29.08.2025. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

29.08.2025. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

29.08.2025 ხსნილი 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების შემდგომი დღესასწაული.

წამოყვანება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა (წმიდისა მანდილისა) ედესით კონსტანტინეპოლს (944); მოწამისა ქრისტეფორე გურულისა (XVI); მოწამისა დიომიდე მკურნალისა (298); 33-თა პალესტინელთა მოწამეთა; ღირსისა ქერიმონ მეგვიპტელისა (IV).

ანჩისხატობა, მამაანტონობა მარტყოფში.

დღის ლოცვები 

წამოყვანება იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატისა ედესით კონსტანტინოპოლს

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ, ქველისმოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსლვაი ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ, მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი: გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა მომართ განგებულებასა, გარეშემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთივგამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (944)

 

გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა სნეულებისაგან; თან, იუდეველთაგან დევნილსა და შევიწროებულს, თავის ქალაქს სთავაზობდა საცხოვრებლად. ეს ეპისტოლე ედესის მთავარმა მხატვარ ანანიას გაატანა იუდეაში და თან ქრისტეს სახის დახატვაც დაავალა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლოება. მაშინ იგი შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა, ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – არაამქვეყნიური მადლით გაბრწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში იესომ, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას და ავგაროზის წერილი მოსთხოვა.
მთავრის სათხოვარი რომ წაიკითხა, ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და ოთხად გაკეცილი ტილოთი შეიმშრალა. მასზე სასწაულებრივ გამოისახა მაცხოვრის სახე. ამ ხელთუქმნელ ხატთან ერთად იესომ ავგაროზს გამოუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც წერდა: „ნეტარ ხარ შენ, ავგაროზ, რამეთუ არა გიხილავ და გრწმენე… შენთან მოსვლას მთხოვ, მაგრამ მე იმ საქმის აღსრულება მმართებს, რომლისთვისაც მოვლენილი ვარ, შემდეგ კი ჩემს წარმომგზავნელ მამასთან უნდა დავბრუნდე. მასთან ამაღლების შემდეგ გამოგიგზავნი ჩემს ერთ-ერთ მოწაფეთაგანს, რომელიც სრულიად განგკურნავს და სიცოცხლეს მოგანიჭებს შენ და სხვებსაც შენთან ერთად“.
გახარებული ანანია ედესისკენ გაემართა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნესთან გაათია ღამე, ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენა. შუაღამისას ზეციდან გადმოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის თავის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეცზეც გადასულიყო. გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და ეს დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოაბრძანა; როცა წმიდანი იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან გამოიყოლა. ცნობილია, რომ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიდან კეცზე გადასული ასლი ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ მარტყოფში ინახებოდა. მასთან მიახლებით სასწაულებრივ განკურნებულა საქართველოს დასნეულებული მეფე დავით VII ულუ (1246-1270); საქართველოს მეფის, გიორგი VII-ს (1393-1407) მეფობაში, თემურ-ლენგის შემოსევებისას, გიორგი მარტოდმყოფელმა კეცი მაცხოვრის გამოსახულებით უსჯულოთა შიშით ყველასათვის უცნობ ადგილას გადამალა. მოგვიანებით გიორგი მარტოდმყოფელი მოწამეობრივად აღესრულა და თან წაიღო ამ დიდი სიწმინდის ადგილსამ-ყოფელის საიდუმლო.
რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი ანანიამ ედესაში ჩაასვენა. ავგაროზმა, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო, რაც საწოლს მიჯაჭვოდა, სიხარულით მიიღო მაცხოვრის წერილი და ხატი და იმავ წამს ტკივილებისაგან განთავისუფლებაც იგრძნო, მაგრამ მის სახეზე კეთრის კვალი მაინც დარჩა უფლისგან აღთქმული მოწაფის, სამოცდაათთაგანი მოციქულის, თადეოზის (ხს. 21 აგვისტოს) ჩასვლამდე, რომელმაც სახარება უქადაგა და ნათელსცა ქალაქის მმართველსაც და მთელ მის სახლეულსაც. ავგაროზმა ხელთუქმნელი ხატი ფიცარზე დააკვრევინა, ზედ წააწერა: „ქრისტე ღმერთო, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს შენი, არასადა რცხუენეს“, შეამკო იგი და ქალაქის ბჭეებს ზემოთ გამოკვეთილ ნიშში დააბრძანა, იქ, სადაც უწინ კერპი იდგა.
მრავალი წლის მანძილზე ედესაში არსებობდა წმიდა ჩვეულება, რომ ქალაქში ყოველ შემსვლელსა და გამომსვლელს თაყვანი ეცა ამ დიდი სიწმიდისათვის; მაგრამ შემდგომ ავგაროზის ერთ-ერთმა კერპთმსახურებაში ჩავარდნილმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა, ჩამოეხსნა ხატი და მის ნაცვლად კვლავ ცრუღმერთის ქანდაკი აღემართა. ამ უსჯულო განზრახვის შესახებ უფალმა წინასწარ განუცხადა ედესის ეპისკოპოსს, რომელიც ღამით თავის მღვდელმსახურთა დასთან ერთად მივიდა კარიბჭესთან, ხატის წინ კანდელი დაანთო და ნიში თიხის ფირფიტითა და აგურებით ამოაშენა. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთასწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად.
გავიდა მრავალი წელი. ქალაქის მცხოვრებლებმა სრულებით დაკარგეს ღვთის შიში, ისიც გადაავიწყდათ, თუ რა სიწმიდის მფლობელები იყვნენ. 539, სხვა ცნობით – 545 წელს სპარსთა მეფე ხოსრო თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით მოადგა ედესას. ქალაქის მდგომარეობა უიმედო ჩანდა. სწორედ ამ დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ეპისკოპოს ევლავიოსს და უბრძანა, ამოქოლილი ნიშიდან გამოესვენებინა ხატი, რომელიც მათ გადაარჩენდა. მღვდელმთავარმა ხილვაში მინიშნებულ ადგილას კედელი გამოარღვია და სიწმიდე გამოასვენა. მის წინ კვლავ ენთო კანდელი, თიხის ფირფიტაზე კი სხვა, ხელთუქმნელი ხატის მსგავსი გამოსახულება გაჩენილიყო. ლოცვისა და ლიტანიობის შემდეგ მტრის ბანაკში არეულობა გაჩნდა და ხოსრო იძულებული გახდა, მეომრებისათვის უკან დახევა ებრძანებინა.
630 წელს ედესა უკვე არაბებმა დაიპყრეს. ისინი ხელს არ უშლიდნენ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემას, რომლის დიდებაც უკვე მთელს აღმოსავლეთს მოედო. 944 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VII პორფიროგენეტმა (912-959) გადაწყვიტა, სიწმიდე მართლმადიდებლური სამყაროს მაშინდელ ცენტრში – კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. ედესის ამირა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ორასი სარკინოზი ტყვის განთავისუფლების, 12 ათასი ვერცხლის მონეტისა და ედესაზე თავდაუსხმელობის პირობის საზღაურად დათმო ხელთუქმნელი ხატი და ავგაროზისადმი მიწერილი წერილი, რომლებიც 944 წლის 16 აგვისტოს სამღვდელოებამ დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. ერთი ცნობით, იგი წმიდა სოფიას ტაძარში დააბრძანეს, სხვა წყაროთა მოწმობით კი – ფაროსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.
მაცხოვრის ხატი კონსტანტინოპოლში XIII საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა. ამ პერიოდისათვის ტილო _ ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული.
XIII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა _ მაჰმადიანური სამყაროს გარდა მას კათოლიკური ევროპაც უტევდა. 1204 წელს კონსტანტინოპოლი ევროპელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს, დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმინდე ვენეციაში გააგზავნა გემით, რომელიც მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა. სხვა მოსაზრებით, შესაძლებელია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იმ სიწმინდეთა შორის მოხვდა, რომელიც საფრანგეთის მეფემ, ლუი IX-მ კონსტანტინოპოლში შეიძინა და პარიზში წაიღო.
რაც შეეხება ფიცარს, რომელზეც ხელთუქმნელი ხატი იყო დაკრული და რომელზეც გამოსახულება სასწაულებრივ გადავიდა: იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმინდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ, მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს. ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში მას პირი ღვთის ხატსაც უწოდებდნენ. ანჩელმა მთავრეპისკოპოსმა იოანემ თამარ მეფეს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი თვლებით შემკობის ნებართვა სთხოვა. ხატი დიდი ხელოვნებით მოჭედა სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა, ხოლო იოანე ანჩელმა კლარჯეთში შემობრძანებულ ამ უდიდეს სიწმინდეს საგალობელი მიუძღვნა. ანჩში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად საქართველოს ყოველი კუთხიდან მიდიოდნენ ქართველი ერის ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენლები.
1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალთა ხელში გადავიდა. ამის შემდეგ უსჯულოებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა მოიწევდა წინ. ამ დროს ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში გადაუსვენებიათ, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალში მოხვდა, იოთამ ამილახვარის ოჯახში, შემდეგ კი – თბილისში ჩამოაბრძანეს და საკათოლიკოსო ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ამის შემდეგ საკათედრო ტაძარსაც, რომელიც VII საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იქნა აგებული, ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს, სადაც იგი დღესაც ოქროს საცავშია დაბრძანებული.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

შობასა ქალწულებაი დაიმარხე და მიცუალებასა

არა დაუტევე, ღვთისმშობელო, მოხუედ ცხოვრებად

დედაი ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა

შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩუენთა

                                ღვთისმშობლის მიძინების ტროპარი

 

  • ღვთისმშობლის ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდები მაცხოვრის ამაღლებიდან მიძინებამდე

წმინდა გადმოცემიდან ვიცით, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ღვთისმშობლის კეთილდღეობაზე იოანე ღვთისმეტყველი ზრუნავდა. წმინდა მარიამი კი როგორც მოციქულთა, ისე ყოველი ქრისტიანის საიმედო დამრიგებელი და მანუგეშებელი იყო.

აღდგომის შემდეგ იგი მუდმივად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე. იუდეველმა მღვდელ-მთავრებმა არაერთხელ სცადეს მისი მოკვდინება. იმისათვის, რათა ღვთისმშობელი საფლავზე ვერ მისულიყო, აკლდამას ერთხანს დაქირავებული მცველებიც კი დარაჯობდნენ, მაგრამ ღვთაებრივი თანადგომის ძალა წმინდა დედას ყოველთვის იფარავდა, ამიტომ მისვლას და ლოცვას, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი იქნა დასვენებული, ის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახერხებდა.

დიდი იყო მის მიმართ მოციქულთა მოწიწება და მოკრძალება. მასთან საუბრებში ქრისტიანებმა შეიტყვეს  წმინდა ხარების, მაცხოვრის დაბადებისა და სხვა სასწაულებრივი მოვლენების შესახებ. თავის მხრივ, სიტყვითა და ლოცვით ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებაში მოციქულებთან ერთად წმინდა ქალწულიც მონაწილეობდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს მოწამეობრივ მკვლელობასაც შეესწრო. ამ დროს იგი გულით თანაუგრძნობდა მოწამეს და ლოცვით ცდილობდა სიკვდილთან ღირსეული შეხვედრისათვის განემტკიცებინა იგი.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა იერუსალიმში კიდევ 10 წელი დაყვეს და ამ ხნის მანძილზე ისინი იუდეველთა მოქცევას ცდილობდნენ. ღვთისმშობელმა ამ საქმეშიც დიდი წვლილი შეიტანა, შინაურიც და უცხოც მის მიმართ დიდი პატივისცემით განეწყო. იერუსალიმში მის სანახავად და მოსასმენად ხალხი შორეული ქვეყნებიდანაც მრავლად ჩამოდიოდა.

43 წელს, როდესაც ჰეროდე აგრიპამ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო (საქმ. 12:1-3) და მისი ბრძანებით მოციქული იაკობ ზებედესი სიკვდილით დასაჯეს, წმინდა მარიამმა მოციქულებთან ერთად იერუსალიმი დატოვა. იმისთვის, რათა გარკვეულიყო, სახარება ვის სად უნდა ექადაგა, მოციქულებმა წილი ყარეს. წილისყრის შედეგად ღვთისმშობელს ივერია ერგო. ის აპირებდა კიდეც საქართველოში წამობრძანებას, მაგრამ ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მის წილხვედრ ქვეყანას მაცხოვრის ნათელი მოგვიანებით მოეფინება, თავად კი ჯერჯერობით იერუსალიმში უნდა დარჩენილიყო, რათა აქედან იმ მხარეში გამგზავრებულიყო, რომელიც ასევე მის მოლოდინში იყო. ღვთისმშობელს ეუწყა, რომ ქვეყნის სახელწოდება მისთვის შემდგომში განცხადდებოდა.

გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ჯერ იოანე ღვთისმეტყველის წილხვედრ ეფესოში ჩავიდა, იქიდან კი იოანესთან ერთად მაცხოვრის მეგობარ ლაზარესთან გაემგზავრა, რომელსაც მოციქულმა ბარნაბამ კვიპროსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. გზად გემს ძლიერი პირქარი შეხვდა, მიუხედავად ამისა ქარიშხალმა გემი სრულიად უვნებლად ათონის მთას მიაჭდო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიხვდა, რომ ეს სასწაულებრივი გაჩერება ანგელოზის წინასწარმეტყველებასთან იყო დაკავშირებული.

ამ დროისათვის ათონის მთა წარმართი ელინების განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა _ ისინი აქ ღმერთების თაყვანისცემისთვის და ბედისწერის შესატყობად მოდიოდნენ. ღვთისმშობელი ათონის ნახევარკუნძულის მიწაზე გადავიდა. წმინდა მარიამის სულიერებისა და სიწმინდის წინაშე წარმართულმა კულტებმა ძალა დაკარგეს. ღვთისმშობელმა თავისი ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი ადგილობრივი მცხოვრები ქრისტიანად მოაქცია. ახალმონათლულებს წინამძღოლად და მასწავლებლად ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი დაუდგინა. გამოთხოვებისას ახალმოქცეული  ათონელი ქრისტიანები უკანასკნელად დალოცა და ბრძანა: „დაე, ჩემი წილხვედრი იყოს ეს ადგილი, რომელიც ჩემი ძისა და ღმერთისგან მომეცა, მე ვიქნები ამ მიდამოს მცველი და ღვთის წინაშე მხურვალე შუამდგომელი“ (Порфирий (Успенский), еп. История Афона. СПб., 1892. Ч. 2. С. 129-131). ამის შემდეგ გემმა, რომლითაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი მოწაფეები მოგზაურობდნენ, კვიპროსის მიმართულებით გაცურა. იქ მათ ლაზარე ელოდათ.

ღვთისმშობელმა კვიპროსის მიწა დალოცა, ლაზარე დედაშვილურად ანუგეშა, რჩევა-დარიგება მისცა, თავისი ხელით შეკერილი ომოფორი და სამაჯურები აჩუქა და იერუსალიმში დაბრუნდა.

  • ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული სხვა ცნობები

იერუსალიმში ღვთისმშობელი მისი ხილვის ყველა მსურველს იღებდა, ცოდვილებს მოაქცევდა, სასოწარკვეთილებს ანუგეშებდა. დარჩენილ დროს ყოვლადწმინდა მარიამი ლოცვაში ატარებდა, ხშირად დადიოდა მაცხოვრის საფლავზე და ძე ღმრთისას ღრმა თაყვანისცემითა და დედობრივი სიყვარულით მიმართავდა, ასევე სამკვიდრებლის კურთხევას და ქრისტიანებისთვის წყალობას ითხოვდა და მოწყალებას გასცემდა. მტრები მას კვლავაც დევნიდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ის ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა.

ცნობები ყოვლადწმინდა მარიამის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიას მოციქულთა დროიდან მოეპოვება. ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო. წმინდა დიონისემ მაცხოვრის ამაღლებიდან დაახლოებით მე-12 წელს მოინახულა ღვთისმშობელი მარიამი, მისგან კურთხევა და რჩევა-დარიგება მიიღო.

ღვთისმშობლის მიძინების შესახებ აგრეთვე II საუკუნეში მოღვაწე სარდელი ეპისკოპოს მელიტონის თხზულებებშია მოთხრობილი. წმინდა ეპიფანე კვიპრელმა IV საუკუნეში შეკრიბა მასალები და აღწერა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების ამბავი. V საუკუნეში იერუსალიმელი პატრიარქი იუვენალი კეთილმსახურ ბერძენ დედოფალ პულხერიას ასე მიმართავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მიძინება წმინდა წერილში არ არის მოხსენიებული, ჩვენ ამ მოვლენების შესახებ უძველესი და სრულიად საიმედო წყაროები მოგვეპოვება“. ეს წმინდა გადმოცემა XIV საუკუნის ისტორიკოსის ნიკიფორე კალისტეს თხზულებაში, საგულდაგულოდ არის შეკრებილი და აღწერილი.

  • ანგელოზის გამოცხადება

გულმხურვალე ლოცვისას ღვთისმშობელი ხშირად შესთხოვდა თავის ძეს მასთან გადასახლების ბედნიერება ღირსებოდა.

ერთხელ, ზეთისხილის მთაზე ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აყვანის დრო ახლოვდებოდა და ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. ზეცაში აღსვლის მოწმობად წმინდა მარიამს მთავარანგელოზმა სამოთხეში ზრდილი ფინიკის ხის რტო გადასცა და უთხრა, რომ ეს ზეციური მცენარე ღვთაებრივი მადლით იყო გაბრწყინებული და მიძინების შემდეგ მოციქულებს მის საფლავთან უნად მიეტანათ.

შინ დაბრუნებულმა წმინდა მარიამმა მომხდარი თავის სახლეულს გაუზიარა და დიდი სიხარულით ამცნო, რომ სამი დღის თავზე თავის ძეს უნდა შეხვედროდა. თვითონ კი დაუყოვნებლივ შეუდგა სამზადისს.

  • მოციქულთა შეკრება

ღვთისმშობელმა იოსებ არიმათიელი და მაცხოვრის სხვა მოწაფეები მოიხმო და მათაც აცნობა, რომ მიძინებისთვის ემზადებოდა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთს შესთხოვდა, მასთან იოანე ღვთისმეტყველი მოსულიყო. წმინდა იოანემ სულით შეიგრძნო ღვთისმშობლის ნება და მანძილი ეფესოდან იერუსალიმამდე სასწაულებრივად სწრაფად გადალახა. იოანემ ყოველივე დაუყოვნებლივ აცნობა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, იაკობ მოციქულს _ იოსებ დამწინდველის ძეს, იაკობმა კი ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ მოდიოდა.

სასწაულებრივი იყო სხვა მოციქულების მობრძანებაც. მოულოდნელი მგზავრობით გაოცებული წმინდა მოციქულები ერთმანეთს სიხარულით შესცქეროდენ, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვერ აეხსნათ, ასე სწრაფად და მათთვის მოულოდნელად რისთვის და როგორ შეკრიბა უფალმა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა ცრემლნარევი სიხარულით ამცნოთ, რომ მოვიდა დრო „ვითარ ქალწული აღუალს ქუეყანით ზეცას“, რადგან „მოკუდავი ცხოველ“ არს.

ოთახში შესულმა მოციქულებმა სარეცელზე მწოლიარე ყოვლადწმინდა დედა კეთილმღიმარე იხილეს, მოიკითხეს და იმ მოვლენის შესახებ უამბეს, მათი ქადაგების ადგილებიდან უცნაურ მოგზაურობასთან რომ იყო დაკავშირებული. ღვთისმშობელმა ადიდა უფალი, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა, მისი გულითადი თხოვნა აღასრულა და მიწიერი ცხოვრების დასასრულს მოციქულებსა და მოწაფეებს მასთან მოუყარა თავი.

როდესაც ხალხმა ზეცაში ამაღლების შესახებ თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყო, მოთქმით აღავსო გარემო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნუგეშინისმცემლის გარეშე რჩებოდნენ. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ ყველასთვის მსწრაფ-ლშემწე იქნებოდა. ამ დაპირებაში კაცობრიობის საყოველთაო ნუგეშია დაუნჯებული.

  • ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სულის ზეცად აღსვლა

ახლოვდებოდა ღვთისმშობლის მიძინების დრო. დღე, როდესაც მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო.

გამოცხადებიდან მესამე დღის სამი საათი იყო. წმინდა მოციქულები ღვთისმშობლის დამშვენებული სარეცლის გარშემო იდგნენ და უფალს გალობით ადიდებდნენ. ოთახი მრავალი სანთლით იყო განათებული. ყოვლადწმინდა მარიამი გულმხურვალედ ლოცულობდა.

მოულოდნელად გარემო გამოუთქმელი სინათლით აღივსო, ყველა და ყველაფერი შარავანდედით იქნა მოსილი. ოთახში ისეთი საოცარი და შეუცნობელი სიამე შემოიჭრა, როგორსაც ვერავითარი მიწიერება ვერ დაიტევდა. ყველამ ერთდროულად შეამჩნია, რომ ღვთაებრივი დიდების ნათელში სახლის ჭერი აღარსად ჩანდა. გარემოუცველი იყო უსაზომო სინათლე. სიყვარულით აღვსილმა ყოველმა სულმა ზეციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული დიდების მობრძანება შეიგრძნო _  უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა დედას გამოეცხადა. ანგელოზთა გამოუთქმელმა გალობამ გარემო სრულად აღავსო. მის ფონზე მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ღვთივსულიერი ლოცვა ისმოდა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“, რომელსაც ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო“ და კვლავ ანგელოზთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ მოჰყვა და ზეციურ ძალთა თანხლებით, უფლის ხელით ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში ზეიმურად ამაღლდა.

  1. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და გაცილება

ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი, შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობაი და სიკუდილი ცხოვრებისმომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

მოციქულებს და ყველას, ვინც ამ სულიერი სახილველის ღირსი შეიქნა, მიწიერება დავიწყებოდათ. ისინი შიშნარევად გაცვიფრებულნი ცას შესცქეროდნენ… გონს რომ მოვიდნენ, დაინახეს, რომ სულით ცად ამაღლებული ღვთისმშობელი სარეცელზე იწვა. მისი სახე სათნო ნათელით ბრწყინავდა და დამშვენებული სარეცლიდან საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა.

  • ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გაცილება

გასაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. მოკრძალებითა და ძრწოლით ამბორყვეს ქრისტიანებმა მაცხოვრის დედის წმინდა სარეცელი და ღვთიური მადლით, სულიერი სიხარულითა და სასოებით განათლდა მათი გულები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.

პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე არ მოშორებია. ეს ციური სხეული პროცესიასთან ერთად ჰაერში მოძრაობდა. მორწმუნეებს ანგელოზთა გალობა ესმოდათ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინამძღოლები შეეპყრო. მაგრამ ეს ბოროტება ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა. ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.

გამორჩეული იყო იუდეველი მღვდლის ათონიას „მონდომება“. მან უმეცრებისა და სულიერი სიბეცის გამო საშინელი კადნიერება გამოავლინა და ღვთისმშობლის სარეცლის დამხობა მოისურვა. უფალმა სამაგალითოდ დაუშვა მისი მისვლა წმინდა სასახლემდე, მაგრამ ხელის ოდნავ შეხებისთანავე მას ღვთის რისხვა დაატყდა და ორივე ხელი წარეკვეთა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა ათონია და მან ხმამაღლა, მთელი რწმენით ამოიძახა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მკლავები მაშინვე განუმრთელდა და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად გამოჯანსაღდა. ათონია პროცესიას შეუერთდა. როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, ბევრმა იუდეველმა შეინანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წრფელად სცა თაყვანი და მის სარეცელს ემთხვია. მათგან ვინც უმეცრებით იყო დაბრმავებული, განიკურნა, ხოლო ვინც გაბოროტების გამო იყო დასჯილი, მათაც მხედველობა დაუბრუნდა.

პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია. ყველა უკანასკნელად ემთხვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხედარს.

აკლდამაში მისი მოთავსება წმინდა მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს. გამოქვაბულის შესასვლელი დიდი ქვით დაფარეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში შესასვლელთან ლოცვასა და გალობას აღავლენდნენ, ანგელოზები უფალსა და ყოვლადწმინდა ქალწულს ზეციური გალობით განადიდებდნენ.

ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან ყოვლადწმინდა და მარადის ქალწულმა ბუნების იმ კანონებს სძლია, რომელთაც ცოდვით დაცემული ადამიანი ემორჩილება. მისი სული ზეცად ამაღლდა, ხოლო სხეულმა მცირე დროით მიიძინა და მესამე დღეს უკვდავებას შეუერთდა.

მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მე-13 წელს მიიძინა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი მიეგება მიწიერ დედას და თავის სავანეში მიუჩინა სამყოფელი. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით 

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე დიომიდე კილიკიის ტარსოსში დაიბადა. იგი ექიმობაში ღრმად განსწავლული ქრისტიანი იყო და უანგაროდ კურნავდა როგორც ხორციელ, ისე სულიერ სნეულებებს. ეკლესია თაყვანს სცემს მას, როგორც მკურნალს და მეოხებას შესთხოვს ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას.
წმიდანი ბევრს მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როცა დიომიდე ქალაქ ნიკეაში ჩავიდა, იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მხედრები გაგზავნა მის შესაპყრობად. ღვთის განგებით, ნიკომიდიისკენ მიმავალი წმიდა დიომიდე გზაში გარდაიცვალა ლოცვის დროს. მეომრებმა, იმის დასამტკიცებლად, რომ დავალება ნამდვილად შეასრულეს, ნეტარს თავი მოჰკვეთეს, მაგრამ მკრეხელობისათვის თვალისჩინი დაკარგეს. შეშინებული და დაბრმავებული მეომრების დანახვისას დიოკლეტიანემ ბრძანა, მოწამის თავი ისევ უკან წაეღოთ. მხედრები ბრძანებას დაემორჩილნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ, რის შემდეგაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.
წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან შემოდის.
როგორც წესი წმიდა ეკლესია ყოველთვის სათუთად ინახავს მათ ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი წმიდა ცხოვრებით ან მოწამეობრივი სიკვდილით დაამტკიცეს ღვთის სიყვარული და ღმერთმაც ადიდა ისინი ზეციური ნიშნებითა და სხვადასხვა სასწაულებით. იწერება და ზეპირადაც გადმოიცემა მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ, პირველ საუკუნეებში მათ საფლავებზე აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას. მათ სახელზე იგება ტაძრები ან ახლად აშენებულ ტაძრებში გადააქვთ მათი წმიდა ნაწილები, იწერება ხარები და შესაბამისი ლოცვები, მოსახსენიებლად დგინდება რომელიმე განსაკუთრებული, უმეტეს შემთხვევაში, მათი ამქვეყნიდან განსვლის, ანუ უფალთან წარდგომის დღე.
სამწუხაროდ, არიან ისეთი წმიდანებიც, რომელთა მხოლოდ სახელებია ცნობილი და დარჩენილია ხსენების დღე. ჟამთა სიავემ და ჩვენმა უდებებამ დავიწყების სიღრმეს მისცა მათი ცხოვრება.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია XVI ს-დან ყოველწლიურად 16(29) აგვისტოს იხსენიებს წმიდა ქრისტეფორე გურულს, რომლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.
33-თა პალესტინელთა მოწამეთა; 
ღირსი ქერიმონ მეგვიპტელი (IV)