„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
6.11.2025. ხსნილი
მოწამისა არეთასი და მის თანა 4253 მოწამეთა (523); ნეტარისა ელეზვოისი, ეთიოპიის მეფისა (553-555); მოწამეთა სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI); ათანასე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (1311-ის შემდეგ). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (1688).
დღის ლოცვები
მოწამე არეთასი და მისთანა 4299-თა მოწამეთა
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი: მხიარულებისა ჩუენდა მომატყუებელი ღუაწლით შემოსილთა ნათლით შემოსილი დღესასწაული წარმოსდგა დღეს, რომლისა მგალობელნი ვადიდებთ მაღალთა შინა მყოფსა უფალსა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 4: 2-9 (დას. 260). ლკ. 11: 14-23 (დას. 57).
მოწ.: ებრ. 11: 33-40; 12: 1-2 (დას. 330). მთ. 10: 32-36; 11:1 (დას. 38).
ლიტ.: კოლ. 4: 2-9
2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. 3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი; 4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება. 5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. 6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. 7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, 8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.
ლიტ.: ლკ. 11: 14-23
14. ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს. 15. ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. 16. ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით. 17. მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. 18. თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ. 19. მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. 20. ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს. 21. როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. 22. მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. 23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს.
მოწ.: ებრ. 11: 33-40; 12: 1-2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
მოწ.: მთ. 10: 32-36; 11:1
32. ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 34. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. 35. ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი – დედამისს, და რძალი – დედამთილს მისას. 36. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
მოწამისა არეთასი და მის თანა 4253 მოწამეთა (523); ნეტარისა ელეზვოისი, ეთიოპიის მეფისა (553-555); მოწამეთა სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI); ათანასე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (1311-ის შემდეგ). დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ (1688).
მოწამისა არეთასი და მის თანა 4253 მოწამეთა (523)
არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი VI საუკუნეში. იმ დროს არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდე-ველი დუნაანი მეფობდა. ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი. ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად. ნეგრანის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლო და ხერხს მიმართა – ფიცი დადო, რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დაბეგრავდა ნეგრანს. ქალაქის მცხოვრებლებმა ყურად არ იღეს არეთას რჩევა, ერწმუნნენ დუნაანს და მტერი ქალაქში შეუშვეს.
დუნაანმა პირველ რიგში ქრისტიანებისადმი თავისი ზიზღი ორი წლის წინ გარდაცვლილ ნეგრანის ეპისკოპოს პავლეზე გადმოანთხია, გახსნა მისი სამარხი და მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები ცეცხლში დაწვა. უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს ოთხასოცდაშვიდი ღვთისმსახური.
კაცთმოძულე დუნაანს არც ქალაქის ქრისტიანი მმართველი გამოპარვია – არეთა ქალაქის სხვა უხუცესებთან ერთად შეიპყრო და საპყრობილეში ჩააგდო.
ერთი ცნობილი ქვრივი ქალბატონი შეიპყრო და ცდილობდა, მუქარითა და შეურაცხყოფით უარი ეთქმევინებინა ქრისტეს რჯულზე. ქვრივი დედაკაცის ქალიშვილმა, რომელმაც ვეღარ გაუძლო დედის წამების და შეურაცხყოფის ყურებას ურჯულო მეფეს სახეში შეანერწყვა. განრისხებულმა დუნაანმა თორმეტი წლის გოგონას თავი მოჰკვეთა, დედა კი აიძულა, მისი სისხლი დაელია. ამ სისასტიკის შემდეგ ქვრივ დედაკაცსაც თავი მოჰკვეთეს. მახვილით გამოასალმეს სიცოცხლეს ქალაქის თავი არეთაც.
“არ უარვყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა, მისთვის სიკვდილი კი შესაძინელი”, – ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მახლობელი სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოხადეს სული.
ტროპარი:
წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთათვის და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნენ, კაცთმოყუარე, გევედრებით.
კონდაკი:
მხიარულებისა ჩუენდა მომატყუებელი ღუაწლით შემოსილთა ნათლით შემოსილი დღესასწაული წარმოდგა დღეს, რომლისა მგალობელნი ვადიდებთ მაღალთა შინა მყოფსა უფალსა.
მოწამეთა: სვინკლიტიკიასი და ორთა ასულთა მისთა (VI);
მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ ავქსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალანტის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქემა შეიმოსა ათანასეს სახელით, მღვდლად აკურთხეს და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე შეიქნა წმინდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა.
ათი წლის შემდეგ წმინდა ათანასე, კვლავ ათონზე გადავიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებმა აიძულა, გალანტის მთასვე დაბრუნებოდა. ვერც აქ პოვა ნეტარმა სასურველი განმარტოება: უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა ამ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში, პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმინდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად.
ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას: გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოში მწვალებლურ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, მკაცრად ამხელდა სასახლის კარისა და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს. ყოველივე ამან გავლენიან სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1293 წელს წმინდანი იძულებული შეიქნა, კათედრა დაეტოვებინა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს ხელმეორედ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ შვიდი წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავრის მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან არ ისურვა, ეკლესიური შფოთის მიზეზი შექმნილიყო, თავის სავანეს მიაშურა.
როდესაც ღირსი ათანასეს მიწიერი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, მას უფალი ჩვენი იესო ქრისტე კიდევ ერთხელ გამოეცხადა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. ათანასემ ცრემლებით შეინანა მაცხოვრის წინაშე თავისი სულმოკლეობა. უფალმა მას შეუნდო და სასწაულმოქმედების ნიჭი მიემადლა. წმინდა მღვდელმთავარი XIV საუკუნის დასაწყისში ასი წლის ასაკში წარდგა უფლის წინაშე.


