28.07.2025. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

28.07.2025. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

When

ივლისი 28, 2025    
All Day

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

 

მოწამეთა: კვირიკესი და დედისა მისისა ივლიტასი და მათთანა 11411-თა (305); მოწამისა ავუდიმოსი (IV); მოციქულთა სწორისა. ვლადიმერისა (ბასილისა) (1015).

დღის ლოცვები

მოწამეთა კვირიკესი და ივლიტას კონდაკი:
მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განმხნობილი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 კორ. 9: 13-18 (დას. 142). მთ. 16: 1-6 (დას. 65).
მოწ.: 1 კორ. 13: 11-14: 5 (დას. 154, შუა). ლკ. 10: 19-21 (დას. 51 შუა).

ლიტ.: 1 კორ. 9: 13-18 

13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს? 14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ. 15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული. 16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ. 17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ. 18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით. 19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.

ლიტ.: მთ. 16: 1-6 

1. მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის. 2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია. 3. დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ. 4. უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა. 5. ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება. 6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.

მოწ.: 1 კორ. 13: 11-13: 5 

11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს. 12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

მოწ.: ლკ. 10: 19-21 

19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ – ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც – ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.
როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.
– „შეიბრალე თავი, ივლიტა, – ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, – დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“
– „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს – მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ – პასუხობდა ნეტარი.
უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“.
ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.
ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.
წმიდა მოწამე აბუდიმე ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ტენედოსზე დაიბადა. ნეტარი უსჯულო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს აღესრულა ქრისტესთვის.
მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით – ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 11 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა – სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული – გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა – თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.