19.11.2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

19.11.2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

19.11.2025.  მარხვა

პავლე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, აღმსარებელისა (350); ქალწულმოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III); ღირსისა ლუკა ტავრომენიელისა (800-820).

დღის ლოცვები

პავლე აღმსარებელის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის

ტროპარი: მართლისა სარწმუნოებასა აღსარებათა მეორედ პავლედ გლოვა შენ ეკლესიამან და მღდელთა შორის მოშურნედ ილიასებრ და შენთანა ღაღადებს აბელცა უფლისა მიმართ, და სისხლი მართლისა ზაქარიასი, მამაო ღირსო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

კონდაკი: გამოკრთი შენ ქუეყანასა ზედა, ვითარცა ვარსკულავი ცისა მნათობი, და კათოლიკე ეკლესიაი განაბრწყინვე, რომლისა ძლით იწამეცა სულისა თვისისა განმცემელმან, პავლე, ვინაიცა ზაქარიას და აბელის სისხლისაებრ ღაღადებს სისხლი შენი უფლისა მიმართ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 თეს. 4: 1-12 (დას. 269). ლკ. 12: 48-59 (დას. 69).
მღვდ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).

ლიტ.: 1 თეს. 4: 1-12 

1. ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა – როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით. 2. რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან. 3. ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას, 4. და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით. 5. და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს; 6. რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის. 7. რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა. 8. ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა. 9. ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, 10. და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი; 11. გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ, 12. რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ.

ლიტ.: ლკ. 12: 48-59 

48. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება. 49. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს! 50. ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება. 51. იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. 52. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი – ორს და ორი – სამს; 53. დიახ, განდგება მამა ძისაგან და ძე – მამისაგან; დედა – ასულისაგან და ასული – დედისაგან; დედამთილი – რძლისაგან და რძალი – დედამთილისაგან. 54. და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. 55. ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება. 56. თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ? 57. ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი? 58. როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მსაჯულთან, ეცადე, გზაშივე დაიხსნა თავი მისგან, რათა არ მიგიყვანოს მსაჯულთან, ხოლო მსაჯულმა არ მიგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. 59. გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ წვლილს.

მღვდ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

მღვდ.მთ.: ლკ. 12: 8-12 

8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა პავლე აღმსარებელი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+350)

წმიდა პავლე, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (+340) გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს. იმპერატორი კონსტანციუსი (337-361), რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ევსების მიერ განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც.

ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანციუსის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომს დაბრუნებოდა.

იმპერატორმა კონსტანტმა (337-350) თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანციუსს წერილით მიმართა, დევნილი მღვდელმთავარი კათედრაზე დაებრუნებინა. წმიდა პავლე საპატრიარქო საყდარში დააბრუნეს, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი კეთილმსახური იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: როცა პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმიდანი ომოფორით მოახრჩვეს. ეს მოხდა 350 წელს. 381 წელს წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (379-395) ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმიდე ვენეციაში გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

ქალწულმოწამეთა: ტეკუსასი, ალექსანდრასი, პოლაქტიასი, კლავდიასი, ევფროსინესი, ათანასიასი და მატრონასი (III)

 

ღირსი ლუკა ტავრომენიელი (+800-820) 
ღირსი ლუკა ტავრომენიელი (+800-820) - 06 (19) ნოემბერი
წმინდა ლუკა VIII საუკუნის ბოლოსა და IX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და ტომით სიცილიიდან, ქალაქ ტავრომენიდან გახლდათ.
ღვთის ტაძრებს ბავშვობიდანვე ოდენ ღვთისმსახურების მოსასმენად კი არა, სახარებისეული სულით დასაპურებლადაც აკითხავდა.
თვრამეტი წელი რომ შეუსრულდა, მშობლებმა მისი დაქორწინება განიზრახეს, ლუკამ კი, ვისი გულიც ოდენ უფალს ეკუთვნოდა, ერთ ღამეს ფარულად განერიდა მშობლიურ სახლს.
ორმოცი დღე-ღამე ველურ მხეცთა შორის გაატარა სრულიად უსმელ-უჭმელმა, შემდგომ კი ღვთის ანგელოზისგან ეუწყა, თუ რა გზას უნდა დასდგომოდა, მითითებულ სავანეს მიაშურა და იქ აღიკვეცა ბერად.
ღირსმა ლუკამ თავს უმძიმესი ასკეტური ღვაწლი იდო, – წელიწად-ნახევრის მანძილზე მცირეოდენი პურითა და წყლით თუ ინუგეშებდა სამ-ოთხ დღეში ერთხელ სხეულს, გარკვეული დროის შემდგომ კი სავანის ერთ-ერთ მონაზონთან ერთად ეტნას მთაზე აღვიდა, სადაც ოდენ ნედლი ბალახით საზრდოობდა, ძილს კი – რამდენიმე წამით თუ მისცემდა თავს.
ნებისმიერ ამინდში ერთადერთი, დაბებკილი კაბით, ფეხშიშველი იარებოდა და მანამ არ გადააბიჯებდა სენაკის კარს, სანამ მთელ ფსალმუნს არ ჩაიკითხავდა, რასაც დღის სამ საათამდე მოათავებდა ხოლმე, 6 საათამდე დროს შრომაში განლევდა და მხოლოდ ამის შემდეგღა თუ იგემებდა მცირეოდენ ბალახეულს.
ღვთისგან ამ ღვაწლის ნაყოფად დიდი მადლი მიიღო, რომლის წყალობითაც წმინდა წერილის ყველაზე რთულ ადგილთა განმარტება შეეძლო.
გამოუთქმელი გახლდათ მისი სიყვარული ყოველი დაბადებულისადმი და ღვთისადმი მორჩილება.
საღვთო გამოცხადების შემდგომ იქაურობაც დატოვა და ნაკლებად უკაცურ ადგილას ოცი მოწაფე შემოიკრიბა, სავანის მოსაწყობად და იქაურ მონასტერთა გასაცნობად კონსტანტინოპოლს ეწვია, სადაც არაერთ წმინდა ხუცესს შეხვდა, შინ მომავალი კი კორინთოში, ერთ მცირე სავანეში შეჩერდა, სადაც 7 თვის შემდგომ, 40 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
მოკლე ხანში სავანეში მრავალი სასწაული აღსრულდა, მისი სამარიდან კი საკვირველი სურნელება ამოიფრქვა.