51. 11. ლოცვის შესახებ; მამაო ჩვენო

მთ. 6

5. და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 6. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. 7. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი. 8. ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან. 9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, 10. მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 11. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს 12. და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, 13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ. 14. რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. 15. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი.

5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. 7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. 8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ. 9. ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. 10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. 11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. 12. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა. 13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ. 14. თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი. 15. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.

მკ. 11

25. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. 26. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი.  26. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

(ნახე 11:21-26; # 133)

ლკ. 11

2. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 3. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. 4. და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

2. და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. 3. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე. 4. და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან.

(ნახე 11:1-13; # 97)

ინ.