11.08.2025. მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

11.08.2025. მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი. ხმა 8.

მოწამისა ევსტათი მცხეთელისა (589); მოწამისა კალინიკე კილიკიელისა, ღანგრაში წამებულისა (III-IV); მოწამისა სერაფიმა ქალწულისა (II); მოწამისა თეოდოტიასი და 3-თა შვილთა მისთა (304); ღირსმოწამისა მიქაელისა (IX). 

დღის ლოცვები

მოწამე ევსტათი მცხეთელისa

ტროპარი: ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო, ევსტათი, ძით და მეუღლით შენით, მეოხ-გვეყავნ წინაშე ღმრთისა პატივის-მცემელთა შენთა.
კონდაკი: მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენსა უხილავთა მბრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრნა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განგებისა საღმრთოთა კავშირთა, რამეთუ ესევითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცისა ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ. 15: 12-19 (დას. 159 ). მთ. 21: 18-22 (დას. 84).
მოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 (დას. 292). ინ. 15: 17-16: 2. (დას. 52). 

ლიტ.: 1 კორ. 15: 12-19 

12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? 13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. 14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. 15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. 16. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. 17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. 18. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. 19. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.

ლიტ.: მთ. 21: 18-22 

18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; 19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. 20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? 21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 22. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.

მოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

მოწ.: ინ. 15: 17-16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. 

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 
წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ რომში ცხოვრობდა დიდებულ ქალბატონ საბინასთან, რომელიც თავად მოაქცია ქრისტიანობაზე.
როცა იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მმართველმა ბერილმა, სხვებთან ერთად, წმიდა სერაფიმასაც მოუხმო სამსჯავროზე. მოწამეობრივი გვირგვინის მაძიებელი ქალწული უშიშრად გამოცხადდა მტარვალებთან. მას ერთგული საბინაც გაჰყვა თან. იხილა რა დიდგვაროვანი ქალბატონი, ბერილმა ჯერ გაათავისუფლა სერაფიმა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამოიძახა და დაჟინებით მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ნეტარმა ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მარტვილი მაშინაც კი ურყევი დარჩა, როცა სანთლების ალით წვა და დაუნდობელი გვემა დაუწყეს. გამხეცებულ ბერილს უფლის სასჯელი არ ასცდა: იმ არგანს მომწყდარი ხიწვი, რომლითაც სერაფიმას სცემდნენ, თვალში ჩაუვარდა და სამი დღის შემდეგ დაბრმავდა. წმიდა აღმსარებლის სულიერი ახოვნებით ძლეულმა მსაჯულმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. საბინამ კრძალვით მიაბარა მიწას ძვირფასი ცხედარი. 
წმიდა მოწამე კალინიკე დაიბადა კილიკიაში. კეთილმსახურმა მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებით აღზარდეს. წმიდანი ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა კერპთმსახურთა უგუნურებას და გადაწყიტა, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე. წამებისა და სიკვდილის მუქარით უღმრთო ხელისუფალი აიძულებდა უფლის რჩეულს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. განრისხებული მმართველის ბრძანებით წმიდა კალინიკე დაუნდობლად გვემეს ხარის ძარღვებით, მაგრამ იგი სიმშვიდითა და მოთმინებით იტანდა ტკივილებს. ამან კიდევ უფრო გაააფთრა საკერდონი. მან განკარგულება გასცა, წვერწამახულ ლურსმნებგაჩრილი ჩექმები ჩაეცვათ მარტვილისთვის და მათრახების ცემით წაეყვანათ დასაწვავად. წამებისგან დაუძლურებული, ფეხებდაფლეთილი და დასისხლიანებული კალინიკე უდრტვინველად მიჰყვებოდა ცხენზე ამხედრებულ მეომრებს. ჯალათები საშინელ გვალვაში წყურვილისაგან გაითანგნენ და ტყვეს უთხრეს, ჭეშმარიტების დასამტკიცებლად უფლისგან წყლის აღმოცენება გამოეთხოვა. კალინიკემ ილოცა, და ლოდიდან მართლაც გადმოხეთქა საკვირველმა წყარომ. აღსრულებული სასწაულით გაოგნებული მეომრები თანაგრძნობით განიმსჭვალნენ წმიდანის მიმართ, მისი გათავისუფლებაც კი დააპირეს, მაგრამ სასჯელის შიში ვერ დაძლიეს: მაინც გააგრძელებინეს გზა ნეტარს. როცა დასჯის ადგილამდე ჩააღწიეს, მტარვალებმა დიდი კოცონი გააჩაღეს კალინიკეს დასაწვავად. მანაც, სიხარულით აღვსილმა, მადლობა შესწირა უფალს მოწამეობრივი აღსასრულის მომადლებისათვის და თავად შევიდა ცეცხლში. მისი უხრწნელი ცხედარი კი მორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას.
წმიდა მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ქალაქ ნიკეიდან, სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს იგი უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმიდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმიდა ანასტასიასთან (ხს. 22 დეკემბერს). როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმიდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადიუსი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით. გადაწყვიტა, შინ წაეყვანა და ცოლად შეერთო. ლევკადიუსის სახლში თეოდოტია შვილებთან ერთად სიწმიდით ატარებდა დღეებს; წარმართმა კარისკაცმა ვერც შეგონებებით, ვერც ლიქნით, ვერც მუქარით ვერ მოდრიკა მისი ნება. ბოლოს, წმიდანის სიმტკიცით გამხეცებულმა, შვილებთან ერთად ბითვინიაში გაგზავნა იგი, ოლქის მმართველ ნიკიტიუსთან. როცა მსაჯული წამების მუქარით შეეცადა ნეტარი დედის დაშინებას, მისმა უფროსმა შვილმა, ევოდმა განაცხადა: „ქრისტიანებს არ ეშინიათ სატანჯველების, ისინი მხოლოდ ღვთის მადლის დაკარგვას უფრთხიან!“ ბავშვი მშობლის თვალწინ სასტიკად გვემეს. იგი სისხლისგან დაიცალა და მოწამის გვირგვინით შეერთო ნეტარ მარადისობას. ამის შემდეგ ნეტარი დედა გარყვნილებს გადასცეს შესაგინებლად, მაგრამ ზეციურმა ძალამ დაიცვა იგი. ყველას თვალწინ სასწაული აღესრულა: უფლის ანგელოზი წინ აღუდგა უსჯულოებს, რომლებიც გაკადნიერდნენ, მიახლოებოდნენ ქრისტეს ტარიგს. მსაჯულმა მომხდარი წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და მას შვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა მიუსაჯა.
წმიდა მოწამეთა: თეოდოტიას, ყრმა ევოდის და მისი ორი სხვა მცირეწლოვანი ძის ხსენება 22 დეკემბერსაც აღესრულება, წმიდა ანასტასიასთან ერთად. 
წმიდა ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი – ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.
ერთხელ მცხეთელმა სპარსელებმა დღესასწაულზე მიიწვიეს ევსტათი, მაგრამ წმიდანმა შორს დაიჭირა: „მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდილ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარო“, – შეუთვალა მან ძველ თანამემამულეებს. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმიდანი.
ევსტათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი გაიფიქრა: „ესენი ჩემი მოყვარენი არიან და თუ ამათი შემეშინდება, სხვასთან როგორღა მოვიქცევი. წავალ და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რამეთუ წერილ არს: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა“.
უსტამმა სადაურობა გამოჰკითხა ევსტათის. წმიდანმა მიუგო: სპარსელი ვარ, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. მამაჩემი მოგვი იყო, მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, შევისწავლე მათი რჯული, ვარჩიე მოგვობას და ახლა ქრისტიანი ვარ.
უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შედგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.
მარზპანმა მკაცრად დაჰკითხა ქრისტეს მსასოებელი სპარსელები. მათ უპასუხეს: „მამულსა-ღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა“.
განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს – შეეწყალებინათ.
ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა – ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.
სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი. წმიდა ევსტათი სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს: „ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა აღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ მყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაჲთა“.
წმიდა ევსტათი შეევედრა ღმერთს: „უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტიანობით, ჴორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ გიჩნს განგდებაჲ გარე და შეჭმაჲ ძაღლთა და ფრინველთა ცისათაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთა ბრძანე აქვე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს“.
წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი სიმშვენიერით მოხიბლულმა ბუზმირმა ტკბილად მიმართა წმიდანს: „შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტეანებისათჳს და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შჳლთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა“. წმიდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად. ვიდრე საპყრობილეს მიაღწევდნენ, მან ითხოვა ლოცვისათვის დრო მიეცათ, მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: „უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხორებაჲ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახლსა წმიდასა შენსა; რომელმან ისმინე ლოცვაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ… ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინაა, არამედ რაჲთა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი და რათა აქუნდეს მადლი და კურნებაჲ ძუალთა ჩემთა, ვითარცა იგი პირველთა მათ“. უცებ გაისმა ხმა: „არა უნაკლულეს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისათა, რომელთა ვჰრწმენე მე, ხოლო გუამისა შენისათჳს ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად“. მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს.
ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი (ხს. 30 ნოემბერს) შემოეგება და პატივით დაკრძანა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.
 ლოცვა
ჰოჲ, ღვაწლით შემოსილო, ახოვანო და შვენიერო წმიდაო მოწამეო ევსტათი, ნეტარსა მას სამყოფელსა შინა განსვენებულო და ღმრთისა პირისა მხილველო, ლოცვითა შენითა წმიდითა განანათლე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. შეიწყალე და აცხოვნე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნონი წესნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა შეგიწყალმეს ჩვენ საშინელსა და შესაძრწუნებელსა სამსჯავროსა მისსა და მიტევებისა და სიყვარულისა მისისა წყაროსა შინა შეწყნარებულნი და მისა მიმართ დაგებულნი დაუდუმებელად ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოველით სულით წმიდითურთ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.