… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).
…მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-6 შვიდეული
31.03.2026. სამშაბათი
კირილე იერუსალიმელ პატრიარქისა (386); მოწამეთა: ტროფიმესი და ევკარპიოსისა (დაახ. 300); ღირსისა ანინე მონოზონისა.
დღის ლოცვები
კირილე იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
ღმრთივსულიერითა ენითა შენითა, ბრძენო, განანათლენ ერნი შენნი და ერთი პატივი სამებისა, ბუნებით განუყოფელისა, ხოლო პირებით განყოფილისა, ასწავე; ამისთვის მოხარულნი ყოვლადწმიდასა სახსენებელსა შენსა ვდღესასწაულობთ და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მიგავლენთ მეოხად.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 49: 6-10
6. თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს. 7. ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია. 8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, 9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.
მწუხრზე: დაბ. 31: 3-16
3. უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები. 4. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან. 5. უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე. 6. თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის. 7. მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის. 8. როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა. 9. წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა. 10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან. 11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ. 12. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს. 13. მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას. 14. მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში? 15. განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა? 16. ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.
მწუხრზე: იგავ· 21: 3-21
3. სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის. 4. ქედმაღლობა და დიდგულობა – ბოროტეულთა ლამპარი – ცოდვაა. 5. მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა – სიდუხჭირეს. 6. სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი. 7. ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა. 8. ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა. 9. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას. 10. ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი. 11. ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს. 12. ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს. 13. ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული. 14. ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი – ძლიერ მრისხანებას. 15. სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის – შიში. 16. გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს. 17. ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება. 18. მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი – მზაკვარი. 19. უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას. 20. ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ. 21. სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამენი ტროფიმე და ევკარპი (+დაახლ. 300)
წმიდა მოწამენი, ტროფიმე და ევკარპი ნიკომიდიაში მსახურობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს და აღასრულებენ იმპერატორის განკარგულებებს. ერთხელ, როცა ისინი ქრისტიანებს ეძებდნენ, იხილეს ზეცით გარდამოსული ცეცხლოვანი ღრუბელი, საიდანაც გაისმა ხმა: „რაისთვის დევნით ჩემთა მონათა? ნუ იყოფინ! უმჯობეს არს თქვენდა, თანამზრახველ ექმნათ მათ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი ცათა“. მეომრები ძრწოლით დაეცნენ და წამოიძახეს: „ჭეშმარიტად დიდ არს უფალი, რომელიც გამოგვიჩნდა ჩვენ, ნეტარ ვიქმნებით, უკეთუ შევუდგეთ მას“. ზეცით კვლავ გაისმა: „აღდეგინ, შეინანეთ და მოგეტევოთ ცოდვანი თქვენნი“. მეომრებმა თავი ასწიეს და ცეცხლოვან ღრუბელში ბრწყინვალე არსება იხილეს. ზარდაცემულებმა კვლავ შეჰღაღადეს უფალს: „მიიღე სულნი ჩვენი, რამეთუ ბოროტ და გამოუთქმელ არიან ცოდვანი ჩვენი. არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ შენსა, ჭეშმარიტისა და ერთადერთისა ღვთისა“. როგორც კი ეს წარმოთქვეს, ღრუბელი ზეცად ამაღლდა. ამ სასწაულის შემდეგ სულიერად გარდაქმნილმა ტროფიმემ და ევკარპიმ საპყრობილიდან გაანთავისუფლეს ყველა ქრისტიანი. მეომრები შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. მოწამენი ადიდებდნენ უფალს და ევედრებოდნენ, მიეტევებინა მათთვის საშინელი ცოდვები. წამების შემდეგ წმიდანები მშვიდად ავიდნენ კოცონზე და უფალს მიაბარეს სული.წმიდა კირილე იერუსალიმელი (+386)
წმიდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღეკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება.351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის (351-363) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე.
სარდეს კრების მიერ გადაყენებულმა ერეტიკოსმა, კესარიის ყოფილმა მიტროპოლიტმა აკაკიმ გადაწყვიტა, იმპერატორის შემწეობით განედევნა წმიდა კირილე. როცა იერუსალიმში შიმშილობა დაიწყო, კირილემ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, შემდეგ კი საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო მოშიმშილეთა დასახმარებლად წმიდა კირილეს მტრებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს ქალაქში ნახეს მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი. ამ ცილისწამების გამო ერეტიკოსებმა წმიდა კირილე იერუსალიმიდან განდევნეს.
მღვდელმთავარმა ტარსუსში ეპისკოპოს სილოვანს შეაფარა თავი. ამის შემდეგ სელევკიაში შეიკრიბა ადგილობრივი კრება, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყო წმიდა კირილეც. მართალია, მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. მაშინ აკაკიმ თვითონ დატოვა კრება და კირილე იმპერატორისა და არიანელ პატრიარქ ევდოქსის წინაშე დააბეზღა. იმპერატორმა მღვდელმთავრი გაასახლა.
იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363), ვითომ ღვთისმოსაობის გამო, შეცვალა კონსტანცის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. წმიდა კირილე თავის სამწყსოს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა იულიანე ტახტზე განმტკიცდა, აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისათვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. წმიდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ (ლკ. 21,6) ახდება და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდება. ერთხელ ღამით ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ სოლომონის ტაძრის დარჩენილი ნაშთებიც კი დაინგრა, ახლად აგებული მტვრად და ნაცრად იქცა. როცა იუდეველებმა მაინც გააგრძელეს მშენებლობა, ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები შემუსრა. საზარელმა შიშმა მოიცვა ყველა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე გამოისახა ჯვრები, რომლებიც ვერაფრით მოაშორეს.
ამ ღვთიური გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს. იერუსალიმის კათედრა დაიკავა წმიდა კირიაკმა, რომელიც მალე მოწამეობრივად აღესრულა (+363, ხს. 28 ოქტომბერს).
იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმიდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის (364-378) მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს დაუბრუნდა წმიდა კირილე სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმიდა კირილე მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.
წმიდა კირილეს თხზულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“.
წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.
ღირსი ანინე ხუცესი
ღირსი ანინე ხუცესი დაიბადა ქალკედონში, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ანინემ დატოვა ოჯახი, მონასტერში დასახლდა და ბერად აღიკვეცა. სრული განმარტოებისათვის ის უდაბნოში წავიდა, იქ, სადაც ევფრატი სირიას ჰყოფს სპარსეთისაგან. უდაბნოში ანინე შეხვდა ბერ მაიუმს. ორივე მოღვაწე ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა. მთელი დიდმარხვის განმავლობაში არაფერს ჭამდნენ.წმიდა ანინეს ყოველდღე შორიდან მოჰქონდა სასმელი წყალი. ერთხელ ის დროზე ადრე დაბრუნდა სავსე ჭურჭლით, რადგან ანგელოზმა სასწაულებრივ გაუვსო დოქები. ბერი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ სიმდაბლის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბერი მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა.
მოუკლებელი ლოცვისა და მუდმივი შრომისათვის ანინე უფლისაგან კურნებისა და წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოვდა. მას ემსახურებოდა და ყველგან თან დაჰყვებოდა ორი ლომი. ანინეს სასწაულების ამბავი გახმიანდა. მასთან მოდიოდნენ ავადმყოფები და ბოროტი სულით შეპყრობილები. რამდენიმე ქრისტიანი უდაბნოში დარჩა და დაემოწაფა წმიდანს. ერთხელ ანინესთან წყურვილით გათანგული ადამიანები მოვიდნენ და წყალი სთხოვეს. ღვთის ნებას მინდობილმა ანინემ ერთ-ერთი მოწაფე დამშრალი ჭისკენ გაგზავნა. სასწაულებრივად ჭა პირამდე გაივსო და რამდენიმე დღე ეყო ანინესა და მის მოწაფეებს. როცა ჭა დაცარიელდა, ანინემ ვერ გაბედა, კვლავ ეთხოვა უფლისთვის სასწაულის ქმნა, და ღამ-ღამობით ევფრატიდან დაიწყო წყლის ზიდვა. ნეოკესარიის ეპისკოპოსი პატრიკი ხშირად ნახულობდა ღირს მამას და პრესვიტერადაც დაასხა ხელი. როცა გაიგო ანინეს ღვაწლის შესახებ, ორჯერ აჩუქა მას ვირები წყლის მოსატანად, მაგრამ ღირსმა მამამ ისინი ღარიბებს დაურიგა. მაშინ ეპისკოპოსმა ბრძანა, გაეთხარათ დიდი ჭა და დროდადრო შეევსოთ წყლით.
წმიდა ანინემ ღვთიური გამოცხადებით გაიგო, რომ შორს მოღვაწე ვინმე მესვეტე ბერს უნდოდა სვეტიდან ჩამოსვლა და სასამართლოზე დასმენა ავაზაკისა, რომელმაც ის ქვით დაასახიჩრა. ღირსმა მამამ წერილი მისწერა მესვეტეს და ურჩია, გადაეფიქრებინა განზრახვა.
ერთხელ კეთილმსახური ქალი დაავადდა და ღირს ანინესთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. გზაში ავაზაკი შემოხვდა და რაკი ფული ვერ უპოვა, გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე. ქალმა მეოხად წმიდა ანინეს უხმო. „წმიდაო ანინე, შემეწიე მე!“ ავაზაკს შიშის ზარი დაეცა და უკუდგა. ქალმა ღირს მამას მოუთხრო ყოველივე და კურნებაც მიიღო. მონანული ავაზაკიც მივიდა წმიდა ანინესთან, მოინათლა და ბერად აღიკვეცა.
110 წლის წმიდა ანინემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა და მემკვიდრე იღუმენიც აირჩია.
სიკვდილის წინ წმიდანი ხილვაში გამოცხადებულ მოსეს და აარონს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მიისვენა სიტყვებით: „უფალო, მიიღე სული ჩემი“.