5. დოგმატური ღვთისმეტყველება. შესავალი

დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი

დოგმატური ღვთისმეტყველება

  

ნაწილი პირველი

დოგმატური ღვთისმეტყველების

შესავალი

ნაკვეთი I. დოგმატური ღვთისმეტყველება როგორც მეცნიერება

თავი 1. დოგმატური ღვთისმეტყველების გაგება

 

  • დოგმატური ღვთისმეტყველების საგანი. დოგმატის გაგება

 

მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება არის მეცნიერება, რომელიც ეკლესიის მიერ სრულად გაზიარებულ ქრისტიანულ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებს (დოგმატებს), სისტემატური თანმიმდევრობით წარმოგვიდგენს.

ტერმინი „დოგმატი“ (ბერძ. τὸ δόγμα, მრავლობითი რიცხვი τὰ δόγματα) ბერძნული ზმნიდან δοκέω (ვფიქრობ, ვივარაუდო, მჯერა) იწარმოება. ამ ტერმინს ქრისტიანობამდელი ისტორია გააჩნია. ანტიკურ ფილოსოფიაში მას ისეთი ფილოსოფიური აქსიომების (პოსტულატები) გამოსახატავად იყენებდნენ, რომლებიც ამა თუ იმ სისტემის საფუძველს წარმოადგენდნენ და არანაირი მტკიცებულებას არ საჭიროებდნენ. მაგალითად, პლატონმა თავის თხზულებაში „სახელმწიფო“ (ძ. წ. აღ. IV ს.) წესებსა და ნორმებს, რომლებიც სამართლიანობასთან და მშვენიერებასთან იყო დაკავშირებული დოგმატები უწოდა34). (I ს.) იგივე ტერმინი გამოიყენა სენეკამ იმ ზნეობრივ კანონებთან მიმართებაში, რომლითაც ყოველი ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს35). და ბოლოს, იმის გამო, რომ ტერმინში მოვალეობის ერთგვარი შუქჩრდილი შეინიშნება, მას უმაღლესი სახელმწიფოებრივი ორგანოების დადგენილებებთან მიმართებაში იყენებდნენ36).  სწორედ ამის გამო ქრისტიან მწერლებს, რომლებსაც მხედველობაში ანტიკური წარმართი ავტორები ჰყავდათ, „ბერძნული დოგმატების“  (δόγματα ἑλληνικά)37) შესახებ შეეძლოთ ესაუბრათ.

ახალ აღთქმაში სიტყვა „დოგმატი“ რამოდენიმე თვალსაზრისით გამოიყენება. მაგალითად, დოგმატი შეიძლება რაიმე სახის დადგენილებას გულისხმობდეს. ასე, ლუკას სახარებაში სიტყვა «δόγμα» არის მოხსენიებული კეისარ ავგუსტუსის ბრძანება რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში აღწერის ჩატარების შესახებ (ნახ.: ლუკ. 2: 1). წიგნ საქმე მოციქულთაში „τὰ δόγματα“ მოიხსენიება იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა პირველი კრება (ნახ.: საქმ. 16: 4).

მოციქული პავლეს ეპისტოლეებში (ნახ.: კოლ. 2: 4; ეფ. 2: 15) ხსენებული ტერმინი ან მოსეს კანონების, ან სრული ქრისტიანული სწავლების წარდგენისათვის გამოიყენება38). ამ თვალსაზრისითა აქვს გამოყენებული მოცემული ტერმინი წმინდა მღვდელმოწამე ეგნატე ანტიოქიელს, მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს, კლიმენტი ალექსანდრიელს და ორიგენეს; II _ IV სს. ეს ტერმინი სწორედ ამგვარად ესმოდათ ქრისტიან ავტორებს 39).

ტერმინის შინაარსის შეცვლის ნიშნები ჩნდება IV ს., ამ პერიოდში, ეკლესიის ცალკეული მამები ცდილობენ მოახდინონ ქრისტიანული სწავლების სისტემატიზაცია და სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება გამიჯნონ ზნეობრივისაგან. ამ პროცესს ვხედავთ წმინდა კირილე იერუსალიმელთან, წმინდა გრიგოლ ნოსელთან და IV-V სს. მიჯნაზე _ წმინდა იოანე ოქროპირთან. ყველა ეს პიროვნება გამოცხადებაში დოგმატად მხოლოდ იმას მოიხსენიებდა, რაც უშუალოდ რწმენას და არა ზნეობრივობას უკავშირდებოდა. ამ პერიოდში, „დოგმატი“ რწმენითი შინაარსის ჭეშმარიტებების აღმნიშვნელ ტერმინად იწყებს დამკვიდრებას.

შემდგომში ამ გაგების მოცულობა უფრო მეტად დაკონკრეტდა, მომდევნო საუკუნეებში დოგმატი იმ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების აღმნიშვნელად გადაიქცა, რომლებიც მსოფლიო კრებების განხილვისა და მათი დამტკიცების საგანს წარმოადგენდა.

იმისათვის, რომ უფრო ნათლად გამოიკვეთოს ის თუ რას წარმოადგენს დოგმატი, საჭიროა მისი თავისებურებების განხილვა.

 

1.2. დოგმატების თავისებურებები

 

1.2.1. თეოლოგიურობა (აღმსარებლობითობა)

დოგმატების პირველი თავისებურება (შინაარსობრივი ხასიათისაა) _ ეს არის თეოლოგიურობა, ანუ „აღმსარებლობითობა“. ამ თავისებურების მიხედვით დოგმატი თავის თავში ღმერთისა და მისი განგებულების (აღმშენებლობის) საიდუმლოს სწავლებას გულისხმობს: მთავარი, რის შესახებაც დოგმატი საუბრობს, _ ღმერთია; ყველა დანარჩენი საგანი, რომელსაც დოგმატის შინაარსი მოიცავს (ადამიანი თუ სამყარო), აქ იმდენად არის წარმოდგენილი, რამდენადაც ისინი ღმერთთან არიან დაკავშირებული. სწორედ ამ თავისებურებით განსხვავდება დოგმატი სხვა ქრისტიანული, ანუ ზნეობრივი, ლიტურგიული, კანონიკური და ა. შ. ჭეშმარიტებებისაგან. დოგმატები რწმენის ჭეშმარიტ არსს წარმოადგენენ, ისინი ადამიანურ გამოცდილებაზე, ადამიანის ცნობიერების შემეცნებით უნარებზე მაღლა მდგომ ელემენტებს წარმოადგენენ, ამიტომ დოგმატების დასაყრდენად მხოლოდ ღვთაებრივი გამოცხადება წარმოგვიდება.

 

1.2.2. ღვთვგაცხადებულობა

დოგმატების კიდევ ერთ თავისებურობას ღვთივგამოცხადებულობა (დოგმატის თავისებურება წარმომავლობის წყაროს მიხედვით) წარმოადგენს. ეს თავისებურება გულისხმობს, რომ დოგმატი ადამიანის ბუნებრივი მოღვაწეობის კი არა ღვთაებრივი გამოცხადების შედეგია. სწორედ ამით განსხვავდება დოგმატები ნებისმიერი სამეცნიერო ან ფილოსოფიური ჭეშმარიტებისგან. ფილოსოფიური და სამეცნიერო ჭეშმარიტებები ისეთ წინამძღვრებს ეფუძნება, რომელთა სათავეც ადამიანის აზროვნებაში იმყოფება;  რაც შეეხება დოგმატებს ის ღვთივგამოცხადებას ეფუძნება. დოგმატური ღვთისმეტყველება, როგორც მეცნიერება ფილოსოფიისაგან და ადამიანის ბუნების შესახებ არსებული სხვა სამეცნიერო დარგებისაგან ამ თავისებურებით განსხვავდება. მოციქული პავლე ბრძანებს: „ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ, და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა“ (გალ. 1: 11-12). როდესაც უძველეს ქრისტიან ავტორებს დოგმატის ღვთივგამოცხადებულობაზე სურდათ აქცენტირება, მათ „ღმერთისა და მოციქულების დოგმატებად (τοῖς δόγμασιν τοῦ Κυρίου καὶ τῶν ἀποστόλων)“ 41) და ა. შ. იხსენიებდნენ.

ნებისმიერი მეცნიერული და ფილოსოფიური ჭეშმარიტება მეტ ნაკლებათ შედარებითია და ადამიანის განვითარებასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს, რამანაირად შეივსოს ან საერთოდ იქნას უარყოფილი. რაც შეეხება დოგმატებს, ისინი, როგორც ღვთაებრივ გამოცხადებაზე აგებული დებულებები, აბსოლუტურ და უცვალებელ ჭეშმარიტებებს წარმოადგენენ.

იმის გამო, რომ ღვთივგანცხადებულობა დოგმატების წარმოქმნის ძირითადი წყაროა, დოგმატად შეიძლება მხოლოდ ისეთი სარწმუნეობრივი ჭეშმარიტება იქნეს მიჩნეული, რომლის საწყისი იესო ქრისტეს სწავლებაშია და წმინდა მოციქულებიდან სწავლების სახით გადმოგვეცა. ესა თუ ის თვალსაზრისი ეკლესიისგან ღრმად პატივცემული მამის მიერაც რომ იქნეს გაცხადებული, მაგრამ იგი ძირსა და სათავეს წმინდა მოციქულთა გადმოცეაში არ იღებდეს, არ შეიძლება სარწმუნოებრივი დოგმატის რანგში იქნეს აყვანილი.

 

1.2.3. ეკლესიურობა

სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებები ბევრია, ამავე დროს, მათ შორის ისეთების რაოდენობა, რომლებსაც შეიძლება დოგმატები ეწოდოს საკმაოდ შეზღუდულია. ეს არის დოგმატის მესამე _ ეკლესიურობასთან დაკავშირებული მახასიათებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიურობა დოგმატის ისეთი თავისებურებაა, რომელიც უშუალოდ მისი არსებობის მეთოდს  უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკლესიამ თავის კრებებზე ამა თუ იმ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას დოგმატის ავტორიტეტი და მნიშვნელობა შეიძლება მიანიჭოს ან არ მიანიჭოს.

და მართლაც, ჭეშმარიტი დოგმატი არ შეიძლება ეკლესიის მიღმა არსებობდეს. დოგმატები იმ წინაპირობებს ეფუძნება, რომლებიც გამოცხადებასთან არის დაკავშირებული, ხოლო გამოცხადება, კერძო პირის ან რომელიმე გამორჩეულ პიროვნებას კი არა მთელ ეკლესიას ეძლევა. სწორედ ეკლესიაა ის ინსტიტუტი, რომელიც წმინდა გადმოცემის სახით გამოცხადებას არა მხოლოდ ინახავს, არამედ ავრცელებს კიდეც. დოგმატი ღვთივგაცხადებულ ჭეშმარიტებას საკუთარ არსში ატარებს. წმინდა მოციქული პავლე ეკლესიის შესახებ ბრძანებს: „იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ (1 ტიმ. 3: 15). აქედან ნათელი ხდება, რომ ეკლესიის მიღმა, დოგმატი არც წარმოიქმნება და არც არსებობს. მაგალითად, პროტესტანტულ თანამეგობრობაში, სადაც უწყვეტი მოციქულებრივი მემკვიდრეობითობა შეწყვეტილია და აღარ მოქმედებს ღვთივდაფუძნებული ეკლესიური იერარქია, რაიმე დოგმატის შესახებ საუბარი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთივგაცხადებული ჭეშმარიტება გამოცხადებაში გვეძლევა და მისი საწყისი თავისთავად ღვთაებრივია, სპეციალური ეკლესიური აქტის გარეშე დოგმატის ხარისხში ის მაინც ვერ იქნება აყვანილი. ეკლესია თავისი მადლმოსილი უფლებებით და საშუალებებით რომ არ არსებულიყო უმნიშვნელოვანეს სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებს საბოლოო სახე არ მიეცემოდა, დოგმატის მნიშვნელობით ვერ დამტკიცდებოდა და არც დოგმატური სწავლება იარსებებდა. ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ დოგმატების შესახებ საუბრის დროს, წმინდა მამები მათ „ეკლესიურ დოგმატებად“ იხსენიებენ42).

 

1.2.4. საერთო ეკლესიური მოვალეობითობა (კანონმორჩილებითობა)

ამ თავისებურებით დოგმატების და მათი შინაარსის მიმართ ქრისტიანის დამოკიდებულება ხასიათდება. კანონმორჩილებითობა შეიძლება ორი თვალსაზრისით იქნეს გაგებული.

ჯერ-ერთი, ფორმალური კანონმორჩილების თვალსაზრისით: ეკლესია თავისი მიწიერი ასპექტით გარკვეული კანონებისა და ნორმების შესაბამისად მომქმედ ორგანიზაციას წარმოადგენს. ფორმალური კანონმორჩილებითობის მიხედვით დოგმატების, ჭეშმარიტებად აღიარება ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. მაგალითად, როდესაც ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება, ანუ ინათლება, მან უნდა აღიაროს მრწამსი, რომელიც უდაო დოგმატური ხასიათის სარწმუნოებრივ „დოკუმენტს“ წარმოადგენს. შესაბამისად, იმის აღიარება, რომ დოგმატი ჭეშმარიტებას წარმოადგენს ეკლესიური დისციპლინის თავისთავადი ელემენტია და ეკლესიის წევრობის ჩვეულებრივი პირობაა. მოციქული პავლე გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ“ (ტიტ. 3: 10-11).

მეორე _ საფუძველი გვაქვს, რომ სოტერიოლოგიურ (ხსნა, გამოსყიდვა) კანონმორჩილებითობაზე43) ვისაუბროთ. აქ გამორჩეული ყურადღება სიტყვა „თვითგანკითხვას“ ექცევა. ეკლესიამ ადამიანის ბუნებითი სისუსტეების მიმართ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მიმტევებლობა გამოავლინოს, მაგრამ, ყოველთვის უკიდურეს სიმკაცრეს იჩენს მათ მიმართ, ვინც ღვთივგამოცხადებული სწავლების დამახინჯებას შეგნებულად ცდილობს. ამ შემთხვევაში აშკარად შეიმჩნევა ეკლესიის ზრუნვა თავისი წევრებისათვის. ასეთი სიმკაცრე გაუგებარი იქნებოდა, დოგმატების კანონმორჩილებითობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი რომ ჰქონოდა. მაგრამ დოგმატების ფორმალური კანონმორჩილებითობა მათი სოტერიოლოგიური კანონმორჩილებით არის განპირობებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დოგმატებს უშუალო კავშირი აქვთ ადამიანის გადარჩენასთან. დოგმატები იმ ფუნდამენტს წარმოადგენენ, რომელზედაც ქრისტიანის სულიერი ცხოვრების მშენებლობა მიმდინარეობს. დოგმატი ნორმები და წესებია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს რელიგიურად სწორად წარმართოს თავისი ცხოვრება. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, ერეტიკოსი არა მხოლოდ „მსჯავრდებულია“, არა მხოლოდ განკვეთილია ეკლესიიდან, არამედ მან „თავადვე იტვირთა თავისი საშჯელი“. ადამიანი, რომელიც დოგმატებს ამახინჯებს, ასე თუ ისე თავად მიდის მსჯავრდებისაკენ, მეტ ნაკლებათ საკუთარ პიროვნებას თავადვე განაშორებს ღმერთისაგან.

ვლ. ლოსკი წერს, „მთელი ის ურთულესი ბრძოლა თვალწინ წარმოგვიდგება, რომელსაც ეკლესია საუკუნეების მანძილზე დოგმატებისათვის ეწეოდა, თუ მას წმინდა სულიერი, უწინარეს ყოვლისა იმ დაუღალავი ეკლესიური მზრუნველობის თვალსაზრისით დავაკვირდებით, რომლითაც იგი ქრისტიანებს ღმერთთან სრულად… შეერთებისათვის უზრუნველყოფდა“44).

„დოგმატური ცნობიერება ორგანულად არის დაკავშირებული პიროვნების შინაგანი სულიერი ცხოვრების მიმდინარეობასთან. შეცვალეთ თქვენს დოგმატურ ცნობიერებაში რაიმე და თქვენს სულიერ სახესა და თქვენი სულიერი მყოფობის ხატში შესაბამისი ცვლილება უეჭველად მოხდება“, _ აღნიშნავს არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)45). ამ საკითხთან დაკავშირებით ღირსი იუსტინე პოპოვიჩი წერს: „იმდენად რამდენადაც წმინდა დოგმატებში _ მარადიული ცხოველმყოფელი ღმერთი სამების ძალოვანება გამომხსნელი ჭეშმარიტებების სახით გვევლინება… ქრისტეში ახალი ცხოვრებისათვის საჭირო მორალი და მთელი ძალები, ანუ „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი“ ამ ჭეშმარიტებებშია დაუნჯებული (იოან. 6: 68)“ 46).

დოგმატების უშუალო განხილვა, მოცემული განსაზღვრებების შინაარსში უფრო უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება. დოგმატები არის, ეკლესიის მიერ უდაოდ და სავალდებულოდ ფორმულირებული, რწმენის წესები და ღვთივგაცხადებული თეოლოგიური ჭეშმარიტებები,  რომელიც ყოველმა მორწმუნემ აუცილებლად უნდა შეისწავლოს.

 

 

[34] Платон. Государство. 412е, 413с, 414b, 464а, 464d, 493а, 493b, 503а, 506b, 538с // Платон. Собр. соч. Т. 3. С. 181-183, 240-241, 272-273, 284, 288,323. [35] Сенека. Нравственные письма к Луцилию / пер. и прим. С. А. Ошерова. М. 1977. С. 231. Письмо 95. [36] Например, см.: Liddell and Scott. Greek-English Lexicon. Oxford, 1996. P. 441. [37] См.: Hermiae Sozomeni Salamini Ecclesiasticae Historiae. Lib. 5. 16 // PG. T. 67. Col. 1261A. Рус. пер. см.: Созомен. Церковная история. СПб., 1851. С. 347-351. Кн. V. Гл. 16. [38] Блаж. Феодорит Киррский, истолковывая Кол.2:14, пишет, что пришедший в мир Христос «дал… нам евангельские догматы, за хранение их обетовав нам Спасение» (Феодорит Киррский, блаж. Толкование на Послание к Колоссянам. 2:14 // Творения блаженного Феодорита, епископа Кирского. М.: Паломник, 2003. С. 461). [39] Например, см.: Малиновский Н., прот. Православное догматическое богословие. Т. 1. Изд. 2-е. Сергиев Посад, 1910. С. 9-10. [40] Например, согласно свят. Кириллу Иерусалимскому, «образ богопочтения заключается в сих двух принадлежностях, в точном познании догматов благочестия, и в добрых делах» (Кирилл Иерусалимский, свят. Поучения огласительные. IV, 2 // Кирилл Иерусалимский, свят. Поучения огласительные и тайноводственные. М., 1991. С. 43). Подробнее см.: Малиновский Н., прот. Православное догматическое богословие. Т. 1. С. 10-12. [41] Ignatii episcopi Antiocheni Epistola ad magnesios. XIII // PG. T. 5. Col. 672C. В рус. пер.: «в учении Господа и апостолов». См.: Игнатий Богоносец. Послание к магнезийцам. XIII // Писания мужей апостольских. Рига, 1992. С. 284 / 322. [42] Например, см.: Григорий Нисский, свят. Опровержение Евномия. Кн. XII, 2 //Григорий Нисский, свят. Догматические сочинения. Т. II. Краснодар, 2006. С. 341; Cyrilli Alexandrini In Amos prophetam commentarius. II, 7; VI, 2 // PG. T. 71. Col. 441D, 517A. Рус. пер. см.: Кирилл Александрийский, свят. Толкование на книгу пророка Амоса. II, 7; VI, 2 // Богословский вестник. Сергиев Посад, 1892. № 11. С. 426; 1893. № 3. С. 490. [43] Сотериологический (от греч. σωτηρία — спасение)  термин, значение которого — «имеющий отношение к делу спасения». Под сотериологическим понимается такой метод теологического рассуждения, при котором истинность того или иного тезиса оценивается с точки зрения тех следствий, какие это положение может иметь для учения о спасении человека. [44] Лосский В. Н. Очерк мистического богословия Восточной Церкви. С. 10. [45] Софроний (Сахаров), архим. Старец Силуан. С. 80. [46] Иустин (Попович), архим. Догматика Православной Церкви // Собрание творений преподобного Иустина (Поповича). В 2 т. Т. 2. М.: Паломник, 2006. С. 20.