1.02.2024. 35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა 

1.02.2024. ხუთშაბათი. ხსნილი

ღირსისა ანტონ მესვეტისა, მარტყოფელისა (მარტომყოფელისა), სასწაულთმოქმედისა (VI); ღირსისა მაკარი დიდისა, მეგვიპტელისა (390-391); მარკოზ ეფესელი მთავარეპისკოპოსისა (1444-1457); ღირსისა მაკარი ალექსანდრიელისა (394-395); ქალწულმოწამისა ევფრასიასი (303); არსენი კერკირელი მთავარეპისკოპოსისა (VIII); მოწამისა ამბა ანტონისა, რომელსა ერქვა რავახ. 

დღის ლოცვა

ღირსი ანტონ მარტყოფელი 

ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ-ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღუაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღუარნი ყოვლისა სოფლისანი და შუენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებოდინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი წმიდა, ხელითუქმნელი, მფარველად ერისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24). 
ლიტ.: იაკ. 1: 19-27 (დას. 51). მკ. 10: 17-27 (დას. 45). 
ღირ: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43). 

ცისკ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

ლიტ.: იაკ. 1: 19-27 

19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი – სათქმელად და ზანტი – გულის წყრომად. 20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს. 21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული. 22. მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად. 23. რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში. 24. დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი. 25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით. 26. თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა. 27. წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.

ლიტ.: მკ. 10: 17-27 

17. გზას რომ დაადგა, ვიღაცამ მოირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 18. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმრთისა. 19. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? 20. ხოლო მან პასუხად უთხრა: მოძღვარო, ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან. 21. იესომ შეხედა, მოეწონა და უთხრა: ერთიღა გაკლია: წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 22. ხოლო ის შეაკრთო ამ სიტყვამ და დამწუხრებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 26. ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.

ღირ: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

ღირ: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა ქალწულმოწამე ევფრასია სილამაზით გამორჩეული ქრისტიანი ქალწული, ნიკომიდიელ დიდგვაროვანთა შვილი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს დროინდელ დევნილობისას ქალაქის თავმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ჯერ სასტიკად აწამა ქრისტეს აღმსარებელი, შემდეგ კი ერთ მეომარს მისცა შესაგინებლად. წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, დაეცვა მისი ქალწულობა. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს: ევფრასიამ მხედარს ისეთი ბალახის მოძებნა შესთავაზა, რომელსაც შეეძლო მისი დაცვა მოწინააღმდეგის იარაღისა და სიკვდილისაგან. „მაგრამ, – თქვა მან, – ამ მდელოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა ის მოწოდებულია ქალწულის და არა ქალის მიერ. მეომარმა დაიჯერა და ევფრასიასთან ერთად ბაღში შევიდა. წმიდანმა დაგლიჯა მცენარეები, რომლებიც პირველად მოხვდა ხელთ, შემდეგ ურჯულოს შესთავაზა, გამოეცადა ბალახის ძალა – ფოთლები კისერზე დაიფინა და სთხოვა ძლიერად დაეკრა მისთვის მახვილი. მხედარი ასეც მოიქცა და ბრძენმა ქალწულმა შვებით შეჰვედრა სული უფალს.

 

მაკარი დიდი მეგვიპტელი – დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით იგი დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: „მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!“ ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისთვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანშიშესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ („მაკარი“ – ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა მათი სულის საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა, მართლაც, მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე – ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა – კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე.
ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა იგი. მარტოობისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განერიდა იქაურობას. ადამიანთა მოდგმის მტერმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა შეეშინებინა იგი, კელიას ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვისა და ჯვრის ძალით იგერიებდა მზაკვარის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს, ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მაშინ მან აღიარა, რომ ცილი დასწამა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მშობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ღირსი მაკარი ღამით განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერ-მონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოსწავლე და მიმდევარი შეიქნა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დაემკვიდრა (ეგვიპტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). ოცდაათი წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ „მხცოვანი ჭაბუკი“ შეარქვეს.
დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: ერთხელ, როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შესძლო და ესღა უთხრა: „მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარაღი, რომლითაც მიგერიებ, შენი თავმდაბლობაა“. როცა წმიდანს 40 წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამძღვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან.
ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რჩევა-დარიგების თუ ლოცვა-კურთხევის მთხოვნელნი. ეს ყველაფერი არღვევდა წმიდანის მყუდროებას, ამიტომ მან თავისი კელიის ქვეშ ღრმა გამოქვაბული ამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისთვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაულები აღესრულებოდა. ერთხელ წმიდა მამას კელიაში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად მიეხმარა მას სახედარზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მძარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა: „ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!“
ერთხელ ღირსმა მაკარიმ უდაბნოში დაგდებული თავის ქალა იპოვა და ჰკითხა: „ვინა ხარ შენ?“ ქალამ უპასუხა: „მე ყოფილი მთავარი ქურუმი ვარ. როცა შენ ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცულობ, ტანჯვა ოდნავ გვიმსუბუქდება“. ღირსმა ჰკითხა: „როგორია იქაური სატანჯველები?“ „ჩვენ საშინელ ცეცხლში ვიწვით, – უპასუხა ქალამ, – და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. როცა შენ ლოცულობ, ბუნდოვნად ვამჩნევთ ერთმანეთს და ეს ოდნავ გვამშვიდებს.“ აცრემლებულმა მაკარიმ იკითხა: „არსებობს უარესი სატანჯველებიც?“ ქალამ მიუგო: „ქვევით, ჩვენზე უფრო ღრმად, ისინი იმყოფებიან, ვინც შეიცნო ღმერთი, მაგრამ განუდგა მას და არ დაიცვა მისი მცნებები. ისინი უფრო საშინლად ეწამებიან“.
ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: „მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია“. თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარებზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დიასახლისებმა სიხარულით მიიღეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა: „შორეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი. მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ“. გაოცებულმა ქალებმა უპასუხეს: „ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოებები არ გაგვაჩნია“, მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს: „ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, არც არასდროს გვიჩხუბია. ქმრებს ვთხოვეთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა“. წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა: „ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს “.
არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოებში დააბრუნა.
ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. „ავი სიტყვა, – ამბობდა ამბა მაკარი, – კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს“. ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: „ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“ როცა ძმებმა ჰკითხეს: „როგორ უნდა გავხდეთ ბერები?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, უპასუხნიათ: „თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი“. მე ვუთხარი: „უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც თქვენ ხართ“. „მაშინ კელიაში დაჯექი და მწუხარებას მიეციო შენი ცოდვების გამო!“
ერთ ბერს ღირსმა მაკარიმ ურჩია: „გაიქეცი ადამიანებისგან და ცხონდები!“ მან ჰკითხა: „რას ნიშნავს ადამიანებისგან გაქცევა?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „იჯექი კელიაში და იფიქრე საკუთარ ცოდვებზე“. წმიდა მაკარი ამბობდა: „თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ“. მასვე უთქვამს: „თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს – სიმდიდრედ, უკმარისობას – სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“.
ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისთვის აურიდებია უბედურება და საცდური.
ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები – ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით.
ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული. 
ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოში „კელიების მონასტრის“ წინამძღვრად დაადგინეს.
მაკარი ალექსანდრიელი საოცარი მოშურნეობით გამოირჩეოდა. როცა გაიგებდა ამა თუ იმ ბერის რაიმე გამორჩეული ღვაწლის შესახებ, ცდილობდა, მიებაძა მისთვის.
ერთხელ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვეს. მას ძალიან მოუნდა შეეჭამა იგი, მაგრამ თავი შეიკავა და ხილი ერთ უძლურ მონაზონს გაუგზავნა. ეს მონაზონიც, თავის მხრივ, მოერია გემოთმოყვარეობას და ყურძენი მეორეს გადასცა, მეორემ – მესამეს. ბოლოს მტევანმა ისევ მაკარიმდე მიაღწია. წმიდა მამა გააკვირვა ბერების თავშეკავებამ და მადლობა შესწირა უფალს. ერთხელ წმიდანს დაეუფლა ამპარტავნული აზრი, რომ რომში წასულიყო სნეულთა განსაკურნებლად. ახოვანმა მოსაგრემ ტომარა ქვიშით დატენა, ზურგზე მოიგდო და მანამ დადიოდა ამ ტვირთით უდაბნოში, სანამ სხეული სრულიად არ გათანგა და მაცდური სულიც არ გაუქრა.
ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულთქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა.
წმიდა მამა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში. 
როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.
შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა.
მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.
და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.
წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აშენება. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.
ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.
გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში. 
წმიდა არსენი, კერკირელი მთავარეპისკოპოსი პალესტინაში მოღვაწეობდა VIII საუკუნეში. ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი ფრიად განათლებული ადამიანი და ცნობილი სასულიერო მწერალი იყო. მან სახელი გაითქვა სიბრძნით და სამწყსოზე გამუდმებული ზრუნვით. წმიდა მამას ეკუთვნის კანონი, ანდრია მოციქულის შესხმა და წმიდა დიდმოწამე ბარბარას ცხოვრება. 

ღირსი მაკარი, პეჩორელი მმარხველი, ახლო მღვიმეებში (XII)

 ღირსი მაკარი, პეჩორელი მმარხველი, ახლო მღვიმეებში (XII)
წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინეპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.
მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინეპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეფრემ II-მ (1410-1416) შეიტკბო და დაიახლოვა იგი, წმიდანი იმპერატორ მანუელის მეგობარი და სანდო მრჩეველიც გახდა, მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ 26 წლის ასაკში ჭაბუკმა გაწყვიტა კავშირი ამაო და წარმავალ წუთისოფელთან, ბერად აღიკვეცა მარკოზის სახელით და კუნძულ ანტიგონზე მდებარე უკაცრიელ მონასტერში დამკვიდრდა. მისი მოძღვარი გახდა ამ სავანის წინამძღვარი, „საკვირელი სვიმეონი”.
ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ. მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქმნენ კონსტანტინეპოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ წმიდა მამა მთლიანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა და მხოლოდ საღმრთო წერილს უღრმავდებოდა.
მანგანის სავანეში მარკოზი მღვდლად აკურთხეს. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს ღვთაებრივი მადლი ნათლის სახედ გადმოდიოდა მასზე.
1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. იგი აღნიშნავდა: „ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისათვის ვიტვირთე საეპისკოპოსო მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძალებს აღემატება”.
1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღვთის სადიდებლად მართლმადიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გამოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: „არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის”, „ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით”.
როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!”
უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, პაპთან მიწვეულმა წმიდა მამამ კი თქვა: „საეკლესიო კრებები განდგომილებად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომელიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს. მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვიცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვრისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე, რომის წმიდა ეკლესიაც ჩვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმიდა მოძღვრებად მიიჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ, რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?”
იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გამოემგზავრნენ ფლორენციიდან. რამდენიმე თვეში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, ატარებდა მღვდლების ხელდასმას, ეხმარებოდა შევიწროებულებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს.
ორი წლის შედეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა: „ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება”. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.
მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1443 წელს. მისი ტანჯვით აღსავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმიდანი პატივით დაკრძალეს მანგანის სავანეში.