1.08.2026. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

1.08.2026. მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43).

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-9 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
1.08.2026. შაბათი. ხსნილი

ღირსისა მაკრინასი, ბასილი დიდის დისა (380); ღირსისა დიოსი (430); ღირსისა სერაფიმე საროველ სასწაულთმოქმედისა (ნაწილთა აღმოყვანება 1903); მოწამეთა მღვდელთმოძღვართა: არისტაქესი, ორანთესი, ოსკისი, გრიგორისა და დანიელისა (IV); ღირსისა ბარალამისა, რომელი მოღვაწეობდა მთასა კავკასსა, ანტიოქიაში.

დღის ლოცვები
ღირსი მაკრინეს, ბასილი დიდის დის კონდაკი:

სახიერი ღმერთი შეიყუარე ყოვლითა გულითა, ღირსო მაკრინე, და ჯუარი მისი პატიოსანი ბეჭთა შენთა ზედა იტვირთე, და შეუდეგ მას გულსმოდგინედ, ვინაცა შენდობაი ცოდვათა მოიპოვე. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

რომ. 14: 6-9 (დას. 113). მთ. 15: 32-39 (დას. 64).

რომ. 14: 6-9 

6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს. 7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება. 8. არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. 9. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.

მთ. 15: 32-39 

32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში. 33. უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ? 34. ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი. 35. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. 36. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა – ხალხს. 37. ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. 38. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. 39. და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

ღირსი მაკრინე – და ბასილი დიდისა (+380)
ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა (ხს. 1 იანვარს) და გრიგოლ ნოსელის (ხს. 10 იანვარს) და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. მისმა დედამ, წმიდა ემილიამ (ხს. 1 იანვარს) ძილში იხილა უფლის ანგელოზი, რომელმაც ჯერ კიდევ საშოში მყოფ ჩვილს პირველმოწამე თეკლას სახელი უწოდა. ემილიამ აღასრულა უფლის ნება – პირმშო ასულს, მართლაც, თეკლა დაარქვა, მაგრამ ნათესავები და ახლობლები მას მაკრინეს ეძახდნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ქრისტეს აღსარებისთვის დევნილი ბებიას პატივსაცემად.
ღვთისმოშიშ მშობელს წმიდანი, იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და პოეზიაში კი არ განუსწავლია, არამედ სოლომონის სიბრძნიდან, დავითის ფსალმუნებიდან და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს ასწავლიდა, რომლებშიც მოცემული იყო ლოცვა-ვედრება, ქება უფლისა და ზნეობრივი სწავლებანი. ყოველ ჟამს მაკრინე შესაბამის ლოცვებს აღავლენდა გალობით, ლოცვის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდა და არ ამთავრებდა, დილა-საღამოს საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა, კითხულობდა საღვთო წიგნებს; მეოჯახეობა და სხვადასხვა ხელსაქმეც ჰქონდა შეთვისებული. ასე რომ, ბავშვური გართობისათვის დრო არც რჩებოდა. თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.
მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ათენში სასწავლებლად გაგზავნილი ბასილი შინ რამდენადმე გაამაყებული დაბრუნდა, რამაც შეაშფოთა მაკრინე და გულმოდგინედ დამოძღვრა იგი; შეაგონებდა, ყოველგვარი ნიჭი და უნარი მხოლოდ უფლის სადიდებლად გვეძლევაო. დის რჩევა-დარიგებებმა ძლიერ იმოქმედა ბასილიზე, არანაკლები გავლენა იქონია წმიდანმა გრიგოლზე, რომელიც შემდეგ ნოსის ეპისკოპოსი გახდა, ასევე – ნავკრატიუსზე, რომელმაც მოსაგრე ცხოვრება იტვირთა, უდაბნოში განმარტოვდა და ადრე მიიცვალა; და ნაბოლარა პეტრეზე (შემდგომ – სებასტიელ მღვდელმთავარზე).
როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა. დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.
მაკრინე მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, სხეულს განსვენების ნებას არ აძლევდა. ერთხელ წმიდანს მკერდზე დიდი ხორცმეტი გაუჩნდა, იგი თანდათან იზრდებოდა, შესაძლო იყო, გულსაც შეხებოდა, საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა; მაგრამ წმიდანმა მკურნალის წინაშე სხეულის სიშიშვლის გამოჩენას ტანჯვა არჩია. წმიდა ქალწული მხოლოდ უფლისგან ითხოვდა შეწევნას: ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განიკურნა.
წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.
წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ – გრიგოლ ნოსელმა მოინახულა. დაუძლურებული ღირსი დედა იატაკზე იწვა და ძველი კონკები ეფარა. მისი გონება ზეცად იყო ამაღლებული, საოცარი მადლი მოჰყვებოდა მის ყოველ სიტყვას… გრიგოლ ნოსელი ნატრობდა, დიდხანს გაგრძელებულიყო დღე, რომ არ დასრულებულიყო ის ნეტარება, რომელსაც დასთან საუბრის დროს განიცდიდა.
ჩუმი და მშვიდი იყო მაკრინეს მიცვალება. საოცარი თავმდაბლობით აღსავსემ, უფალს შესთხოვა: „მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა, ვითარცა შენი მსასოებელი ავაზაკი მოიხსენე, შემინდე შეცოდებანი ჩემნი, საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი“, პირჯვარი გადაისახა და სული უფალს შეჰვედრა (+380). უსაზღვრო იყო დების მწუხარება – ყველას დედასავით უყვარდა ნეტარი. როცა წმიდა გრიგოლმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მიცვალებულს ახალი ტანსაცმელი, მოწესეებმა უპასუხეს, სიკვდილის დღისთვის მას არაფერი შემოუნახავსო: „ყველაფერს გლახაკებს აძლევდა. აი, ძველი ჯვალო; აი, საკერებლებიანი ანაფორა და გაცრეცილი მანტია – სხვა არაფერი ჰქონია, მაგრამ ფრიადი განძი დაიუნჯა ცათა შინა“. 
ღირსი დიოსი (+დაახლ. 430)
ღირსი დიოსი სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში… ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა. ერთხელ მან გამხმარი კვერთხი მიწაში ჩაარჭო და უფალს შესთხოვა, თუ ამ ადგილებში მისი ყოფნა სათნოეყოფოდა, ჯოხი გაენედლებინა. ღმერთმა შეისმინა ნეტარის ვედრება: კვერთხმა ფესვები გაიდგა, აღორძინდა და თანდათან იქცა უზარმაზარ მუხად, რომელიც დიოსის მიცვალების შემდეგაც დიდხანს იდგა და უფლის ყოვლისშემძლეობასა და წმიდანის ღვთივრჩეულობას მოწმობდა.
ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.
ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა. სავანეს ჭა დასჭირდა. ბერები მას დიდხანს და უშედეგოდ თხრიდნენ. ბოლოს წმიდა იღუმენის ლოცვით მიწიდან წმიდა წყარომ ამოხეთქა და ჯურღმული პირთამდე აავსო. ერთხელ ღირსმა დიოსმა წყალში დამხრჩვალი ადამიანი ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა… ბევრ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა უფალი თავისი რჩეულის ხელით.
ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. უწმიდესი პატრიარქი ატიკე და კონსტანტინოპოლში სტუმრად მყოფი ანტიოქიელი მღვდელმთავარი ალექსანდრე დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ მონასტერში, მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა.
წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას საკურთხეველში ნათელმოსილი ჭაბუკი წარმოუდგა სამღვდელო სამოსლით და აღსასრულის მოახლოება ამცნო. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).