134.3. იგავი ბოროტი მევენახეების შესახებ

მთ. 2133. სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. 34. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. 35. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. 36. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს. 37. ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა. 38. ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი. 39. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს. 40. რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ? 41. ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა. 42. ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა (ფსალმ. 117:22-23). 43. ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. 44. და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. 45. და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა. 46. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.

 

33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. 35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს. 36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს. 37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. 39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. 40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს? 41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. 42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. 43. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. 44. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა, გასრესს. 45. როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას. 46. და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.    

მკ. 12   (წინ. 11:27-33; #134.1)1. და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. 2. და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. 3. ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. 4. მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. 5. და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. 6. უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. 7. ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. 8. და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. 9. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა. 10. არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა? 11. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა (ფსალმ. 117:22-23). 12. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. 3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. 5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ.  6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო. 8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.  9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. 10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 11. უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.  12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.

(შემდ. 12:13-17; # 135.1)

ლკ. 20      (წინ. 20:1-8; # 134.1)9. და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა მრავალთა ჟამთა. 10. და ჟამსა თჳსსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი. 11. და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი. 12. მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი. 13. და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ. 14. ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი. 15. და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან? 16. მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ. 17. ხოლო თავადმან მან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა (ფსალმ. 117:22-23)? 18. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. 19. და უნდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე.

 

 

 

 

 

9. და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა. 10. როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს. 11. ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს. 12. და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი. 13. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო. 14. მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო. 15. ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი? 16. მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას! 17. იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომეღიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 18. ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.  19. მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.

(შემდ. 20:20-26; # 135.1)

ინ.