. თეოქტისტე და ბარდა სამხედრო მოღვაწენი იყვნენ. ამ კოალიციას შეიძლება ეწოდოს თეოდორას მხარდამჭერი ჯგუფი.
კონსტანტინოპოლის პატრიარქ მეთოდეს (843-847) სიკვდილის შემდეგ, პატრიარქის ტახტს იკავებს ეგნატე. ის-ტორიკოსების მიხედვით ეგნატეს გაპატრიარქებაში ლომის წილი მიუძღოდა დედოფალ თეოდორას. ეს მოხდა 847 წლის 3 ივლისს.
858 წელს მცირეწლოვანი იმპერატორი მიქაელ III სრულწლოვანი გახდა. ამან წერტილი დაუსვა სამეფო ხელისუფლებაზე თეოქტისტეს ზეგავლენას, რომელიც იმპერიის მმართველის, თეოდორას გვერდით თავად გარდაცვლილი იმპერატორის თეოფილე II-ის (842 წ.) სურვილით აღმოჩნდა. თეოქტისტე სულ მალე მოკლეს და მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი მიქაელ III სრულწლოვანი იყო, სახელმწიფო ძალაუფლება მიქაელის ბიძის, თეოდორას ძმის ხელში გადავიდა. იგი 859 წელს კურაპალატი გახდა, ხოლო 862 წელს კეისრის ტიტული მიიღო. კეისარი ბარდა ძალზე განათლებული პიროვნება იყო, მისი უშუალო ხელშეწყობით ამოქმედდა კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტი და იმპერიაში ყველა საგანმანათლებლო კერის მფარველად ითვლებოდა. კეისარი ბარდა, სამწუხაროდ, უზნეო გახლდათ. ცოლს სრულიად უმიზეზოდ გაეყარა და თავისი ძმის ცოლთან დაიჭირა უკანონო კავშირი. მოშურნე ეგნატეს კი ასეთი აშკარა უზნეობის მოთმენა არ შეეძლო, შეაგონებდა და ამხელდა მცნებათა დამრღვევს, მაგრამ ამაოდ. ამიტომ ეგნატეს ბარდა არ მოსწონდა. სულ მალე, 858 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, როცა კეისარი ბარდა, იმპერატორ მიქაელ III-თან ერთად ბარძიმს მიეახლა, როგორც ცოდვილი და მცნებათა დამრღვევი, ეგნატემ არ აზიარა. ბარდამ შეიძულა პატრიარქი და გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა მის დასამხობად. ეს ფაქტი უკვე აშკარა დასტური იყო პატრიარქ ეგნატეს დაპირისპირებისა სამეფო კართან.
კეისარმა ბარდამ თავისი განზრახვის შესრულებაში ყოველგვარი დაბრკოლების ასაცილებლად იმპერატორს ურჩია, დედა თეოდორა და თავისი და თეკლა სახელმწი¬ფო საქმეებისაგან ჩამოეშორებინა. ამით ის ორ საქმეს ერთდროულად მოაგვარებდა – ჩამოიშორებდა დედოფალს, რომელიც მისი საქმეების მოწინააღმდეგე იყო და დედოფლის მფარველობის გარეშე დარჩენილ პატრიარქ ეგნატესაც ადვილად დაამხობდა. კეისარს სურდა, ეგნატე იძულებული გაეხადა, დედოფალი და მისი ასული მონაზვნებად აღეკვეცა იმ საბაბით, რომ იმპერატორი უკვე გამოვიდა ბავშვობის ასაკიდან, უხერხულია მისთვის იყოს დედაზე დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ იგი გათხოვებასა და მეორე ქმრისათვის ხელისუფლების ჩაბარებას აპირებს, რაშიც პატრიარქი ეხმარება. ახალგაზრდა იმპერატორმა დაიჯერა ბიძის სიტყვები და მაშინვე უბრძანა პატრიარქს დისა და დედის მონაზვნებად აღკვეცა. ეგნატე არ თანხმდებოდა, ამტკიცებდა, რომ მონაზვნად აღკვეცა მათი სურვილის გარეშე ყველა კანონს ეწინააღმდეგებოდა და მას არ შეეძლო ისინი ეიძულებინა. მიუხედავად ასეთი არგუმენტისა, იმპერატორ მიქაელს კიდევ უფრო გაუმყარდა ბარდას მიერ ჩანერგილი ეჭვი. დედა და და სახელმწიფო საქმეებს სასწრაფოდ ჩამოაშორა და მონაზვნებად აღკვეცა კარიანის სავანეში, ხოლო სულ მალე პატრიარქიც დაამხო.
პატიარქი ეგნატე სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებთან კავშირის ბრალდებით საპყრობილეში ჩასვევს, შემდეგ კი კუნძულ თერებინტოზე გადაასახლეს. იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) დროს წმინდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წელი მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, 89 წლისა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+877-878).
