„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
31.10.2025. მარხვა
წმიდისა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასი (I); მოწამისა მარინი ბერისა (IV); ღირსისა იულიანე მეუდაბნოისა (IV).
დღის ლოცვები
დიდებულის, ყოვლადქებულის მოციქულისა და მახარებელის ლუკას
ტროპარი: მოციქულთა საქმეთა მომთხრობელსა და ქრისტეს სახარებისა ბრწყინვალედ აღმწერელსა ლუკას ყოვლადსაგალობელსა ვერ აღსაწერელსა ქრისტეს ეკლესიისა მიმართ, გალობითა სამღდელოთა წმიდასა მოციქულსა ვაქებდეთ, ვითარცა უძლურებისა კაცთასა მკურნალსა, ბუნებისა სნეულებათა და წყლულებათა განმამრთელებელსა, და მვედრებელსა დაუცხრომელად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილმსახურებისასა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკულავსა ეკლესიისასა, საღმრთოსა ლუკას შევასხმიდეთ, რამეთუ სიტყუამან გამოაჩინა იგი პავლეს თანა ბრძნისა წარმართთა მოძღურად, მხოლომან, რომელმან უწყნის გულთა შინანი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 2: 1-7 (დას. 253). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).
მოც: კოლ. 4: 5-9, 14, 18 (დას. 260, შუა). ლკ. 10: 16-21 (დას. 51).
ლიტ.: კოლ. 2: 1-7
1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; 2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 4. ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით. 5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.
ლიტ.: ლკ. 10: 1-15
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
მოც: კოლ. 4: 5-9, 14, 18
5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. 6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. 7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, 8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.
14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი.
18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
მოც: ლკ. 10: 16-21
16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა ლუკა, როგორც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი, უფლის მიერ ცათა სასუფევლის შესახებ პირველი ქადაგებისთვის გაიგზავნა (ლკ. 10, 1-3). აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეოპას გამოეცხადა.ლუკა თან გაჰყვა წმიდა მოციქულ პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. უფლის რჩეული პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიატოვა (2 ტიმ. 4,10). მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა; ამქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში.
გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. „მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!“ – უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ხატებიც.
სახარება ლუკას 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია რომში. როგორც თვითონვე გვამცნობს პირველივე მუხლებში, მისი მიზანი ყოფილა, უფრო სრულად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღეწერა ყველაფერი, რაც იესო ქრისტესა და მისი სწავლების შესახებ იყო ცნობილი და ამით ქრისტიანული სასოებისათვის მტკიცე ისტორიული საფუძველი დაედო (ლკ.1, 1-4).
ლუკა მახარებელს ეკუთვნის „საქმე მოციქულთა“. იგი ოთხთავის გაგრძელებაა და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ. როგორც უდიდეს საეკლესიო მოვლენას, თხრობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოციქულთა კრებას (51 წ. ქრისტეს შემდეგ), რომელმაც დოგმატური საფუძველი დაუდო იუდაიზმისგან ქრისტიანობის გამიჯვნას და მსოფლიოში მისი დამოუკიდებელი გავრცელების საწინდარი შეიქნა (საქმე. 15, 6-29).
ღირსი იულიანე (IV)
ღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოსაგრეობდა, მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ნეტარმა სიკვდილისაგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე: მისი ლოცვით, ყრმა მაშველის მოსვლამდე წყალში იდგა და არ იძირებოდა. ერთხელ, ლოცვის დროს ღირს მამას ჩაესმა ხმა, რომელმაც იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) აღსასრულის მოახლოება ამცნო. მალე წინასწარმეტყველება ახდა.წმიდა მოწამე მარინი (IV)
წმიდა მოწამე მარინი ბერი იყო. იგი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ქალაქ ანაზარვში. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობის ჟამს მარინი ქალაქ ტარსოსში სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისთვის, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.