90. სამოცდაათი მოწაფის გამორჩევა, გაგზავნა საქადაგებლად და მათი დაბრუნება. იმ ქალაქების მხილება, რომლებმაც სწავლება არ მიიღეს

გალილეიდან იუდეაში მიმავალი გზა

29 წელი

მთ.

მკ.

20. მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს: 21. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 22. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. 23. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე. 24. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ.

20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს: 21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ. 22. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 23. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.  24. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის. (შემდ. 11:25-30; # 94)

ლკ. 10

1. და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. 2. და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. 3. წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. 4. ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. 5. და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! 6. და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს. 7. მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. 8. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა 9. და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. 10. და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: 11. აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. 12. გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.

13. ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. 14. ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ. 15. და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე. 16. რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.

1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.

13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი. 16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. (შემდ. 10:17-24; # 94)

ინ.