…მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).
…ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).
…თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
…ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
სამშაბათი. 9.06.2026. ხსნილი თევზით
ღირსისა ბასილისა, მეფე ბაგრატ III-ის ძისა (XI); ღირსისა მიქაელ პარეხელისა (VII-IX);
მღვდელმოწამისა თერაპონტი სარდიელ ეპისკოპოსისა (III); მოწამეთს თეოდორა ქალწულისა და დიდიმე მხედრისა (304); მართლისა იოანე რუსისა, აღმსარებელისა (1730).
დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
რომ. 4: 4-12 (დას. 86). მთ. 7: 15-21 (დას. 22).
რომ. 4: 4-12
4. ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით. 5. იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება. 6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს. 7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი. 8. ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას. 9. მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა. 10. როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს. 11. და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ; 12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
მთ. 7: 15-21
15. ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. 16. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? 17. ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. 18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. 19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 20. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ. 21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი (304)
წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი (+304) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში 303 ან 304 წელს.წმიდა ქალწულმა თეოდორამ ალექსანდრიის მმართველის ევსტრატის წინაშე თამამად აღიარა ქრისტიანობა. ევსტრატის კითხვაზე, თუ რატომ არ გათხოვდა, თეოდორამ მიუგო, რომ თავი უფალს განუკუთვნა და მისი სახელისათვის დაიმარხა ქალწულება. ევსტრატიმ წმიდანს სამი დღე მისცა მოსაფიქრებლად და დაემუქრა, რომ თუ არ შეინანებდა, საროსკიპოში ჩააგდებდა. დაკითხვაზე ხელმეორედ მიყვანილმა ქალწულმა კვლავინდებურად მტკიცედ დაიცვა თავისი რწმენა. მაშინ იგი, შეპირებისამებრ, საროსკიპოში ჩააგდეს. მხედრის სამოსით შემოსილი ქრისტიანი დიდიმე დაუბრკოლებლად შევიდა სამეძაოში, დაფანტა შეშინებული გარყვნილები და თავის ტანსაცმელ გადაცმული თეოდორა გამოაპარა. როცა მომხდარი ევსტრატის აუწყეს, მან სამსჯავროზე დაიბარა წმიდა დიდიმე. წმიდანი თამამად მოჰყვა, თუ როგორ გაათავისუფლა წმიდა აღმსარებელი. შეუპოვრობისათვის დიდიმე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ მოწამესთან მივიდა წმიდა თეოდორა და განუცხადა, რომ სურდა მასთან ერთად მიებარებინა სული უფლისათვის. ამის შემყურე ევსტრატიმ ბრძანა, ორივესთვის მოეკვეთათ თავი.
წმიდა ცხედრები ცეცხლში დაწვეს.
მღვდელმოწამე თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი (VI)
მღვდელმოწამე თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი ქრისტესთვის ეწამა III საუკუნეში. მან მრავალი წარმართი ელინი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იულიანეს სამსჯავროზე გამოცხადებულმა მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს და დიდხანს ტანჯავდნენ შიმშილითა და წყურვილით. ნაწამებ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და ჯერ ფრიგიის ქალაქ სინაონში, შემდეგ კი – ანკვირიაში გადაიყვანეს. ბოლოს ქრისტეს მხნე აღმსარებელს სარდეს სამიტროპოლიტოს დაქვემდებარებულ სალატიის საეპისკოპოსში ამოხადეს სული ტანჯვითა და წამებით. მოწამის სისხლით გაჟღენთილი გამხმარი პალო აყვავდა, ხოლო მისმა ფოთლებმა მაკურნებელი თვისება მიიღო.ღირსი მიქელ პარეხელი (VII-IX)
ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“. უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი „სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა“. წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი (ხს. 5(18) ოქტომბერი) და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი – ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.
ერთხელ მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა“.
ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.
ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.
წმიდა ბასილი ზარზმელის (ხს. 6(9) ოქტომბერი) გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.
ღირსი მამა ბასილი, რომელი იყო ძე ბაგრატ III-ისა
ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“…
ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა – ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ…“
შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.
საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში.
წმიდა აღმსარებელი იოანე რუსი (+1730)
წმიდა აღმსარებელი იოანე რუსი XVII საუკუნეში დაიბადა მალოროსიაში და კეთილმსახურებით აღიზარდა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წმიდანი რიგით მეომრად მსახურობდა პეტრე პირველის არმიაში; რუსეთ-თურქეთის ომის დროს თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს და თურქების ცხენოსანთა ჯარის მეთაურს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელმა იოანე თავის სამშობლოში, მცირე აზიის სოფელ პროკოპიაში (თურქულად – ურკიუპში) წაიყვანა. თურქები წამებით ცდილობდნენ ტყვეების გამუსულმანებას. წმიდა იოანე უშიშრად აღიარებდა ქრისტეს. „ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრისა და ამქვეყნიური სიტკბოების აღთქმით ვერ შესძლებთ, რწმენა შემაცვლევინოთ. მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მოვკვდები“ – ამბობდა იგი. აღმსარებლის გაბედულმა სიტყვებმა და მტკიცე სარწმუნოებამ, მისმა წმიდა და მართალმა ცხოვრებამ გული მოულბო მრისხანე ბატონს. მან შეწყვიტა ტყვის ტანჯვა, ქრისტიანობის უარყოფასაც არ ითხოვდა მისგან, მხოლოდ პირუტყვის მოვლა და თავლაზე თვალყურისდევნა დაავალა.უფლის რჩეული მთელი დღის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ბატონს, ნახევრადშიშველი და უხამლო ზამთრის სუსხსა და ზაფხულის პაპანაქებაში გულმოდგინედ ასრულებდა ყოველგვარ ბრძანებას, რისთვისაც ხშირად ხდებოდა სხვა ტყვეების დაცინვის საგანი. ასეთი ქცევით წმიდანმა საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. ტყვისადმი პატივისცემითა და უსაზღვრო ნდობით გამსჭვალულმა პატრონმა ნებაზე მიუშვა იგი და იმის უფლება მისცა, რომ საცხოვრებელი ადგილი თავად შეერჩია. იოანე თავლის ერთ კუთხეში ცხოვრობდა. აქ იგი მშვიდად ეძლეოდა ხოლმე ლოცვით ღვაწლს, ამიტომაც აქაურობის დატოვება არ ისურვა. ზოგჯერ, როცა კარგად ჩამობნელდებოდა, წმიდანი გადიოდა თავლიდან, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს მიაშურებდა და მის კარიბჭესთან მუხმოყრილი გულმხურვალედ ლოცულობდა. ამავე ტაძარში ეზიარებოდა იგი საღვთო დღესასწაულებზე.
იოანე, მიუხედავად სიღატაკისა, ყოველთვის ეხმარებოდა გლახაკებს და დავრდომილებს, თავის მწირ საზრდელს უყოფდა მათ.
მრავალტანჯული მოსაგრე ცხოვრების დასასრულს, ნეტარი აღმსარებელი დასნეულდა და დაუძლურდა, აღსასრულის მოახლოება იგრძნო და მღვდელს მოუწოდა. მოძღვარმა თავი აარიდა წმიდა ძღვენით თურქი მხედართუფროსის სასახლეში მისვლას, ვაშლში ჩააბრძანა წმიდა ნაწილები და ასე ფრთხილად გადასცა ისინი იოანეს. უფლის სათნომყოფელმა ადიდა ღმერთი, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სულიც აღმოხდა. წმიდა იოანე რუსი 1730 წლის 23 მაისს მიიცვალა. ბატონმა ღვთისმსახურებს მიანდო ტყვის ცხედრის გაპატიოსნება და დაკრძალვა. მათაც ქრისტიანული წესით მიაბარეს იგი მიწას.
სამი წლის შემდეგ მოძღვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო, რომ იოანეს ნაწილები უხრწნელად იყო დაცული. მოხდა მათი აღმოყვანებაც.
ნეტარ აღმსარებელს გამორჩეულ პატივს სცემენ ათონის მთაზე, განსაკუთრებით რუსულ წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში.