7.11.2025. 22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

7.11.2025. 22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

7.11.2025. მარხვა

მოწამეთა მწიგნობართა და წიგნისმკითხველთა მარკიანესი და მარტვირისა (355); მოწამისა ანასტასისა (II); მართლისა ტაბითასი (I); მოწამე ვაროზისა და მისთანა შვიდთა მოწამეთა (III-IV).

დღის ლოცვები

მოწამეთა მარკიანესი და მარტვირისა

კონდაკი: სიჩჩოთგან კეთილად მოღუაწეთა მარკიანე ბრძნისა მარტვირის თანა განდგომილი არიოს ძლიერად დააკვეთეს მოუწყვლელად დამცველთა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისათა და თანა შედგომილთა პავლე კეთილ მასწავლელისათა, ვინაიცა მის თანავე პოვეთ ცხორებაი, ვითარცა სამებისათვის მბრძოლთა რჩეულთა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: კოლ. 4: 10-18 (დას. 261). ლკ. 11: 23-26 (დას. 58).
მოწ.: ეფ. 4: 7-13 (დას. 224, შუა). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).

ლიტ.: კოლ. 4: 10-18 

10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი, 11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში. 12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით. 13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის. 14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი. 15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია. 16. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ. 17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო. 18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.

ლიტ.: ლკ. 11: 23-26 

23. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, – ფანტავს. 24. როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. 25. და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს. 26. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.

მოწ.: ეფ. 4: 7-13 

7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი. 8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. 9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? 10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. 11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. 12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,

მოწ.: მთ. 10: 1, 5-8 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

მოწამეთა მწიგნობართა და წიგნისმკითხველთა მარკიანესი და მარტვირისა (355); მოწამისა ანასტასისა (II); მართლისა ტაბითასი (I); მოწამე ვაროზისა და მისთანა შვიდთა მოწამეთა (III-IV).

მართლისა ტაბითასი (I);

მართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში და „სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა“. მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან და მდაბლად შესთხოვეს: „ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე“. როცა პეტრე მივიდა, ქვრივები ტირილით „უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა“. მაშინ მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!“ მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი“. ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი (საქმე; 9, 36-42).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ. 

 

მოწამისა ანასტასისა (II)

წმიდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმიდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

                   წმიდა მოწამენი: მარკიანე და მარტვირი (+დაახლ. 355) 

 
25 (07.11) ოქტომბერიწმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე აღმსარებლის (ხს. 6 ნოემბერს) ნოტარიუსების მორჩილება-საც აღასრულებდნენ – მათი ხელით იწერებოდა ნეტარი მღვდელმთავრის ეპისტოლეები არიანელთაგან დაბნეული სამწყსოსადმი.მას შემდეგ, რაც ერეტიკოსებმა წმიდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს და მალულად მოკლეს, მისი კათედრა ადრიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვითა და პატივის აღთქმით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ წამებით ამოხდიდნენ სულს, მაგრამ ვერანაირმა მცდელობამ მათთვის სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო: უფლის რჩეულები კვლავ ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ხალხსაც მოუწოდებდნენ, მტკიცედ დაეცვათ ეკლესიის მამათა მიერ გადმოცემული სწავლების სიწმიდე. წმინდანებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს. აღსასრულის წინ მარტვილებმა მხურვალედ სთხოვეს უფალს: „უფალო ღმერთო, რომელმან დაჰბადე გულნი ჩვენნი და გულისხმა-ყოფ საქმეთა ჩვენთა, მშვიდობით შეივედრე სულნი მონათა შენთანი, რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე, შევირაცხენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი“ (ფს. 32,15; 43,23). გვიხარის, რამეთუ ესევითარითა სიკვდილითა განვალთ ამა სოფლიდან სახელისა შენისათვის. ღირს გვყავ ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა შენთანა, წყაროო ცხოვრებისაო“. ლოცვის შემდეგ მოწამეებმა სიხარულით მიუპყრეს ქედი უსჯულოთა მახვილებს (+დაახლ. 355 წელს). მათი წმიდა ცხედრები მართლმორწმუნეებმა პატივით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით, წმიდა მღვდელმთავრის, იოანე ოქროპირის დროს, უფლის სათნომყოფელთა უხრწნელი ნაწილები მათ სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს, სადაც წმიდანების ლოცვით მრავალი საკვირველი კურნება აღესრულა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.