24.10.2025. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

24.10.2025. მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

     “…ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

24.10.2025. ხსნილი

მოციქულისა ფილიპესი, ერთისა შვიდთა დიაკონთაგანისა (I); ღირსისა თეოფანესი, ნიკეელ ეპისკოპოსისა და აღმსარებელისა და გამომეტყველისა, კანონთგამომთქმელისა (850); მოწამეთა ზინაიდასი და დისა მისისა ფილონილასი (I).

დღის ლოცვები

მოციქული ფილიპეს, ერთი შვიდთა დიაკონთაგანის კონდაკი:

ყოვლადსაკვირველი წარმართთა მომნადირებელი და მოწაფეთა ქრისტესთა თანამზრახველი მოციქულთა მიერ პირველ გამორჩეული ფილიპე დღეს სოფელსა კურნებასა მდიდრად მიმადლებს და იხსნის განსაცდელთაგან მაქებელთა თვისთა, ვინაიცა ერთხმით უღაღადებთ: გვაცხოვნენ ყოველნი მეოხებითა შენითა, მოციქულო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: ფლპ. 3: 8-19 (დას. 245). ლკ. 9: 12-19 (დას. 42).
მოც.: საქმ. 8: 26-39 (დას. 20). ლკ. 10: 1-21 (დას. 50).

ლიტ.: ფლპ. 3: 8-19 

8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის – ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე, 9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული; 10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს 11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. 12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. 13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. 16. ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ. 17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში. 18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები, 19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი – მუცელი, დიდება კი – სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.

ლიტ.: ლკ. 9: 12-19 

12. როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ. 13. უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს. 14. რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი. 15. ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი. 16. ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. 17. ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი. 18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ: 19. რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.

მოც.: საქმ. 8: 26-39 

26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ. 27. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს, 28. უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. 29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს. 30. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ? 31. მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. 32. ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა  მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი. 33. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“.  34. მიუგო  საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე? 35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს. 36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? 37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა. 38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი. 39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.

მოც.: ლკ. 10: 1-21 

1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი. 16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ. 

ხსენება სასწაულისა ხატისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ბეირუთში. მეშვიდე მსოფლიო კრების (787 წ.) მეოთხე სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად მოიშველია წმიდა ათანასეს სიტყვა ქალაქ ბიროში (დღევანდელ ბეირუთში) მომხდარი სასწაულის შესახებ.
ამ ქალაქში იუდეველთა სინაგოგის მახლობლად ერთი ქრისტიანი ცხოვრობდა. შემდეგ იგი სხვაგან გადასახლდა და ძველ ბინაში იესო ქრისტეს ხატი დატოვა. იუდეველს, რომელიც აქ დამკვიდრდა, ხატი არ შეუმჩნევია, მაგრამ სტუმრად მოსულმა ებრაელმა შენიშნა იგი, შერისხა მეგობარი და სინაგოგაში დაასმინა. იუდეველებმა ხატი ჩამოხსნეს კედლიდან და გმობა დაუწყეს: „როგორც ოდესღაც ჩვენმა მამებმა აგინეს მას, ჩვენც ისევე ვაგინებთ“, – იძახდნენ ისინი, ანერწყვავდნენ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, შოლტს სცემდნენ, ლანძღავდნენ. ხელებსა და ფეხებში ლურსმნები ჩააჭედეს, თავში კვერთხი ჩაარტყეს, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიადეს ბაგეებთან. ბოლოს ლახვარიც მოიტანეს და ერთმა იუდეველმა გვერდში უგმირა უფალს. გაკვეთილი ხატიდან უეცრად სისხლმა და წყალმა გადმოხეთქა. ამ სასწაულის მხილველმა რაბინებმა თქვეს: „იესო ქრისტეს მიმდევრები ამტკიცებენ, თითქოს იგი სნეულებს კურნავდა. წავიღოთ სინაგოგაში ეს სისხლი და წყალი, ავადმყოფებს ვცხოთ და ვნახავთ, მართალია თუ არა, რასაც ამბობენ“.
საკვირველების შესახებ რომ შეიტყვეს, სხვადასხვა სნეულებით გატანჯული ბეირუთელები გაეშურნენ სიწმიდისკენ: ზოგი მოჰყავდათ, სხვებს – მოასვენებდნენ, ხატიდან გადმოსული სისხლის ცხებით კი ყველანი იკურნებოდნენ. გაოცებულმა იუდეველმა მღვდელმსახურებმა და მთელმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე. „დიდება შენდა, ქრისტე, ჩვენი მამების ხელით ჯვარცმულო და ჩვენგანაც ჯვარცმულო შენი ხატის სახით. დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, ამდენი საკვირველების მოქმედო! ჩვენ გვწამს შენი. იყავ მოწყალე და შეგვივედრე!“ ლოცულობდა გაოგნებული ხალხი. ებრაელები ბეირუთის ეპისკოპოსთან მივიდნენ, აჩვენეს საკვირველთმოქმედი ხატი, მისგან გადმოსული სისხლი და წყალი და თავიანთი დანაშაულიც აღიარეს. მღვდელმთავარმა შემცოდეთა გულწრფელი სინანული რომ იხილა, შეივრდომა ისინი, კათაკმევლებად დაადგინა და ხანგრძლივი მზადების შემდეგ მონათლა. სინაგოგა მაცხოვრის სახელობის ტაძრად აკურთხეს. ებრაელთა თხოვნით ბეირუთის სხვა სინაგოგებიც მართლმადიდებლურ ტაძრებად გადაკეთდა და წმიდა მოწამეთა სახელებზე ეკურთხა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას. მისი ქადაგებით მოექცა გრძნეული სიმონი, რომელმაც „ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა“ (საქმე; 8,13).
უფლის ანგელოზის მინიშნებით წმიდა მოციქული იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დაადგა, აქ შეხვდა ინდოეთის დედოფლის კარისკაცს, საჭურისს, „რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა“ და მონათლა (საქმე, 8, 26-39). ამის შემდეგ „სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე“ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ღაზის მახლობლად მდებარე ქალაქ აზოტში აღმოჩნდა. იგი „მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად“ (საქმე; 8,40). კესარიაში ნეტარმა რამოდენიმე ხანი დაჰყო საკუთარ სახლში, შემდეგ კი იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მის ოთხ ასულს, რომლებიც ქალწულებითა და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი – ერმიონია (იხილეთ 4 სექტემბერს) მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა ფილიპე მოციქული – შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან – ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.
წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).
ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის (ხს. 27 დეკემბერს) უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.
ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, – უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.