„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

21-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV
2.11.2025. ხსნილი
ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა (1995); დიდმოწამისა არტემ ანტიოქიელისა (362).
დღის ლოცვები
ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელი-სალოსის
ტროპარი: ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაი ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაი მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაი შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მიუწვდომელ არს მოწყალებაი მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაი განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაი განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაი თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, კვირიაკესა, შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმინდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყნი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ ვითარცა გნებავს, აღხოცენ იგინი. შეგცოდე უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰსცხონდე და ნუ თანა წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე, და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ მეუფეო, ჩვენ მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა, და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და გაქვს ხემწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, და სულითა მთავრობისათა დაგვამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან შეწყალებაი ჩვენი, და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა, და თხოვად ცოდვათა მოტევებისა, და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-10, ინ. 21: 1-14 (დას. 66).
ლიტ.: გალ. 2: 16-20 (დას. 203). ლკ. 16: 19-31 (დას. 83).
ცისკ.: ინ. 21: 1-14
1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.
ლიტ.: გალ. 2: 16-20
16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც. 18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს? 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
ლიტ.: ლკ. 16: 19-31
19. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. 20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული. 21. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს. 22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. 23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. 24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. 25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი – მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. 26. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან – ჩვენსკენ. 27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი. 28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში. 29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ. 30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ. 31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა დიდმოწამე არტემი (+362)
წმიდა დიდმოწამე არტემი, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი – მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანციუსის (337-361) ზეობისას. ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფისნაცვლადაც დანიშნეს. ამ ძალაუფლებაში ნეტარმა არტემიმ ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად.ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილი, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი. ქალაქში ჩასული არტემი შეესწრო მათ მარტვილობას და საჯაროდ ამხილა იულიანე უღმრთოებასა და სისასტიკეში. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ისიც ჯალათებს გადასცა. წამების შემდეგ არტემი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მარტვილი ლოცულობდა, მის წინაშე თავად ქრისტე წარდგა ანგელოსთა დასის თანხლებით და უთხრა: „მხნე იყავნ, არტემი! მე შენ თანა ვარ. უკვე გიმზადებ გვირგვინს დიდებისა, რამეთუ ვითარცა შენ მაღიარე წინაშე კაცთა, მეც აღგიარო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. მხნე იყავნ და გიხაროდენ – ჩემ თანა იყო სამოთხესა“.
ნეტარი მოთმინებით იტანდა ტანჯვას. მან იულიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ბოროტებისთვის მალე დაისჯებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხეცა თვითმპყრობელი და მარტვილის წამება გააძლიერა, მაგრამ როცა იხილა, რომ წმიდა არტემის მოსადრეკად ყოველი ღონე ამაო იყო, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.
ქრისტიანებმა დიდმოწამის ნეშტი მიწას მიაბარეს. წმიდა არტემის სიკვდილის შემდეგ მისი წინასწარმეტყველება იულიანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ ახდა: განდგომილი იმპერატორი ანტიოქიიდან გავიდა სპარსელებთან საბრძოლველად. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, რომელმაც თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, ამ უკანასკნელმა კი იგი მხედრობითურთ კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებში შეიყვანა, სადაც არც წყალი იპოვებოდა და არც საზრდელი. შიმშილითა და წყურვილით გათანგულ და განახევრებულ ლაშქარს მტერმა სასტიკი დამარცხება აგემა. თავად იმპერატორსაც ღვთივმოვლენილი სასჯელი ეწია: უჩინარმა ხელმა გულში უჩინარი იარაღი უგმირა. იულიანემ მძიმედ ამოიოხრა და წარმოთქვა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“
მწვალებელი იმპერატორის მიცვალების შემდეგ წმიდა დიდმოწამე არტემის ნეშტი პატივით გადააბრძანეს ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში.
ღირსი გერასიმე ათონელი (+1579)
ღირსი გერასიმე ათონელი პელოპონესის სოფელ ტრიკალაში დაიბადა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მან კუნძულ ზაკინს მიაშურა სამოღვაწეოდ. წმიდა მთაზე გერასიმე ათონელ მოსაგრეებს დაემოწაფა; შემდგომ ბერების კურთხევით იერუსალიმში გაემგზავრა უფლის საფლავის თაყვანსაცემად, მოილოცა სინას მთის, ანტიოქიის, დამასკოს, ალექსანდრიის, ეგვიპტის წმიდა ადგილები და კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. აქ იერუსალიმის პატრიარქმა გერმანე II-მ (1534-1579) წმიდანი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი ხუცესად დაასხა ხელი.მიუხედავად სამღვდელო ხარისხისა, ღირსი გერასიმე განდეგილის ცხოვრებით მოღვაწეობდა. ბოლოს წმიდანმა პატრიარქისაგან მდუმარების ღვაწლზე აიღო კურთხევა და ზაკინზე განმარტოვდა. აქ ნეტარმა ხუთი წელი დაჰყო მარტოდმარტო, მისი საკვები მხოლოდ მცენარეულობა იყო. ამის შემდეგ ზეგარდამო შთაგონებით გერასიმე კეთალონიის კუნძულზე გადავიდა და ომალში, მის მიერ აღდგენილ ტაძართან დედათა მონასტერი დააარსა. ღირსი მამა აქ ოცდაათი წელი მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას სნეულთა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიემადლა. უფლის რჩეულს რამდენიმე დღით ადრე ეუწყა თავისი აღსასრულის შესახებ, დალოცა მონაზვნები და მშვიდობით მიიცვალა 1579 წლის 15 აგვისტოს, სამოცდათერთმეტი წლის ასაკში. ორი წლის შემდეგ მისი ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. სიწმიდე კეთილსურნელებას აფრქვევდა და სნეულებს კურნავდა.