25.02.2026. დიდმარხვის I შვიდეული. ოთხშაბათი

25.02.2026. დიდმარხვის I შვიდეული. ოთხშაბათი

           „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

           „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

          … მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

         ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

         ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).        

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

25.02.2026. დიდმარხვის I შვიდეული

ოთხშაბათი. მძიმე მარხვა

კრება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა. ღირსისა პროხორე ქართველისა, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის განმაახლებელისა (XI), ღირსმოწამეთა: ლუკა იერუსალიმელისა, მოწამეობრივად აღსრულებულისა (მუხაის ძე, აბაშიძე, 1273-1277), ნიკოლოზისა (დვალი, 1314)*, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებულისა, და იერუსალიმის ქართველთა მონასტრებში ცხოვრებულთა ყოველთა ქართველთა მოწამეთა და ღირსთა მამათა (IV-XVIII); მღვდელთმთავრისა მელეტი ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსისა მარიამისა (მარინისა) და მამისა მისისა ევგენისა (VI); მღვდელთმთავრისა ანტონი კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (895); მღვდელთმთავრისა ალექსი მოსკოველ მიტროპოლიტისა, სასწაულთმოქმედისა (1378).

დღის ლოცვები

 

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

დღის საკითხავები

 

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 2: 3-11

3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. 4. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან – ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. 5. ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ! 6. მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან. 7. ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს. 8. ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა. 9. დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ. 10. კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას! 11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!

მწუხრზე: დაბ. 1: 24 – 2: 3. იგავ. 2: 1-22

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით – პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. 30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. 31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა – მეექვსე დღე.

1. ვუთხარი ჩემს თავს: მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა – და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა მხოლოდ. 2. მივხვდი, გართობა ფუჭი საქმეა; მხიარულება რის მაქნისია? 3. ვიფიქრე, ღვინით დამებანგა ჩემი სხეული, ხოლო გონებას სიბრძნით ეფხიზლა; დავდგომოდი გზას სიბრიყვისას, ვიდრე ვნახავდი, რა სიკეთეა კაცთათვის მასში, რასაც იქმნიან ცისქვეშეთში, სანამ ცოცხლობენ. 4. დიდი საქმე ჩავიდინე, ავიგე სახლნი, ჩავყარე ვაზი, 5. გავიშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი, 6. წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყათ ნორჩი ტევრები, 7. შევიძინე მონა-მხევალნი, და მრავლად მესხნენ სახლში სახლეულნი; მყავდა ცხვარ-ძროხა იმათზე მეტი, ვისაც ჩემს უწინ უმეფია იერუსალიმში. 8. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის; გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი. 9. განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა, ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს; და სიბრძნე ჩემი მევე მეყუდნა. 10. არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ვედრი ჩემი შრომისა. 11. მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში. 12. რადგან რაღა ქმნას ადამიანმა, რომელიც მოვა შემდგომ მეფისა, რომელსაც უკვე ყველაფერი უქმნია ქვეყნად? 13. ოდეს ვიკვლიე, რა არის სიბრძნე ანუ სიბრიყვე და უმეცრება, ვნახე, რომ სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, ისევე როგორც ნათელი ბნელზე. 14. ბრძენი კაცი გონებითა ჭვრეტს, უგუნური კი ბნელში დავალს. და ვუწყი, მაინც მოწევნადი ერთი აქვს ყველას. 15. გულს ვუთხარ მაშინ: მეც უგუნურის ბედი მეწევა; მაშ, რადღა ვიყავ მე სხვაზე ბრძენი? და გულსვე ვუთხარ: ამაოება ყოფილა ესეც. 16. მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით. 17. და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა. 18. და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში, და რაც სხვას უნდა დავუტოვო, ჩემს შემდგომ მოსულს. 19. არავინ უწყის, ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ბრძენს თუ უგუნურს, რაიც სიბრძნით მომიღვაწია ამ მზისქვეშეთში? აჰა, კიდევ ამაოება. 20. და წარვუხოცე იმედი ჩემს თავს, რომ აღარაფერს მოველოდე იმ ღვაწლისაგან, რაც მზისქვეშეთში გამიწევია. 21. ნახავ კაცს, იღვწის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად, ვისაც არასდროს უღვაწნია ამ საქმისათვის. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება. 22. მაშ, რაღა რჩება ადამიანს შრომისა და ზრუნვის შედეგად, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
                                                                    (1 ინ. 3: 14)

 

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.
გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი (ცხოვრება იხილეთ 12 ივლისს). წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.
ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.
წმიდა მელეტი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი თავდაპირველად სებასტიის სამწყსოს განაგებდა (დაახლ. 357), შემდეგ კი იმპერატორმა კონსტანტინემ ანტიოქიაში უხმო არიანელებთან საბრძოლველად და ანტიოქიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
წმიდა მელეტი მხურვალედ იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ, რის გამოც მწვალებელთა მანქანებით სამჯერ განიდევნა კათედრიდან: არიანელები გარს ერტყნენ კონსტანცის და თავიანთი გავლენის ქვეშ იქცევდნენ. ანტიოქიელი მღვდელმთავარი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, სულიერი შვილები სათნოებითა და კეთილი ზნით აღეჭურვა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარ ნიადაგში ადვილად გაღვივდებოდა ჭეშმარიტი სწავლების მარცვლები.
წმიდა მელეტიმ აკურთხა დიაკვნად წმიდა ბასილი დიდი; მანვე მონათლა და სულიერად მის თვალწინ იზრდებოდა მართლმადიდებლობის დიდი ლამპარი – წმიდა იოანე ოქროპირიც.
კონსტანცის შემდეგ ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და ნეტარი მელეტი კვლავ განიდევნა. მას შემდეგ, რაც 363 წელს იმპერატორმა იობიანემ კათედრა დაუბრუნა, წმიდა მამამ დაწერა „გადმოცემა სარწმუნოებისა”, რომლის გავლენითაც მრავალი არიანელი მოექცა მართლმადიდებლობაზე.
381 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის (379-395) დროს, კონსტანტინეპოლში გაიმართა II მსოფლიო საეკლესიო კრება. თავდაპირველად მას მელეტი ანტიოქიელი ხელმძღვანელობდა. ღირსი მამა კრების დროს გარდაიცვალა. წმიდა გრიგოლ ნოსელმა მის სახოტბო სიტყვით მიაგო პატივი.
მწყემსმთავრის პატიოსანი ცხედარი კონსტანტინეპოლიდან ანტიოქიაში გადმოასვენეს.
ღირსი მარიამ – მარინი და მამა მისი ღირსი ევგენი VI საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში (მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთი ოლქი). დაქვრივების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მისმა ასულმა კი არ ისურვა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა და თან გაჰყვა მშობელს. ისინი ერთად დამკვიდრდნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად.
„ძმა“ მარინი მეტად წარემატებოდა სათნოებებში, თავმდაბლობით და მორჩილებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო გაიძლიერა ღვაწლი. უფალმა არაწმიდა სულების განსხმის ნიჭით დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი.
ერთხელ, მარინი სხვა ძმებთან ერთად მონასტრის ბოსტანში გაგზავნეს სამუშაოდ. გზად ერთი ღამე მათ სასტუმროში გაათიეს. ერთ-ერთ მდგმურთან ცოდვით დაცემულმა სასტუმროს მეპატრონის ასულმა ცილი დასწამა „ბერ მარინს“ და თავის მაცდურად გამოაცხადა. მისმა მამამ მონასტრის იღუმენთან იჩივლა და წინამძღვარმაც სავანიდან განდევნა „შეცოდებული ძმა“. ღირს დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის გასამართლებლად და მონასტრის გალავანთან დაიწყო ცხოვრება. როცა მიდგომილმა ქალმა ვაჟი შვა, მისმა მამამ მარინთან მოიყვანა შვილიშვილი, უხმოდ მიუგდო და გაბრუნდა. წმიდანმა მიირქვა შვილი და მისი აღზრდა იტვირთა.
სამი წლის შემდეგ ძმებმა სთხოვეს იღუმენს, შერისხული „ძმა“ სავანეში დაებრუნებინა. წინამძღვარი დათანხმდა, მაგრამ ძალზე უხალისოდ. უკან მობრუნებულ მარინს ის ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ავალებდა და „ბერიც“ მათ დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, თან ბავშვსაც ზრდიდა.
სამი წლის შემდეგ წმიდანმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. კელიაში შესულ ძმებს აღსრულებული მონაზონი და მის გვამთან მოქვითინე ბიჭუნა დაუხვდათ. როცა ნეტარი დედის ცხედრის დასაკრძალად შემოსვა დაიწყეს, მისი საიდუმლო გაცხადდა. აცრემლებულმა მონასტრის იღუმენმა პატიება სთხოვა მიცვალებულის სულს, მას მიჰბაძა სასტუმროს მეპატრონემაც. ღირსი მარიამის ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. ეშმაკეულქმნილმა მისმა ცილისმწამებელმა კუბოსთან საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვა და განიკურნა.
ღირსი მარიამ-მარინის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი 1113 წელს ვენეციაში იქნა გადაბრძანებული.
წმიდა ანტონი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი აზიელი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება სიყრმიდან მიცვალებამდე კონსტანტინეპოლში გაატარა. იგი დაახლოებით 829 წელს დაიბადა მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ 12 წლის ყრმამ მონასტერს მიაშურა, სადაც წინამძღვრის მიბაძვით, ღამეებს ათევდა ლოცვაში და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მღვდლად აკურთხეს და წინამძღვარადაც დაადგინეს. ამ ხარისხში მან ბერად აღკვეცა საკუთარი მამა. წმიდა ანტონი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, უყვარდა გლახაკები და გულუხვად მოიკითხავდა მათ.
ნეტარი მამა 893 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გააძლიერა უქონლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით ხელმოკლე მღვდელმსახურებს შეეწეოდა. იმპერატორ ლეონ ბრძენის მხარდაჭერით პატრიარქმა ანტონიმ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისათვის.
895 წელს, ღრმად მოხუცებულმა ანტონიმ მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი“.
გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე – სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1 ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.
მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა.
ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.
წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.
წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.
კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შახ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შახ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შახ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.
ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, – დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.
წმიდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი 1292 წელს (სხვა ცნობით – 1304 წელს) დაიბადა მოსკოვში, ჩერნიგოველ მთავართა წრიდან გამოსული ბოიარის, თეოდორე ბიაკონტის ოჯახში.
ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება, თორმეტი წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების საჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა: „ალექსი! ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე“, ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თხუთმეტი წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წელს იგი მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 20 წელზე მეტი დაჰყო მკაცრ მოღვაწეობაში. აქ მისი თანამოსაგრეები და ხელმძღვანელები იყვნენ გამოცდილი ბერი გერონტი და სტეფანე, ღირსი სერგი რადონეჟელის ძმა. შემდეგ მიტროპოლიტმა თეოგნისტემ მომავალ მღვდელმთავარს უბრძანა, დაეტოვებინა მონასტერი და ეკლესიის სამოსამართლო საქმეები განეგო. ამ მოვალეობას იგი 12 წლის განმავლობაში ასრულებდა მიტროპოლიტის მოსაყდრის წოდებით. 1350 წელს მეუფე თეოგნისტემ ალექსის ვლადიმირის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მიტროპოლიტის სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს კი მის ტახტზეც აღსაყდრდა. ამ დროს რუსეთის ეკლესიაში აშლილობა და შფოთი სუფევდა ლიტვისა და ვოლინის მიტროპოლიტის, რომანის პრეტენზიების გამო. 1356 წელს არეულობებისა და მღელვარებისათვის ბოლო რომ მოეღო, მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა მსოფლიო პატრიარქთან. პატრიარქმა კალისტემ ალექსი კიევისა და დიდი რუსეთი მთავარეპისკოპოსად დაადგინა, „ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტისა და ეგზარქოსის“ წოდებით.
წმიდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, ნიშნავდა ეპისკოპოსებს, აარსებდა მონასტრებს, აგვარებდა ურთიერთობას ურდოს ხანთან. წმიდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული, თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში. 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე. „ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება,- თქვა ნეტარმა ალექსიმ, – მაგრამ მე მწამს, რომ იგი, ვინც ბრმა განკურნა, არ უგულვებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას“. მართლაც, მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით ხანის მეუღლე განიკურნა.
წმიდა ალექსიმ 78 წელი იცოცხლა. იგი 24 წელი განაგებდა კათედრას და გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს. 50 წლის შემდეგ სასწაულებრივ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, აქედანვე იწყება მისი, როგორც წმიდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა.