24.04.2026. აღდგომიდან მე-2 შვიდეული. პარასკევი

24.04.2026. აღდგომიდან მე-2 შვიდეული. პარასკევი

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-2 შვიდეული. პარასკევი
24.04.2026 ხსნილი თევზით

მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამოს ეპისკოპოსისა (68); მოწამეთა პროკესისა და მარტინიანესი (67); ღირსისა ფარმუთისი (IV); ღირსისა იოანესი, ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფისა (IX). 

დღის ლოცვები

მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამის ეპისკოპოსისა
ტროპარი: 
კერპთა საცთური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთისა მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა წესთა თანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყუელებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენიერებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიდებულო მოწამეო, და გამოუბრწყინდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

საქმ. 5: 1-11 (დას. 13). ინ. 5: 30-6: 2 (დას. 17).

საქმ. 5: 1-11

1. ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან – საფირასთან ერთად გაყიდა ყანა, 2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო. 3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? 4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. 5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. 6. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს. 7. სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. 8. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად. 9. უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ. 10. მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11. თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს.

ინ. 5: 30-6: 2

30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. 31. თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 32. სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის. 33. თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს. 34. თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ. 35. ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით. 36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული. 37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი. 38. და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული. 39. წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის. 40. თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ. 41. დიდებას არ ვიღებ კაცთაგან. 42. მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში. 43. მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ. 44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის? 45. ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ. 46. ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა. 47. მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს? 

1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა. 2. თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა პერღამელი (+68), წმიდა იოანე ღვთისმეტყველის (ხს. 26 სექტემბერს) მოწაფე, პერღამის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ნერონის (54-68) დროს. იმპერატორის ბრძანებით ყველას, ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სჯიდნენ ან ასახლებდნენ. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე, სადაც უფალმა მას გამოუცხადა ქვეყნიერებისა და წმიდა ეკლესიის მომავალი.
„და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:
ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს“ (გამოცხ. 2, 12-13).
წმიდა ანტიპამ თავისი მაგალითით, მტკიცე სარწმუნოებით და მოუღლელი ქადაგებით მიაღწია იმას, რომ პერღამის მცხოვრებლებმა თავი დაანებეს კერპთმსახურებას.
განრისხებულმა ქურუმებმა წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა შეიყვანეს არტემიდეს ტაძარში და ჩააგდეს გახურებულ სპილენძის ხარში, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე. წმიდანი ხმამაღლა ლოცულობდა, უფალს ევედრებოდა, მიეღო მისი სული და განემტკიცებინა ქრისტიანთა რწმენა. წმიდა ეპისკოპოსი მშვიდობით აღესრულა, თითქოს მიიძინაო (+68).
ღამით მღვდელმოწამის ცეცხლისგან შეუმუსრავი ცხედარი ქრისტიანებმა აიღეს და პატივით დამარხეს პერღამში. წმიდა ანტიპას აკლდამასთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
წმიდა მოწამენი პროკლე და მარტინიანე (I) – წარმართები იყვნენ და მსახურობდნენ რომში, მამერტინის ციხეში.
პროკლე და მარტინიანე თვალყურს ადევნებდნენ ტყვე ქრისტიანების საქციელს, უსმენდნენ მათ ქადაგებას და თანდათან შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. როცა წმიდა მოციქული პეტრე ჩაამწყვდიეს მამერტინის ციხეში, პროკლემ და მარტინიანემ საბოლოოდ ირწმუნეს ქრისტე, მოციქულისგან ნათელიღეს და იგი საპყრობილედან გაანთავისუფლეს. ციხის უფროსმა პავლინმა შეიტყო ეს ამბავი და ახალნათელღებულებს მოსთხოვა ქრისტეს უარყოფა. მათ კი უშიშრად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება პავლინის ბრძანებით წმიდანები სასტიკად ცემეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.
მალე პავლინს ღვთის სასჯელი ეწია: მოულოდნელად დაბრმავდა და მესამე დღეს გარდაიცვალა. პავლინის შვილმა ქალაქის თავს მოწამეთა სიკვდილით დასჯა მოსთხოვა. წმიდა პროკლესა და მარტინიანეს თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 67).
ღირსი ფარბეთა (IV) იმ უდაბნოში ცხოვრობდა, სადაც ღირსი იოანე (ხს. 29 მარტს) მოღვაწეობდა. ჭაში მჯდომ იოანესთან საზრდელი წმიდა ფარბეთას მიჰქონდა.