გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ნათლისღების შემდგომი დღესასწაული
კრება წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და მისთა წმიდათა ნაწილთა გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლს (956 წ.).
შაბათი. ხსნილი
დღის ლოცვა
კრება ნათლისმცემელისა იოანესი
ტროპარი: ხსენებაი მართლისა ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი, უფლისა წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ წყალთა შინა ღირს-იქმენ ნათლისცემად, და იწამე ჭეშმარიტებისათვის და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი: ხორციელისა მოსლვისა შენისაგან შეძრწუნებული იორდანე შიშით უკუნ იქცეოდა, ხოლო წინასწარმეტყველებისა მსახურებისა აღმასრულებელი იოანე ძრწოლით იპყრობებოდა, ანგელოზთა დასნი განცვიფრდებოდეს, გხედვიდეს რა ნაკადულთა შინა ხორცითა ნათლისცემულად და ყოველნივე ბნელის შინანი განბრწყინდებოდეს და გიგალობდეს შენ, გამოჩინებულსა და განმანათლებელსა ყოველთასა.
დღის საკითხავები
ლიტ.: ნათლისღების შემდგომი შაბათისა – ეფ. 6: 10-17 (დას. 233). მთ. 4: 1-11 (დას. 7).
ნათლისმცემ.: საქმ. 19: 1-8 (დას. 42). ინ. 1: 29-34 (დას. 3).
ლიტ.: ნათლისღების შემდგომი შაბათისა – ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლიტ.: ნათლისღების შემდგომი შაბათისა – მთ. 4: 1-11
1. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად. 2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა. 3. მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. 4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. 5. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე 6. და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. 7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. 8. კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. 9. და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. 10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. 11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას.
ნათლისმცემ.: საქმ. 19: 1-8
1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა. 2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა. 3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო. 4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე. 5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. 6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. 7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი. 8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.
ნათლისმცემ.: ინ. 1: 29-34
29. მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. 30. ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 31. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად. 32. მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე. 33. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი. 34. მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.
წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს – მღვდელმთავარს ზაქარიას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა (ლკ. 1, 13-17). წმიდანის დედა – კეთილმსახური ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სულიწმიდისაგან ახალმუცლადღებული ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში (ლკ. 1,41) – ჩანასახშივე ხარობდა მხსნელის განკაცებით.
იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და აქ მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურებისათვის. „ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ველური”.
30 წლის იყო უფლის წინამორბედი, როცა ჰურიასტანის უდაბნოში გამოვიდა სინანულის საქადაგებლად, „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მთ. 3,2). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე საკუთარ ცოდვებს, ამხელდა ფარისევლებს და სადუკეველებს, მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი „განშორებულ” იყვნენ ღვთისაგან: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ”.
დიდი ხანი იყო, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თავისი რჩეული ერისთვის: უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი გასულიყო. ამიტომ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ. წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: „მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომელისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” (მთ. 3,11). იოანემ შორიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მომავალი „ტარიგი უფლისა”, თავმდაბლობით წინ აღუდგა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14), მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მოინათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.
შემდეგ თვითონ იესო ქრისტემ დაამოწმა, რომ „არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ძე ღვთისაზე აღმატებულიაო, დაამატა: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს”.
იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა – გალილეის მთავრის ანტიპა ჰეროდიადას უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება: „სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა”.
იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. იგი არის მოძღვარი სინანულისა.
ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.