გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
სულთმოფენობიდან 31-ე შვიდეული.
11.01.2024. ხუთშაბათი, მსგეფსი
სულთმოფენობიდან 31-ე შვიდეული.
ათოთხმეტ ათასთა ჩვილთა მოწამეთა – ჰეროდეს მიერ ბეთლემს მოწყვეტილთა (I); ღირსისა ნინოსი, სამთავროს მონასტრის იღუმენიასი (ამილახვარი, 1904); ღირსისა მარკელესი, მღვიძარეთა სავანის წინამძღვრისა (485); ღირსისა თადეოზ აღმსარებელისა (818).
დღის ლოცვა
14000-თა ჩვილთა მოწამეთა
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩვენთვის და ყოველნივე სენნი ჩვენნი განკურნენ, კაცთმოყვარე, გევედრებით.
კონდაკი: ვარსკვლავმან მოგვნი წარმოავლინნა ბეთლემს შობილისა თანა, ხოლო იროდი სიცრუით წარავლენს მხედართა და მოსწყვედს ჩვილთა ყოველთა, გონებდა უგუნური იგი შენსა მოწყვედასა, ქრისტე, ხოლო მათ გიხილეს მწოლარე ბაგასა და თაყვანი გცეს თვისსა უფალსა.
დღის საკითხავები
ლიტ. – იაკ. 50 დას. I, 1-18. მკ. 51 დას. XI, 23-26.
მოწ. – 2 კორ. 180 დას. V, 15-21. მთ. 4 დას. II, 13-23.
ლიტ. – იაკ. 1: 1-18
1. იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, – გიხაროდეთ. 2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. 3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; 4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე. 5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა. 6. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს. 7. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან. 8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე. 9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით, 10. ხოლო მდიდარი – თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი. 11. რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე. 12. ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ. 13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. 14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. 15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს. 16. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო. 17. ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი. 18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
ლიტ. – მკ. 11: 23-26
23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, – ექნება ის, რასაც იტყვის. 24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. 25. როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. 26. ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
მოწ. – 2 კორ. 5: 15-21
15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. 16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ. 17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი. 18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა. 19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. 20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს, 21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
მოწ. – მთ. 2: 13-23
13. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი. 14. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს. 15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს. 16. მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან. 17. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 18. ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან. 19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში, 20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს. 21. ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად. 22. მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს. 23. მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
როცა უდიდესი მოვლენის – ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა“. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და, შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი.
ჰეროდემ ცბიერებით უთხრა მოგვებს: „მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს, და რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას“. ვარსკვლავთმრიცხველები იერუსალიმში არ დაბრუნდნენ და, ზეციური განცხადებისაებრ, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეწყვიტათ ყველა ყრმა, „რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“. უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ. მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ თავისი ძის, იოანეს ადგილსამყოფელი არ გაამხილა.
ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული. ეშმაკის ჭურჭლად ქცეულმა მეფემ თავისი ცოდვების ნუსხას სიკვდილამდე სხვა, ახალი და საშინელი ბოროტმოქმედებებიც შესძინა: დახოცა იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, ღვიძლი ძმა და სიძე, მეუღლე – მარიამი სამი ძითურთ და, აგრეთვე, სინედრიონის წევრი სამოცდაათი ბრძენკაცი.
ღირსი მარკელე, მღვიძარეთა მონასტრის წინამძღვარი (+485)
წმიდა ალექსანდრეს მიცვალების შემდეგ იღუმენად ამბა იოანე აირჩიეს. ეს რომ შეიტყო, მარკელე დაუბრუნდა მონასტერს, რითაც მთელი საძმო ძალიან გაახარა. ახალმა წინამძღვარმა წმიდა მამა უახლოეს თანაშემწედ გაიხადა. როცა იოანე გარდაიცვალა, მარკელე, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მის ნაცვლად დაადგინეს. უფლის რჩეული სამოცი წელი განაგებდა სავანეს. შორეული ადგილებიდან მოეშურებოდნენ მასთან სულიერი რჩევების მისაღებად. წმიდანის ირგვლივ მყოფნი ხშირად ცხადად ხედავდნენ ანგელოზებს, რომლებიც მუდამ თან ახლდნენ და იცავდნენ მას. ღირს მარკელეს უფალი შეეწეოდა სავანის აღმშენებლობასა და კეთილმოწყობაში. მორწმუნეთაგან შემოწირული თანხებით მან ააგო დიდი ტაძარი, საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანი ლოცვით კურნავდა სნეულებს, ერთხელ მიცვალებულიც აღადგინა მკვდრეთით. გადმოგვცემენ, რომ მან მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა. ასე მაგალითად, მარკელეს მიერ ანკარაში გაგზავნილი ერთ-ერთი ბერი მოულოდნელად მძიმედ დასნეულდა. სულთმობრძავმა გონებით მოძღვარს მოუხმო შემწედ. ამ უკანასკნელმაც სულით გაიგო ბერის გოდება, ლოცვად დადგა და სნეული განკურნა. ნეტარის ლოცვამ აბობოქრებული ზღვა დააცხრო. ერთხელ უფლის რჩეულს აცნობეს, რომ კონსტანტინოპოლში საშინელი ხანძარი მძვინვარებდა. მან კვლავ ცრემლებით ჰხადა უფალს და ქალაქს მოდებული ცეცხლი იმავ წამს ჩაქრა.
ნეტარი იღუმენი საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა და მონასტრის მარაგიდან უშურველად შეეწეოდა გლახაკებს. ერთხელ, საშინელი შიმშილობის ჟამს, შეშფოთებულმა მეკუჭნავემ მას აცნობა, რომ სულ რამოდენიმე დღისთვის საკმარი ხორბლის მარაგი იყო დარჩენილი. წმიდანმა დაამშვიდა ბერი, რის შემდეგაც, ჩვეულებრივ, ძმებსაც ყოველდღიურად აძლევდნენ კუთვნილ ულუფას და მშივრებსაც აპურებდნენ. ბოლოს, როცა სათავსოები სრულიად დაცარიელდა, მეკუჭნავემ კვლავ მიაკითხა ნეტარ მარკელეს, ისინი ერთად წავიდნენ ბეღლისკენ და აღმოაჩინეს, რომ იგი კვლავ პირთამდე გავსებულიყო. ამ დღიდან მოყოლებული შიმშილობის დამთავრებამდე სავანეში პური არ გამოლეულა.
წმიდა მარკელე 485 წელს მიიცვალა.
ღირსი თადეოზ აღმსარებელი (+818)
ხარება და ქრისტეშობის თარიღთან დაკავშირებული ძველი და ახალი ცნობების ერთიანი ანალიზი
კაცობრიობა უკვე დიდი ხანია სარგებლობს ტერმინებით („ახალი ერა“, „ჩვენი ერა“), რომლის ათვლაც ქრისტეშობიდან იწყება. უფრო დიდი ხანია მიმდინარეობს დავა იმის შესახებ სინამდვილეში რომელ წელს დაიბადა იესო ქრისტე. ამასთან, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ქრისტეშობის ზუსტი თარიღის დადგენა, რადგან მათი აზრით, კანონიკურ სახარებებში, საიდანაც იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ საიმედო ინფორმაცია შეიძლება იქნეს მოპოვებული, ბევრი „გადაულახავი წინააღმდეგობაა“. სინამდვილეში კი სახარებებში არავითარი შეუსაბამობა არ არის, უფრო მეტიც, მათში ასახული ქრონოლოგიური მინიშნებები საშუალებას იძლევა გამოვიკვლიოთ და დავათარიღოთ მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მოვლენები იესო ქრისტეს ცხოვრებაში.
უფლის ვარსკვლავის ხილვის მნიშვნელობა და წარმართი მოგვები
მოგვებმა ქრისტეშობა ციური სხეულების მიხედვით იწინასწარმეტყველეს. ეს არის გულრწფელი წარმართობის საუკეთესო მაგალითი. ჩვეულებრივად წარმართები ცოცხალ ღმერთს არ ეძებენ და ღმერთში რწმენის გაღრმავებაზე არ ზრუნავენ. ისინი ცდილობენ ნებისმიერი ახალი ცოდნა თაყვანისცემის ობიექტს, ანუ კერპს მოარგონ და კერპისგან ახალი მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ძალები მოითხოვონ.
იმ დროს სჯეროდათ, რომ გამორჩეული პიროვნების დაბადების შემთხვევაში ცაზე ახალი ვარსკვლავი უნდა გაჩენილიყო. ამავე დროს, მოგვებს სპარსეთის სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელებისაგან უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია მესიის მობრძანების შესახებ. ასევე, მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ბალაამის წინასწარმეტყველებაც, სადაც ვკითხულობთ: „ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას“ (რიცხ. 24: 17). აქ სიტყვაში მოაბი მესიის მტრები იგულისხმება. მოგვებს სწამდათ, რომ მესიის გაჩენა ცაზე შესაბამისი სამხილით გაცხადდებოდა. ვარსკვლავი ბალაამის წინასწარმეტყველებაში სულიერი თვალსაზრისით არის ნაგულისხმევი, მაგრამ იმისათვის, რათა ჭეშმარიტი ღვთის რწმენის მოზიარენი წარმართებიც გამხდარიყვნენ, უფალმა ცაზე მათთვის ცნობადი ნიშანი გამოაჩინა. იხილეს მოგვებმა ვარსკვლავი და მიხვდნენ, რომ ისეთი ახალი მეფე უნდა დაბადებულიყო, რომელსაც მათთან ერთად მთელი ქვეყანა ელოდა.
ეპიფანია (ბერძნ. – ღვთის „გამოცხადება“) – იესო ქრისტეს გამოცხადება, ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ უდიდეს მოვლენას, რაც მოგვებმა აღმოსავლეთით გამოჩენილი მოკაშკაშე ვარსკვლავის ბრწყინვალებაში დაინახეს (მათ. 2: 2).
ქრისტეს შობასთან დაკავშირებით ოთხი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი:
1. ხარება მარიამისა, რომელიც მთავარანგელოზის სიტყვებით: „გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის“ (ლუკ. 1: 28), გაცხადდა. ამ სიტყვებიდან აშკარაა, რომ ის უშუალოდ ქალწული მარიამის ხარებაა და დრომდე, ანუ ელისაბედთან მისვლამდე, მთელს სამყაროში ეს ახალი, ძნელად დასაჯერებელი ამბავი (ხაზგასმით უნდა ითქვას), მხოლოდ მისთვის, მხოლოდ მარიამისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი;
- მუცლადღებული იოანე წინასწარმეტყველის მიერ ელისაბედისა და წუთისოფლის ხარება. ელისაბედისა და წუთისოფლის ხარება ღვთისმშობლის ხარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა და ეს მოვლენა მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლისაგან იქნა გაცხადებული. დაწერილია: „შევიდა (მარიამი (რ.ჩ.)) ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ“ (ლუკ. 1: 40–45); ეუწყა იმის შემდეგ, რაც ყრმა სიხარულით შეიძრა ელისაბედის სხეულში!
ეს იყო ქვეყნის, მთელი სამყაროს და ყველა იმ ადამიანის ხარება, ვისაც ჰქონდა რწმენა და ნამდვილი მოლოდინი უფლისა, რადგან დაწერილია „ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ“. ელისაბედის ამ სიტყვებს მარიამის წინასწარმეტყველება მოჰყვა და თავისი წინასწარმეტყველებით მადლით მოსილი ქალწული ყოველ ადამიანს ცალ–ცალკე და ერთდროულად მთელ კაცობრიობას შეეხმიანა. ყოვლადწმინდა ქალწულმა ბრძანა: „წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი“ (ლუკ. 1: 51:53). ეს სიტყვები ეხება ყველა დროის და ყველა ჯურის ადამიანს, ვის ყურსაც შეუძლია ამ საოცარ ამბავს შესწვდეს და ვის გულსაც ძალუძს ეს სიხარული გაიზიაროს;
- ზეცაზე განცხადებული საყოველთაო ნიშანი – წარმართების ხარება, ანუ აღმოსავლეთის ვარსკვლავი. მოგვებისათვის კოსმოსი მრავლის მაუწყებელი იყო. მოგვები ასტრონომები და ასტროლოგები იყვნენ, ზოდიაქოს ნიშნები და მათი მნიშვნელობა კარგად იცოდნენ. ისინი ზეცას ღმერთის სიტყვის ამოკითხვის მიზნით აკვირდებოდნენ, ხოლო ვარსკვლავების გადაადგილების მიხედვით მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. უფლის განკაცებამდე ეს რეალურად ასე ხდებოდა, რადგან თუ ადამიანი ღვთისკენ მიმავალ გზას ეძებდა, ღმერთიც ადამიანს მისთვის მისაწვდომი ნიშნებით ეხმარებოდა. მაცხოვრის მობრძანების შემდეგ წარმართული ნიშნებით ღმერთის ძიების დრო დასრულდა და დადგა ბოლო ჟამი, „ღმერთი (უკვე ყველასათვის რ. ჩ.) გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით“ (1 ტიტ. 3: 16).
როდესაც მოგვებმა ცაზე ნიშანი იხილეს, ისინი ამ ხილვისათვის უკვე მომზადებულნი იყვნენ და მათ ამ სახილველის მნიშვნელობა მაშინვე ამოიცნეს. მიხვდნენ, რომ სამყაროს მოევლინა მეფე! არაჩვეულებრივი მეფე! ყველა დროის, ყველა მეფეთა მეფე! მეფე, რომელსაც სხვა ყოველგვარი მეფობის ძალა უნდა გაეუქმებინა. მრავალი ქრისტიანისათვის ეს ღვთაებრივი ნიშანი დღევანდლამდე აუხსნელ საოცრებად რჩება, მაგრამ ვინაიდან ადამიანი ყველაფერში გარკვევასა და ყველაფრის ახსნას ცდილობს, ვნახოთ ამ მოვლენის შესახებ რა ცოდნას გვაწვდის თანამედროვე მეცნიერება;
ვარსკვლავთმრიცხველთა ძველი და მეცნიერთა ბოლო დროის გამოკვლევები ქრისტეშობის კოსმოსური ნიშნის შესახებ:
აღორძინების ეპოქაში ფიქრობდნენ, რომ მოგვებმა ცაზე კომეტა დაინახეს. სხვები მიიჩნევდნენ – ეს ზეახალი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელმაც მთელი ზეცა ერთბაშათ გაანათა. მაგრამ, ისიც ცნობილია, რომ მოგვებისათვის კომეტა სიკვდილის ნიშანი იყო, ხოლო ახალი მეფის დაბადებას ზეახალი ვარსკვლავი არ იუწყებოდა. შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორის, ასტრონომი დევიდ ჰიუსის აზრით მოგვებისათვის მეფის დაბადების მაუწყებელი, შეიძლებოდა პლანეტების გარკვეული განლაგება გამხდარიყო. მას მიაჩნია, რომ ამ ვერსიის მნიშვნელოვანი საბუთმტკიცება ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და ეს არის თიხის ფირფიტები, რომლებზეც ძველ ბაბილონურ, ანუ მოგვების მშობლიურ ენაზე შემონახული ტექსტები იკითხება. ზოგიერთი მათგანი ასტრონომიულ კალენდარს წარმოადგენს. ერთ–ერთ ფირფიტაზე ძვ. წ. აღ. 7 წელს პლანეტების სატურნისა და იუპიტერის მოძრაობაა გამოსახული. ამ პლანეტებს მოგვებისათვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, რადგან მეფეთა ჰოროსკოპებში, ახალი პიროვნების გამეფებაში მთავარი როლი იუპიტერს მიეკუთვნებოდა. იუპიტერი მომავალი მეფის სიმბოლო იყო, სატურნი კი ძველი – წარმავალი მეფის ნიშანს წარმოადგენდა. მათი ურთიერთდაახლოვება მმართველობის შეცვლას იუწყებოდა, ხოლო თუ ისინი თევზების ზოდიაქოში იკვეთებოდნენ, ვინაიდან ეს თანავარსკვლავედი ისრაელის ზოდიაქალური სიმბოლო იყო, ცვლილებაც იქ უნდა მომხდარიყო. ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს იუპიტერი და სატურნი თევზების თანავარსკვლავედში სამჯერ გადაიკვეთა, რაც ყოველ 820 წელში ხდება. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ იესო ქრისტე ძვ. წ. აღ. 7 წელს დაიბადა.
მოგვიანებით, მეცნიერებმა ახალ საბუთს მიაკვლიეს: როდჯერსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტრონომმა მაიკლ მოლნერმა ისეთი მტკიცებულება მოიპოვა, რომლის გათვალისწინებით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, იყო თუ არა თევზები ისრაელის ნიშანი. მან ისრაელის უშუალოდ იმ კუთხის ზოდიაქოს მიაგნო სადაც იესო ქრისტე დაიბადა. მოლნერის ხელთ რომის მმართველობის პერიოდში იუდეაში მოქმედი ძველი მონეტა აღმოჩნდა, რომელზედაც ამ კუთხის მაშინდელი ზოდიაქოს ნიშანი „ვერძია“ გამოსახული. ეს ვერძი კოსმოსურ სივრცეში მოძრაობს და თან თვალს მის ზურგსუკან დარჩენილ ვარსკვლავს ადევნებს. შემდეგ მოლნერი კლავდიოს ფტოლემეს ასტროლოგიური ენციკლოპედიით დაინტერესდა და მასში იესო ქრისტეს ცხოვრების წლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია აღმოაჩინა. ფტოლომეს თავის მასალებში ქვეყნების შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნების სახელწოდებები ორჯერა აქვს ჩამოთვლილი და ამ ჩამონათვალითაც დასტურდება, რომ იუდეას ვერძის ნიშანი შეესაბამებოდა. ე. ი. უნდა ვიფიქროთ, რომ მოგვებმა კოსმოსური ნიშანი, ვერძის ზოდიაქოში დაინახეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძვ. წ. აღ. 7 წელს იუპიტერი და სატურნი ვერძის ნიშანში არ გადაკვეთილა.
საგულისხმოა, რომ ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილს, ვერძის ზოდიაქოში ისეთი ასტრონომიული მოვლენა განხორცილდა, რომელიც მოგვებს უეჭველად განაცვიფრებდა: პლანეტების მეფე იუპიტერი მთვარემ გადაფარა. მოგვებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო, რადგან იგი იუწყებოდა, რომ იუდეაში უნდა დაბადებულიყო მეფეთმეფე, რომლის სიმბოლოც ვერძი იქნებოდა. ციური სხეულების ასეთი გადაადგილების დანახვა მხოლოდ აღმოსავლეთში იყო შესაძლებელი, რადგან ამ დროს იუპიტერი სწორედ აღმოსავლეთის ცაზე მოსჩანდა. მოგვებისათვის ეს იქნებოდა ცისკრის ვარსკვლავის გადაფარვა, ანუ როგორც გაირკვა ყველაფერი ისე მომხდარა, როგორც ამ ამბის შესახებ წმინდა მათემ გვაუწყა. მოლნერის და სხვა მეცნიერების აზრით ის დღე, – ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილი, – და დრო, როდესაც მთვარემ იუპიტერი გადაფარა, იესო ქრისტეს დაბადების თარიღად უნდა მივიჩნიოთ.
ამრიგად, ევროპელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ იესო ქრისტეს შობის დღედ 17 აპრილია. მაგრამ ეს ვერსია ჩვენთვის არადამაჯერებელია, ჯერ ერთი მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით აპრილში მარიამის ხარება იყო და იგი ეწინააღმდეგება წმინდა იოანე ოქროპირის, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა და სხვა წმინდა მამების აზრებს, ამავე დროს, თუ სახარების ტექსტს დავაკვირდებით აშკარაა, რომ იუპიტერის მთვარით გადაფარვა ის დღე იყო, როდესაც მარიამი ელისაბედთან მივიდა და მუცლადღებულმა იოანე ნათლისმცემელმა, მუცლადღებული იესო ქრისტე შეიგრძნო. და კიდევ, ვარსკვლავმა იუდეა მიუთითა და არა ნაზარეთი ან გალილეა, სადაც ღვთისმშობელს მთავარანგელოზმა იესო ქრისტეს მუცლადღება ახარა. ღვთისმშობლის ხარებას 17 აპრილამდე დაახლოვებით 10 დღე, ანუ ის დრო აშორებს რაც მარიამს ელისაბედთან მოსვლისათვის უნდა დასჭირებოდა.
ნაზარეთიდან – იუდეამდე. როგორც წმინდა ლუკა მახარებელი გვაცნობებს, ხარების შემდეგ „ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდეას ქალაქს“ (ლუკ. 1: 39). ჩვენ კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარიამს გამგზავრებამდე აუცილებელი სამზადისი ესაჭიროებოდა, დაწერილია „იმ დღეებში“ და არა იმავე დღეს. ამავე დროს, ცნობილია, რომ მანძილი ნაზარეთსა და მთიან მხარეს შორის დაახლოვებით 100 კილომეტრია და იმ დროისათვის ასეთ ძნელ და გრძელ გზაზე გასამგზავრებლად მარიამს შესაძლებელია თანამგზავრის მოძებნაც დასჭირებოდა. ამ გარემოებებიდან ნათელი ხდება, რომ მარიამი ელისაბედთან ხარებიდან 8–10 დღეზე ადრე ვერ ჩავიდოდა. ამიტომ, მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლის მიერ ელისაბედისა და სამყაროს ხარებაც 8–10 დღეზე, ანუ 15 აპრილზე ადრე ვერ მოხდებოდა.
მართლმადიდებლური თვალსაზრისი ჩასახვისა და განკაცების შესახებ. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ჩასახვა და განკაცება ტოლფასი მოვლენებია. ამის საბუთად მოვიყვანთ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვებს სადაც ის ბრძანებს: იუდეველები ამბობენ იესო ქრისტეს შესახებ დაწერილი სიტყვები: „შენგან გამოვიდეს“, სინამდვილეში ზორობაბელის შესახებ წინასწარმეტყველება იყოო, მაგრამ აშკარად ტყუვდებიან ან თავს იტყუებენ, რადგან ზორობაბელი ბეთლემში კი არა ბაბილონში დაიბადა: „ზორო“ ნიშნავს თესლს და შობას, ხოლო „ბაბელი“ – ბაბილონს, ანუ ბაბილონში ჩასახულს ან გაჩენილს“. როგორც ვხედავთ, „ჩასახული და გაჩენილი“ ადამიანის ამ ქვეყანად მოსვლის თვალსაზრისით ტოლფასი მოვლენებია. ამიტომ, მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც აღვნიშნეთ, ამ შეხვედრის დროს, საყოველთაოდ გაცხადდა განგებულება საიდუმლოსი: „განათლებად ყოველთა, რაი–იგი არს განგებულებაი იგი საიდუმლოისაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა“ (ეფ. 3: 9). ამავე დროს, წმინდა წერილში მრავალჯერ არის დაფიქსირებული გამოთქმა: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს“, ანუ საიდუმლოს შეცნობისათვის შესაბამისი მზაობა იყო საჭირო და საყოველთაო მზაობის საჭიროების დროც ახლოვდებოდა. ქვეყნიერებისათვის „ახალი აღთქმა“ ამ დღით, დაახლოვებით 17 აპრილით უნდა დაწყებულიყო, დაწერილია: „გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი“, ამიტომ მოლოდინი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონოდა, როგორც იუდეველს, ისე წარმართს, მათთვის ნიშნები კი სხვადასხვანაირი იქნებოდა, იმ დღიდან მოყოლებული, ღვთაებრივი საიდუმლოს შესაცნობად მხოლოდ ადამიანის მზაობაღა ხდება საჭირო.
ამასთან, ჩვენი მხრივ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთის განკაცების შესახებ იოანე ნათლისმცემელზე ადრე მოგვები ვერ შეიტყობდნენ, რადგან წმინდა წერილის მიხედვით, ქრისტეს განკაცების ამბავი კაცობრიობისათვის პირველს, იოანე ნათლისმცემელს უნდა ეწინასწარმეტყველებინა. ეს უნდა ყოფილიყო ხმა „უდაბნოში“ მღაღადებლისა, ანუ მაცხოვრის დაბადება არ შეიძლებოდა იოანემდე ვინმეს გაეცნობიერებინა. სწორედ ამიტომ, მაცხოვრის შესახებ ჯერ კიდევ მუცლადღებულ იოანეში, გაჩენილი პირველი სიტყვა, როგორც აღვნიშნეთ, მისმა დედამ, ელისაბედმა გაახმოვანა. მოგვებს ვარსკვლავი, ანუ ნიშანი ამის შემდეგ უნდა ეხილათ.
როგორც აღვნიშნეთ თანამედროვე ასტროლოგების გამოთვლებით იუპიტერი მთვარეს ახალი სტილით 17 აპრილს გადაეფარა და მოგვებისათვის სწორედ ეს იყო სამყაროს მეფის დაბადების ნიშანი. გამოდის, რომ თანამედროვე მეცნიერებმა ქრისტეს დაბადების დასაბუთებულ თარიღს მიაკვლიეს: თუ იუპიტერის მთვარით გადაფარვას და მართლმადიდებლურ კალენდარს შევაჯერებთ ადვილად დავინახავთ, რომ ხარება მარიამისა იყო ძვ. წ. აღ. 6 წლის 7 აპრილს, ხარება ელისაბედისა და მოგვების მიერ ცისკრის ვარსკვლავის ხილვა იყო დაახლოვებით 10 დღის შემდეგ 17 აპრილს და ამ თარიღებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ქრისტეშობა: ძვ. წ. აღ. 5 წლის 7 იანვარს (ახალი სტილით) და ძველი სტილით – 6 წლის 25 დეკემბერს აბსოლუტურად ზუსტი ყოფილა. მითუმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, ვარსკვლავმა მოგვებს მთავარანგელოზის ხარების ადგილი – ნაზარეთი კი არა, იუდეა, ანუ სამყაროს ხარების ადგილი მიუთითა. ბეთლემის შესახებ კი მოგვებმა ჰეროდეს მწიგნობრებისაგან შეიტყვეს, ხოლო დაბადების ადგილის შესახებ, სადაც მათ უფალი იხილეს დაწერილია: „აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს“ (მათ. 2: 9–10). წმინდა წერილიდან ჩანს, რომ მოგვებს ვარსკვლავი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ეცხადებოდა.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, რის გამოც არ შეიძლება თანამედროვე ევროპელი მკვლევარებისადმი ღრმა პატივისცემით არ განეწყო, მათ თავისი ტრადიციებიდან გამომდინარე მართლმადიდებლური ხარების თარიღს ყურადღება არ მიაქციეს და მუცლადღება, ანუ საყოველთაო ხარება უნებლიედ ქრისტეშობად გამოაცხადეს. აი ამ უზუსტობის გამო ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქრისტეშობა არც 25 დეკემბერს და არც 7 იანვარს არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
მოგვთა თაყვანისცემის მიზეზები. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: იესო ქრისტეს განკაცების მიზეზი, მთელ კაცობრიობაში ცხოვრების ძველი წესების შეცვლა და დედამიწაზე მცხოვრები ყველა დროის, ყველა ხალხის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემისათვის მოქცევა იყო. ებრაელები წინასწარმეტყველთაგან მუდმივად ისმენდნენ ღმერთის ამ ახალი გამოწვევის შესახებ და მათ ეს მოლოდინი უკვე თავისებურად შეფუთული და შემკობილი ჰქონდათ. ამდენად, მათთვის ამ მოვლენის ნამდვილ შინაარსი მინავლული და მივიწყებული იყო. იმ უდიდესი მნიშვნელობის რწმენას, რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო მათთვის აქტუალობა ჰქონდა დაკარგული, ისინი ძლიერ, განმანთავისუფლებელ და დამპყრობელ მეფეს ელოდნენ. იმისათვის, რათა იუდეველები გონს მოსულიყვნენ, უფალმა ახალდაბადებული მეფის ადგილსამყოფელის გამოსაკითხად იუდეაში წარმართი მოგვები მოიხმო. მაცხოვრის მობრძანება იუდეველთათვის იმდენად დიდ საცდურად იქცა, რომ ერთნი განზე გადგნენ, მეორენი მოციქულებად იქცნენ, ხოლო მესამენი ჰეროდე მეფის, ანნას, კაიაფასა და იუდას ცოდვაში ჩავარდნენ.
გზა მაღალმთიანი აღმოსავლეთიდან „ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმაჲ იგი“ .
ცაზე პლანეტების განლაგებამ, მოგვებს იუდეაზე მიუთითა. მათ დიდი მანძილი ჰქონდათ გასავლელი და „აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო“ (მათ. 2: 9). ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს: „არ იფიქრო, რომ ის ერთ–ერთი იმათგანი იყო, რომელსაც ცაზე ვხედავთ. არა ეს, ვარსკვლავის სახით მოვლენილი ღვთიური და ანგელოზებრივი ძალა იყო“. ცხადია ეს ძალა არ შეიძლება რაიმე სახის ილუზიად ჩაითვალოს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამ ნიშანს მხოლოდ მოგვები აღიქვამდნენ. ამიტომ მათგან განსხვავებით ჰეროდე მეფესა და მის მწიგნობრებს არ შეეძლოთ ამოეცნოთ ქრისტეშობის ზუსტი ადგილი, წმინდა წიგნებში მათ მხოლოდ იუდეას ბეთლემი ამოიკითხეს, მოგვებმა კი ჩვილი იესოს ადგილსამყოფელს ადვილად მიაგნეს.
მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „… ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი“ (მათ. 2: 7), ჰეროდეს კონკრეტულად დაბადების თარიღი არ გამოუკითხავს, მოგვებს პასუხად სავარაუდო ერთი წელი უნდა მიეთითებინათ და ვარსკვლავის გამოჩენა ჰეროდემ დაბადებად მიიჩნია. მოგვთა თაყვანისცემის ამსახველ ხატებშიც ჩანს, რომ იესო სულ რამდენიმე თვის ჩვილია. ამ ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ წმინდა გადმოცემის მიხედვით ჰეროდეს ჯარისკაცებს იოანე ნათლისმცემლის მოკვლა უნდოდათ. იოანე მაცხოვარზე 6 თვით უფროსი იყო და ამავე დროს, რადგან ჰეროდეს განკარგულება ორ წლამდე ბავშვებს შეეხებოდა ის ორი წლისაც არ უნდა ყოფილიყო. მოგვებს, რომ ჰეროდესთვის დაახლოვებით ორი წელი მიენიშნებინათ, ჰეროდე სამ წელს იტყოდა. ასეთი ბრძანება, გონებადაკარგულ მეფეს ბავშვის პოვნის მეტ გარანტიას აძლევდა.
მიუხედავად ამისა, ვარსკვლავის პირველი გამოჩენიდან მაინც დიდი დრო იყო გასული და შესაბამისად იკვეთება ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა დასჭირებოდათ მოგვებს თითქმის ერთი წელი ან უფრო მეტი, ბეთლემში მისასვლელად?
ჯერ ერთი ვარსკვლავების საშუალებით მოგვებს, არა მხოლოდ მუცლადღების, არამედ შობის თარიღიც შეიძლებოდა ამოეცნოთ, ამავე დროს, ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს: „იმის გამო, რომ მოგზაურობაზე დიდი დრო უნდა დაეხარჯათ, ვარსკვლავი მათ უფლის შობამდე, წინასწარ გამოეცხადა“. ისიც შესაძლებელია, მოგვებს თაყვანისცემის დღის ორიენტირად ვარსკვლავის გამოჩენიდან ერთი წელი ჰქონოდათ აღებული. და კიდევ, მოგვები ჩვეულებრივი ახალდაბადებული მეფის თაყვანისცემისათვის უცხო ქვეყანაში არ წავიდოდნენ. ისინი სამყაროს მეფის თაყვანისცემად მიდიოდნენ და ძღვენიც შესაბამისი უნდა მოეძიათ. მოგვები პირდაპირ გზას რომ გასდგომოდნენ დაახლოვებით 1500 კილომეტრი უნდა გაევლოთ. ამავე დროს, ნათელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისათვის ძღვენს ისინი რომელიმე ვაჭართან ან ბაზარზე არ შეისყიდიდნენ, მათ მიერ მირთმეული ძღვენი უშუალოდ იქ უნდა ყოფილიყო აღებული სადაც მოიპოვებოდა. ცნობილია, რომ გუნდრუკი და მური, აღმოსავლეთში – სპარსეთში – საიდანაც მოგვები მოდიოდნენ ვაჭრებს შეჰქონდათ. ეს ძვირფასი ძღვენი სამხრეთში – საბაიაში (სხვაგვარად შებაში) მოიპოვებოდა. ვფიქრობთ, წმინდა წერილში ამიტომ არის ნათქვამი: „… არაბიასთა და საბაისათა ძღუენი მიართუან მას“ (ფსალმ. 71: 10).
მეფეთა მეფისათვის განკუთვნილ ძღვენს სპეციალური ჭურჭლის მომზადებაც ესაჭიროებოდა. ამასთან, ვინაიდან ისინი დედაქალაქში და შესაბამისად ჰეროდე მეფის კარზე მივიდნენ, საფიქრალია, რომ ახალი მეფე მათ არსებული მეფის შთამომავლად ან მის ახლობელ ნათესავად უნდა ჩაეთვალათ. ვიზიტი გარეგნულადაც მეფისათვის შესაფერისი უნდა ყოფილიყო, ამ დიდ გზაზე მოგვებს შესაბამისი მცველები და მომსახურე პერსონალიც ეყოლებოდათ. ამიტომაც, წერს ესაია წინასწარმეტყველი: „უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ” (ეს. 60: 6-14). იმ საუკუნეებში ასეთი მოგზაურობისათვის სამზადისს და თავად მგზავრობას, როგორც წმინდა თეოფილაქტე ბრძანებს, დიდი დრო ესაჭიროებოდა.
- მწყემსთა ხარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე ევროპელი მკვლევარები მართლმადიდებლურ ხარებას ყურადღებით არ მოეკიდნენ, თარიღს ასტროლოგიური დაკვირვების შედეგად მიაკვლიეს და ხარება ქრისტეშობად გამოაცხადეს. ამავე დროს საჭირო გახდა ისეთი მტკიცებულების მოძიება, რომელიც მათ ქრისტეშობის ტრადიციული 25 დეკემბერის, ანუ 7 იანვარის უარყოფის საშუალებას მისცემდა. ლინგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეგვიპტოლოგმა პალეოპათოლოგმა ბობ ბრიერმა გაარკვია, რომ იუდეველები ღამით საძოვარზე ცხვარს წელიწადში მხოლოდ 6 თვის მანძილზე, აპრილიდან სექტემბრამდე ტოვებენ, რადგან წლის სხვა დროს ცივი ღამეებია და ამიტომ ცხვარი საძოვრებიდან შესაბამის ადგილებში გადაჰყავთ. ამ ინფორმაციას მკვლევარებმა ლუკას სახარების ტექსტი: „იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით“ (ლუკ. 2: 8) დაუპირისპირეს და დაასკვნეს, რომ „ვინაიდან, იმ მხარეში მწყემსებს არ შეიძლებოდა ღამით ველად ფარა ჰყოლოდათ, მაცხოვარი დეკემბერში ვერ დაიბადებოდა და ე. ი. მოლნერის გამოთვლები სწორია და ქრისტეშობა აპრილის თვეში უნდა ყოფილიყო“.
აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე ევროპელი მკვლევარები ლოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ. მათი აზრით იესო ქრისტე იშვა ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილს. მაგრამ მათ კვლავ არ გაითვალისწინეს ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ფაქტორი, რომ ებრაული მიშნა (ზეპირი კანონების კრებული) მთელი ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში საერთოდ კრძალავს საქონლის დიდი სადგომების არსებობას (Баба К. 7.7). გამონაკლისს პალესტინის სიახლოვეს, ბეთლემთან ახლოს, მხოლოდ იმ საქონლის სადგომი წარმოადგენს, რომელიც ტაძარში მსხვერპლად შესაწირი საქონლისათვის იყო განკუთვნილი (Баба К. 80а). მიშნა პირდაპირ მიუთითებს, ფარა რომელიც იერუსალიმის გზაზე მდებარე ბეთლემის ღია საძოვრებზე იდგა, ტაძარში მსხვერპლშეწირვისათვის იყო განკუთვნილი (Шек. 7.4), ანუ ეს არ იყო ჩვეულებრივი ცხვრის ფარა. იგივე ფრაგმენტი მიშნადან მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილზე ცხვრის ფარა მთელი წლის განმავლობაში იდგა, რადგან აქ ხაზგასმულია, რომ ცხვარი ამ ველზე პასექამდე სამი თვით ადრე, თებერვლის ყველაზე წვიმიან დღეებშიც კი რჩებოდა. გარდა ამისა, იუდეური გადმოცემის მიხედვით მესია უნდა დაბადებულიყო მიგდალ ედერში, ანუ იქ, სადაც მწყემსები შესაწირ ფარას მთელი წელი ყარაულობდნენ (Альфред Эдершейм, Жизнь и время Иисуса Мессии. М. 2004, стр., 128-129. და Электронная еврейская энциклопедия, http://www.eleven.co.il/article/12801).
მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი ეს მაინც არ არის. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მაცხოვრის დაბადების ტექსტის კომენტირების დროს ხაზგასმით ბრძანებს: „უფალი იმიტომ მოგვევლინა ამ ქვეყნად რათა გამოვესყიდეთ უგუნურებისაგან“. გამოსყიდვა მხოლოდ შესაწირავის საშუალებით ხდება, რადგან, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: „რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება“ (ებრ. 9: 22). და კიდევ: „როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, – მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრ. 9: 27–28). ყველაფერი აღნიშნულის გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვან შინაარსს იძენს ის ფაქტი, რომ ანგელოზებმა ახალშობილი უფლის ხილვა პირველებს სწორედ იმ მწყემსებს ახარეს, რომლებიც შესაწირ ფარას ყარაულობდნენ…
მწყემსები ტაძარს ემსახურებოდნენ და ისინი სხვაზე უკეთ აღიქვამდნენ ანგელოზთა გალობის შინაარსს. მწყემსთა ხარება ქრისტესშობის შემდეგ მოხდა და როგორც დაწერილია, წინ „უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი“ (ლუკ. 2: 9–11). ამასთან ცნობილია, რომ მწყემსების წინაშე „ანაზდად გაჩნდა ანგელოზთა ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა“ (ლუკ. 2: 13–15).
მწყემსთა ხარების შინაარსის შესახებ იესო ქრისტე თვითონ ბრძანებს: „მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის“ (იოან. 10: 11), და კიდევ: „მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე“ (იოან. 10: 14). შემდეგ მათეს სახარებაში მიქა წინასწარმეტყველის სიტყვებს ვკითხულობთ: „და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს“ (მათ. 2: 6).
მაგრამ მთელი ამ სიხარულის ფონზე ჩაგვესმის იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, რომელიც მან იესო ქრისტეს საუფლო მსახურების დაწყების წინ განაცხადა:
აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს…
ახალშობილი მაცხოვარი ბაგაში პირველებმა შესაწირი ფარის მწყემსებმა იხილეს და ვინც იხილეს, ტარიგი იყო ღმრთისა.
ამრიგად, ჭეშმარიტად ასე ყოფილა:
ძველი სტილი
|
ახალი სტილი
|
ხარება მარიამისა – 25 მარტი (ძვ. წ. ა. 6 წ.) | ხარება მარიამისა – 7 აპრილი (ძვ. წ. ა. 6 წ.) |
ხარება ელისაბედისა და მოგვებისა, ანუ საყოველთაო ხარება – 4 აპრილი(ძვ.წ.ა.6 წ.) | ხარება ელისაბედისა და მოგვებისა, ანუ საყოველთაო ხარება– 17აპრილი(ძვ.წ.ა.6 წ.) |
ქრისტეშობა – 25 დეკემბერი (ძვ. წ. ა. 6 წ.) | ქრისტეშობა – 7 იანვარი (ძვ. წ. ა. 5 წ.) |
23. 10. 2011 როლანდ -რომილე ჩხეიძე
***************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************************