21.07.2026. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

21.07.2026. მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

         …მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის  სასუფეველში (მთ. 13: 43).

        …მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს (2 პეტ. 2: 19).

      …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-8 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
21.07.2026. სამშაბათი. ხსნილი 

დიდმოწამისა პროკოპი პალესტინელისა (303); წმიდა მოწამე მირდატ მეფე (+410) გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა ქალაქსა ყაზანს (1579). 

დღის ლოცვები

დიდმოწამე პროკოპი პალესტინელის კონდაკი:
საღმრთოთა შურითა ქრისტესითა განხურვებულმან და ჯუარითა პატიოსნითა შეზღუდვილმან, მტერთა ზახებაი და მძლავრებაი დაამხე, პროკოპი ყოვლადსანატრელო, და პატიოსანი ეკლესია აღამაღლე სარწმუნოებით წარმატებულმან და განმანათლებელმან ჩუენმან. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა

ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 კორ. 10: 5-12 (დას. 144). მთ. 16: 6-12 (დას. 66).
დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 (დას. 292). მთ. 10: 37-42; 11: 1 (დას. 39).

ლიტ.: 1 კორ. 10: 5-12 

5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ. 6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს. 7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“. 8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი. 9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ. 10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ. 11. ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს. 12. ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.

ლიტ.: მთ. 16: 6-12 

6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. 7. ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. 8. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო? 9. ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 10. არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? 11. ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი? 12. მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.

დიდმოწ.: 2 ტიმ. 2: 1-10 

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

დიდმოწ.: მთ. 10: 37-42; 11: 1 

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. 39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. 40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. 41. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. 42. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. 

1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად. 

 

ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
 

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს, რუსეთის ეკლესია კი სამჯერ ზეიმობს. პირველი დღესასწაული ხატის გამოჩინების დღეს, 21 ივლისს (ახალი სტილით) აღინიშნება.ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის გამოჩინება 1579 წელს აღესრულა ქალაქ ყაზანში. ხანძარმა, რომელიც წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, დააზარალა ქალაქი. იმ ადგილას იდგა მეისრის სახლიც, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა. მეისრის 10 წლის ქალიშვილს – მატრონას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და მიანიშნა ის ადგილი, სადაც დედაღვთისმშობლის ხატი იყო დამარხული და მისი ფერფლიდან ამოღება უბრძანა. გოგონამ ხილვის შესახებ დედას უამბო, მაგრამ მან ბავშვის ნაამბობს ყურადღება არ მიაქცია. როდესაც გოგონას მესამედ გამოეცხადა დედაღვთისმშობელი, გააფრთხილა, რომ თუ მის ნათქვამს არ შეისმენდნენ, მატრონა დიდხანს იავადმყოფებდა, ხოლო ეს წმიდა ხატი სხვა ადგილსამყოფელს მოძებნიდა. მატრონამ დედასთან ერთად, მინიშნებულ ადგილზე ხატი მოიძია და მართლაც მიაგნო იმ უდიდეს საუნჯეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ზედა სამოსის სახელოებში იყო გახვეული და ისე ბრწყინავდა, თითქოს ახლად დაწერილი გახლდათ. ეს ამბავი მათ მთავარეპისკოპოსს და ქალაქის მესვეურებს შეატყობინეს. წმიდა ხატი ლიტანიობითა და გალობით გადააბრძანეს ტაძარში, რომელშიც მღვდელი გერმონი (მომავალი პატრიარქი) მსახურობდა (მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხატი წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი იყო). მსვლელობის დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატმა არაერთი სასწაული აღასრულა. განკურნა მხედველობას მოკლებული და თვალის სნეულებებით დაავადებული ადამიანები.ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ასლი (მის მიერ აღსრულებული სასწაულების აღწერილობასთან ერთად) მეფეს, იოანე მრისხანეს გაუგზავნეს. მისი ბრძანებით, ხატის გამოჩინების ადგილზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და დედათა მონასტერი აშენდა. ამ სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ასევე ზეიმობდნენ 4 ნოემბერს (ახალი სტილით), როცა მოსკოვი პოლონელთაგან გათავისუფლდა.ისტორია გვაუწყებს, რომ, როდესაც მოსკოვი ალყაში იყო, ხოლო მისი ახლომდებარე რაიონები პოლონელებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ, რუსეთის დიდგვაროვანთა წარმომადგენელმა, მთავარმა პოჟარსკიმ ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვში ჩააბრძანა. წმიდა ხატი ქალაქს ლიტანიობით შემოატარეს. სწორედ იმ დღეს გათავისუფლდა მოსკოვი პოლონელთა ტყვეობისგან.პოჟარსკიმ საკუთარი სახსრებით წითელ მოედანზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგება დაიწყო. აშენდა ულამაზესი ეკლესია, სადაც ეს წმიდა ხატი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა. 1811 წელს ყაზანის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი სანკტ-პეტერბურგში გადააბრძანეს, სადაც პეტრე პირველის ბრძანებით ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის უზარმაზარი ეკლესია აშენდა. ამ ხატის წყალობით რუსეთი შემდგომშიც არაერთხელ გადაურჩა შეჭირვებასა და დამპყრობელთა შემოსევებს.ყაზანის ღვთისმშობლის ხატის პირვანდელი სახე სამეფო საგანძურის ძვირფასი შემოწირულობებით იყო შემკობილი. ხატის ჩარჩოს 475 ბრილიანტი და ასი ალმასი ამშვენებდა. პერანგი მთლიანად ოქროსი გახლდათ. სწორედ ეს ძვირფასი შეწირულობები გახდა მიზეზი იმისა, რომ 1904 წლის 29 ივნისს ყაზანის სასწაულმოქმედი ხატი და მაცხოვრის უძველესი ხელთუქმნელი ხატი უგზოუკვლოდ გაქრა ხარების მონასტრიდან. ეს დიდი განსაცდელი იყო მონასტრის დედებისთვის, რომლებიც სასოებით უვლიდნენ წმიდა ხატებს და უდიდეს თაყვანს სცემდნენ მათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მონასტერი ცნობილმა ყაჩაღმა ჩაიკინმა გაძარცვა. აღიარებით ჩვენებაში მან თქვა, რომ ღვთისმშობლის ხატი ნაჯახით დაჩეხა და დაწვა, პერანგი კი გაყიდა. როდესაც ექსპერტიზა ჩატარდა, ბუხარში მართლაც იპოვეს რაღაც ნამწვავები, მაგრამ უფრო მოგვიანებით, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ბოროტმოქმედს გამოძიება შეცდომაში შეჰყავდა, სიმართლეს არ უმხელდა მათ. ეს ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული.

 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14)  

 

დიდმოწამე პროკოპი იერუსალიმელი (+303)
წმიდა დიდმოწამე პროკოპი (ნათლისღებამდე – ნეანი) იერუსალიმში დაიბადა III საუკუნეში. მამამისი – დიდებული რომაელი ქრისტეფორე, ქრისტიანი იყო, დედა კი წარმართულ კერპებს სცემდა თაყვანს. ნეანის მამა ადრე გარდაიცვალა, დაობლებული ჭაბუკი დედამ აღზარდა.
ბრწყინვალე საერო განათლების მიღების შემდეგ იგი ახალაღსაყდრებულ იმპერატორს – დიოკლეტიანეს წარუდგინეს, რომელსაც მოეწონა ჭაბუკი და თავისი ლაშქრის ერთ-ერთი ნაწილის მხედართუფროსად დანიშნა. დაახლოებით 303 წელს, როცა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, უსჯულო თვითმპყრობელმა ნეანი ალექსანდრიაში გაგზავნა ჭეშმარიტი ღვთის მოსავებთან ანგარიშის გასასწორებლად. საშინელი სიცხეების გამო იგი უმეტესად ღამით მგზავრობდა, დღისით კი ისვენებდა. როცა სირიის ქალაქ აპამეას მიუახლოვდნენ, უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ცამ იქუხა და ელვამ გაკვეთა ღამის წყვდიადი. ყველა შიშმა მოიცვა, ნეანის კი ცხადად ჩაესმა: „ნეანი, შენც ჩემს წინააღმდეგ გამოდიხარ?!“ მოლაშქრემ იკითხა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ პასუხად ცაზე ჯვრის ნიში გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „მე ჯვარცმული იესო ვარ, ძე ღვთისა“. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სულიწმიდის მადლი მიეახლა წარმართი მხედრის გულს, ენით აუწერელი სიხარულით აღივსო და, როგორც ოდესღაც სავლე, ისიც ქრისტეს სასტიკი მდევნელიდან მის მხურვალე მიმდევრად იქცა. ქალაქ სკვითოპოლში ნეანიმ ოქრომჭედელს ჩამოასხმევინა ჯვარი, რომელზეც უხილავი ხელით გამოიკვეთა სამი ფიგურა წარწერებით: „ემანუილი“, „მიქაელი“ და „გაბრიელი“.
შემდეგ წმიდანმა საკუთარ სახლში პატივით დასვენებული ოქროს კერპები დაამსხვრია და ნაწილები მოწყალებად გასცა. გაბრაზებულმა დედამ იმპერატორთან დაასმინა ქრისტიანი შვილი. წმიდანი იუდეის პროკურატორ იუსტოსთან გამოიძახეს და იმპერატორის ეპისტოლე გადასცეს. ნეანიმ ღვთის გმობით აღსავსე წერილი წაიკითხა და ყველას თვალწინ უსიტყვოდ დახია. ეს უკვე დანაშაული იყო – „მისი უდიდებულესობის შეურაცხყოფა“, ამიტომ ნეტარი მარტვილი შეიპყრეს და, შებორკილი, პალესტინის კესარიაში გაგზავნეს. აქ ქრისტეს აღმსარებელი სასტიკად ტანჯეს. წამების ადგილზე შემოკრებილი ბრბო ღრიალებდა: „ეს ჩვენი ღმერთების მტერი, შემმუსვრელი და მეფის ბრძანების აბუჩად ამგდებია!“ ზოგიერთის თვალებზე ნეანიმ ცრემლებიც შენიშნა და მათ მიმართა: „ჩემს გამო კი ნუ ტირით, თქვენი სულების დაღუპვა იგლოვეთ, რადგან საბრალოა ის, ვინც ჯოჯოხეთის დაუსრულებელ სატანჯველებს ეზიარება“.
როცა მარტვილის წამებისგან თვითონ ჯალათებიც დაიღალნენ, იგი საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით საკანი ზეციური ნათლით გაბრწყინდა, უფალი იესო ქრისტე გამოჩნდა ზეციური ანგელოზების თანხლებით, წყლულებისგან განკურნა თავისი რჩეული, და მას პროკოპი – „წარმატებული“ უწოდა. შემდეგ მაცხოვარმა გაამხნევა წმიდანი: „გამხნევდი და განმტკიცდი – მე შენ თანა ვარ, შენს მიერ მრავალი მიეახლება ჩემს ზეციურ მამას“.
პროკოპი მრავალჯერ წარდგა სამსჯავროზე. უღმრთოები ქრისტეს უარყოფას ითხოვდნენ მისგან და ახალ-ახალ სატანჯველებს ატეხდნენ თავს. ნეტარის რწმენის სიმტკიცემ, მართლაც, ბევრს შეაცნობინა ჭეშმარიტება: ქრისტიანობაზე მოექცნენ და წამებით აღესრულნენ საპყრობილის მცველები, მეომრები ანტიოქოსისა და ნიკოსტრატეს მეთაურობით; მარტვილთა გვირგვინით შეიმკო თავი ოცმა ქრისტიანმა ქალმა. ბოლოს პროკოპის წარმართმა დედამაც ირწმუნა ქრისტე და სისხლით ჩამოიბანა თავისი დიდი შეცოდება. საკუთარი უძლურების მხილველი პროკურატორი საშინლად მრისხანებდა. მღელვარებისგან იგი დასნეულდა, დაუძლურდა და მალე მიიცვალა. ქალაქში ჩასულმა ახალმა მმართველმა, როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, თავისთან მოიხმო პროკოპი და კვლავ მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისთვის. მხნე აღმსარებელმა ისევ მტკიცე უარი განაცხადა და დაუმტკიცა მას წარმართთა რწმენის უსაფუძვლობა და უსუსურობა. მაშინ მტარვალი შეეცადა, ეიძულებინა მარტვილი, რომ გარეგნულად მაინც აღესრულებინა მსხვერპლშეწირვა: სამსხვერპლოზე ცეცხლი დაანთეს, პროკოპის ხელისგულზე საკმეველი დაუდეს და ორი საათის განმავლობაში იგი გავარვარებულ ნაღვერდლებზე გააჩერებინეს იმ იმედით, რომ ტკივილებს ვერ გაუძლებდა და საკმეველს სამსხვერპლოზე დააგდებდა. უსჯულოთა ეს იმედიც უსაფუძვლო აღმოჩნდა: უფლისაგან სასწაულთქმედების მადლით შემოსილ მოსაგრეს ხელი არც გაუნძრევია – სულით გამხიარულებული, კვლავ ახოვნად განადიდებდა უფალს.
ამის შემდეგ ნეტარი პროკოპი კვლავ აწამეს, ბოლოს კი თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დიდმოწამის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა ღამით წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას (+303). 
https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268443353
წმიდა მოწამე მირდატ მეფე (+410)
წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. იგი ბაბუამ, დედის მამამ, თრდათ მეფემ აღზარდა. მორწმუნე, ბრძენი და გონიერი პაპა მომავალ ხელმწიფეს ღვთისა და ერის სიყვარულს ასწავლიდა და უნერგავდა. მირდატიც ყრმობიდანვე გამოირჩეოდა სამეფო თვისებებით. ახოვნება, სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა საქართველოს უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა. მოზღვავებულმა ძალმოსილებამ საკუთარ ვაჟკაცობასა და სიმხნეზე მინდობილ მეფეს დიდი მიზანი, ქართლის სამეფოს სრული განთავისუფლება და გაძლიერება დაასახვინა. მირდატ მეფე „მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა“. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ხელმწიფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა – „ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთსა, საზღვართა ქართლისასა“, ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს მოსაზღვრედ მდებარეობდნენ, ერთდროულად დაუპირისპირდა და თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გაძლიერებისთვის დაუცხრომელად იღვწოდა. ბუნებრივია, საქართველოს დაკარგვასა და მასზე გავლენის შესუსტებას არც ბიზანტია და არც სპარსეთი დიდხანს არ შეურიგდებოდნენ და სპარსთა მეფემ ძლიერი მხედრობა გამოაგზავნა ქართველთა მეფის დასასჯელად. მირდატმა „არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა“, მოძალადეებს მცირედი მხედრობით გარდაბანთან მიეგება და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავდადებულ ქართველთა შიშველი შემართება საკმარისი არ აღმოჩნდა მტრის აურაცხელ და კარგად აღჭურვილი ურდოს დასამარცხებლად. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა წააგო, ხოლო თავად მირდატ მეფე კი მტერმა ტყვედ ჩაიგდო და მაშინვე ბაღდადს, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილ ქართველ გვირგვინოსანს სპარსთა მეფემ მაშინვე რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. ბევრი ტანჯეს და აწამეს სპარსელებმა მირდატი, უხვ წყალობასა და დიდებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ ამაოდ, ქართველთა გაუტეხელმა ხელმწიფემ ქრისტიანობის ღალატს ისევ ტყვედ დარჩენა ამჯობინა. ბორკილდადებული და ნატანჯი მირდატი სპარსელებმა ბაღდადის ციხეში ჩააგდეს, სადაც მცირე ხნის შემდეგ აღესრულა კიდეც (410 წ.). ასე დაამთავრა თვისი სიცოცხლე ქრისტიანობისა და საქართველოსათვის წამებულმა კიდევ ერთმა ქართველმა გვირგვინოსანმა. თავის ერზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მირდატმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო ეკლესია-მონასტრების შენება, რადგან გამუდმებით ბრძოლებში გართულს, ალბათ განზრახული ჰქონდა, რომ სამშობლოს განთავისუფლების შემდეგ მიეხედა ერის სულიერ-ზნეობრივ სატკივართათვის. საყვედურობს კიდეც ჟამთააღმწერელი: „არცა აღაშენა ეკელსიაჲ, არცა ჰმატა შენებულთაო“, მაგრამ ღმერთმა გაამჟღავნა ქრისტესადმი მისი უსაზღვრო სიყვარული და საკუთარი სიკვდილის ფასად თავდადებულმა მეფემ აგვიგო ზეცაში ხელთუქმნელი ტაძარი, საიდანაც ისევე მხურვალედ ლოცულობს ჩვენთვის, როგორც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მტერთა წინააღმდეგ.